პირადად მე ის ვარ, ვინც სასტუმროს ერთჯერად, სტერილურ კომფორტს არაფერზე გაცვლის. არ გაცვლის არც ახალ კულტურაში უცებ გათქვეფის პერსპექტივაზე – უცხო ქალაქებში, უცხო ადამიანებისგან პირადი ოთახების ქირაობას ხომ პირველ რიგში სწორედ ეს სიამოვნება მოაქვს.

მე სხვა ვარ. ერთჯერადი კბილის ჯაგრისი, ერთჯერადი ქაღალდის ჭიქა, საუზმე ნომერში და ყველაფრისგან დისტანცირება – ეს ყველაფერი მალამოდ ედება ათასგვარი საინფორმაციო ხმაურით გადალესილ ჩემს შთაგონებას, რომლის არსებობაც უმეტეს შემთხვევაში არც კი მახსოვს.

მე ვუსმენ ჯგუფებს, რომლებიც სიმღერებში „ოტელს“ ან „მოტელს“ ახსენებენ (მაგალითად, მორფინის „სუპერ სექსში“ ერთიცაა და მეორეც).

ვოცნებობ, ჩაკ პალანიკის პერსონაჟ ტაილერ დურდენივით შემხვდეს უცხო სასტუმროებში მოხეტიალე ჩემი ალტერ ეგო.

და მინდა გავიცნო მოგზაურები, რომლებიც ქალაქებს ცვლიან მარტო იმით, რომ იქ ჩადიან, ცვლიან გაუცნობიერებლად და ანონიმურად.

თბილისშიც გამოჩნდნენ ასეთი მოგზაურები, მაგრამ იყო ერთი, განსაკუთრებული, წინა საუკუნის დასაწყისში.

ათონელის ქუჩაზე, იქამდე, სანამ მშრალი ხიდისკენ გაუხვევთ, ერთი მემორიალური შავი დაფა შეგხვდებათ კედელზე: „ამ სახლში 1901 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ნორვეგიელი მწერალი ქალი დაგნი იული“. ვიცი, რომ აბრას როცა აკეთებდნენ, ცოტა ხანს დაფიქრდნენ, როგორ მოეხსენიებინათ. ყველაზე მეტად მოუხდებოდა, დაეწერათ: „ცნობილი ნორვეგიელი მუზა“, ერთ-ერთი პირველი ფემინისტი, ედვარდ მუნკის, ჰენრიკ სენკევიჩის, ავგუსტ სტრინდბერგის შთაგონების წყარო და სიყვარული, მაგრამ ოფიციალურ რამეებზე ასე ლირიკულად, მოგეხსენებათ, ვერ წერენ, ამიტომ „მწერალი“ მიაწერეს. დაგნი წერდა, მაგრამ კლასიკური გაგებით მწერალი არ იყო; მისი მთავარი საქმიანობა იყო მუზობა და დღემდე ქვას ხეთქავს, ისეთი ენერგია დატოვა ჩვენთანაც, იარმორკა-მშრალი ხიდის მიდამოებში – იქ, სადაც 1901-ში „გრანდ ოტელ თბილისი“ იდგა და რომლის ნომერშიც, ივნისის ერთ ღამეს თავისი მაშინდელი საყვარლის, ნავთობ მაგნატ ემერიკის ხელით მოკვდა კიდეც.

ნეტა, რა ეგონა დაგნის – სად მოდიოდა ემერიკთან ერთად, რა იყო თბილისი? რის გამო ტოვებდა სამ შვილს? რა ფიქრებით მოკვდა? – დაგნის ისტორიის მთელი ხიბლი ეს უპასუხო კითხვები და უცხო ქალაქის – თბილისის ისტორიაში ასე მისტიკურად და სრულიად შემთხვევით ჩარჩენაა! დაგნის გზააბნეული, ანონიმური სული მგონია, რომ თბილისშია, სხეულზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ის კუკიაზეა დაკრძალული.

“I sent a lover after her
To Grand Hotel Tbilisi
To kill the goddess
The Idea”...

