8 ივლისს თბილისში,  BUYERSისა და TBC Statusის ინიციატივით, ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა აუხდენელი ბაღებიგაიხსნა. გამოფენაზე არტისტის გრაფიკული ნამუშევრები, ინსტალაცია და სკულპტურა იყო წარმოდგენილი.

TBC Status თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურებაა. კლიენტებისთვის ის პირად ბანკირს და ბევრ განსხვავებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. BUYERS-ახალი ქართული ონლაინ მაღაზიაა, მრავალფეროვანი პროდუქციის ერთიანობით. ხოლო TBC Status-ის კლიენტებისთვის BUYERS-ის შეთავაზებები განსხვავებულია. მათი ერთობლივი საღამო - ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა - ორივე ბრენდის საქმიანობისთვის სიმბოლურია, რადგან BUYERS-სა და TBC Status-ს მიმართულება მსგავსია – ისინი თანამედროვე არტისტებს უწყობენ ხელს.

****

გამოფენა BUYERS-ის სივრცეში, ერთი საუკუნის წინ აშენებული სახლის ბოლო სართულზე შედგა. გახსნაზე ბევრი ხალხი იყო. ცხელოდა და ბინდდებოდა. ნამუშევრების სანახავად მეორე დღეს მივედი. ყველა სიტყვა ჩავიწერე, რაც “აუხდენელი ბაღების” მოსათხრობად გამომადგებოდა. ეს სიტყვებია: საიდუმლო, ზღაპარი, სამოთხე, შეუძლებლობა, ვარსკვლავები, დარაჯი, განძი, ღიმილი, ჩირაღდანი, ხელები, მიუღწეველი, გამოქვაბული.

“აუხდენელი ბაღები” ერთი დაუსრულებელი ამბავია, სხვადასხვა სურათით, გრაფიკული გამოსახულებით მოთხრობილი. ამბავში სიზმრები, პირადი გამოცდილება, ოცნებები და წარმოსახვები ერთმანეთშია არეული და ახალ, წარმოუდგენელ განზომილებას, სამყაროს ქმნის - დავიწყებული სამოთხის ანაბეჭდს.

სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა მეხსიერებაში, ბაღი იდეალური სამყაროს, იმქვეყნიური სამოთხის ნიშანია - მარადიული ნეტარების ადგილი, სადაც უხსოვარ დროს ადამიანები და ღმერთები ერთად ცხოვრობდნენ.

ზღაპრებში ბაღი უცხო, ხშირად საიდუმლო ადგილია, სადაც უკვდავების წყალი, ოქროს ვაშლის ხე, ან აკრძალული ცოდნაა დაცული.

მიწიერი ბაღები დაკარგული ან მიუწვდომელი სამოთხის ამქვეყნად განხორციელების, დაკარგული ღვთაებრიობის დაბრუნების მცდელობაა. სამოთხის ბაღი, წალკოტი, ხშირად დაპირებაა, რომელიც არ ვიცით, ახდება თუ არა.

ანკა ბოჭორიშვილის პერსონაჟები აუხდენელი ბაღების მცველები არიან. მზის და მთვარის ყვავილებში ჩაკარგულები ხოჭოებთან, კიბორგებთან, გომბეშოებთან და ჩიტებთან ერთად ატარებენ დაუსრულებელ დღეებს. ჩამოღვენთილ გამოქვაბულებს ასანთის ჩირაღდნებით ანათებენ. შებინდებისას, იმ ადგილზე ფიქრობენ, სიზმარში რომ ხშირად ხედავენ და არც კი იციან, არსებობს თუ არა. სურათებში ხშირად მეორდება ერთი და იგივე პერსონაჟი - იღიმება და ცისკენ საჩვენებელი თითით გვანიშნებს ისე, თითქოს ჩვენ ორმა რაღაც საიდუმლო ვიცით. ეს საიდუმლო ალბათ აუხდენელი ბაღების მისამართია, იქამდე მისასვლელად საჭირო რუკა.

...

