ტექსტი გამოქვეყნდა გამომცემლობა ინდიგოს ტურისტული გზამკვლევის Adventurer-ის ზამთრის გამოცემაში

სულ რაღაც ოცდათხუთმეტი-ორმოცი წლის წინ, როდესაც გუდაურში ჯერ არც ერთი და შემდეგ მხოლოდ ერთი ძველი საბაგირო გზა იყო, თვითნაკეთი, ნაჭერ ან ტყავგადაკრული, სათხილამურო ტურისთვის მორგებული (ski touring) თხილამურებით ავდიოდით საძელეს მთის წვერში და ექვს საათს ვანდომებდით ამას. იქიდან გაუკვალავ თოვლში სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვეშვებოდით უახლოეს სოფელ ქუმლისციხში, ან საფოსტო სადგურამდე გუდაურში. ეს რამდენიმე წუთი იყო სრული ბედნიერების შეგრძნება, რომელიც თოვლიან მთებში თან ახლავს უსაზღვრო სივრცისა და თავისულების განცდას. 

კავკასიონი ჯერაც გაუხედნავი, არმორჯულებული და ველური მთების უკიდეგანოდ გადაჭიმული ქედია ევროპისა და აზიის მიჯნაზე, რომელიც სხვადასხვა კუთხეში ახლებურად გნუსხავს და აღგაფრთოვანებს. ზამთარში კი ეს განცა კიდევ უფრო გამძაფრებულია.

საძელეს მთაზე ახლა უკვე საბაგირო გზით შეიძლება ასვლა და სულ რამდენიმე წუთში შენს გარშემო 360 გრადუსიანი მთების პანორამა იშლება: ჭაუხების ქედი, ყურო, ცხრა ძმა, ყელის ტბის პლატო …. და სულ ბოლოს  სხვა ყველაფერი გავიწყდება მყინვარწვერის დანახვისას. საბაგიროდან გადმოსვლისას იგი მოულოდნელად გხვდება წინ. კავკასიონის ეს ხუთიათასიანი ბუმბერაზი, თავისი პემზისფერი ფერდებითა და ცისფერი მყინვარებით თითქოს სულ ახლოა იმ თოვლიანი ბილიკის ბოლოს, რომელიც საძელეს თხემს მიუყვება უკანა ტრასისკენ. მიუხედავად საბაგირო გზის ბოლოს, სადგურის ჭრიალისა, რომელიც ცივილიზაციის არსებობას შეგახსენებს, აქ, სადღაც, მთასა და ცას შორის გამოკიდებული, სრულიად იძირები ბუნების მედიტაციაში… გინდა ასე იდგე, უყურო და იოცნებო, სანამ უცებ არ გახსენდება, რომ წინა გაქვს დაშვების რამოდენიმე ბედნიერი წუთი. სულ მალე გუდაურიდან ამოსულები ქედის მეორე მხარესაც შევძლებთ ჩასრიალებას, კობი-სტეფანწმინდისკენ და შემდეგ საბაგიროთი გზით უკან დაბრუნებას. ეს ახალი ფერდები კიდევ უფრო გაზრდის და გაამრავალფეროვნებს აქ სრიალის სიამოვნებას. გუდაურის მთების სილამაზე საქართველოს სხვა სათხილამურო კურორტებისგან გამოირჩევა თავისი მკაცრი ალპიური გარემოთი, რომელიც ვულკანური ქვებისა და თოვლის ნამქერების შემოქმედებაა.

ჩვენი ყველაზე უხუცესი სათხილამურო კურორტი კი ბაკურიანია, სადაც ჩვენ და ჩვენმა მშობლებმა ვისწავლეთ სრიალი და მთის სიყვარული. ბაკურიანის ყველაზე მაღალი წერტილებიდან, კოხტა გორის და საყველოს წვერიდან, ოდნავ შორს მაგრამ სამაგიეროდ თავიდან ბოლომდე იშლება საოცარი ხედი კავკასიონოს ქედის ყველა მწვერვალზე. ის თითქოს შორიდან ეხმიანება ახლად აღმოცენებულ სათხილამურო კურორტებს, თავის შვილებსა და შვილიშვილებს გუდაურში, სვანეთში, აჭარასა და გურიაში… 

თხილამურზე სრიალისას, ბაკურიანის ტყე თავისი ასწლოვანი წიფლებითა და ფიჭვებით ქმნის თავისებურ კულისებს, რომელიც იმდენად მყუდრო და ზღაპრულია, რომ ყოველთვის მოგანატრებს თავს. 

სრულიად ახალებური ბედნიერებაა სვანეთის სათხილამურო არეალები ჰაწვალსა და თეთნულდზე, სადაც კავკასიონის უმაღლესი მწვერვალების შუაგულში ხარ მოქცეული, უშბის პირისპირ ეშვები თავქვე, დათოვლილ ნაძვნარში, ან თავად თეთნულდის გაშლილ ფერდს მოუყვები… სრიალის შემდეგ კი რომელიმე ოჯახურ სასტუმროში ბუხართან გატარებულ საღამოებს ცოტა ხნით მაინც გადავყავართ სრულიად  განსხვავებულ სამყაროში, თავისი არქაული, ალალი და გულანთებული ისტორიებით. 

გასულ წლებში კიდევ ორი ახალბედა ზამთრის კურორტი გაჩნდა: გოდერძი აჭარაში და ბახმარო გურიაში. ორივე ჯერ კიდევ ყრმობის ასაკშია, ორივე ისეთივე მიამიტი და სადა, როგორც 30 წლის წინ გუდაური და 70 წლის წინ ბაკურიანი. აქ ჯერ კიდევ შეიძლება იმ სულისკვეთების განცდა, რომელიც თან ახლავს ენთუზიაზმსა და ახალ წამოწყებას. სულ მალე აქაც მომრავლდება საბაგირო გზები და ტრასები, აქაც გაჩნდება მეტი ტურისტი. 

მეც ყოველ წელს მოუთმენლად ველი ახალ სეზონს, თოვლის მოსვლასა და მთის წვერს, სადაც მზე სულ ბოლოს ჩადის. სრიალით დაღლილი, დღის ბოლოს, საბაგიროს გამორთვის შემდეგ რომ შემორჩები წვერზე და სრულ სიჩუმეში გახვეულ იასამნისფერ მთებს გაჰყურებ სადღაც შორს, ჰორიზონტის იქით, ხვდები, რომ სრული ბედნიერება მხოლოდ აქ შეიძლება იყოს.

ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი 3 წლიდან დგას თხილამურზე. ის 1972-1983 წლებში დადიოდა საქართველოს პირველი სამთო-სათხილამურო სკოლის შეკრებებზე ბაკურიანში, რომელიც თავდაპირველად ენთუზიასტი მოთხილამურე მშობლების დაფუძნებული იყო. 1987/88 წლიდან კი ის უკვე საკუთარ 4 შვილს ასრიალებდა (ჯერ ზურგზე მოკიდებულს და შემდეგ ფეხებს შორის) გუდაურში, რომლის აღმშენებლობაშიც აქტიურად მონაწილეობდა ნათიას მამა, ვახტანგ მიქელაძე, დღემდე საქართველოს სათხილამურო ტრასების განვითარების ექსპერტი.

ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი ეწევა (ქართული ლიტერატურის გერმანულად) მთარგმნელობით საქმიანობას და ამჟამად მუშაობს ერევნის გოეთეს ცენტრის ხელმძღვანელად.