გელა

გელა სამეგრელოს ერთ სოფელში ცხოვრობს. ახლა მეათე კლასშია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, სერიოზულად ფიქრობს, სწავლას თავი დაანებოს და თურქეთში წავიდეს სამუშაოდ. გელას დედა რამდენიმე წელია იქ მუშაობს, გელას და მის პატარა დას, რომლებსაც ბებია და ბაბუა ზრდიან, ფულს იქიდან უგზავნის.

გელა სეზონურად ახლაც მუშაობს ‒ მეზობლებს თხილის დაკრეფასა და დარჩევაში ეხმარება. მაგრამ თურქეთში გაცილებით მეტი შემოსავალი ექნება. მასწავლებლები გელაზე ამბობენ, ნიჭიერი ბიჭიაო, დაწყებით კლასებში გამორჩეული მოსწავლე იყო; მერე „სწავლას მოუკლო“, მალე დედაც წავიდა თურქეთში. თუმცა თავის კლასელებთან შედარებით ახლაც კარგად სწავლობს, განსაკუთრებით, ისტორია და გეოგრაფია აინტერესებს.

მისი მასწავლებლები და ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ სწავლაში წარმატებებს მიაღწევდა, უბრალოდ ორი რამე უშლის ხელს: ჯერ ერთი, ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა, ოჯახს რომ დაეხმაროს. დედა იმასაც ურჩევს, სწავლას თავი არ დაანებოს, მაგრამ თან ეუბნება, რომ თურქეთში სამუშაოს ადვილად იპოვის.

პერსპექტივა ასეთია: სკოლა რომ დაამთავროს და გამოცდები კარგად ჩააბაროს, რაიონულ ცენტრში კერძო მასწავლებელთან უნდა მოემზადოს ‒ ორ საგანში მაინც. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამ დამატებით რეპეტიტორის ფულიც უნდა გამოგზავნოს. თუ ჩააბარებს და სასწავლო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის პარალელურად მუშაობა მოუწევს, გადასახადი რომ დაფაროს. გრანტი რომც მიიღოს, ბინის ქირის ფული მაინც უნდა იშოვოს, დედას ორმაგი დატვირთვით რომ არ მოუწიოს მუშაობა. ჩასაბარებლად მუშაობას და უნივერსიტეტში სწავლას 6 წელი უნდა. ეს ის დროა, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს სამსახურამდე აშორებს. ისიც, თუ გაუმართლა. ან შეუძლია, წელს ზაფხულშივე წავიდეს თურქეთში და დაახლოებით იგივე შემოსავალი წელსვე მიიღოს.

მე არ ვიცი, რა უნდა ქნას გელამ, რომელი გადაწყვეტილება უფრო წაადგება მის მომავალს. ფაქტია, რომ განათლების გაგრძელება-შეწყვეტა საკუთარი ნიჭის, მოტივაციისა და ძალისხმევის გარდა, ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორები შეგვიძლია სამ კატეგორიად დავაჯგუფოთ: ოჯახი, სკოლა და სისტემა.

ოჯახი

ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტში სტუდენტებს ვესაუბრებოდი განათლებაში უთანასწორობის საკითხებზე და მოვუყევი, რომ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა დავამთავრე. ეს სკოლა ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ჩვენ კი ცენტრიდან მოშორებით ვცხოვრობდით. მიუხედავად ამისა, ჩემმა მშობლებმა მაინც გადაწყვიტეს, მე და ჩემს და-ძმას სახლიდან ას მეტრში მეექვსე სკოლის ნაცვლად, სხვა სკოლაში გვევლო, რადგან მეორეში „კარგი“ მასწავლებლები ასწავლიდნენ და „კარგი“ მოსწავლეები სწავლობდნენ. ბავშვები იქ „კარგ“ მშობლებს დაჰყავდათ ‒ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მშობლებს, ან ძალიან მონდომებულ მშობლებს, რომლებიც მზად იყვნენ, შვილები შორ მანძილზე, მაგრამ უკეთეს სკოლაში ეტარებინათ.

არ ვიცი, ზუსტად რა გავლენა ჰქონდა ჩემი ოჯახის ამ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალზე და სად ვიქნებოდი დღეს, მეორე სკოლის ნაცვლად მეექვსე რომ დამემთავრებინა. ნაკლებად წარმატებული ვიქნებოდი? სხვა პროფესიას ავირჩევდი?