ახალი სახლია, სული უკვე აქვს. პატრონის დამსახურებაა და ნარიყალას კლდისა, რომელიც უკან უდგას და წინ – მთელი ძველი ქალაქის. ამ შუშაბანდში ჩაის დალევას არაფერი სჯობს საღამოობით. მერე მოწევას და განათებული საბაგიროს ყურებას.

ეს სახლი სუნთქავს - სივრციანია, თან პლეხანოვზეა. დიდი ტერასაც აქვს და მთაწმინდას და მთელ აქეთა ქალაქს გამოჰყურებს. ბილიარდიც აქვს, ბამბუკებიც მეორე აივანზე. პატრონებიც მშვენიერები არიან. ნინი და ტატო, გენაცვალეთ. 

„ფეხდაფეხ ავადევნე მას საყვარელი „გრანდ ოტელ ტფილისისკენ“. მინდოდა, მოეკლა ქალღმერთი, თვით იდეა… დაგნი იქ იყო და არც იყო“ – ეს ბლიქსა ბარგელდი მღერის თავის სიმღერაში „გრანდ ოტელ თბილისი“, რომელსაც წითელი რევოლუციის მერე კონფისკაცია გაუკეთეს და ათასი ჯურის ხალხი შეასახლეს, რომლებმაც ამ საოცარ ადგილს პირვანდელი სახე და დანიშნულება, რაღა თქმა უნდა, არ შეუნარჩუნეს.

There's the same hotel, and we can go
there now
We can go there now if you want to
Through the doors of that rented room.

მარიამის სახლიც ახალია მთაწმინდაზე. აქაურ დეტალებში თეატრი იგრძნობა კარგად. მამისგან გამოყოლილი.

ქეთოსთან მუშებმა აი, ეს ლამაზი ბზარი ამოავსეს მარჯვნივ. მერე ქეთომ სკანდალი მოაწყო და იმათ ისევ გამოჩიჩქნეს. ამ სახლის ნახევარი სილამაზე ზუსტად ამ ბზარშია. ზოგი გაბზარული რამე ხომ ბევრ მთლიანს ჯობია. ამ სახლსაც საოცრად კარგი პატრონი ჰყავს, თან ლამაზი. 

მაიას სახლში ისეთი ფიკუსებია, რომ მათ ქვეშიდან ადგომა აღარ გინდება. არც ამ მაგიდიდან გინდება ადგომა. არც სამზარეულოდან. ეს ზუსტად ისეთი სახლია, სტუმრებს რომ ქალაქში ტოვებს. სარდაფში თან კერამიკის სახელოსნო აქვს. 

ეს იგივე ოტელია, შეგვიძლია ვესტუმროთ ახლაც. ვესტუმროთ კვლავაც, თუკი ისევ გვინდა, ერთხელაც შევაღოთ ნაქირავები ოთახის კარი – ამ სიმღერას კი პატივცემული სტიუარტ სტეიპლზი და მისი ძვირფასი ბენდი „ტინდერსტიქზი“ მღერის. ჟღერადობა და შინაარსიც იდეალურად აგრძელებს ბლიქსას წუხილს ნორვეგიელ საბედისწერო ქალზე. მაგრამ მოხვდები კი ერთსა და იმავე ნაქირავებ ოთახში? – ამ სიმღერაში ამ კითხვის სევდაც იგრძნობა. ეს ზოგადად მოგზაურების სევდაა, როცა ქვეყნიდან ქვეყანაში დადიხარ და ეძებ რაღაცას, რისი სახელიც ზუსტად არ იცი და რასაც სტანდარტული სასტუმროს სტერილური მიზიდულობა ვერ განიჭებს.

ალბათ, სწორედ ამ დროს ეძებ სასტუმროს, რომელიც არასტანდარტული კონცეფციისაა, ანდა პირდაპირ – ეძებ ოთახს დასაქირავებლად – იქნებ უცხო ქალაქში ჩასულს უცხო ადამიანების ახლოს გაცნობა, პირდაპირ მათ თავგადასავლებში გადაშვება გესიამოვნოს. ზუსტად ამ თავგადასავალს რომ ჰპირდება კლიენტებს, ეგ მგონია სტუმარ-მასპინძლების საერთაშორისო ონლაინქსელის „ეარბიენბის“ წარმატების გასაღებიც. ესაა ბიზნესი, რომელიც 2008 წელს სან ფრანცისკოში ერთი ოთახის გაქირავებით დაიწყო ორმა ბიჭმა – თავისი გასაბერ ლეიბზე დაძინებითა და საუზმით და ახლა უკვე 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქმეა 191 ქვეყანაში სერვისით.

