ზაფხული, არდადეგები, შვებულება – წლის ყველაზე დიდი თავგადასავლების დროა. უჟანგბადო, სკამსა და კომპიუტერს მიჯაჭვული თვეების შემდეგ უნდა ამოისუნთქო, სხვანაირი ცხოვრებით იცხოვრო, რომ ენერგია და დაგროვილი ადრენალინი აქტიურად და ეფექტურად  დახარჯო.

თავგადასავალს თუ ეძებ და ჯერ ვერ მოგიფიქრებია, მაშინ გამოგვყევი....

ლაშქრობისთვის იმდენი და იმდენნაირი ადგილია საქართველოში, შესარჩევად, შეგიძლია, თვალდახუჭულმა დაადო რუკას ხელი, მერე შესაბამისად აღიჭურვო და გზას გაუდგე. ან უდაბნო შეგრჩება, ან ნახევრად უდაბნო, ან ტყე, ან კანიონი, ან მღვიმე, ან ალპური თუ სუბალპური მთები, იმის ზევით მწვერვალები ან, თუნდაც, ტალახის ვულკანი.

თუ სიმაღლის შიში არ გაქვს, ღონე მოგყვება, ჯანმრთელობის პრობლემაც არ გაწუხებს და 20-დან 130 კგ-მდე იწონი, თოკებიან თავგადასავალში გეპატიჟები. ხეებს შორის დამონტაჟებული სხვადასხვა სირთულის დაბრკოლების გადალახვაში, ბეწვის ხიდსა თუ ბადეებზე წონასწორობის დაცვა-ცოცვა-ხტომაში შენი ძალები ჯერ თბილისში შეგიძლია მოსინჯო – ზოოპარკში, და თუ აღმოაჩენ, რომ ეს გართობა შენთვისაა, მერე უკვე ფშავში (სოფელი თვალივი), სათავგადასავლო პარკს შეგიძლია ესტუმრო.

პარკი 7000კვ.მ ფართობზე, ჭალის ხეებზეა გადაჭიმული და ტრასების სიმაღლე 3-დან 6 მეტრამდეა. ჯერ მარტივი მარშრუტი შეგიძლია მოსინჯო, შემდეგ კი – რთული. სულ 4 ტრასაა, 2 მარტივი და 2-იც რთული. დაბრკოლებების რაოდენობა მარტივ ტრასებზე 16-ია, ხოლო რთულ ტრასებზე – 28.

პარკში სულ ნაირ-ნაირი დაბრკოლებები გექნება გადასალახი – სერფინგის დაფა, თხილამურები, 3 ზიპლაინი და ა.შ. მარტივ ტრასებზე ბავშვებიც დაიშვებიან 6 წლიდან. რა თქმა უნდა, პარკში საიმედოდ ხარ დაზღვეული და სრული უსაფრთხოებაც გათვალისწინებულია.

ზიპლაინი ვახსენეთ და ახლა ეს თავგადასავალი მოვძებნოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ბაგირზე სრიალის მოსინჯვაც თბილისშივე შეგიძლია – ბოტანიკურ ბაღში. ატრაქციონის სიგრძე 270 მეტრია, სიმაღლე კი – 30 მეტრი და მასზე სწრაფი და საშუალო სიჩქარით დაშვებაა შესაძლებელი. „ზიპლაინ ნარიყალაზე“ პატარა ექსტრემალებსაც შეუძლიათ ძალების მოსინჯვა.

შემდეგი მტირალას ეროვნული პარკია, აჭარაში, სადაც კოლხურ ტყეში 250-მეტრიან ბაგირზე დაშვება სულ რაღაც 15 ლარად შეგიძლია. ამ ექსტრემალური გასართობით უკვე კახეთშიც შეგიძლია გაერთო. სიღნაღიდან 390 მეტრი სიგრძის ბაგირზე დაეშვები და მიწიდან 30-40 მეტრი სიმაღლიდან გადაავლებ თვალს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებს.

საქართველოში ყველაზე გრძელი ზიპლაინი საირმეშია – მთელი 800 მეტრი. რეგიონის უნიკალური ზიპლაინი 2 ხაზითაა და მთიდან პარკში ეშვება. საქართველოს ზიპლაინის ეროვნული ფედერაცია და მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბი „მსოფლიოში დაკარგულები“, პერიოდულად, სხვადასხვა საინტერესო ადგილზეც აწყობენ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ექსტრემალებს იქ დაშვებებს სთავაზობენ. თვალი ადევნე მათ „ფეისბუკის“ გვერდებს და ახალ-ახალ სასრიალო მიმართულებებსაც აღმოაჩენ.