ბრიტანელმა სოციოლოგმა ლეონ ფაინშტაინმა 1970 წელს დაბადებული ბრიტანელი ბავშვების კოგნიტური უნარების დინამიკა შეისწავლა. წარმოიდგინეთ ორი ბავშვი განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ოჯახიდან, რომლებსაც ერთნაირად მაღალი კოგნიტური უნარები აქვთ ორი წლის ასაკში; და ორი ბავშვი ასევე განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ოჯახებიდან, რომელთაც თანაბრად დაბალი კოგნიტური უნარები აქვთ. მათ შორის განსხვავებები ყოველთვიურად იცვლება და მაშინ, როცა ეს ბავშვები ექვსი წლის ხდებიან და სკოლაში შედიან, შეძლებული ოჯახის შვილების უპირატესობა უკვე პირდაპირ თვალსაჩინოა.  

მსგავსი ტენდენცია მკვლევრებმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დააფიქსირეს. სურათი პესიმისტურია: კოგნიტური უნარების ჩამოყალიბებაზე მშობლების სტატუსი დიდ გავლენას ახდენს და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სკოლაში შესვლისთანავე მათი მომავალი უკვე განსაზღვრულია.

კვლევები საქართველოშიც ადასტურებს იმას, რომ იმ მოსწავლეთაგან, რომლებიც ერთსა და იმავე სკოლაში დადიან, შეძლებული და განათლებული ოჯახის შვილებს უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებად პრივილეგირებულ ოჯახებში დაიბადა.

სკოლა 

ცნობილი ამერიკელი განმანათლებლის, ჰორას მანის თქმით, „განათლებას, ადამიანის გამოგონილ ყველა სხვა მექანიზმზე მეტად შეუძლია, გაათანაბროს შესაძლებლობები, დააბალანსოს საზოგადოებრივი ურთიერთობები“. საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შეუძლია, ერთ სიბრტყეზე დაალაგოს განსხვავებები, რაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო საზოგადოებაში არსებობს.

საქართველოში პრობლემაა თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზეც, თანაც ყველა ეტაპზე: სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში. ბაღში დადის ბავშვების 70 %, ეთნიკური უმცირესობების ბავშვების მხოლოდ 33 %, სოციალურად დაუცველი ბავშვების ‒ 40 % და სოფლად მცხოვრები ბავშვების 47%. ახალგაზრდების 13 %-ს ეთნიკური უმცირესობების ოჯახებიდან არა აქვს დაწყებითზე მაღალი განათლება, მაშინ როდესაც ეთნიკურად ქართველებში ეს მაჩვენებელი 4 %-ია; ქალაქში მცხოვრებთა 1%-ზე ოდნავ მეტს, ხოლო სოფელში მცხოვრებთა 8%-ს აქვს დაწყებით განათლებაზე მეტი.

მოსწავლეების საგანმანათლებლო შედეგებიც განსხვავდება სკოლის მდებარეობის და სტატუსის მიხედვით. თბილისის და სხვა ქალაქების სკოლების მოსწავლეები, როგორც წესი, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეფასებებზე სოფლის სკოლების მოსწავლეებთან შედარებით. ასევე დიდია განსხვავებები კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეების შედეგებს შორის. ეს განსხვავებები მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ კერძო ან ქალაქის სკოლებში განათლების ხარისხი ბევრად უკეთესია. მაგალითად, მეცხრეკლასელთა საერთაშორისო შეფასების შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ მშობლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გათვალისწინების შედეგად, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებები ქალაქსა და სოფელს შორის, ასევე კერძო და საჯარო სკოლებს შორის ქრებოდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობლების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე და სკოლა ვერ ახერხებს ოჯახის გავლენის კომპენსირებას.

მაგრამ, გარდა მიღწევებში ამ განსხვავებებისა, კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად სასკოლო განათლების ხარისხი, ნებისმიერ სკოლაში. საერთაშორისო შეფასებებში თითქმის ყველა განვითარებულ და ჩვენს მეზობელ ბევრ ქვეყანასაც ისევ ჩამოვრჩებით. სკოლას მშობლების უმეტესობა ისევ არ ენდობა, სამაგიეროდ, ენდობიან რეპეტიტორებს, რომლებიც სკოლის დამთავრების და უმაღლესში ჩაბარების უცვლელ გარანტად რჩებიან. მოსწავლეების უმეტესობა ემზადება სამ საგანში მაინც და ოჯახებისთვის ეს სერიოზული ფინანსური ტვირთია.

  

სისტემა

რატომ არ დაჰყავთ სოფლად მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა მშობლებს საბავშვო ბაღში? რატომ წყვეტენ სწავლას აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეები უფრო ადრე? სწავლის ადრეულ ეტაპზე მიტოვების მიზეზებიც იშვიათად არის მოტივაციის ან ინტერესის ნაკლებობა.

