10 წელია, ვმეგობრობთ. მაშინ შევხვდით, როდესაც ფოტოგრაფიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ფოტოს გადაღება არცერთმა არ ვიცოდით, მაგრამ ერთმანეთის მაინც გვჯეროდა. ყველანი 90-იანი წლების ბავშვები ვართ. ქართული თანამედროვე ხელოვნების ინდუსტრია ჩვენი ტოლია. 

სახელი კოლექტივი შეიძლება შევადაროთ იმ ხავსს, რომელსაც ვეჭიდებით, მცირე წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ დღევანდელ ინდივიდუალისტურ ხელოვნებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ეგოიზმის შადრევანი. ერთად მუშაობა არ გვიშლის ხელს, გვქონდეს ჩვენი ინდივიდუალური სტილი  ჩვენთვის ურთიერთდახმარებაა ის იარაღი, რასაც შუბლში ვაჭედებთ ნეოლიბერალურ არტს.

მინდოდა, დამენახა განსხვავება ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეებს შორის, ასევე ადგილი, სადაც ეს ორი რეალობა ერთმანეთს ერწყმის. რამდენი განსხვავებული სახე შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს სხვადასხვა სივრცეში, ან როგორ შეიძლება ერთი რეალობა მეორეში გაქრეს.

მანო სვანიძე, სერია Things I Stole

 

დოკუმენტური სერია აერთიანებს საქართველოში ქვიარ ხალხის ფოტოებს. გადაღებულია მათსავე სახლებში, სადაც გვაქვს უფლება, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ.

ლაშა Fox ცერცვაძე

 

ყველა არეული ლოგინი ამბავს ინახავს - ტკივილზე, ბედნიერებაზე, სიყვარულზე, ღალატზე, მარტოობაზე, ჩვენს სიმამაცესა და სიმხდალეზე. მაგრამ ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ არეულ, გაზიარებულ ლოგინებზე. იმიტომ, რომ ჩვენ, საქართველოში კარგი გოგონები ვართ და ჩვენი ლოგინები არასდროსაა არეული.

ნინო-ანა სამხარაძე, სერია „არეული ლოგინების ამბები“

 

 

ჩემთვის ბავშვობა ცხოვრების ყველაზე უტოპისტური ნაწილია, სადაც არ გაქვს დროის შეგრძნება, რაც თავისუფლების შეუზღუდავ განცდას განიჭებს. რა არის უკეთესი? გქონდეს ბავშვობა, რომელშიც დაბრუნება სულ გინდა თუ პირიქით, როცა უკან დასახევი გზა მოჭრილია. ეს პროექტი არის მცდელობა, გამოხატოს ბავშვობის ის დალექილი მომენტები, რომლებსაც ღრმად სძინავს ჩვენში. ეძღვნება მათ, ვისაც ეს არასდროს გამოუცდია. 

თომა სუხაშვილი, სერია „ინფანტია“

 

ეს პროექტი წარსულის გაანალიზებას ცდილობს. სერიაში ერთიანდება ოჯახში ნაპოვნი ფოტოები, დათარიღებული 50-80-იან წლებში. არქივი ერთ პიროვნებას ეკუთვნის, თუმცა მაინც გაურკვეველი რჩება, ვინ იდგა კამერის უკან, იყო თუ არა ეს ერთი ადამიანი (სავარაუდოდ, არა)? როგორ შეიცვალა საზოგადოება იმ დროის განმავლობაში? და მაინც, ვინ იყო ფოტოგრაფი?

გიორგი როდიონოვი, სერია „my parents don't talk to me“