დევიდ მაკი დღეს კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი არტისტია. ნიუ იორკ თაიმსის ყველაზე გაყიდვადი გრაფიკული ნოველის „კაბუკის“  და მარველის კომიქსების ავტორი ამ ეტაპზე  ჩაკ პალანიკთან თანამშრომლობს. “მებრძოლთა კლუბის“ მეორე ნაწილის გარეკანზეც სწორედ მან იმუშავა. დევიდ მაკი ამერიკის საელჩოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს და კომიქსებით დაინტერესებულ დამწყებ მხატვრებს შეხვდა. 


რამ დაგაინტერესათ  ყველაზე მეტად, როდესაც საქართველოში ჩამოსვლა შემოგთავაზეს?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმოგზაურობ, აღმოსავლეთ ევროპაში აქამდე არ ვიყავი ნამყოფი, ამიტომ ეს კარგი შანსი იყო და ხელიდან არ უნდა გამეშვა. თანაც, საქართველო ახლა ძალიან საინტერესო ეტაპს გადის, ბევრი ცვლილება ხდება. მინდა გავიგო, როგორ ცხოვრობენ აქ ახალგაზრდები, როგორ ურთიერთობენ სამყაროსთან, ისმის თუ არა მათი ხმა და როგორ გამოხატავენ საკუთარ თავს. მათთვისაც საინტერესო უნდა იყოს სხვების გამოცდილება.

როცა ახალგაზრდა ხარ, უფროსები თითქოს ყუთში აქცევენ შენს ოცნებებს, გზღუდავენ და გასაქანს არ გაძლევენ.

მეც გამოვცადე ეს ჩემს თავზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თავისუფლად შეგიძლია გქონდეს უცნაური, თამამი ოცნებები და მიაგნო პრაქტიკულ გზებს მათი განხორციელებისთვის. ამიტომ, დიდი სტიმული და შთაგონება იყო ხოლმე, როცა ვინმეს ვხვდებოდი, ვინც უკვე აისრულა ოცნებები.

როდის და რატომ დაინტერესდით კომიქსებით?

16 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ეს უნდა მეკეთებინა. მანამდე ძალიან ბევრი რამით ვიყავი გატაცებული: წერა, მუსიკა, ხატვა, ფოტოგრაფია, სკულპტურა... მოგვიანებით, როცა სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკაცია უნდა შემევსო, არჩევანის გაკეთება მომიწია. ამაში ერთი ჩემი მასწავლებელიც დამეხმარა. საბოლოოდ კომიქსი ავირჩიე, რადგან  მივხვდი, რომ აქ ყვეალფრისთვის შემეძლოა მომეყარა თავი, რაც მაინტერესებდა. ამბის თხრობა და მისი ვიზუალიზაცია ერთდროულად იყო შესაძლებელი. ეს იყო ასბატრაქტული, საინტერესო მედიუმი, რომელსაც უკვე გააჩნდა ისტორია, მაგრამ კიდევ უამრავი რამის დამატება და განვითარება შეიძლებოდა და ესეც გამოწვევა იყო.

დღევანდელი გადასახედიდან, რა გამოარჩევს თქვენთვის კომიქსს ვიზუალური ხელოვნების თუ ლიტერატურის სხვა მიმართულებებიდან?

ალბათ მუდმივად იდეების ავანგარდში ყოფნა. როგორც სამეცნიერო ფანტასტიკაში წინასწარაა დანახული პლანეტების ათვისება და სხვა მსგავსი ამბები, კომიქსებშიც წლებით ადრეა ხოლმე ასახული ის იდეები, რასაც აათეული წლები უნდა, რომ რეალობად იქცეს. არაერთხელ გვიანხავს დღევანდელ ფილმებში, განსაკუთრებით ბლოკბასტერებში ის ამბები, რაც  კომიქსებში ორი თაობის წინ ხდებოდა.

 „კაბუკი“  თქვენი პირველი  ნამუშევარია, რითიც გაგიცნოთ მკითხველმა. როგორ შეიქმნა ის?

