დღეს ერთი ჩემთვის გამორჩეული ადგილისკენ მინდა წაგიყვანოთ: „სხვა საქართველო“,  - ასე ვარქმევ ხოლმე ტურს, რომელზეც გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით დავდივარ მეგობრებთან და ტურისტებთან ერთად. და დავდივარ ზამთარშიც, მაშინ, როდესაც მთაში ცივა და ტყეებიც შემოძარცვულია, აქ კი ჯერაც შეიძლება მზიანი ამინდი დაგხვდეთ.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ქართულ სავანასაც უწოდებენ. ის კახეთის რეგიონში, უფრო სწორად, ისტორიულ ქიზიყსა და კამბეჩოვანში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და კახეთის ორ  მთავარ მდინარეს - ალაზანსა და იორს შორის არის გადაჭიმული.

ამ ზონაში მრავლად არის საკმელის ხეები, რომლებიც გაფანტულად ხარობენ. ოდესღაც, სწორედ ეს ლამაზი, მწვანე ხეები ვაშლის ხეებისთვის მიუმსგავსებიათ და აქედან მოდის სახელწოდებაც - ვაშლოვანი.

ისტორიიდან

გასულ საუკუნეში საქართველოს ორი ძალიან დიდი და საინტერესო მოღვაწე ჰყავდა: ბოტანიკოსი, ნიკო კეცხოველი და ნიადაგმცოდნე, ვასილ გულისაშვილი. ჰოდა, მეოცე საუკუნის ჯერ კიდევ 30-იან წლებში ამ ორ ადამიანს გაუჩნდა იდეა, რომ არიდული ლანდშაფტების - ნახევარუდაბნოების, სტეპების, არიდული ნათელი ტყეებისა და ჭალის ტყეების დასაცავად დაცული ტერიტორია შექმნილიყო.

ასე დაარსდა 1935 წელს საქართველოში ვაშლოვანის ნაკრძალი.

2003 წელს კი, დაცული ტერიტორიების სისტემის რეფორმასთან და ახალი ტიპის დაცული ტერიტორიების დაარსებასთან ერთად, შემდეგნაირად გამოიყო: ვაშლოვანის ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი და სამი ბუნების ძეგლი: არწივის ხეობა, ალაზნის ჭალა (კაკლის ყურე ანუ ჯუმას ყურე) და ტახტ-თეფას ტალახის ვულკანები.

 

 

მიმართულება:

კავკასიონის ქედზე არის ერთი ლამაზი მწვერვალი - დიდი ბორბალო. ამ მწვერვალის სიახლოვეს იბადება აღმოსავლეთ საქართველოს ბევრი მდინარე. აქედან მოდის ალაზანი და იორიც. მერე კახეთის ქედით გაყრილი მდინარეები მთელ მხარეს  შემოსაზღვრევენ, და ბოლოს, საქართველოდან გასულები მინგეჩაურის წყალსაცავში ხვდებიან ერთმანეთს.

სწორედ აქ, ალაზნსა და იორის შორის, მდებარეობს ივრის ზეგანი, ალაზნის დაბლობი, შირაქი - საქართველოს ბეღელი, აქვეა შირაქისა და ელდარის საზამთრო საძოვრები, სადაც იზამთრებს საქართველოს ცხვარ-მეცხვარის დიდი ნაწილი.

მიჯნისყურე - შემთხვევით არ ჰქვია ასე იმ ადგილსაც, სადაც უკანასკენლად გაჰყურებ ქვეყნიდან გასულ ალაზანს. იქით უკვე აზერბაიჯანია. საზღვარი დღემდე არ არის დელიმიტირებულ-დემარკირებული, ამიტომ აქედან და იქიდან მესაზღვრეების არსებობა თუ გაფიქრებინებს, რომ ქვეყნის დასალიერში, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში ხარ.

საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი სწორედ ალაზანს მიუყვება მინგეჩაურის წყალსაცავამდე. უფრო დასავლეთით კი, საზღვრის სიახლოვეს, არის დალის წყალსაცავი და ივრის ჭალები.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიც ორივე მდინარეს - ალაზანსა და იორს შორის მდებარეობს,  აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე დაბალი ადგილიდან, ელდარის ვაკიდან, ზღვიის დონიდან 90 მეტრზე იწყება და ზემოთ 900 მეტრამდე ადის.

