“If graffiti changed anything, it would be illegal.” Banksy

თანამედროვე გრაფიტის ისტორია 1960-იანი წლების ნიუ-იორკის ქუჩებიდან იღებს სათავეს, როდესაც უბნის დაჯგუფებებმა საკუთარი ტერიტორიების მონიშვნა კედლების მოხატვით დაიწყეს.

დღევანდელი ურბანული ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდის, უჯანყდება ელიტებს, გმობს ექსპლუატაციას და ომს უცხადებს კლასობრივ უთანასწორობას.

თუკი ქუჩის ხელოვნება ამერიკაში ბასკიასთან ასოცირდება, ინგლისში – ბენქსისთან, საქართველოში მას უსახელო მწერლები ქმნიან. და ჩემთვისაც ყველაზე საინტერესო ქუჩის ხელოვნებაში, ანონიმური მწერლების სხვადასხვა კალიგრაფიით შესრულებული კედლის გზავნილებია.

კედლის წარწერებს დედაქალაქის გარეუბნებში უფრო ვხვდებით, თითქმის ყველა ნამუშევარი აბსტრაქტულია. ეს  ნამუშევრები, სხვადასხვა ზომის სიტყვებია, სადაც არც ქუჩის ხელოვნების ტენდენციები იკითხება და არც გარემოა გათვალისწინებული, ფერებიც შეუხამებელი, სივრცეც უცნაურად ათვისებული. ერთი შეხედვით, ეს ქაოტურად განლაგებული სიტყვები – არასრულყოფილი მხატვრული ნიმუშები – სამუდამოდ ცვლიან ურბანულ ლანდშაფტს და გარემოს.

სხვადასხვა ქალაქში კედლის ლოზუნგები უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, ამიტომაც საჯარო მესიჯების ადრესატი ყველაზე ხშირად ხელისუფლებაა. თბილისის ქუჩის ტექსტების უმეტესობა სრულიად დაცლილია სოციალური კონტექსტისგან. და კედლებზე ყველაზე ხშირად სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიებს ვაწყდებით. სასოწარკვეთილი ტექსტების ავტორები მიტოვებული მამაკაცები არიან, რომლებიც შეყვარებულებს ხან სიყვარულს ეფიცებიან, ხან იმ დღეს აგინებენ, როდესაც შეცდნენ და შეუყვარდათ.

და მაინც, რას ამბობს თბილისი?

თუკი გადავხედავთ ქუჩის ხელოვნების ისტორიას, ის გაშმაგებით იბრძვის ავტორიტარიზმის და სამომხმარებლო კულტურის წინააღმდეგ, და მკაფიო ანტიკაპიტალისტურ, ანარქისტულ განწყობებს ატარებს და უთანასწორობაზე, სიღარიბეზე ლაპარაკობს. თბილისში, ურბანული ხელოვნება ჯერ არ არის ის საკომუნიკაციო ენა, რომელსაც სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების წამოჭრა შეუძლია, მეტიც, ქუჩის ხელოვნების ამ ფორმით ყველაზე მეტად, შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბიზნესმა და სარეკლამო ინდუსტრიამ იხეირა. ისინი დღემდე ცდილობენ ავთენტური ნიმუშების კოპირებას და გავრცელებას. მართალია, შეფარული რეკლამის ამოცნობა მარტივია, რადგან სათქმელი ზედმეტად სტერილურია ხოლმე.

სხვა ქვეყნებში ქუჩის ხელოვნებას ძირითადად მაინც მემარცხენე არტისტები ქმნიან. მემარჯვენე გრაფიტის არტისტებზე ხშირად ხუმრობენ ხოლმე, რომ კონსერვატიული ჯგუფები კანონმორჩილები არიან და კერძო საკუთრებას მეტი პატივისცემით ეპყრობიან. თუმცა თბილისში ყველაფერი საპირისპიროდაა.

პატრიოტიზმს ამოფარებული ულტრამემარჯვენე ძალები და კონსერვატიული ჯგუფები საკმაოდ წარმატებულად იყენებენ ქალაქის კედლებს შოვინიზმის და ქსენოფობიური განწყობების გასავრცელებლად. მავნებლურ ლოზუნგებს და ფაშისტურ სიმბოლოებს არავინ ანადგურებს. ამ დროს, რამდენიმე წლის წინ, შენობის იერსახის დამახინჯების საბაბით, ანტიჰომოფობიური ნახატი ჩამორეცხეს. ფაშისტური სიმბოლოები – არა.

თბილისის კედელზე ანტისახელისუფლებო მესიჯებს მთავრობის მხარდასაჭერი შეტყობინებები ცვლის ხოლმე, პოლიტიკურ მესიჯებს – მოწოდებები თავისუფლებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური დაპირისპირება და დიალოგი, რომელიც ტრადიციული საკომუნიკაციო არხებით ვრცელდება, სრული სიზუსტით აისახება ურბანულ გარემოშიც.

თუკი სადმე თბილისის ქუჩებში – გენდერულ საკითხებზე, ჰომოფობიაზე, მუშების უფლებებზე, შრომის კოდექსზე – მესიჯებს წავაწყდით, ის უფრო რეაქციულია ხოლმე, და ხშირად, წინასწარ დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ავტორებად არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური მოძრაობები გვევლინებიან.

ირაკლი ჩარკვიანი, ერეკლე დეისაძე, ოთარ ჭილაძე, ზვიად რატიანი და კარლო კაჭარავა – მათ ციტატებს ანონიმური ქუჩის მწერლები ხშირად იყენებენ. ყველაზე გავრცელებული ფრაზა, ოთარ ჭილაძის „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“, სხვადასხვა კონტექსტში რამდენიმე ვარიაციით გვხვდება.

თბილისის სხვადასხვა უბანში ხშირად შევხვდებით ლათინური ასოებით დაწერილ ქართულ სიტყვებს, RAS SHVEBI, YVELAZE METAD MIYVARXAR, BODISHI, განსაკუთრებით სადარბაზოებში, ლიფტებსა და ავტოფარეხებზე.

ყველაზე შთამბეჭდავია ერთ დღეში შეცვლილი ქუჩა, როდესაც თბილისის უჟმურ ბეტონის კედლებზე უცნობი მწერლები მელანქოლიურ ქუჩის პოეზიას გვიტოვებენ. თბილისის უღიმღამო შენობების კედლებიც, ზუსტად მათზე ასახული მაინც უფრო სასიყვარულო დრამების ხარჯზე განაგრძობენ სიცოცხლეს.

თბილისური შავი იუმორი პირდაპირი, აგრესიული და დაუნდობელია.

საჯაროდ დაწერილი კედლის ტექსტები ჩვენთან ჯერ კიდევ აღიქმება როგორც ვანდალიზმი, მაშინ როდესაც ქუჩის „მუზეუმებში“ სახალხო ხელოვნება ყველაზე ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომია.