როგორც მედიის თეორეტიკოსი ვილემ ფლუსერი ამბობს, ფოტოგრაფია იმ დიალოგის შედეგია, ავტორსა და ფოტოაპარატს შორის რომ იმართება. სურათები პროექციებია, ციფრული რევოლუციის ეპოქაში დამკვირვებლებადაც რომ გვაქცევს და იმ სურათების ავტორებადაც, რომელთა შექმნაც კომპიუტერის ღილაკებით და პროგრამებით დღეს, სულ იოლად შეგვიძლია.

როცა დედამიწა მსუბუქია“, 2015 წელს, ამსტერდამის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. ასევე ჰქვია დავით მესხის ფოტოსესიას, სადაც ავტორი პროექციების ციფრულ ბუნებას იკვლევს.

დოკუმენტურ ფილმს საფუძვლად მესხის ფოტოები უდევს – სკეიტბორდისტები ფერად, ურბანულ გარემოში და ზღვის პეიზაჟებში. ეს ფილმი მოძრაობის შესახებაა და ფოტოგრაფიაში თუ კინოეკრანზე მისი გადატანის შესაძლებლობაზე. როცა ფილმი უკვე მზად იყო, ფოტოგრაფმა ეკრანზე მოძრავი გამოსახულებები თავიდან გადაიღო. ამ სერიაში თავისუფალ მოძრაობას ვხედავთ, ჯერ სურათებად რომ იქცევა და შემდეგ – სკეიტბორდისტების მოძრავი სურათების სკრინშოტებად. შედეგად ვიღებთ ობიექტივში და ეკრანის სწორკუთხა ჩარჩოში სხივებისა და ანარეკლის ერთგვარ თამაშს. გაორებული სურათები და გამეორებადი გამოსახულებები, ახლა მაყურებლების თვალწინ დამოუკიდებელი ფილმის კადრებად იქცევა. სხეულები, ქალაქის ხედები და ზღვის პეიზაჟები ერთმანეთს ედება, გამოსახულება იდღაბნება და პიქსელებად იშლება. 

თანამედროვე ტექნოლოგიები სინამდვილის უკიდურესი სიზუსტით აღწერას, რეალობის რეპროდუცირებას ცდილობენ. ამ დროს ხელოვანის არჩეული გზა სუბვერსიულია: ის ეჭვით უყურებს ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს. საგნებისა თუ სხეულების გაბუნდოვანებით, ზედაპირზე მიმობნეული ლაქებით, ფერად-ფერადი პიქსელებითა და უმცირესი ნაწილაკებით ფოტოგრაფი სურათის ბუნებას, მის ხასიათს წარმოაჩენს.  

კინემატოგრაფიულ მოძრაობას, აქ გაყინული კადრების ფორმა აქვს. სახეები მეორდება, ფოკუსდაკარგული გამოსახულება კი, მაყურებელს თან აღიზიანებს და თან დინამიკას აძლიერებს. ასე, ფილმი სკეიტბორდისტების მოძრაობების გამეორებადობას უსვამს ხაზს. 

ობიექტივში ქალაქი, მომენტი და ისტორიის ერთი მონაკვეთი იმ ახალგაზრდების თვალითაა დანახული, თითქმის შეუმჩნევლად რომ ტივტივებენ განადგურების პირას მყოფი არქიტექტურისა და პოლიტიკური პროტესტის ლანდშაფტში.

ფოტოგრაფის ნამუშევრები სურათების ტრადიციულ რეპრეზენტაციას ეწინააღმდეგება. თითქოს ხელოვანი „აპარატის წინააღმდეგ“ მუშაობს, მას აკრიტიკებს და მედიის ახალი შესაძლებლობების საზღვრების დადგენას ცდილობს.

როცა დედამიწა მსუბუქია“ ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია (ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის, 2015). დოკუმენტური ფილმი, რომლის ავტორებიც სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე და დავით მესხი არიან, იმ გზააბნეულ ახალგაზრდებზეა, თავისუფლების არარსებულ კუნძულებს რომ ეძებენ პოსტსაბჭოთა საქართველოში.