მთელი ტერიტორიის ფართობი 35 292 ჰექტარია.

გზა და მგზავრობა

დედოფლისწყაროში რომ მოხვდე, თბილისიდან საგარეჯო-გურჯაანის მიმართულებით უნდა წახვიდე, ჩალაუბანთან გადაუხვიო, თუმცა პირდაპირ სიღნაღისკენ კი არა, სამხრეთისკენ უნდა ჩაუხვიო და მაღარო-დედოფლისწყაროს გზას დაადგე.

ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი  ფართობით ერთ-ერთი დიდია საქართველოში (2500 კვ. კმ). თავად ქალაქში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს, მთელ მუნიციპალიტეტში კი 21 ათასი.

სანამ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისკენ წახვალთ, აუცილებლად უნდა შეიაროთ დაცული ტერიტორიების ოფისში, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. გირჩევთ, აქ დაათვალიეროთ მუზეუმი და გაიაროთ რიგი ფორმალობები.

დაცული ტერიტორიების დიდი ნაწილი სასაზღვრო ზონაშია მოქცეული,  ამიტომ გირჩევთ, რომ პასპორტები ან პირადობის მოწმობები (საქართველოს მოქალაქეებისთვის) წინასწარ გააგზავნოთ დაცული ტერიტოორიების ვიზიტორთა სამსახურში, რათა საზღვრის დაცვის პოლიციასთან შეათანხმონ თქვენი ვიზიტი და დედოფლისწყაროში ჩასულმა ზედმეტი დრო აღარ დაკარგოთ.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები/Vashlovani Protected Areas

ვაშლოვანისკენ მიმავალი გზაზე შეგხვდებათ ქოჩების ტბა. შემდეგ შირაქის ველებს გაივლით. ეს გზა კი ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია: ამხელა სივრცე საქართველოში თითქმის არსად ჩანს. გამორჩეული მაინც ადრეულია ზაფხულია, როცა ხორბალი მწიფს და ქარის ერთ წამობერვაზე ზღვასავით „ღელავს“ ყანა.

თბილისიდან დედოფლსწყარომდე 130 კილომეტრია, დედოფლსწყაროდან ვაშლოვანის ნაკრძალამდე დაახლოებით 50 კილომეტრი, მიჯნისყურემდე კი - 90 კმ.

შუაგულ დედოფლისწყაროში არის ერთი სოფელი - კასრისწყალი. ეს მეცხვარეების დროებითი საცხოვრებელი იყო, ამიტომ გირჩევთ, ნახოთ - სხვა სოფლებისგან არქიტექტურითაც განსხვავდება და განაშენიანებითაც.

ეს საქართველოს ბოლო სოფელია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მისგან სამხრეთით თუ წახვალთ, ვაშლოვანის ნაკრძალსა და ამავე სახელწოდების ქვაბულს მიადგებით, მაგრამ თუ სოფლის გავლით პირდაპირ გააგრძალებთ გზას - ჯერ საოცარ „ალესილებამდე“ და მერე მიჯნისყურემდე ჩახვალთ.

ოღონდ ეს ყველაზე უცნაური გზაა საქართველოში, სამანქანე გზა კი არის, მაგრამ ის ძირითადად მდინარის კალაპოტს მიუყვება.

ზოგან (ვაშლოვანის ნაკრძალის შესასვლელი, პანტიშარა) მიკროავტობუსითაც მიხვალთ, თუმცა ამ გზების გავლას ჯიპით ან დელიკებით გირჩევთ. მაღალი გამავლობის მანქანების დაქირავები შეიძლება როგორც თბილისიდან, ასევე დედოფლისწყაროდან (დედოფლისწყაროდან ერთდღიანი მარშრუტი 250-350 ლარია, გააჩნია მიმართულებას, ორდღიანი - 400-450 ლარი ან ცოტა მეტიც).

 

ბიომრავალფეროვნება  

რამდენიმე წლის წინ ფოტოხაფანგმა ვაშლოვანში გადაიღო ჯიქი, ანუ ლეოპარდი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე გადაშენებულად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ ლეოპარდს ნოე დაარქვეს, მან ცოტა ხანს იარა ვაშლოვანის ველებზე, მაგრამ მეწყვილე რომ ვერ იპოვა, როგორც რეინჯერები ამბობენ, ბოლო დროს აღარ გამოჩენილა. თუმცა მარტო გამოჩენაც კი სერიოზული მოვლენა იყო, ამიტომ ლეოპარდი ვაშლოვანის სიმბოლოდ იქცა.

