ჟენევა, ციურიხი, თბილისი  

კოკა რამიშვილის უახლესი პროექტები და ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქალაქებში - ჟენევა (Laurence Bernard Gallery), ციურიხი (Häusler Contemporary Gallery), თბილისი (ERTI Gallery) -  ნაჩვენები გამოფენები მხატვრობისა და ხედვის საბაზისო კომპონენტებს ეხებიან, - ფერს, სინათლეს, იდეას. ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მედიუმებისადმი ინტერესი კოკა რამიშვილის შემოქმედების გზაზე ადვილად დასანახია, ინტერვიუებშიც ის ყოველთვის დეტალურად მსჯელობს ზედმიწევნით გაცნობიერებულ პოზიციაზე, გადაწყვეტილებებზე, თუ რატომ ირჩევს კონკრეტულ მომენტში ფოტოს, ფერწერას, ობიექტს, ინსტალაციას. თავის არჩევანს ხშირად უკავშირებს კონტექსტს, თუმცა ყოველთვის არა. იმ დროს, როცა ადგილობრივი (ქართული) სიტუაცია რადიკალურად განსხვავდებოდა თავისი საბჭოთა ისტორიის გამო დასავლურისაგან, კოკა რამიშვილი საუბრობდა ამ განსხვავებებზე და როგორც ხელოვანს, რომელიც ნაწილობრივ საქართველოში ცხოვრობდა და ნაწილობრივ შვეიცარიაში, შესაბამისი რიტმები და თემები შემოჰქონდა ორივე შემთხვევისათვის. უფრო კონკრეტულად კი, ის აღწერდა თავის დამოკიდებულებას „დოკუმენტის“ მიმართ, მსჯელობდა ფოტო/ვიდეო გამოსახულებაში დაფიქსირებულ მოვლენაზე , როგორც არტეფაქტზე და მისი, როგორც მხატვრის სტრატეგიაზე განსხვავებულ სივრცეებში მოქმედებისას; საქართველოში, სადაც მიმდინარე პროცესები ქაოტური და მრავალგვარი  პრობლემატიკით დატვირთული იყო, ის მიმართავდა „დოკუმენტის“ თემას, მოვლენების დაფიქსირებასა და მათ მედიტაციურ ველში გადაყვანას მხატვრული პროცედურით, როგორც ეს მოხდა ფოტო სერიაში „ომი ჩემი ფანჯრიდან“, რომელშიც თბილისის ომის ტრაგიკული სურათი განყენებული ფოტო კადრების სერიად იქცა, ან ვიდეოში -  „ცვლილება“ (ვენეციის 53-ე ბიენალეზე ქართულ პავილიონში წარდგენილი ინსტალაციის ნაწილი), რომელშიც ასევე ხელისუფლების რევოლუციური ცვლილების ვიდეო დოკუმენტაცია არის ჩართული;  ხოლო დასავლეთში, სადაც მისი თქმით გარემო ასეთი გადატვირთული არ არის მუდმივი კატაკლიზმებით და კონცეტრირებული მუშაობისთვის უკეთესი პირობებია, ის უბრუნდებოდა ფერწერის მედიუმს, სპეციფიკურად მხატვრულ ამოცანებს, ფერწერას როგორც დისციპლინას და შექმნა ისეთი სერიები, როგორიც იყო „კასპარ ჰაუზერის ამბავი“ (ედვარდ მიტერანის გალერეა ჟენევაში), მოგვიანებით კი „უსათაურო“ გამოფენაზე (დედიკას გალერეა თბილისში) წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრები.

კონკრეტულად ფოტოგრაფია კი განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა მისი გზავნილებისთვის შესაბამისი საუკეთესო სამეტყველო ენა და ამჯერად უკვე არა ზემოთ ხსენებული „დოკუმენტის“ მნიშვნელობით. საქმე ეხება ფოტოგრაფიას ამ მედიუმის ისტორიული ღირებულებით, ‘სინათლით წერის“ მეტაფორული  აზრით, სადაც რეალური, თვალით აღქმული გამოსახულება ტრანსფორმაციას განიცდის ფოტო განზომილებაში, სადაც ის სხვა ბუნებას იძენს,  ერთგვარად „მოგზაურობს“ და ხდება ორიგინალისგან განსხვავებული ნიშანი.