ანკა ბოჭორიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი სტუდენტია. თუმცა, აკადემიაში სწავლა დიდად არასდროს უნდოდა. ამიტომ მალევე წამოვიდა. უფრო სწორად, გამოიქცა - ნატურმორტებს და მექანიკურ ხატვას მეგობრებთან ერთად მუშაობა არჩია. თან ისე დაემთხვა, რომ ანკას მეგობრებმაც განათლებისთვის განსხვავებული გზების ძებნა გადაწყვიტეს და გაჩნდა ჯგუფი “Stupid Kids Factory”. “Stupid Kids Factory”” სამეგობრო იყო, როგორც ანკა ამბობს, თავშესაფარი იმ ბავშვებისთვის, ვისაც უფრო მეტის გაგება უნდოდათ უფრო სხვა გზებით, ვიდრე უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ.

ჯგუფმა რამდენიმე გამოფენა გააკეთა, გამოფენებს სახლებში და ერთმანეთის სახელოსნოებში აწყობდნენ. პირველი გამოფენა “Magic room” იყო, მეორე “Summer leftovers”. მგონია, რომ გამოფენები ჯგუფის მუშაობის მოკლე ფრაგმენტები იყო; “სულელი ბავშვების” ყოველდღიურობა, თამაშები და შეკითხვები დროსა და პროცესზე აგებული, დაუსრულებელი, კვლევითი ნამუშევარი - მტვრით დაფარული ქალაქის სიზმარი.

მერე გაიფანტნენ. ყველამ ცალ-ცალკე არჩია მუშაობა.

ანკამ ხატვა გააგრძელა.

“აუხდენელ ბაღებზე” წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა.

...

ანკა ბოჭორიშვილის “აუხდენელი ბაღები” მხატვრისთვის მდგომარეობაც არის, სიზმარიც და ადგილიც, რომელიც, შეიძლება თვალისთვის უხილავია, მაგრამ სადღაც ნამდვილად არსებობს.

ანკა მეუბნება, რომ როცა მუშაობას იწყებს, როცა ხატავს, წინასწარ არც იცის, რა გამოვა. მისი ნამუშევრები თითქოს საიდუმლო მოგზაურობიდან მხატვრის მეხსიერებაში შემორჩენილი ფრაგმენტებია.

პერგამენტზე ხატვისას მხოლოდ შავ ფერს იყენებს. თუმცა ხშირად ორი შავი გვხვდება - ტუში ხან ქაღალდის ზედაპირზეა, ხან კი უკანა მხარეს - მხატვარი ქაღალდზე ორივე მხრიდან ხატავს და შავი ფერის სიმკვეთრეც იცვლება. გრაფიკული ნამუშევრები ისეთი ამომწურავია, ვერც ხვდები, რომ გამოსახულება შავ-თეთრია.

გამოფენისთვის პირველად სცადა სხვა მედიაში მუშაობა და ბაღების ფრაგმენტი თაბაშირის სკულპტურებადაც აქცია. წარმოვიდგინე, რომ ანკას მომავალ გამოფენაზე უფრო მეტი თეთრი იქნება - სამგანზომილებიანი, თაბაშირის ბაღები.

გამოფენის გახსნაზე, აივანზე ბევრი ხალხია, აივნის კარის აქეთ და იქით ადამიანის ფიგურები დგას - თეთრ-ლურჯ ტანსაცმელში ჩაცმული. ერთ-ერთს ხელის მტევნები არა აქვს. მაგიდებზე სხვადასხვა ნივთები და ობიექტები დევს: კამათლები, თვითმფრინავები, კოსმონავტები, კრისტალების და ქვის ნატეხები, ხიდები, ქალაქების სქემები, ვარსკვლავები, დაკარგული ხელის მტევნები. ეს ნივთები, შეგროვებული, ნაპოვნი ობიექტები - თილისმებია, რომლებიც სხვადასხვანაირად დალაგებისას სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს და სხვადასხვა მომავალს ქმნის.

ყველა სავარაუდო მომავალში აუხდენელ, საიდუმლო ბაღებში ყოველთვის სიმშვიდეა. სიმშვიდე და დანაპირების ახდენის მოლოდინი.