ვაშლოვანში ძუძუმწოვრებიდან ბინადრობენ: გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და  ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი. ნამდვილი სამოთხეა ქვეწარმავლების მოყვარულთათვის, აქ მრავლად არის სხვადასხვა სახეობის გველი (მათ შორის შხამიანი გიურზები) და ხვლიკები. თუმცა თუ იპოდიო იპოდიოფობია გაქვთ (ანუ გველების შიში), მაშინ ვაშლოვანში ზამთრობით იარეთ. 

ელდარშიც, ტარიბანაზე მრავლად გვხვდება: საკმლის ხე (ანუ საღსაღაჯი, გაგახნებთ, ეს სწორედ ის ხეა, ვაშლი რომ ეგონათ) და ღვია. გვხვდება: აკაკი, ბერყენი, ბროწეული,  შავჯაგა, ძეძვი... ბალახოვანი საფარიდან: უროიანი, ავშნიანი და მლაშობური დაჯგუფებები.

ვაშლოვანი ბერდვოჩერების საყვარელი ადგილია. აქ გვხვდბა: კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო,  ჩხართვი.

მარშრუტები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე პოპულარული მარშრუტია:

https://apa.gov.ge/ge/eco-tourism/Trails/vashlovanis-daculi-teritoriebis-turistuli-bilikebi-satesto

მე ჩემს საყვარელ მარშრუტებზე გეტყვით:

პანტიშარას ბილიკი და ალესილები

თუ გინდათ ნახოთ დაქსელილი ხეობები და ქსეროფიტული ბუჩქნარები, მერცხლების „ქალაქი“, ალესილებს, პანტიშარასა და დათვის ხევის გზას უნდა დაადგეთ.

აქ ბევრგან ნახავთ ქანებში ჩაშენებულ მოლუსკებს, რაც დასტურია იმის, რომ მილიონობით წლის წინ ამ ტერიტორიაზე ზღვა იყო. აქვე, დათვის ხევში,  პალეოტოლოგების მიერ აღმოჩენილი სპილოს ფრაგმენტები კი იმ პერიოდში სხვა ლანდშაფტისა და კლიმატის არსებობაზე მიუთითებს.

პანტიშარისა და დათვის ხევის კვეთასთან არის საპიკნიკე ადგილი. სამხრეთით ხეობა ფართოვდება და ულამაზესი ალესილებისკენ ფეხითაც შეგიძლიათ გასეირნება და მანქანითაც.

მიჯნის ყურე

სწორედ აქედან იწყება საქართველო, მზეც პირველად აქ ამოდის ქვეყანაში.

ალაზნის ნაპირზე შეგიძლია საათობით იჯდეთ. თუ ცოტა მანძილს გაივლი, მთიდან უკვე მინგეჩაურის წყალსაცავი მოჩანს. 

მიჯნისყურისკენ რამდენიმე გზა მიდის: ერთი, თუ კასრისწლიდან წახვალ და პირდაპირ ივლი, მეორე, ვაშლოვანის ქვაბულის სამხრეთით და მესამეც, ვაშლოვანის სერზე თხემდათხემ თუ გახვალთ. სამივე გზით მესაზღვრეების საგუშაგოების გავლა გიწევთ.

სანამ მიჯნისყურემდე ჩახვალთ, ცნობილი გადასახედი უნდა გაიაროთ. აქ ახლა თქვენ დამშრალ ზღვას და ალესილებს უყურებთ.

მიჯნისყურეში რამდენიმე კოტეჯია, სადაც ჯგუფიც შეიძლება დარჩეს.

შავი მთა

ყველაზე მაღალი მთაა შირაქის ვაკეზე. ტყიანი ფერდობების გამო მთა, მართლაც,  გამორჩეულად მუქად ჩანს.

აქ ადრე მონასტერი ყოფილა. მისი იატაკის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი. აქ, ამ მონასტერში საქართველოში ბოლო ღამე გაუთენებია ქრისტიანობისთვის წამებულ ქართველ დედოფალს ქეთევანს, რომელიც ირანში აწამეს. სწორედ აქედან ელდარის დაბლობით გავლით წაუყვანიათ ირანისკენ.

შავი მთიდან ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის დაბლობისა და კავკასიონისკენ.