ექსპოზიცია გალერეა ერთის სივრცეში 

თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი - კოკა რამიშვილის  „სინათლის მანქანები“  2019 წლის 15 ოქტომბერს გაიხსნა და  დამთვალიერებელმა პირველ რიგში დააფასა დახვეწილი, გეომეტრიული წესრიგით აგებული ლაკონური და სადა ექსპოზიცია.

‘სინათლის მანქანები’ კოკა რამიშვილის მხატვრული მანიფესტია თვალისა და სამყაროს ურთიერთობაზე, სადაც სამყარო არსებობს ორი სახით, - ადამიანის გარეშე და ადამიანთან ურთიერთქმედებაში, მასთან ყოველდღიურ კავშირსა და წარმოსახვაში. ექსპოზიციის დრამატურგიაც ამ პრინციპით ვითარდება, - დამთვალიერებელი კონკრეტულ ამოცანას იღებს გალერეაში შემოსვლისას,  მისი თვალი იწყებს შავ-თეთრისა და შუქ-ჩრდილის ცვლილებებზე დაკვირვებასა და აკეთებს ახალ აღმოჩენებს. შავ-თეთრი აქ არ არის მოცემული კლასიკური კონტრასტული წყვილის მნიშვნელობით, არამედ ის სინათლის ფენომენის გახსნას, მისი მისტერიის გადმოცემას ემსახურება მხატვრობის ისტორიის ცალკეული მომენტების გათვალისწინებით, - სკულპტურული კომპოზიციის პარალელებით პეიზაჟთან, აბსტრაქტული მხატვრობის კავშირით სტიქიებთან, - ღამის ცა და ზღვის ზედაპირი აქ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმისა და ამავე დროს კლასიკური პეიზაჟის ასოციაციებით არის შექმნილი. სრული „სიბნელის“ კადრი - ღამის ცა ორიონის თანავასკვლავედით მის გვერდით განლაგებულ „გადანათებულ“ სურათებს კიდევ უფრო დინამიურად გამოაჩენს, მაგალითად, სინათლის ვერტიკალურად დაშვებული სვეტი თავისი სითეთრის ინტენსივობით მატერიად გარდაიქმნება თეთრ ქსოვილში. ორიონის თანავარსკვლავედი ამ სერიაში კონცეპტუალური მონაწილეა როგორც ასტრონომიული კვლევების უძველესი აღმოჩენა. მის განლაგებაში ადამიანის ფიგურას ამოიცნობდნენ და სიმბოლურად აკავშირებდნენ ადამიანური შემოქმედებითი აქტივობების ბმას კოსმოსთან, გეომეტრიის საფუძვლებთან. 

სინათლის გადმოცემის ტრადიცია მხატვრობაში ისტორიულად სივრცის ილუზიის შექმნის მიზანს უკავშირდება, სადაც ფორმის მოდელირება პერსპექტივის აგების წესებით უნდა განისაზღვროს. კოკა რამიშვილი თავის ფოტო სერიაში მხატვრულ კომენტარებს აკეთებს ამ ისტორიაზე, - შუქ-ჩრდილით მოდელირების სხვადასხვა ვერსიებზე, უკვე არსებულ ფერწერულსა თუ სკულპტურულ ექსპერიმენტებზე და სინათლეს სხვადასხვა შინაარსებით წარმოადგენს. ექსპოზციის აზრობრივ ცენტრში თავად მედიუმია - ფოტოგრაფია, იგივე სინათლით წერა. აქ მხატვრული დისციპლინის საფუძველზე შექმნილი აღქმის უნარების კვლევაა, - თუ როგორ აღვიქვამთ იმას, რაც ჩვენს გარშემოა მაშინ, როცა გვაქვს ხედვის/თვალის განსაკუთრებული უნარი... და რას ნიშნავს ფორმა ზოგადად, როგორ იგება ის სივრცეში და როგორ იძენს დამოუკიდებელი სიცოცხლის უნარს. კამერა როგორც „ობიექტური თვალი“ (მინიშნება ძიგა ვერტოვის ფილმზე „ადამიანი კინოკამერით“) კოკა რამიშვილის ფოტო ექსპერიმენტებში იმ შესაძლებლობას ეძებს, რაც ადამიანის ბიოლოგიურ თვალს არ აქვს და მხოლოდ საგანგებო ლინზის მეშვეობით აღიქმება.

