ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წყლულები | ნატაშა ძაჯაევა, ცხინვალიდან

ნატაშა ძაჯაევა, 83 წლის, ცხინვალიდან. ჰყვება 2008 წლის აგვისტოს ომზე. 

დილას, 8 აგვისტოს, მთელი ღამის სროლის მერე, მეზობლებთან გავიქეცი, რომ მენახა როგორ არიან. სახლში რო მოვდიოდი უკან, პირდაპირ, მეორე მეზობელმა დამიძახა, ჩვენთან შემოდითო. გალია და ელინა, დედა-შვილი იყვნენ. ისინიც მარტონი ცხოვრობდნენ. მამა 90-იანების დასაწყისში მოუკლეს, ძმაც 2006-ში შეტაკებისას მოკვდა. თავიდან თითქოს რაღაც მექაჩებოდა, არ მინდოდა წასვლა, მაგრამ გადავირბინე მერე ქუჩა და გარაჟში შევედი. სარდაფი იმათ არ ჰქონდათ, იმ ორმოში ისხდნენ, სადაც მანქანებს არემონტებდნენ გარაჟში. 

ჩამოვჯექი საფეხურზე, ისინი იქით დასხდნენ. სულ ცოტა ხანი გავიდა და გავიგე, გარაჟში რაღაც ჭურვივით ჩამოვარდა, მაგრამ არ აფეთქდა. ამ დროს, რაღაც მესხმება თითქოს თავზე. ვერ მივხვდი, რა იყო, წამოვდექი და უცბად ცეცხლი წამეკიდა. ზემოთ, თურმე კანისტრით ბენზინი ჰქონდათ, ნასხლეტმა გახეთქა და მთელი ბენზინი ჩვენ გადმოგვესხა. 

გამოვვარდი ქუჩაზე, ვიქრობ ცეცხლს ტანზე, როგორც შემიძლია ვგორავ მიწაზე. ტანსაცმელი და თმა სულ დამეწვა. წელსზემოთ ძალიანა დავიწვი. ხელებზე კანი, ჩულქივით მძვრებოდა. მეზობლებთან გადამიყვანეს. ორი დღე იმათ მომხედეს. მერე რუსის ჯარი რომ შემოვიდა, მოსკოვში გამგზავნეს. რვა თვე იქ ვიყავი. ყველა იმას იძახდა, სასწაულმა გადაგარჩინაო. ფეხებიდან ზურგამდე სულ მაჭრიდნენ დაწყლულებულ კანებს, ბოლომდე ჩამომქნეს ლამის. აქ, მაგ დროში, შვილი დამეღუპა, ვერც გამოვიტირე. რომ ჩამოვედი, მერე მითხრეს. 

გალია და ელინა ვერ გამოვიდნენ თვითონ, ძალიან დამწვრები იყვნენ. ისინიც მეზობლებმა გადაიყვანეს. ელინა გონზე იყო, მაგრამ მალევე დაიღუპა. გალია უფრო მაგრად დამწვარა. იმასაც არ დაუკარგავს გონება. ვეღარ ხედავდა, თვალები სულ დამწვარი ჰქონდა, მაგრამ შვილის ხმა რომ აღარ ესმოდა, კითხულობდა, სადააო. ელინა სასწრაფომ წაიყვანაო, ეუბნებოდნენ. სინამდვილეში კი, მეზობლებმა ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და იქ ბიძამ დაკრძალა. აქ ვინ დაასაფლავებდა. გალია, ჩემსავით მოსკოვში გაგზავნეს, მაგრამ ვერ უშველეს. ჩამოასვენეს უკან და შვილის გვერდით დაასაფლავეს.

______________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა | ხაჩატურ ვართანიანცი