ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უცნაურად იჩეხება ბანქო, დედოფალო...

1935 წელს, ქალაქ ხარბინში, ერთი ახალგაზრდა ქალი გატაცებით კითხულობდა ალექსანდრ დიუმას „დედოფალ მარგოს“, და როცა შეატყობინეს, რომ მის დიდ ოჯახში გოგო გაჩნდა და ამ გოგოს მარგარიტა დაარქვეს, უმალვე გადაწყვიტა: დაიბადა დედოფალი მარგო.

დიუმას მკითხველისა და დედოფალ მარგოს „ნათლიის“ ცხოვრების გარიჟრაჟზე ყველაფერი ჩინებულად გამოიყურებოდა. გოგონას მამა „ამერიკის ბანკში“ მუშაობდა, ბაბუა ვლადივოსტოკში ვაჭრობდა და შეძლებული კაცი იყო. მართალია, გოგონას აინუნში არ მოსდიოდა, რომ ვლადივოსტოკი რუსეთია – ტრეპანგის ყურეში ცხოვრობდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია, ძალიან გრძელი და სხვების მიერ მოსაყოლი... გოგონას საუკეთესო გუვერნანტები ჰყავდა, რუსული არისტოკრატიის შვილები, და სამი მშობლიური ენა ჰქონდა: ჩინური, რუსული, ინგლისური, და ეს სულაც არ იყო არაჩვეულებრივი რამ – სხვა თუ არაფერი, ჩინურ-რუსული ლექსიკონის ავტორის ოჯახის წევრი იყო. ამ გოგონამ უმაღლესი განათლება იტალიაში მიიღო, დაოჯახდა, შვილები შეეძინა, და ასე ცხოვრობდა, ადამიანურად.

მერე კი ყველაფერი შეიცვალა, და უკვე პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი როცა იყო, საშინელი ბრალდებები წაუყენეს. გაირკვა, რომ ის თავის სტუდენტებს ბურჟუაზიულ ფასეულობებს ახვევდა თავს. თურმე, უხსნიდა, რომ როცა ადგები, სკამი უნდა გაასწორო. თურმე, ცუდი სიტყვა ასწავლა: სანდლები. დიახ. არა „ბასანოშკები“, როგორც წესი და რიგია, არამედ სწორედ სანდლები – ის, რაც მხოლოდ მისნაირ არამზადებს შეიძლება სცმოდათ.

ბრალდებები საზარლად ჟღერდა. ქალს, რომელსაც მიაჩნდა, რომ პროფესორი კარგად უნდა გამოიყურებოდეს, პომადის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს თავს. ამხელა ქალია და იპრანჭებაო. ტუჩებს შეხედეთ, აშკარად მკვდარი ვირთხა დაკბინაო. აი, ასეთი ფანტაზია ჰქონდათ.

მონანიება მოსთხოვეს. მან არ დაწერა. არაფრით არ დაწერა. არ დაწერა და მორჩა.

გაუხსენეს, რომ ჯერ ერთი ქმარი ჰყავდა, ისიც ხალხის მტერი, მერე, ნუ იტყვით და, ვიღაც დოცენტთან ჰქონია საქმე, და ბოლოს კიდევ ერთი ქმარი ჰყოლია, მუსიკოსი, და სწორედ ამ მუსიკოსის ფირფიტები დაჰქონდა უნივერსიტეტში, სტუდენტებს ბურჟუაზიულ მუსიკას ასმენინებდა.

ის უნივერსიტეტში გააკრიტიკეს. აუდიტორიაში, შემაღლებაზე მდგომს თითს უშვერდნენ და ყველაფერს ეუბნებოდნენ, ტყუილს და მართალს, ერთიმეორეზე საშინელს.

მკვდარ ვირთხას ხრავდა!

ის გადარჩა. არც სცენაზე მომკვდარა, რაც მრავალს მოუვიდა, და არც აუდიტორიიდან გასულს მოუკლავს თავი.

სხვებმა ვერ გაუძლეს და თავი მოიკლეს.

თურმე, იმავე უნივერსიტეტის ერთი პროფესორი მეოთხე სართულზე იყო დამწყვდეული. მანამდე ინგლისურ ლიტერატურას თარგმნიდა, ახლა კი, უკვე ხანშიშესული და ავადმყოფობის გამო ძალიან გასუქებული, მორიგი კრიტიკის და წამების მოლოდინში, სხვა კოლეგებთან ერთად იჯდა მეოთხე სართულზე, საპატიმროდ გადაქცეულ აუდიტორიაში.