გვიან შემოდგომასა და ზამთარშიც კი აქ მეთოვლიები ყვავის.

შავ მთაზე ასვლა შეგიძლიათ როგორც მიჯნისყურიდან ტახისწყლის გავლით, ისე კასრისწყლიდან ან არხილოსკალო-ქედებიდან.

ტახტი-თეფა

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე კიდევ რამდენიმე საინტერესო ბილიკია, მათ შორის დედოფლისწყაროს სიახლოვეს: არწივის ხეობა, ილიას მთა და ხორნაბუჯის ციხე.

თუ აქამე ალაზნის ჭალების მიმართულებები ვნახეთ, ახლა მეორე მხარეს გაგაცნობთ: ივრის ჭალების მხარეს, დალის წყალსაცავის სიახლოვეს არის ბუნების ძეგლები ტახტი-თეფა - მობუყბუყე ტალახის ვულკან-გეიზერებით, რომელიც კიდევ ერთი გამორჩეული ძეგლია „სხვა საქართველოში“.

ტახტი-თეფადან რამდენიმე კილომეტრში კიდევ უფრო შთამბეჭდავი ქილა-კუპრაა.

ყველაზე ხშირად ამ მხარეში დეკემბერში მივდივარ და ამ დროს ეს ტალახის ვულკანები მთლად მარსიანული ლანდშაფტის შტაბეჭდილებას ტოვებს. 

თუ ვაშლოვანში ყოფნისას აფრიკა გახსენდება, აქ მარსზე წარმოიდგენ თავს.

ღამის გასათევი

ამ მხარეში, სვანეთის ან ხევსურეთის, თუნდაც სიღნაღ-თელავისგან განსხვავებით, ბევრი სასტუმრო არ არის. შეგიძლიათ დედოფლისწყაროში გაათენოთ ღამე, ქალაქში რამდენიმე სასტუმროა, ერთია დაცული ტერიტორიების ვიზიროტთა ცენტრი, სადაც რამდენიმე ოთახი აქვთ.

https://apa.gov.ge/ge/eco-tourism/hotels/vashlovanis-sastumroebi

საოჯახო სასტუმროებიდან შეიძლება დავასახელოთ „სავანა“ - ფოტოგრაფ თემურ პოპიაშვილის საოჯახო სასტუმრო, სადაც მისი მშობლები გიმასპინძლებენ.

https://bit.ly/2Qm1vdj

ქალაქში კიდევ რამდენიმე საოჯახო სასტუმროა. 

https://bit.ly/35luORA

კვება

სასტუმროების არ იყოს, დადოფლისწყარო და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიდანოები არც კვების ობიექტების სიმრავლით გამოირჩევა.

დედოლისწყაროში არის რამდენიმე კაფე და რესტორანი, სოფლებში კი ასეთი სერვისი ნაკლებად არებობს. დიდი სოფლებს თუ არ ჩავთვლით (მაგრამ ეს სოფლები არ გვხვდება ვაშლოვანისკენ მიმარავალ გზაზე), არც მაღაზიებია.

ასე რომ, საჭმელს ხომ წაიღებთ, მაგრამ ვაშლოვანში წასვლისას აუცილებლად უნდა იზრუნოთ სასმელ წყალზე და აუცილებლად იქონიოთ თან სასმელი წყლის მარაგიც.

თუ დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტს ზამთარში დაგეგმავთ და ეს ძალიან კარგიც კი არის, არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ შეშის მარაგი. დაცული ტერიტორიების ბუნგალოებში დგას ღუმელები, მაგრამ შეშაზე ზრუნვა თავად მოგიხდებათ.

დაცულ ტერიტორიებზე ინტერნეტიც მხოლოდ ალაგ-ალაგ იჭერს.

***

მოკლედ, თუ გინდათ, ნახოთ აბსოლუტურად განხვავებული საქართველო, ჩემი რჩევაა, აუცილებლად ნახოთ ვაშლოვანი, და ნახოთ ის სხვადასხვა სეზონზე, მათ შორის, ზამთარშიც.

მე პირადად, მეგობრებთან ერთად, ტახტი-ტეფასა და ქილა-კუპრას ტალახის ვულკანების მხარეს ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდე და მერე იქიდან დავით-გარეჯის საბერეებში გადმოვიდე,  თუ გნებავთ, გამოგვყევით.