მაინც რატომ არის ეარბიენბი უფრო მეტი, ვიდრე მომსახურება, ბიზნესი, მენეჯმენტი? „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტიდან“ ერთი ფრაზა უნდა გავიხსენო პასუხისთვის: „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი არ არის მხოლოდ სასტუმრო, ეს მთელი ინსტიტუტია“.

ეარბიენბიც ასეა.

აქ არავის უნდა მხოლოდ შენი ოთახი, აქ შენი სამყარო სჭირდებათ, რეალური ურთიერთობა, რეალური შეხება, ხანდახან რეალური დისკომფორტიც, რომელიც ასე ჭირს გაჯეტიზირებულ მსოფლიოში.

მაგალითად, ჩემმა ქვემო ნოვგოროდელმა სტუმრებმა ამჯობინეს რა ჩემს ამოშენებულ აივანში გაჩერება, უაღრესად კომფორტული კინგ საიზ საწოლისა (რომელზეც მოცემულ მომენტში სძინავთ, ან რა ვიცი) და უფასო ჩაი-ყავის გარდა, მიიღეს ნაცნობობა ჩემს მეგობრებთან, შემთხვევით ფართიზე გაცნობა, პატარა ლექცია ფოტოაპარატებზე, ვესტვორდისა და ახალგაზრდა პაპის სამი სერია პროექტორით კედელზე, ადგილობრივ „ტრეშფუდ“ დუქნების არაჩვეულებრივი გზამკვლევი, „ჯართსვიბარებ“ დილის 11-ზე და ჩემი შვილიც, რომელიც მათ ოთახში უკვე სამი დილაა ზედიზედ მიცოცავს და თავისი საფირმო შეძახილით „ჰაი!“ აღვიძებს.

ამ ყველაფერს სასტუმრო ვერ მოგცემს. მით უმეტეს, როცა ისედაც შენი დივაისის პატარა მონიტორით უკვე ყველაფერი იცი, სად რა ხდება ან რა უნდა მოხდეს. დროა, ნამდვილი რაღაცებიც შეიგრძნო გაუცხოებულ სამყაროში, რომელზეც ოდესღაც კამიუ წუხდა და თანაც მას ამ დროს ინტერნეტი და სმარტფონი არ ჰქონდა! ალბერ კამიუს გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ ცხოვრების ტემპი 10-ჯერ უფრო აჩქარდა, დაემატა უამრავი მოწყობილობა და ვირტუალური პროდუქტი, რომელიც გაუცხოებას კიდევ უფრო აძლიერებს. ასეთ სამყაროში რეალური რამეების იმიტაცია ყველაზე მეტად ფასობს. სინამდვილეში ჩემი საყვარელი ეარბიენბი მხოლოდ სიმულატორია, მაგრამ სამაგიეროდ როგორი! დაგენაძლევებით, ახლა ჩემი სტუმრები რომ შევაღვიძო და „მაფშალიას“ მენიუს ნიუანსები ვკითხო, ყველაფერს ჩამოარაკრაკებენ.

მათი არ იყოს, ეარბიენბის მომხმარებლები ძირითადად მაინც ათასწლეულების მიჯნაზე დაბადებული ადამიანები არიან, რომლებიც აფასებენ „იუზერ ფრენდლი“ ინტერფეისს და ახალი სამყაროების ძიებაში არიან. ასეთი ადამიანები უარს ამბობენ 40-წლიან იპოთეკურ კრედიტებზე და ურჩევნიათ ფული შეგრძნებებში დააბანდონ. ე.წ. მოქირავნეთა კასტა უძრავ ქონებაზე ფასების პროპორციულად იზრდება. მეც რატომღაც ვფიქრობ, რომ 40 წელი 100 კვადრატული მეტრისთვის ნამეტანი ძვირი გადასახადია. ეს ასევე ის თაობაა, რომელიც დაიღალა ხელოვნურობით, თუმცა რაიმე ხელოვნურის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ახალ ხელოვნურ სინამდვილეში შეაბიჯა, სადაც ყველა მომენტალურად ხდება იქაური და ადგილობრივ სურნელს ძალიან იაფად შეიგრძნობს.