ზარი დაირეკა – სადილის დროა. ტუსაღები კიბისკენ დაიძრნენ. პროფესორს სიარული უჭირდა, დანარჩენებს ჩამორჩა და ამიტომ ვერავინ შეუშალა ხელი იმას, რომ პროფესორი გადმოხტა. აი, ასე: გადაიხარა მოაჯირზე და მეოთხე სართულიდან გადაეშვა.

ამ ამბავს მოჰყვა კაცი, რომელიც მასთან ერთად იჯდა მეოთხე სართულზე. ის დედოფალი მარგოს უფროსი ძმა იყო. მას ერქვა ჰარი და ჰარი დაარქვეს ერთ უაღრესად სიმპათიურ არსებასაც, ჩინურად ამ სახელს ცოტა სხვანაირად წარმოთქვამენ და ამიტომ ჩვენც ასე ვთქვათ: ხალი. ასე ერქვა დედოფალი მარგოს ძაღლს.

ხალი გადასარევი ძაღლი იყო, იაპონური ხინი. ხალი ყველას ძალიან უყვარდა და ხალიც კუდს აქიცინებდა და მის ბედს ძაღლი არ ჰყეფდა, სანამ ჩინეთში ძალიან უცნაური ამბები არ აგორდა. იმდენად უცნაური, რომ ძნელი დასაჯერებელიც კია.

ყველაფერი ბუზებით დაიწყო.

ბუზები, კოღოები და ვირთხები აშკარად საზიზღრები არიან. ბზუიან, წუიან, იკბინებიან, ჭუჭყი და ათასგვარი ავადმყოფობა გადააქვთ. უნდა დავხოცოთ.

მერე ჩიტებს, ბეღურებს მიხედეს.

პროპაგანდისტული მოწოდებები ლოგიკური იყო. ბეღურები მარცვლეულს კენკავენ და სახალხო მეურნეობას დიდ ზარალს აყენებენ. ჩინეთის ზოოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოთვლების თანახმად, ბეღურები წლის განმავლობაში იმდენ მარცვლეულს კენკავენ, რამდენიც ოცდათხუთმეტ მილიონ ადამიანს დააპურებდა.

ბეღურებთან ბრძოლა ძალიან იოლია. მათ დასახოცად იარაღი არცაა საჭირო. ბეღურა სუსტი ჩიტია, ჰაერში, დიდი-დიდი, თხუთმეტი წუთი გაძლოს, მერე გული უსკდება.

და აი, უნივერსიტეტის სიახლოვეს აღმართული ძველი ტაძრის სახურავზე სტუდენტები აუშვეს. დროზე, დროზე!

ძველი ტაძარი იყო, კრამიტით გადახურული. კრამიტი ცურავდა, იმტვრეოდა. ბიჭები გოგოებს სთხოვდნენ, კიდეს მოსცილდით, კეხზე დადექითო, კრამიტი კი ილეწებოდა და ხმაურით ცვიოდა. და აი, სტუდენტებმა ალუმინის ტაშტებს ჯოხები დასცხეს. ძველი ტაძრიდან ფრინველები წამოიშალნენ: ყორნები, კაჭკაჭები და, რასაკვირველია, ბეღურები.

ადამიანებს დიდი ჩიტები ნაკლებად აინტერესებდათ. ისინი გულგახეთქილები ცვიოდნენ მიწაზე, ფხარკალებდნენ, იხოცებოდნენ, მაგრამ მათ ასაღებადაც კი არავინ დახრილა. მთავარი ბეღურების რაოდენობა იყო. ქვემოთ, მიწაზე, ტაძრის გარშემო თავშეყრილი ხალხი მკვდარ ბეღურებს აგროვებდა და თოკებზე აცვამდა, როგორც გირლანდებს, რომ მერე, როცა ალაფს დაითვლიდნენ, უნივერსიტეტს თავი გამოეჩინა.

დასცხეთ ტაშტებს! რას უდგახარ, დასცხე! გოგოებო, კიდეებს მოერიდეთ! ტაძარი ძველია, კრამიტი იმსხვრევა, ფრთხილად იყავით! და დასცხეთ!

იქ, უნივერსიტეტთან რომ ტაძარი იდგა, მშვენიერი ტბორის პირას, იმ ტაძრის სახურავზე, ტაშტით და ჯოხით ხელში, იდგა დედოფალი მარგო, რომელსაც სიმაღლე დიდად არ უყვარს და ძალიან უყვარს ბეღურები.

1958 წლის ბოლოს, არასრული სტატისტიკის თანახმად, 1,96 მილიარდი ბეღურა გაანადგურეს.

