• მანძილი თბილისიდან შოვამდე: 330 კმ
  • ონის მუზეუმის ბილეთის ფასი: 1 ადამიანი 1 ლ. , სტუდენტები და მოსწავლეები 0.5 ლ.
  • სასტუმრო შოვში: 2-ადგილიანი – 120 ლარიდან (სამჯერადი კვებით)
  • საოჯახო სასტუმრო: 1 ადამიანი 50 ლარიდან (სამჯერადი კვებით)

რაჭაში რა ვნახოო და რაჭაში იმდენი რამეა სანახავი, მთელი ჟურნალიც არ ეყოფა ჩამოთვლას. მთელი რაჭა უნდა მოიარო, სოფელ-სოფელ შებოდიალდე, ძველი ხის სახლები მოძებნო, ბუგეულის გაწკეპილი ვენახები ნახო, დანისლულ შაორს თვალებში ჩახედო, ნიკორწმინდის ჩუქურთმები დაიმახსოვრო, ბარაკონის ნათალი ქვების სიმეტრია ჩაათვალიერო, დაღესტნურ ხალიჩასავით აჭრელებულ ტყეებში ფერები დაითვალო, კაბიან ნაძვებს, ცისხელა კაკლებს, ხავსებს, ფრუნზიკასქუდიან სოკოებს, დათვის ნაკვალევს ფოტოები გადაუღო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამოსული მჟავე წყლები დააგემოვნო, საყინულეს გამოქვაბულში გაიყინო, ალპურ ზონამდეც ახვიდე ღებში, იქაური კარტოფილიც გასინჯო და რომ იფიქრებ, გავედი ბოლოშიო, მაინც უამრავი დაგრჩება კიდევ. მთავარი სანახაობა რაჭაში ადამიანები არიან – დინჯები, გულისხმიერები, ნამდვილი ლიტერატურული ქართულით მოსაუბრე ადამიანები. არავინ რომ არ დაგზარდება არც გზის მისწავლებას და არც ამბების მოყოლას.

ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ავუყვეთ.

ვიდრე რაჭამდე ახვალ, ინდუსტრიულ და მისტიკურ ტყიბულს გაივლი – ყველა ეპოქა რომ იგრძნობა, ისეთი ადგილია. რატომღაც სულ შავად წარმომედგინა ტყიბული და სულაც არ გამართლდა ჩემი მოლოდინი. თბილისზე მწვანეა. შემდეგ ჯერ ნაქერალას აივლი და კენწეროსთან გაჩერება არ დაგავიწყდეს, აქედან იმერეთზე გადმოხედვა ერთ რამედ ღირს.

შემდეგი გაჩერება შაორია. ვერ გეტყვი, გამართლება აქ რომელს უფრო ჰქვია, მოწმენდილ და მზიან ამინდს, თუ წვიმიანსა და ნისლიანს. მერე ნიკორწმინდაა.

კარგა ხანი დაგჭირდება მისი ფასადის დასათვალიერებლად – თუკი მისი აგების ეპოქაში რაიმე ორნამენტი იყო, აქ ყველას ერთად ნახავ. ფრინველები, ცხოველები, მცენარეები, ფანტასტიკური გრიფონები, ფრთიანი ლომები თუ ცხენები – ყველა ნიკორწმინდის კედლების ბინადარია. გუმბათის თორმეტივე სარკმელი ისეთი ჩუქურთმებითაა შემკული, თვალი რომ არ დაიჯერებს.

მიდიხარ და სოფლების სახელებიც ისეთი გხვდება, მშვიდი, რაჭული, ესენიც ცალკე ამბებს რომ ჰყვებიან – წესი, მუხლი, კრიხი, კვაცხუთი, ხიმში, სორი, ნიგვზნარა, გლოლა.

ამბროლაურში რომ ახვალ, ტურისტულ ცენტრში შეიარე (გზადვე შეგხვდება). გზებზე ჯერ კიდევ პრობლემად დარჩენილი ტუალეტიც აქვე მოიშორე :)

რაჭა ისე როგორ უნდა მოიარო, იქაური ჩავარცხნილ-კოპწია-შეკიდულ-შემოკიდული ვენახები არ ნახო, ამ სეზონზე რთველსაც შეიძლება გამოჰკრა ხელი. ამბროლაურიდან ვიდრე ონის გზას დაადგები, ხვანჭკარისკენ გადაუხვიე. იმისთანა პატარ-პატარა ვენახებს ნახავ, გული გაგინათდება. სადმელი, ბოსტანა, ბუგეული – სულ ვენახებია. ღვინის გზის აბრას სადაც დაინახავ, ე.ი. მარანიც გიპოვია და რაჭული ღვინის დაგემოვნების გარეშე არ წამოხვიდე.

ონში რა უნდა ნახო და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მართალია, შენობა ცუდ დღეშია, მაგრამ ისეთი მდიდარი და მრავალფეროვანი ექსპოზიციაა, გარედან რომ შენობის ბზარების გეშინოდა, შიგნით ვეღარც ამჩნევ. ონის სინაგოგაც სანახავია, 1895 წელსაა აგებული და საქართველოში სიდიდით მესამეა.

ონს გასცდები და ნელ-ნელა მძიმდება რაჭა, ტყე ხშირდება, მდინარე გიჟდება, ხალხი ცოტავდება. უწერამდე სწორი გზაა, უწერა მთავრდება და იწყება ქვა-ღორღი და მტვერი.

სამწუხაროდ, ტურისტული ინფრასტრუქტურა რაჭაში მწირია. დღეს შოვში მხოლოდ ერთი კარგი, ბოლო წლებში გაკეთებული სასტუმროა (ისიც სეზონურად მუშაობს) და ერთიც, საბჭოთა კავშირში რომ დაგაბრუნებს, იმდროინდელი დასასვენებელი სახლი. თუმცა აქა-იქ პატარ-პატარა საოჯახო სასტუმროებსაც იპოვი.

შოვში ბევრი უნდა იარო, ძალიან ბევრი. ტყეში უნდა შეხვიდე და საოცრებებში უნდა მოხვდე. დათვის ნაკვალევს ფეხსაცმელიც უნდა მოაზომო. გულიც უნდა ჩაგწყდეს, 5-სართულიანი სახლის სიმაღლის კაბიან ნაძვს დაავადებულს რომ ნახავ.

ელოდებოდი, ალბათ, რაჭულ ლობიოს და მის ძმებს როდის ვახსენებდი. არ ვაპირებ. კარგი რესტორნები რაჭაში არ არის. მასპინძელი ოჯახი უნდა იპოვო კარგი, ან თუ ღია დაგხვდა, შოვის ბოლოში, მამისონის გზაზე, ე.წ. farm-house-ში შეიარე. აბრაც კი არ აქვს. გუმანით უნდა მიადგე. წარმოიდგინე, რომ კაი გამართულ ოჯახში ხარ, სამზად-მარნით გაწყობილ დიდ ეზოში. ერთი ცოლ-ქმარია აქ ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინერიც, მიშლენის ვარსკვლავებს შეთამაშებული შეფიც, დირიჟორიცა და კომპოზიტორიც. ნამდვილი საჭმელიც აქ არის.

მოკლედ, რაჭაში სულ უნდა იარო, შვილებიც უნდა ატარო, უნდა ჩარჩე კიდეც.