20 ან 21 წლის ვიყავი, პირველად დიდ, საიდუმლოებებით მოცულ ბეტონის ბრუტალურ შენობაში როცა აღმოვჩნდი, რომელიც ერთ დროს ენერგოქარხანა იყო. შენობაზე მოყოლილი ისტორიების საფუძველზე შევეცადე, ჩემი თავი მორალურად მომემზადებინა და შოკის ალბათობა შემემცირებინა, მაგრამ ისტორიები არაფრად გამომადგა. შემდგომი თვეები ვერ ვაჩერებდი ენას და გაუთავებლად ვყვებოდი ისტორიებს ამ ბეტონითა და ოფლით გაჯერებულ სამოთხეზე, სადაც ყოველგვარი ადამიანური ცდუნება შენ თვალწინ იშლება.

ჩემი ყველაზე დიდი ცდუნება კი, ცნობისმოყვარეობა და კითხვებზე პასუხების მიღებაა. ამის დასაკმაყოფილებლად კი კამერა საუკეთესო ხელსაწყოა. კონკრეტულად ამ ბეტონის შენობაში ფოტოგადაღება სასტიკად აკრძალულია და მიუხედავად უდიდესი სურვილისა, დღემდე მაინც პატივისცემით ვეკიდები ამ აკრძალვას. მაგრამ ის, რაც შენობის გარეთ ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო სწორად, ყოველ „ვიკენდურ“ ცხოვრებაში, არანაკლებ აღმაფრთოვანებელი და საინტერესოა. ეს შენობა ბევრად მეტია, ვიდრე შენობა, იგი ქმნის და აერთიანებს არაერთ სუბკულტურას, ეროვნებას, ეთნოსს თუ ორიენტაციას. იგი ბევრად შორს მიდის, ვიდრე მისი ფიზიკური ტერიტორია.

საბედნიეროდ, ქალაქი, სადაც ვცხოვრობ, მეტად მეგობრული და გახსნილია ურთიერთობებისთვის; მით უმეტეს ის წრე, სადაც ბოლო წლებში აღმოვჩნდი. იქ ხშირად ისმის, რომ ყველა მხატვარი, მოცეკვავე, მსახიობი ან ფოტოგრაფია. ასეც არის, გარკვეულწილად. ეს ნიჭიერი და საინტერესო ხალხი რეგულარულად ურთიერთთანამშრომლობს.

ახალგაზრდებში ხელოვნებასთან ერთად სამი ეფექტური ბიზნესი არსებობს: ნარკოტიკი, პროსტიტუცია და წვეულებების ორგანიზება. თუმცა, ეს ყოველივე ისეთი ფორმებით ხორციელდება, რომ არავითარ კრიმინალურ თუ ფატალურ მოვლენებს არ აქვს ადგილი.

ყველა ეს ნახსენები აქტივობა ერთმანეთთან მოდის ჰარმონიაში და ქმნის კულტს. ჩემთვის წარმოუდგენლად ძნელია ამ მოვლენების იგნორირება და განცალკევებულად არსებობა, ამიტომ მე და ჩემი კამერა ამ არცთუ ისე პატარა საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. უკვე დიდი ხანია, დღეები აღმოჩენების გარეშე არ გადის. ეს იქნება ახალი ადგილები, შეგრძნებები, ადამიანები თუ მათი მოსაზრებები.

ჩემი ერთ-ერთი პროფესია სოციოლოგია და კულტუროლოგიაა, რაც ადამიანთა ქცევისა თუ სხვადასხვაობის კვლევის განუყოფელი ნაწილია. ის, რაც ჩემს სამშობლოში ძალიან ჭირს და ყველა თავისუფალ ახალგაზრდას სჭირდება, ყველაზე მეტად აქ არის აქცენტირებული. საუბარი მაქვს სექსუალურ თავისუფლებაზე, არატრადიციულ ორიენტაციაზე და უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებზე. შესაბამისად, ამ ყოველივეს გაშუქება და ხელოვნების მედიაში წარმოება უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს.

ამ ფოტოების და პროექტის შექმნა არ არის ადვილი. არაერთხელ მსმენია, რომ ეს ფოტოები უბრალოდ გასროლილი Snapshot-ებია. სინამდვილეში კი ყოველი კადრი ფრთხილად გააზრებული და შერჩეულია. ვიზუალური მხარის გარდა, ამ ყოველივეს უფრო ღრმა და საინტერესო დატვირთვა აქვს.

რაც უნდა გახსნილები და თავისუფლები იყვნენ ეს პერსონაჟები, მაინც რთულია მათ ინტიმურ სივრცეში კამერით შეღწევა და შემდგომ შედეგის გამოქვეყნება.

არქივში ბევრი საინტერესო ფოტო მაქვს, რომელთა გასაჯაროება ბევრი ადამიანის პირად ინტერესებს შეეწინააღმდეგება და უხერხულობას შექმნის ურთიერთობებში. ამიტომ იძულებული ვარ, ის ფოტოები ჩემს არქივშივე დავტოვო. ხოლო ნაჩვენები ფოტოები შედეგია ურთიერთგაგების, კეთილი განზრახვების, ხელოვნებისა და ესთეტიკის გააზრების და ხშირად უბრალოდ მეგობრობის.

ესთეტიკის მხრივ ბევრ სხვადასხვა ხერხს ვხმარობ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ერთ სტილში ექცევა, რომელიც გარდაუვალ ნიშანს ადებს ჩემს კადრს. მოცემულ სელექციაში ჭარბობს მაშუქის გამოყენებით, უფრო ხშირად ვერტიკალური ორიენტაციის კომპოზიციები. ასევე, ადამიანის კანის ფერის სხვადასხვა ტონალობა. ეს ელემენტები, ჩემი აზრით, ქმნის მეტად პროვოკაციულ მანერას ფოტოში. ხანდახან მათგან თითქოს ხმამაღალი და თვალისათვის მეტად ინტენსიური სანახაობა იქმნება. არის რამდენიმე კადრი, სადაც მინიმალური განათებაა გამოყენებული და ისეთ ინტიმურ გრძნობებს აღძრავს, რომლებიც ბევრად მშვიდი და მედიტაციურია.

ასეთ ფოტოებს საქართველოში პირველად ვაქვეყნებ და საზოგადოების რეაქციას დიდი ცნობისმოყვარეობითა და აზარტით ველოდები. იმედი მაქვს, მკითხველი ჩემს განზრახვებს სწორად გაიგებს, დაფიქრდება ან რაიმე ახალს შეიძენს.

 

ბერლინი, 2016

იდეალური სილამაზე სექსუალურ ლიბერალიზაციაში