ამბის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას დავწერე.  შემდეგ დიდი ხანი ვეძებდი  სხვა არტისტებს, ვინც ამას ვიზუალურად გააფორმებდა.  ამასობაში ერთ-ერთმა გამომცემლობამ შემომთავაზე კომიქსების ანთოლოგიისთვის რვაგვერდიანი ნოველა დამეწერა.  გადავწყვიტე, რადგან პატარა იყო ტექსტი და უფრო მარტივი იქნებოდა, მე თვითონვე დამეხატა. ამის შემდეგ კიდევ რადმენიმე რვაგვერდიანი კომიქსი გავაკეთე და საბოლოოდ მივხვდი, რომ მე თვითონ შემეძლოა მთელი წიგნი გამეფორმებინა ნახატებით. თანაც, გამომცემლებმა გამამხნევეს, კარგად გამოგდსი გააგრძელეო.

წიგნში ისტორია იაპონიაში ვითარდება, რატომ აირჩიეთ იაპონია? რამე გაკავშირებდათ მანამდე ამ ქვეყანასთან?

იმ ეტაპზე არ ვიყავი  სათანადოდ ჩამოყალიბებული და დარწმუნებული ჩემს თავში, რომ ავტობიოგრფიული ნამუშევარი შემექმნა. ამიტომ ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა პერსონალური ამბები სხვა პერსონაჟების საშუალებით მომეყოლა. რაც შეეხება მთავარ გმირს, მისი სქესიც შევცვალე, რადგან თუ ის ბიჭი იქნებოდა, შესაძლოა ჩემი იდეალიზებული ვერსია გამომსვლოდა. მოკლედ, ავირჩიე სხვა სქესი, სხვა ქვეყენა, განსხვავებული კულტურა და არქეტიპები, რამაც გამათავისუფლა და საკუთარი თავისგან დისტანცირების საშუალება მომცა. თავის დროზე კოლეჯში იაპონურ ენას, ისტორიას და მითოლოგიას  ვსწავლობდი და იაპონელი მეგობრებიც მყავდა. ეს ყველაფერი კარგად გამოვიყენე წიგნში. მოგვიანებით ვიმოგზაურე კიდეც იაპონიაში, რაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემთვის.


Marvel Comics
- ში როგორ აღმოჩნდით  ?

„კაბუკის“ შემდეგ მარველმა შემომთავაზა, Daredevil- ის მწერალი გავმხდარიყავი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პერსონაჟი ჩემი შექმნილი არ იყო და უკვე არსებულ გმირზე ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, დეარდევილის ისტორია ჯერ კიდევ 60- იან წლებში იწყება. ამ პროექტმა ნამდვილად ბევრი რამ მომცა - გარდა იმისა, რომ ასეთ დონის კომპანიასთან ვთანამშრომლობდი, ერთობლივ მუშაობასაც მივეჩვიე. მქონდა მუდმივი კონსულტაციები მხატვრებთან, ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრებს.

საერთოდ, კოლაბორაციის იდეა ძალიან მომწონს, სხვა ადამიანს ყოველთვის რაღაც ახალი შემოაქვს მუშაობის პროცესში და ისეთ რამეზე გიხელს თვალს, რასაც მანამდე არც აქცევდი ყურადღებას.

როგორია კომიქსზე მუშაობის სპეციფიკა, რომელი მოდის პირველი, ტექსტი თუ იმიჯი?

როცა რამეს ვწერ, ვცდილობ მთლიანობაში დავწერო და რამდენადაც შემიძლია, დასრულებული სახე მივცე. შემდეგ უკვე ხატვას ვიწყებ და რადმენიმე ვარიანტს ვაკეთებ, თუ როგორ შეიძლება გაფორმდეს. სულ მიწვეს არჩევანის გაკეთება: პირველი პირის მიერ უნდა იყოს მოყოლილი თუ მეორე ან მესამე პირის მიერ? რომელი იქნება ამბის გადმოსაცემად საუკეთესო გზა? როგორი უნდა იყოს ფერები, მედიუმი... ყველაფერზე ვფიქრობ. თუმცა, პირველ რიგში მაინც მწერლად ვთვლი თავს და ჯერ ამბავზე, ტექსტზე ვფიქრობ და შემდეგ იმიჯზე და ფორმებზე, რომლითაც ამ ამბავს მოვყვები. იდეა, ამბავი  ძალიან მნიშველოვანია.

კომიქსი ჰიბრიდია, სადაც ლიტერატურა და იმიჯი ერთმანეთს ერწყმის, მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხო, რომ სიტყვამ ზუსტად იგივე არ გაიმეოროს, რასაც იმიჯი ამბობს. ისინი ჰარმონიაში უნდა იყვყნენ ერთმანეთთან.