ძალიან ბევრს, გელას მსგავსად, სწავლის მიტოვება მხოლოდ იმიტომ უწევს, რომ იმუშაოს; ზოგ შემთხვევაში სოფელში მხოლოდ ცხრაკლასიანი სკოლაა და სხვა სოფელში სიარული საშუალო განათლების მისაღებად დამატებით ძალისხმევას მოითხოვს; ზოგს შესაძლოა გამოცდების ჩაბარება მიაჩნია იმგვარ ბარიერად, რომლის გადალახვაში საკუთარი ძალების იმედი არა აქვს. 

უნივერსიტეტში ჩარიცხვის და განსაკუთრებით კი სასწავლო გრანტის მიღების სისტემა საქართველოში ეფუძნება მითს მერიტოკრატიის შესახებ. ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, ვკითხულობთ ისტორიებს მოსწავლეებზე, რომლებმაც ამა თუ იმ სოფლის სკოლა დაამთავრეს, არასდროს რეპეტიტორთან არ უვლიათ, ჩაირიცხნენ სასურველ ფაკულტეტზე და ასპროცენტიანი გრანტიც მიიღეს.

პირველ რიგში ის, რომ ასეთი თითზე ჩამოსათვლელი ისტორიები ნაციონალური მედიის გაშუქების საგანი ხდება, იმის დასტურია, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენაა. თანაც ჩარიცხული სტუდენტების სულ რაღაც 25 პროცენტი იღებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ასპროცენტიან გრანტს კი ‒ მხოლოდ 4 პროცენტამდე. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ალბათობა გაცილებით მაღალია იმ სტუდენტებში, ვინც რეპეტიტორთან ემზადება. შესაბამისი მონაცემების არარსებობის მიუხედავად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გრანტიანი სტუდენტების უმრავლესობაც რეპეტიტორთან ემზადება და, დიდი ალბათობით, უფრო შეძლებული ოჯახების შვილები არიან. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ რეპეტიტორთან სიარულის გარეშე შეუძლებელია თუნდაც ასპროცენტიანი გრანტის მიღება, ან იმას, რომ ყველა, ვინც რეპეტიტორთან დადის, მდიდარი მშობლების შვილია. თუმცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარება მხოლოდ ინდივიდუალურ ნიჭზე, მოტივაციასა და ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული. 

მითი მერიტოკრატიაზე

მერიტოკრატია მითია, თანაც ისეთი მითი, წარმატებულ ადამიანებს რომ თავს კარგად აგრძნობინებს. ესაა სისტემა, სადაც წარმატება დამოკიდებული უნდა იყოს ნიჭზე, მონდომებაზე, ძალისხმევაზე, და არა ინდივიდისგან დამოუკიდებელ ფაქტორებზე, როგორიც არის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი, ეთნიკური წარმომავლობა და სხვა. აბა, რა სჯობს იმ შეგრძნებას, რომ წარმატება მხოლოდ საკუთარი ნიჭით და ძალისხმევით დაიმსახურე. ოღონდ, მერიტოკრატიული მიდგომის პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, ნიჭი და ძალისხმევა დაფასდეს, მაგრამ არაპრივილეგირებულ ჯგუფებს ამისთვის გაცილებით მეტი ნიჭისა და ძალისხმევის გამოვლენა უწევთ. მაგალითად, გელამ, თუ სკოლაში დარჩენა გადაწყვიტა, უფრო მეტად უნდა იშრომოს იმავე შედეგისთვის, რასაც თბილისში მცხოვრები შეძლებული ოჯახის შვილი ადვილად მიაღწევს.

რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, საჭიროა აღიარება იმისა, რომ მხოლოდ ნიჭი და ძალისხმევა არ არის წარმატების გარანტია; რომ შეჯიბრების თანაბარი პირობების შექმნა არ არის საკმარისი, თუ ზოგიერთ მონაწილეს უკვე რამდენიმე ქულა აქვს ანგარიშზე. ის, რომ შესაძლებელია შესაძლებლობების აბსოლუტურად გათანაბრება, ისეთივე ილუზიაა, როგორც მერიტოკრატია. თუმცა შესაძლებელია უთანასწორობის შემცირება თუნდაც საყოველთაო ხარისხიანი საჯარო განათლების უზრუნველყოფით, სოციალურად დაუცველი და არაპრივილეგირებული ჯგუფებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებით, სოციალური დახმარების ისეთი მექანიზმების ამუშავებით, რომლებიც საშუალებას მისცემს სკოლის მოსწავლეებს, არ იფიქრონ ადრეულ ასაკში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლასა და ოჯახის რჩენაზე.