Limbus Major, Limbus Minor

კოკა რამიშვილი „სინათლის მანქანების“  შესახებ საუბრისას  ამბობს, რომ ამ სერიაში ის მიკროკოსმოსისა და მაკროკოსმოსის ურთიერთქმედებით არის შთაგონებული, რაც სიმბოლურად დიდი წრისა და მცირე წრის კავშირად შეიძლება იყოს განსაზღვრული. პარაცელსუსის ცნობილ ჩანაწერებში გადმოცემული მსოფლმხედველობა სამყაროს მსგავს სისტემად წარმოადგენს, სადაც ჩენს ირგვლივ არსებული სამყარო საზღვრებს გარეშეა, ხოლო ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს მოდელს თავის თავში იმეორებს და მის ირგვლივ არსებულ ყველა ელემენტთან თავისი შესაბამისი კავშირი აქვს, სხეულის საზღვრებშია მოქცეული და ერთგვარ მცირე წრეს ქმნის. „სინათლის მანქანებში“ კოსმოსის სურათი ბუნების კადრებია, სადაც დრო პირობითია, ხოლო ადამიანის მონაწილეობა ხელოვნების კვალით არის აღნიშნული. ექსპოზიციის ერთ-ერთი მოტივი ნატურმორტია, მისი გავრცობილ-გაფართოებული გააზრება; კოკა რამიშვილი კომენტარებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატურმორტის განსხვავებულ გააზრებას გულისხმობს. ნატურმორტი სტერეოტიპული გაგებით აკადემიური ხატვის სწავლების საწყის სტადიაზე კომპოზიციის აგების დაუფლებისათვის აუცილებელი სავარჯიშოა და ამის გამო ის შეზღუდულ ფორმატად აღიქმება, თუმცა ხელოვნების ისტორიაში არსებული მასალიდან ნატურმორტის შესაძლებლობების უსაზღვროების დასტურად სეზანის ან მორანდის ნამუშევრები მეტყველებს. კოკა რამიშვილის ნატურმორტები მარტივი საგნებით, ან ფრაგმენტებით აგებული კომპოზიციებია, რომლებიც მცირე ზომის კონსტრუქტივისტულ სკულპტურებს ჰგავს, სადაც გეომეტრიული ფორმებით ორგანიზებული კოპოზიციები განათების რაკურსის მიხედვით იცვლის ფორმას. ეს კონსტრუქტივისტული „რედიმეიდები“ (ამ ტერმინის იმ მნიშვნელობით, როცა სხვადასხვა საგნების ფრაგმენტების გაერთიანება უტილიტარულ მნიშვნელობას უკარგავს მათ და მხატვრულ ფორმად გადააქცევს) საკუთარი ელემენტების კომუნიკაციას აჩვენებს, ისინი თითქოს ცოცხალი არსებებია, რომლებიც ერთმანეთში თანხმდებიან და განლაგების შესახებ საზიარო წესრიგს ემორჩილებიან.  ფორმების გარდასახვა განსაკუთრებით დრამატული და მკაფიო გამოსახულების სახით ჩნდება კომპოზიციაში „წიგნი. ხელნაწერები არ იწვიან“, - გადაშლილი წიგნი ცენტრში დამწვარი ფურცლების გროვით. აქ სინათლის ექსპრესიული კულმინაციის შედეგია - ცეცხლით გარდასახული ობიექტი და კვლავ შავისა და განათებული თეთრის კონტრასტი.

ის, რაც პარაცელსუსის განსაზღვრებებში მეტაფორულად არის გადმოცემული, კოკა რამიშვილის პროექტში სიმების თეორიის მიხედვით წარმოდგენილი სამყაროს სურათით არის შთაგონებული, რომელიც ფუნდამენტური ძალებისა და მატერიის ურთიერთობასა და აღწერას ეფუძნება. ეს ‘საბოლოო თეორია“ დამატებითი განზომილებების აუცილებლობას გულისხმობს, რომელიც სივრცის კვლევებში ახალ ცოდნაზეა მიმართული. „სინათლის მანქანები“ გამოფენის ერთი კომპონენტის სათაურია, რომელიც მეორე კომპონენტთან - სტიქიების განყენებულ ფოტო გამოსახულებებთან ანსამბლში ასევე განზომილებების თანაარსებობის მოდელია.