აჭარული ხაჭაპური პირველად სტუდენტობის დროს გავსინჯე და პირველივე გასინჯვისთანავე ყველა რეცეპტორი ყალყზე დამიყენა. იმის მერე ასე ვარ.

არ ვიცი, რატომ შემიყვარდა ასე ძალიან.

შეიძლება ფორმის გამო? - გემს ჰგავს (არაა შემთხვევითი, რომ ზღვისპირა ქალაქში გამოიგონეს) და თავგადასავლების განცდას გიქმნის. მართალია, აჭარულით დანაყრების შემდეგ ჩემი მთავარი თავგადასავალი წამოკოტრიალება და ოცნებაა, მაგრამ ეგეც საქმეა.

და მომწონს შინაარსი, რომლის ჩამოყალიბებაში თავადაც იღებ მონაწილეობას - მართალია, შენ არ აკეთებ, და მოტანითაც კი მიმტანს მოაქვს, მაგრამ მერე შენ უნდა აურიო, რაც თანამონაწილეობის კეთილ ილუზიას გიქმნის.

როგორც ჯონ ჯოუნსია UFC-ში, ისეა აჭარულიც. შეგვიძლია ვინც და რაც გვინდა, შევადაროთ - ხინკალი, ქაბაბი თუ კიდევ სხვა რამ, მაგრამ აზრი არ ექნება.

თბილისში „რეტროს“ ვსტუმრობ ყველაზე ხშირად - კარგი აჭარული იქ აქვთ.

და ბათუმშიც „რეტროს“ ვსტუმრობ, მაგრამ ბათუმში მეტი კონკურენციაა საუკეთესო აჭარული ხაჭაპურის ტიტულის მოსაპოვებლად.

„რეტროზე“ არანაკლები (თუ უკეთესი არა) აჭარული აქვთ, მაგალითად, „ასკანელებში“ და „ოლდ ბათუმში“.  ცომიც კარგი აქვთ, ყველიც და პლუს კარგი კარაქიც დევს შიგნით და არა - მარგარინი.

აჭარულ ხაჭაპურში ჩემთვის მთავარია, რომ ცომი არ იყოს რბილი. ტკიცინი უნდა გაუდიოდეს პატიოსან აჭარულს.

გარემოს და შეფთან ნაცნობობას არასდროს ვაქცევ ყურადღებას. მეტიც, შეფის პირადად გაცნობა არასოდეს მდომებია. მირჩევნია, მისტიკური იყოს და მეგონოს, რომ ასეთი გემრიელობის შემქმნელი სასიამოვნო ადამიანიც იქნება, ვიდრე პირადად გავიცნო და საპირისპიროში დავრწმუნდე. ალბათ მთავარი ისაა, რასაც აკეთებენ, ეგ კი კარგად გამოსდით.