ჩემი ორი საყვარელი წიგნი, რომლებიც ფოტოგრაფიის ხელოვნებას ეძღვნება, როლან ბარტის „ლიუსიდის კამერა“ და სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფიის შესახებაა“. ორი გენიოსი. ორი პოლუსი. წინააღმდეგობრივი წიგნები. თუ ამ ნაშრომებს გულდასმით წაიკითხავ და სახელმძღვანელოდ აირჩევ, ფოტოაპარატს აღარ მიეკარები; დარწმუნდები, ბოლოს მაინც, რომ მაღალი დონის ინტელექტუალურ დისკურსს და ფოტოგრაფის ხელობას (თუ ხელოვნებას?) ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. ზონტაგის წიგნის მთავარი იდეა, რომლის ირგვლივ იშლება ტექსტი, ის გახლავთ, რომ „ადამიანისთვის ფოტოს გადაღება რაღაცით მასზე ძალადობას ჰგავს: დაინახე ისეთი, როგორადაც საკუთარ თავს ვერასოდეს ხედავს, გაიგე ის, რაც თვითონ არ იცოდა, ანუ აქციე ობიექტად, რომელსაც, ასე ვთქვათ, სიმბოლურად, ფლობ. კამერას თუ იარაღის სუბლიმაციად მივიჩნევთ, მაშინ ფოტოს გადაღება სუბლიმირებული მკვლელობაა – უწყინარი მკვლელობა – საფიქრალითა და შიშით დამფრთხალი დროების შესატყვისი...“

ზონტაგისგან განსხვავებით, ბარტი გამოსახულებას ელოლიავება, რადგან იცის, რომ მხოლოდ ფოტოგრაფია უბრუნებს მას (და ჩვენც) ძვირფასი ადამიანის სახეს, სახეს, რომელიც ძალიან გვიყვარდა, მაგრამ ჩვენ შორის აღარ არის. თუ ზონტაგისთვის ფოტოს გადაღება „სუბლიმირებული მკვლელობაა“ – „უწყინარი მკვლელობა – საფიქრალითა და შიშით დამფრთხალი დროების შესატყვისი...“, ბარტისთვის, რომელმაც დედა დაკარგა, ფოტოს გარდა, არაფერს შეუძლია საყვარელი ადამიანის სახის გაცოცხლება. წიგნი „ლიუსიდის კამერა“ არის ფიქრები სწრაფწარმავალ დროსა და ფოტოებზე აღბეჭდილ სახეებზე.

აი, ძალიან დიდი ხნის წინ გადაღებული სურათი – დედა ბავშვობაში, ზამთრის ბაღში: „ჩემი თვალები მიაჩერდნენ პატარა გოგონას, – წერს ფრანგი ფილოსოფოსი, – ძლივს ვიცანი დედაჩემი... სევდიანი მის ისეთ სახეს ვეძებდი, იმ გამოსახულებას, როგორიც სინამდვილეში იყო, და ჩემთვის ასეთად ზამთრის ბაღში გადაღებული ფოტო იქცა...“

რა არის ჩემთვის ფოტო? როცა ფოტოაპარატი გიჭირავს, თითქოს დღიურებს წერ. ამ წუთას ძველ ფირებსა და ფაილებში ვიქექები (მადლობა „ინდიგოს“), ათი წლის წინანდელი ფოტოების კომპაქტ-დისკები მხვდება ხელში. გაოცებული (კოშმარი... მინდა მოვიშორო... ) შევჩერებივარ ჩემს ცხოვრებაში წამიერად ჩავლილ სახეებს მგზავრობისას, შეხვედრებზე, გამოფენებზე, ეს ქალაქებია, რომლებიც ჩემს სულში აღიბეჭდა – დეტროიტი, ბანგკოკი, რომი, ნიუ-იორკი, ვენა, ჩიკაგო, დუბლინი, ბუდაპეშტი... თბილისი... ბარსელონა... ღარიბული და მდიდრული კვარტლები, არაფრით გამორჩეული ნატურმორტები საუზმისა და ვახშმობისა, ჩემი ნამუშევრები, ზოგი კარგი, ხან არც ისე კარგი... სახელოსნოები, ძველი საღებავები. ეს ტანსაცმელი, უკვე რამდენი ხანია, აღარ არის; შეხედავთ კოლექციონერებს ჩემი ნახატებით (მათ შორის ყველაზე ეგზოტიკური იყო ალმასის მეფე მუმბაიდან, მილიონერი, რომელიც ბოლო ცენტამდე მევაჭრა); კოლეგებს, რომლებმაც ხელოვნება მიატოვეს; ჩემს ოჯახს... რა ტანმაღლები ჩანან, როგორ ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ფრაგმენტები ჩემი არც ისე მნიშვნელოვანი წარსულიდან, რომელიც მარადისობას შეერია...