"რატის ფილმში საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტაა - კამერა ძალიან ახლოს არის გმირთან და მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანს რეჟისორის ინტერაქცია პროტაგონისტთან, საოცრად იგრძნობა გმირთან ძალიან სათუთი დამოკიდებულება, მისდამი ინტერესი და პატივისცემა. ეს ფილმი რატის ბაბუაზეა და დისტანციის მიუხედავად, მაინც ძალიან ემოციურია. ფილმში არის ეპიზოდი, როდესაც ბაბუა დედასთან შეხვედრის ამბავს ყვება. ეს სცენა კადრში საერთოდ არ ჩანს, მხოლოდ ბაბუის მონათხრობი ისმის, მაგრამ ყველაზე ემოციური და ‘ვიზუალური' სცენაა: როგორ ეხვევა ჩუმად დედა თავის პატარა შვილს, რომელსაც დიდი ხანია არ აკარებენ ავადმყოფობის გამო… მოხუცებულობაშიც როგორი ძლიერია კავშირი ბავშვობასთან, წარსულთან - ამაზეა ეს ფილმი. ადვილი არ არის ახლობლებზე და წარსულზე საინტერესო დოკუმენტური ფილმის გაკეთება, ალბათ ამიტომაც დაიმსახურა მოწონება." - ნინო ორჯონიკიძე, დოკუმენტალისტი, ლექტორი.

რატი აბაზაძე GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. წლევანდელ GIPADOCU-ს სტუდენტურ ფესტივალზე რატის ფილმმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.