მახსენდება სანდრას ბინაც ჩემს ძველ სამოსახლო ფრიდრიხსჰაინში. ეს ბინა, რომელიც ეარბიენბიზე ვიპოვე, კორინთშტრასეზე მდებარე 5-სართულიან სახლშია. ოსტკროიციდან, ვარშაუერ შტრასედან, ბერგჰაინიდან და შლეზეშეს შტრასედან თანაბრადაა დაშორებული და ჩემი საყვარელი კლუბის, „ებაუთ ბლანკის“ მეზობლად დგას, შპრეეს მარჯვენა სანაპიროზე. მის უკანა ეზოში გადაიღეს ვაჩოვსკების სერიალის, „მერვე გრძნობის“ საკვანძო ჩხუბის სცენა, ცნობილი სკულპტურის „მოლეკულ მენის“ პასიური მონაწილეობით ფონზე.

ბინაში რომ შევედი, ღამე იყო, ბევრი ვერაფერი ვიგრძენი ტუალეტის „სტარვორზული“ განათების სიდიადის გარდა. დილის ცივმა განათებამ კი ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა და ბინის მარტივი სილამაზისგან პირი დამაღებინა: კედლები ერთი ადგილის გარდა თეთრად იყო შეღებილი, იმ ადგილას კი ოდესღაც კარადა იდგა და რომ აიღეს, ეტყობა, მოეწონათ და აღარ შეღებეს. აბსტრაქტული მუქი ლაქები ნაცრისფერ გაჯზე თეთრ ოთახს მეტ სიღრმეს აძლევდა. აქვე მიდგმული იყო „იკეას“ ფეხებზე შემდგარი შუშის მაგიდა 21-ინჩიანი აიმაკით, „პიონერის“ ორი მონიტორი და გამაძლიერებელი, რომელშიც „სტენტონის“ სამოყვარულო ფირფიტების საკრავი იყო შეერთებული. მაგიდასთან გდრ-ში 1970-იანებში გამოშვებული დერმატინგადაკრული სკამ-სავარძელი იყო მიდგმული.

ეს ბინა სოლოლაკშია. პატრონს ჰქვია ნიკოლოზი, მყუდროა, საწოლი ანტრესოლზე აქვს და ლოგინიდან წამოდგომის გარეშე შეგიძლია ქიქოძე-ასათიანის გადაკვეთა აკონტროლო. ბუხარი, ფლორა, ეზოში "ეზო". გარეთ სასელფიო შუშაბანდი აქვს.

იმავე 70-იანებიდან სახლს კიდევ პატარა სამფეხა მაგიდა, ერთი სავარძელი და ერთიც სარკემომძვრალი ტრილიაჟი ერგო. ეს ყველაფერი მოფენილი იყო წითელ ხალიჩაზე პალეტებით აწყობილ საწოლთან და რკინის კრონშტეინთან ერთად. ოთახს ლამაზად ამწვანებდა ფიკუსი, ერთი რაღაც კიდევ მსგავსი და ერთიც დეკორატიული პაპირუსი. სამზარეულოს კედლებზე სანდრას თავაშვებული ღრეობების ამსახველი პოლაროიდები იყო აწებებული. აი, აქ მე დავმარცხდი და ვაღიარე, რომ ძალიან მსიამოვნებდა ეს ყველაფერი. მე სანდრას ცხოვრებაში შევედი და დავრჩი ფესტივალ ატონალის მიმდინარეობისას, თუმცა როგორც ხედავთ გამომყვა სამუდამოდ. ეს ყველაფერი იმდენად მისი, იმდენად ბუნებრივი და ნამდვილი იყო, რომ ჩემი სასტუმროებისადმი ლტოლვა დაჩრდილა. ვიზუალურ სიყვარულს ხმოვან ფონად სანდრას ვინილების მშვენიერი კოლექციიდან გასდევდა ხან Move D, ხანაც მაიკლ მაიერი, გააჩნია, რა გრძნობა მომყვებოდა ფესტივალიდან.