1958 წლის ბოლოს დედოფალი მარგო უკვე საქართველოში იყო, მაგრამ ის, რომ ბეღურების მერე ძაღლების და კატების ჯერი დადგა, უცებ დაიჯერა, და ძალიან იდარდა, იმიტომ რომ შორს, ჩინეთში, სახლში დარჩა ხალი.

ძაღლები ბევრს ჭამენ. სავსებით საკმარისი ბრალდებაა საიმისოდ, რომ გავანადგუროთ. თუ ძაღლი გყავს და მალავ, ტყუილად ირჯები, აუცილებლად დაგაბეზღებენ, წაგართმევენ და მოგიკლავენ. შეიძლება, შენც მიგაყოლონ.

არადა, ხალი ძალიან კარგი ძაღლი იყო.

მაგრამ დედოფალი მარგოს მამიდა დიპლომატების კლუბში ასწავლიდა, და მამიდამ უნგრეთის ელჩის ცოლს სთხოვა შველა, და ძაღლი უნგრეთში წაიყვანეს, და ხალი გადარჩა. ეს კარგი ამბავი წერილში ეწერა, რომელიც დედოფალმა მარგომ თბილისში მიიღო. ვინ გამოგზავნა და საიდან – უცნობია, მაგრამ წერილი მოვიდა, და წერილში ეწერა, რომ ჩინეთში დარჩენილი ოჯახის წევრები კარგად არიან და ხალიც კარგადაა, უნგრეთშია და მის ბედს კვლავ ძაღლი არა ჰყეფს.

ივანის შესახებ კი არავის არაფერი მოუწერია. უბრალოდ, არავინ იცოდა.

არადა, ივანი არ იყო უბრალო კაცი. მისი ცხოვრება ისე დაიწყო, რომ აშკარად იღბლიანი ეთქმოდა.

რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ჩინეთის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ბრძოლებში მონაწილე ერთმა რუსმა ჯარისკაცმა გულგრილად ვერ უყურა მოკლული დედის ცხედარზე მხოხავ ჩვილს. მან ბავშვი აიყვანა და რუსეთამდე ატარა, იქ შვილივით გაზარდა და პროფესიაც კი შესძინა: ბიჭი, რომლის ნამდვილი სახელიც უცნობი იყო და რომელსაც ლი ვანი დაარქვეს, ძალიან ჩინურად, და ყველა, ძალიან რუსულად, ივანს ეძახდა, შესანიშნავი მზარეული დადგა.

მერე იყო რუსეთიდან ჩინელების რეპატრიაციის გრძელი და სხვაგან და სხვის მიერ მოსაყოლი ამბავი, და ამ ამბის დასრულების შემდეგ პეკინში, დედოფალი მარგოს სახლში აღმოჩნდა მზარეული ივანი.

ივანი თავის საქმის დიდოსტატი იყო. ჯადოქარი. სამზარეულო ხელოვნებაში ვერავინ შეედრებოდა. საუცხოო კერძებს ამზადებდა. ჯერ მარტო ომლეტები რად ღირდა: ლორით, ხილფაფით და უარაფროდ. სააღდგომო პასკას უმშვენიერესი შაქრის ბატკნებით რთავდა. ის იყო ძალიან ზრდილი და კეთილი ზნის კაცი.

მერე კი, როცა ჩინეთიც საბოლოოდ აირია, ივანს სახლის დატოვება მოუწია. ის წავიდა და მისი ასავალ-დასავალი აღარავის სცოდნია. ივანი გაქრა. ბევრნი ქრებოდნენ.

მერე კი, მრავალი წლის მერე, როცა დრო შეიცვალა, მოსკოვიდან პეკინში მიმავალი მატარებლის ვაგონ-რესტორნის კარი გაიღო, და ყველა მგზავრმა დაინახა თეთრ სამოსში გამოწყობილი, თეთრჩაჩიანი, მსუქანი და ამაყი შეფ-მზარეული. მან თავის სამფლობელოს თვალი მოავლო, ერთ-ერთ მაგიდას მიუახლოვდა და დედოფალ მარგოს მიმართა:

– ყმაწვილო ქალბატონო, ომლეტს ლორით ინებებთ, ხილფაფით თუ უარაფროდ?..

ეს ამბები და კიდევ მრავალი, უთვალავი, აურაცხელი ამბავი მიამბო ჩემმა პროფესორმა, ქალბატონმა გუანვენ ლიუ-ყანდარელმა, რომლის ნათლობის სახელიც არის მარგარიტა. დიდი მადლობა, დედოფალო მარგო!