კიდევ ერთი თავგადასავალი ჯომარდობაა, რომელიც თან ცხელ ზაფხულს გაგიგრილებს და თან დროს მხიარულად და აქტიურად გაგატარებინებს. რა სჯობს აგვისტოს ხვატში მთის ცივ მდინარეში გასაბერი ნავით დაშვებას მეგობრებთან ერთად? საქართველოში უკვე საკმაოდ მომრავლდნენ ინსტრუქტორები, საჯომარდო ბანაკები და აქტიურად დასვენებისთვის მხოლოდ რეგიონი და მდინარე გაქვს შესარჩევი. ჯომარდობის ტურები საქართველოში მტკვარზე, არაგვზე, რიონზე, ცხენისწყალზე, თერგზე, ენგურსა და კოდორზე ეწყობა.

საჯომარდო ნავები სხვადასხვა ზომისაა (4-6-8-10 ადამიანი). საჯომარდო ტურები მდინარეების სირთულის მიხედვით იყოფა კატეგორიებად. დამწყებებმა უმჯობესია, ჯერ მშვიდი დინების მდინარეზე გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები – მაგალითად, მტკვარზე მცხეთასთან. მეორე კატეგორია ოდნავ აჩქარებულ მდინარეზე დაშვებას მოიაზრებს, სადაც უკვე მანევრირებაც საჭიროა (მაგალითად, არაგვი ზაფხულში). კიდევ უფრო რთული საშუალო სიდიდის ჩქერებსა და ორმოებზე სწრაფი დინებით დაშვებაა (არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი, რიონი). მეოთხე კატეგორიაში კიდევ უფრო რთულია და თუ ასეთ დაშვებას შეეჭიდები, უკვე ნამდვილი ჯომარდის წოდებაც შენია. მეხუთე კიდევ უფრო რთულია და მეექვსე უკვე ძალიან სარისკოც. ჩვენ ხომ თავგადასავალს ვეძებდით და ზედმეტ რისკებს უმჯობესია, თავი დავანებოთ.

არსებობს მუდმივად ერთ ადგილზე მდებარე საჯომარდო ბანაკები და ეწყობა გასვლითი ტურებიც. რამდენიმე საჯომარდო ბანაკის პოვნა შეგიძლია თბილისთან ახლოს, მაგალითად, ფასანაურთან, Raft in Georgia, ასევე – მუგუდაში. საჯომარდო ტურებს მასპინძლობს სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდიც“ ფშავის არაგვზე, მთიულეთის არაგვზე, რიონზე – რაჭაში და მტკვარზე ბორჯომის მიდამოში.

არაგვის ხეობაში უხვადაა სათავგადასავლო და ექსტრემალური გართობის ცენტრები. კიდევ ერთი ასეთი ფშავის არაგვისა და ჟინვალის წყალსაცავის შესართავთან მდებარეობს – არაგვის სათავგადასავლო ცენტრი. იქ საჯომარდო ტურსაც გამოცდილი ინსტრუქტორები უძღვებიან და მათთან ერთად არაგვზე საათნახევრიანი დაშვების შემდეგ, ნავიდან მშრალი ვერასოდეს ამოხვალ.   

ბანაკებიცა და ტურების ორგანიზატორებიც ჯერ 15-20-წუთიან ინსტრუქტაჟს უტარებენ სტუმრებს, აცნობენ ნავში ქცევის წესებსა და ნავის აგებულებას, მოსალოდნელ წინააღმდეგობებსა და საფრთხეებთან გამკლავებას ასწავლიან და სპეციალური სამაშველო ჟილეტებით, ჩაფხუტებითა და ნიჩბებით აღჭურვის შემდეგ დაშვებაც იწყება.

იმოგზაურეთ მეტი, გაიცანით ახალი ადგილები, ხელახლა აღმოაჩინეთ კარგად ნაცნობი ძველი და გაატარეთ ზაფხული აქტიურად!

ამისთვის კი, ახლახან შექმნილი ვებგვერდი www.active.borjomi.com დაგეხმარებათ. ვებრესურსის შექმნის მიზანიც, სწორედ, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილების და აქტივობების განახლება და პოპულარიზაციაა, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. ასე რომ, აქტიურად დაისვენეთ და ცხოვრებისგან სულ უფრო მეტი და მეტი სიამოვნება მიიღეთ!

#activeborjomi #borjomisummer