ამ სინთეზურობით კინოს ძალიან ჰგავს არა? იქაც ძირითადად ტექსტის და ვიზუალის კომბინაციაა.

დიახ, ნამდვილად ბევრი საერთოდ აქვს კინოსთან და თავდაპირველად სწორედ ასე უდგები, მაგრამ მერე თანდათან გასნხვავებებსაც აწყდები. მაგალითად, კინოში შესაძლოა ერთი კადრი გქონდეს და ადამიანებმა ისაუბრონ ამ კადრში. მაგრამ კომიქსში, როცა ვინმე საუბრობს, ამას ფიზიკური სივრცეც სჭირდება. ამოტომ, ცოტა ძუნწი უნდა იყო და იცოდე,  როგორ დაბეჭდო, როგორ გაანაწილო ტექსტი და იმიჯი. ფსიქოლოგირუად უნდა გათვალო, როგორ წაიკითხავენ ამას.

ალბათ ამ სიძუნწის და ლაკონურობის გამო ადარებენ ხოლმე კომიქსებს პოეზიას.

მსგავსება მართლაც მნიშვნელოვანია. ლექსის წერისას ცდილობ სიტყვები ეკონომიურად გამოიყენო,  რაღაცნაირად შეფუთო და  ჩაატიო ბევრი ინფომაცია ერთ ხაზში, ერთ სტრიქონში. მკითხველი კი ცდილობს გახსნას, გაშიფროს დეტალები და წაიკითხოს სტროფებს შორის. ეს კოდივითაა.დაახლოებით ასე ხდება კომიქსის შემთხვევაშიც. შენ იყენებ ერთ სურათს, სტატიკურ იმიჯს, მაგალითად - კატა მაგიდაზე.  შემდეგ იმიჯში კი კატა უკვე იატაკზეა. ამ ფოტებს თუ ერთად დადებთ, თითქოს არაფერი მოძრაობს, მაგრამ მკითხველის გონება ქმნის მოძრაობას.  ეს არის კომიქსის ბაზისი.

რაც არ უნდა გავაკეთო ფურცელზე, ეს მხოლოდ ნავიგაციის ინსტრუმენტია, რეალური მოძრაობა, რეალური არტი მაინც მკითხველის გონებაში იქმნება.

სანამ მკითხველი არ მოიტანს სისოცოხლეს, მოქმედება არ არის დამთავრებული. კომიქსის ნამდვილი მაგია ჩემთვის ის ამბებია, რომლებიც იმიჯებს შორის ხდება.


თქვენი კარიერის დასაწყისში არ იყო სმარტფონები, სოციალური ქსელები... როგორ შეცვალა ტექნოლოგიამ თქვენი მუშაობის სტილი და დამოკიდებულება საქმესთან?

მაშინ მართლაც სრულიად სხვა დრო იყო, გრაფიკულ დიზაინშიც კი არ ვიყენებდით კომპიუტერს.  არ მქონდა მეილი, არ მქონდა მობილური ტელეფონი, ლეპტოპი... ამდენი სტარბაქსის ყავაც კი არიყო ირგვლივ. არა და, ეს ყველაფერი კოლეჯის ცხოვრებას ბევრად  გამაარტივებდა. ცხადია, ყველაფერი უფრო რთული იყო და მეტ დროს მოითხოვდა. თუნდაც ის მეთოდი, როგორც ვეკონტაქტებოდი გამომცემლებს - ვწრედი მათ წერილს, ჩემი ნამუშევრების  კოპიებს ვაკეთებდი, შემდეგ კი ფოსტით ვაგზავნიდი ამ ყველაფერს. დღეს ვებგვერდი მაქვს, მეილი, ფეისბუქის ფეიჯი, თვითრი. წარმომიდგენია, ახლა რომ ვიწყებდე კომიქსებზე მუშაობას, რამდენად უფრო ადვილი იქნებოდა ყველაფერი: გაუზგავნიდი მეილს, აჩვენებდი შენს ნამუშევრებს ონლიან. მაგრამ მე ამ ყველაფრის ასობით შეკვრას ვაკეთებდი,  შემდეგ ვრეკავდი გამომცემლობაში და ვამოწმებდი, მიიღეს თუ არა გზავნილი. თუმცა, იმიჯების შემქნის თავლსაზრისით, ამ ცვლილებებს დიდად არ უმოქმედია ჩემზე, რადგან ძირითადად მაინც ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ბევრი არტისტია, რომელიც კომპიუტერით ქმნის ნამუშევრებს, მაგრამ მე მაინც ხელით მირჩვნია. დღეს მკითხველს უკვე შეუძლია არჩევანი გააკეთოს და სურვილისამებრ ან ონლაინ გაეცნოს კომიქსებს, ან ჰარდ კოპი შეიძინოს. ყველა სხვადასხვა ფორმატში განიცდის კითხვის სიამოვნებას. მუდმივად რაღაც იცვლება, მაგრამ, მთავარია მაინც იდეაა,  გადმოცემის გზას ყოველთვის იპოვი.