ეს სახლი ცოტა ძვირია, მაგრამ ისეთი ხედი აქვს მტკვარზე და პლეხანოვზე, რომ ღირს. თუ არ გჯერათ, იქირავეთ და გადაიხედეთ. არ ინანებთ. ვერაზე დგას. 

ო, როგორ აკლია ხშირ შემთხვევაში თბილისურ სახლებს ეს სინამდვილე! ხანდახან იმდენი უსარგებლო ნივთია ხოლმე მშრალი ხიდიდან მოზიდული, რომ მინდა, ეს უკანასკნელი მტკვარმა წაიღოს. სატურისტედ მოკოხტავებულ სახლს ისევე აკლია სული, როგორც შეკიდულ ჭერს და თაბაშირ-მუყაოს კედლებს ან განახლებულ პლეხანოვს. თუ ამას მომავალი მასპინძელი წაიკითხავს, მინდა ვთხოვო, რომ უბრალოდ თავისი რეალობა უწილადოს სტუმარს და დაივიწყოს პატეფონები, სპილენძის ტოლჩები და მსგავსი იდეურად გაცვეთილი დეკორატიული ნაგავი.

მოკლედ, ეარბიენბი მიხვდა მთავარს, რომ უცხო ადამიანებს შესაძლოა ერთმანეთის სამყაროები ენატრებოდეთ და ასეთ სენტიმენტალურ ნოტაზე რამდენიმე ათეული მილიარდი მოიპოვა.

ესენინის სამეზობლოში ჩაის სმას არაფერი სჯობს. ეზო ხომ მყუდროა, სახლი კიდევ უკეთესი. პატრონი ჰყავს კიდევ ძალიან ლამაზი და იუმორის გრძნობით აღსავსე. თავბრუდამხვევი სიხარულიძე. 

შესაძლოა, ეს იმ სანატრელი გლობალიზაციის დასაწყისის მეორე ეტაპია, რომელმაც ნამდვილად უნდა წაშალოს საზღვრები. საკუთარი ხელოვნური რეალობიდან გაქცევის და სხვის რეალობაში დროებით შეღწევის სურვილი თურმე იმდენ ადამიანს ჰქონია, რომ სან ფრანცისკოს მთავრობა იძულებული გახდა, შეზღუდვები დაუწესოს საცხოვრებლის გაქირავებაზე არარეზიდენტებს, ბერლინმა ეარბიენბით სარგებლობა ოფიციალურად აკრძალა, ხოლო ნიუ ჯერსის მთავრობას ხსენებული ქსელი წელიწადში რამდენიმე მილიონს უხდის, რათა მოსახლეობამ მისით სარგებლობა ლეგალურად შეძლოს.

თბილისი კი მისი დახმარებით ნელ-ნელა იბრუნებს ბოლშევიკებამდელ სახეს და ისევ უამრავი გზაარეული ადამიანის თავშესაფარი ხდება. თუმცა რაღაცები მაინც სჭირდება. საჭიროა, მაგალითად, შავი კვარტალი, თურქების უბანი ბევრი დონერ ბარით, ისეთი, როგორიც კოტბუსერ ტორია ბერლინში, ერთიც – ჩაინა თაუნი. ეს უკანასკნელი დახატავდა აკადემ-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მოცემულ მომენტში ბეტონის ჯუნგლების განვითარება გრძელდება. სადაც ცა მხოლოდ ზემოთ ჩანს და სინგაპურის გარეუბანს ჩამოჰგავს.

ვატოს კაი რამეების პოვნის ნიჭი აქვს. ამ ტორშერთან ისეთი სავარძელი უდგას, რომ გიძახის, შენ დაჯე და მერე მე დაგაწერინებო. 

თბილისს სჭირდება ბევრი კარგი ტიპი იმიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩვენს ქალაქს შეიყვარებენ და თავისად აქცევენ. მგონი ასეც მოხდება, რადგან დაგნიმ ეს უკვე საუკუნის წინ გადაგვიწყვიტა, როცა თავისი სიკვდილით თბილისი გზააბნეულების სახლად დააკანონა.