ვინ არის თქვენი აუდიტორია, შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი მკითხველი?

არასდროს ვცდილობ წრმოვოვიდგინო ვინმე, როცა ვმუშაობ. უბრალოდ იმას ვაკეთებ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდა არტისტებსაც ვაძლევ ხოლმე ასეთ რჩევას - წარმოიდიგნეთ, წიგნი რომელიც გინდათ წაიკიხოთ, არ არსებობს. დაწერეთ ეს წიგნი!

მეც ამას ვცდილობ. თუ იღბლიანი ხარ, გამოჩნდებიან ადამიანები,  რომელიც ამას დააფასებენ. ერთადერთი, რაც ჩემი მკითხველის საზომად შემიძლია გამოვიყენო, მათ მიერ გამოზგავნილი მესიჯებია. ასეთ დროს 50 /50-ზეა ქალი, კაცი, ყველა რასისა და კულტურის წარმომადგენლები. ასაკს რაც შეეხება, ალბათ უფრო ახლაგაზრდები. თუმცა, 70 წლის ადამიანებისგანაც მიმიღია წერილები.


ცოტა ხნის წინ „ მებრძოლთა კლუბის 2“-ის ყდაზე იმუშავეთ, როგორ დაუკავშრიდით  ჩაკ პალანიკს და როდის გამოდის წიგნი?

წიგნი ახლახანს გამოიცა ამერიკაში. 1999 წელს პირველი ნაწილის ეკრანიზაცია ვნახე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ ნოველასაც გავეცანი და ისე მომეწონა, რომ პალანიკის ყველა წიგნი წავიკითხე. მახსოვს, იმ დროს ევროპაში ვმოგზაურობდი და მატარებელში ვკითხულობდი ხოლმე მის წიგნებს. 2006 წელს ჩაკს წერილი მივწერე, რომ ძალიან მომწონდა მისი ნამუშევრები და კომიქსების გაკეთებაზე ვფიქრობდი. როდესაც მომწერა, მთხოვა, ჩემი ნამუშევრები მეჩევნებინა. ცოტა ხნის მანძილზე მიმოწერა გვქონდა მეილით. ის პორტლენდში, ორგენში იყო, სადაც მეც მაქვს სახლი. ამიტომ, მითხრა, როცა პორტლენდში იქნები, დამირეკე და ლანჩზე შევხვდეთო. ასე გავიცანით ერთმანეთი. ის დაინტერესებული ჩანდა კომიქსებით, მეკითხებოდა, როგორ აკეთებ ამას, როგორ ხატავო, იკვლევდა დეტალებს, რადგან მისთვის უცხო იყო მუშაობის ეს სტილი. ჩვენი დიალოგები ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. ისეთი შთაგონებული ვიყავი მასთან  შეხვედრებით, რომ შემდეგ ვწერდი ხოლმე ამ ყველაფერს. იდეაც კი მქონდა, რაიმე ნოველა დამეწერა ჩაკ პალანიკთან ლანჩის შესახებ.

მოგვიანებით, 2008-ში, მან წარდგენა დაწერა ჩემს ერთ -ერთ კაბუკის წიგნზე, „ალქიმია“. როცა შევიტყვე, რომ მებრძოლთა კლუბის კომიქსების გაკეთება უნდოდა, ვუთხარი რომ მოხარული ვიქნებოდი, თუ მეც ჩავერთვებოდი ამ პროცესში. საბედნიეროდ,  გადაწყვიტა რომ ქავერი გამეკეთებინა.  მასთან მუშაობა არაჩვეულებრივია, დიდებული ადამიანია. ახლა ახალ წიგნს წერს, რომელსაც ვიზუალური გაფორმებებიც ექნება და ამჯერადაც ვთანამშრომლობ მასთან. თუმცა, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ.