ბალანჩინს სწამდა, რომ ბალეტი ქალური საქმე იყო. და მას ლამაზი ყვავილებით სავსე ბაღს ადარებდა, სადაც მებაღე კაცია.

ბალანჩინი ასე აფასებდა ბალეტის ესთეტიკას, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ გამონაკლისებს თუ ეცოდინებოდათ მასზე უკეთ, რომ ბალეტი არა განყენებული სილამაზისა და სინატიფის გამოვლინება, არამედ რუტინული შრომაცაა, რომელიც თავის თავში მოიცავს სრულყოფისკენ მუდმივ სწრაფვას და უშრეტ ნებისყოფას.

ჩემი რესპონდენტები საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის ახალ თაობას წარმოადგენენ. ექვსივე წამყვანი სოლისტია და ექვსივე ამბობს, რომ იცის რას ნიშნავს მიღწეულით მუდმივი დაუკმაყოფილებლობა; რომ უკეთ ცეკვის მოთხოვნილება საუკეთესო და ბრწყინვალე შესრულების, ბოლომდე დახარჯვის მერეც არ ქრება და რომ ამ ყველაფერში უდიდესი ძალა გუნდის, დასის მთლიანობის გათავისებაა. მათი მონაყოლის მიხედვით ვხვდები, რომ ბალეტში გადამწყვეტია, აჯობო, გადაამეტო მხოლოდ საკუთარ თავს და ამაში ყოველთვის გეხმარებოდეს დასი, რომლისთვისაც ცეკვავ. ცოტა ხნის წინ საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის გენერალური პარტნიორი თიბისი ბანკი გახდა. ძლიერი გუნდი, მუდმივი სწრაფვა ახალი მიზნებისკენ და განვითარების უშრეტი სურვილი – ესაა, რაც ამ ორ სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებთ.

საერთო მიზანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – საუკეთესო ქართული საბალეტო ტრადიციების განვითარება და პოპულარიზაცია.

 

იონენ ტაკანო

 

მისი სახლის წინ ბალეტის სტუდია იყო. იმ დროს ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სტუდიაში ფანჯრიდან დანახულმა სიტუაციებმა ცეკვისადმი გაუნელებელი ინტერესი აღუძრა. მალევე ტელევიზორში ლეგენდარული იაპონელი მოცეკვავის ტეცუია კუმაკავას შესრულება ნახა. საბალეტო სტუდიაში 9 წლის ასაკში მივიდა.

– საყვარელი როლის გამორჩევა უჭირს, რადგან კარგად მომზადებულს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული როლების შესრულება და გათავისება შეუძლია. თუმცა, ბოლო ხანებში ნათამაშები პარტია ფოკინის „ვარდის ზმანებაში“ განსაკუთრებით მოსწონს. 

– მაყურებლის ამპლუაში, ყველაზე მეტად თანამედროვე ბალეტი აინტერესებს. განსაკუთრებით, ნაჩო დუატოს ქორეოგრაფიით დადგმულ ბალეტებს გამოყოფს.

– ამაყი იყო, როდესაც რუსეთში საბალეტო სასწავლებლის გამოსაშვებ წარმოდგენაში იცეკვა.

– საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმილი არ ჰქონია, უბრალოდ ადგილის გამოცვლა უნდოდა და ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ნინო ანანიაშვილმა თბილისში გადმოსვლა შესთავაზა. ძალიან აფასებს ნინო ანანიაშვილს და ამბობს, რომ მასთან მუშაობა საინტერესოცაა და მრავლის მომცემიც.

– რომ არა ბალეტი, ალბათ, ლიტერატურას აირჩევდა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით აინტერესებდა.

– ყველაზე დიდი შიში ტრავმას უკავშირდება. დარწმუნებულია, რომ ბედს ვერ გაექცევა, თუმცა ურჩევნია, ყველაფერს ყოველთვის წინასწარ საზღვრავდეს.

– საკვებს ყოველთვის სასარგებლო თვისებების გათვალისწინებით არჩევს. ამიტომაც, განსაკუთრებით უყვარს თევზეული.

– სიამოვნებით იცხოვრებდა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიაში.

– როცა ბრაზობს და ილანძღება, ამას ყოველთვის მშობლიურ, იაპონურ ენაზე აკეთებს.

– მეგობრებში ყველაზე მეტად გულახდილობას აფასებს.

– საკუთარ გარეგნობაში ბალეტის გამო არაფერს შეცვლიდა, რადგან ფიქრობს, რომ ცეკვისთვის იდეალური სხეული რომ ჰქონდეს, გაზარმაცდებოდა და ნაკლებს იშრომებდა. ამიტომაც, ნაკლის მუდმივი განცდა და უწყვეტი შრომა ურჩევნია.

 

ეკატერინე სურმავა

 

4 წლიდან ცეკვავს.

– ბავშვობიდან უნდოდა, საბალეტო დადგმაში ეცეკვა და სცენაზე გამოსულიყო.

– საბალეტო აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ნინო ანანიაშვილი დაეხმარა.

– ვახტანგ ჭაბუკიანის თაობის მოცეკვავეების ჩანაწერების ყურება გამორჩეულად უყვარს: ამბობს, რომ მათ ცეკვას განსხვავებული მუხტი ჰქონდა. განცდებს გადმოსცემდნენ უფრო გაბედულად, უფრო გულწრფელები იყვნენ.

– ნატალია მაკაროვა ამბობდა, კარგ ბალერინას სცენაზე თავისი ნაბიჯებით და სირბილით იცნობო. თვითონაც ცდილობს, რაღაც მსგავსი გამოუვიდეს, შეძლოს ძველი მოცეკვავეებისთვის დამახასიათებელი მუხტის აღება, ყველა კუნთით შეიგრძნოს ის, რასაც აკეთებს.

– დიანა ვიშნევას ყოველი შესრულება მისთვის ყოველ ჯერზე აღმოჩენასავითაა.

– ჟიზელი ის როლია, რომელზე მუშაობაც, ალბათ, მთელი კარიერის განმავლობაში არ მობეზრდება.

– ჯულიეტა ის საოცნებო პარტიაა, რომლისაც ძალიან შეეშინდება, როცა გაიგებს, რომ მისი შესრულების პატივი ერგო. ისურვებდა კარმენის ცეკვას, მხოლოდ – „ცოტა მერე“, რადგან ფიქრობს, რომ „კარმენის“ შესრულებას ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება.

– ეკატერინეზე ამბობენ, რომ ლირიკული ბალერინაა, როლებსაც, შესაბამისად, უფრო ლირიკულს თამაშობს.

– ტრავმები ხშირად ემართებოდა, რასაც იმით ხსნის, რომ ყოველთვის უჭირდა დროულად განესაზღვრა, როდის გაჩერებულიყო.

– ყველაზე დიდი შიში: მარტო დარჩენის.

– სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობს: ალბათ.

– მუდმივად ცდილობს, ცოტა მაინც მოიმატოს წონაში და ვერასდროს ახერხებს.

– საჭმელი, რომელზეც ვერასდროს იტყოდა უარს: კუჭმაჭი და ელარჯი.

 

ფრენკ ვან ტონგერენი

 

8 წლის იყო, დედასთან რომ მივიდა და ჰკითხა, თუ სად შეიძლებოდა ცეკვის სწავლა. ასე აღმოჩნდა ბალეტის სასწავლებელში.

– მიხაილ ბარიშნიკოვის ცეკვა ერთ-ერთი პირველი მძაფრი შთაბეჭდილება იყო, რაც დღემდე ნათლად ახსოვს.

– საკუთარი თავით კმაყოფილი იყო, როცა იანვარში მუხლზე გადატანილი ოპერაციიდან 2 თვეში გავიდა სცენაზე, თან მოსამზადებლად სულ 10 დღე ჰქონდა.

– მოქნილობა მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო – ეს იყო ის, რაც ბუნებრივად არ გააჩნდა და ამიტომ მის გამომუშავებაზე საკმაოდ დიდი მუშაობა დასჭირდა.

– მოცეკვავე რომ არ ყოფილიყო: ალბათ ისეთი საქმით დაკავდებოდა, რაც ისევ და ისევ ხელოვნებასთანაა კავშირში. ან თუნდაც ფილოსოფიით, რატომაც არა?!

– საქართველოში ჩამოსვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც ჰონგ-კონგში „დონ კიხოტის“ დადგმაზე მუშაობისას ნინო ანანიაშვილი გაიცნო და მისი განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვის სურვილით მოიხიბლა.

– რა შემთხვევაში იტყუება: მოცეკვავისთვის საკმაოდ რთულია იმის აღიარება, რომ მისი სხეული კონკრეტული მომენტისთვის მზად არაა. ასეთ შემთხვევაში, ხდება ხოლმე, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც ატყუებ და აჯერებ, რომ მზად ხარ და დაბრკოლება არ არსებობს. ტრავმებიც ამ მიზეზით ხდება ხშირად.

– მეუღლე იაპონელია და ამ ეტაპზე დანამდვილებით იცის, რომ რაღაც პერიოდი იაპონიაში სურს ცხოვრება. თუმცა, ცეკვა გვერდზე რომ გადავდოთ, სადმე მშვიდ, წყნარ, სპირიტუალურ ადგილას იცხოვრებდა, სადაც საკუთარ თავთან განმარტოების შესაძლებლობა ექნებოდა.

– გაზიარება, გაზიარების უნარი, მეგობრობასა და ზოგადად ცხოვრებაში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

– სპონტანურობა მისი დამახასიათებელია და ისურვებდა, რომ ხშირ შემთხვევაში ნაკლებად სპონტანური იყოს, განსაკუთრებით, როცა მისი გადაწყვეტილებები სხვა ადამიანებსაც ეხება.

 

ნინი სამადაშვილი

 

ცეკვა 5 წლის ასაკში დაიწყო, პიონერთა სასახლის საბალეტო სტუდიაში მივიდა, ოღონდ ჯერ ქართულ ცეკვაზე დადიოდა, მერე კი, თხელი და სიფრიფანა აღნაგობის გამო, დედამ ფიგურულ სრიალზე გადასვლა შესთავაზა. მოუნდა კიდეც, მაგრამ ყინული ვერ იპოვეს და ფერად-ფერადი „პაჩკების“ და ლამაზთასმებიანი პუანტების ცდუნებით, ბალეტზე ამოყო თავი. ასე ნელ-ნელა შეუყვარდა ბალეტი.

– ნინო ანანიაშვილი მისთვის N1 მისაბაძი მოცეკვავეა. ვიღაცას ტექნიკა აქვს კარგი, მაგრამ ავიწყდება, რომ მსახიობია; ვიღაც მსახიობია, მაგრამ ტექნიკა არ აქვს. ნინოს კი ყველაფერი აქვს.

– ძველი თაობის მოცეკვავეებს განსაკუთრებული სილაღე და თავისუფლება ჰქონდათ. ვერა წიგნაძე გავიხსენოთ სცენაზე, მაგალითად. დროთა განმავლობაში, ფორმები, ხაზები დაიხვეწა, ახალ თაობაში ყურადღება ტექნიკის სრულყოფაზე გადავიდა, ამიტომაც ძველი სილაღე დაიკარგა.

– თავისი როლებიდან ყველაზე მეტად „გედების ტბასა“ და „ჟიზელში“ შესრულებული გმირები უყვარს.

– ოცნებობს „რომეო და ჯულიეტას“, „ბაიადერას“ და „დონ კიხოტის“ შესრულებაზე.

– ის, რაც გავლილი აქვს 23 წლის განმავლობაში და სადაც ახლა არის, მიაჩნია, რომ დიდი მიღწევაა. ბოლო დიდი მიღწევა „ფასკუნჯში“ მონაწილეობა იყო, რადგან ეს ის ბალეტია, რომელშიც წარსულში მხოლოდ წამყვანი პრიმაბალერინები ცეკვავდნენ, მას და ნუცას კი ხვდათ პატივი, ფოკინის ამ ლეგენდარულ დადგმაში ეცეკვათ.

– სცენაზე გამოსვლისას მოცეკვავე ფურცელს ემსგავსება: მისი ხასიათი, ბუნება – ზედ ყველაფერი იკითხება.

– აღიარებს, რომ ძალიან მშიშარაა. სიკვდილის, დაავადებების, მეგობრების, საყვარელი ადამიანების დაკარგვის ეშინია. ამ ბოლო დროს ამ ყველაფერს დაემატა იმის შიშიც, რომ ტრავმის შემთხვევაში, ცეკვას ვეღარ შეძლებს.

– შოკოლადი, განსაკუთრებით თხილებიანი – ის, რაზეც ვერასდროს იტყვის უარს.

 

დავით ანანელი

 

– საყვარელი როლი: დავით თორაძის „გორდა“.

– საოცნებო როლი: ხაჩატურიანის „სპარტაკი“.

– ყველაზე ამაყი მაშინ იყო, როცა ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თეატრში მიიღეს.

– საკუთარ თავში ერთი რამის შეცვლა რომ შეეძლოს, უფრო წყნარი და ლაღი იქნებოდა. ამბობს, რომ ზედმეტად ემოციურია.

– ყველაზე დიდი მიღწევა მისთვის ახლა ისაა, რომ სახელმწიფო დასში სოლისტია. როცა თეატრში მიიღეს, კორდებალეტის ბოლო ხაზში იდგა, მაგრამ 13 წლის განმავლობაში იმდენი იმუშავა საკუთარ თავზე, რომ სოლოპარტიებს ცეკვავს.

– ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლისას საქმეს ნაკლები სერიოზულობით ეკიდებოდა, რასაც დღეს ყველაზე მეტად ნანობს.

– საკუთარ გარეგნობაში სიამოვნებით შეცვლიდა ფეხების ფორმას და ცეკვისთვის იდეალური ფეხები ექნებოდა.

– ყველაზე დიდი შიში შვილებს უკავშირდება. ამბობს, რომ როცა შვილები ეყოლება, ალბათ იმის შიში ექნება, რომ ეს ქვეყანა მათთვის უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი არ იქნება.

– ყველაზე ხშირად ამბობს გამარჯობას.

– ცხოვრებას ისურვებდა იაპონიაში. როცა იქ პირველად მოხვდა, საქართველოსთან მიმართებით ძალიან დიდი კონტრასტი მომენტალურად შენიშნა: არა ტექნოლოგიურად, არამედ ორგანიზებული ბუნების მხრივ. მოსწონს, რომ იაპონიაში ყველაფერი იდეალურად დაგეგმილი და ორგანიზებულია.

 

 ნუცა ჩეკურაშვილი

 

 

– მისი ყველაზე დიდი ინსპირაცია ნინო ანანიაშვილია და მიაჩნია, რომ ძალიან გაუმართლა, მასთან ერთად დილაობით ვარჯიში და რეპეტიციები რომ უწევს.

– პირველი ახდენილი ოცნება „დონ კიხოტში“ შესრულებული ჩელიტას პარტიაა.

– საოცნებო როლი კი – „ჟიზელი“.

– „ჟიზელი“ და ადანის მუსიკა განსაკუთრებით უყვარს: არაერთხელ ყოფილა, სახლში „ჟიზელი“ ჩაურთავს, თავისთვის ცეკვავდა და ამით იღებდა განუზომელ სიამოვნებას.

– საკუთარ თავში ერთი რამის შეცვლა რომ შეეძლოს, სიხისტეს მოიშორებდა.

– ბედნიერების იდეალური სცენარი ის იქნება, ქართულ ბალეტში მისი სახელი ჩაეწეროს და დარჩეს.

– ზოგს სიკვდილის ეშინია, მას კი – ისეთი ტრავმის მიღების, რომ ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდეს და ცეკვა ვეღარ შეძლოს.

– თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, მხოლოდ იმის დრო რჩება, მომდევნო დღემდე ცოტა დაისვენოს, თუმცა კითხვა და მეგობრებთან დროის გატარება ძალიან სიამოვნებს.

– ვერასდროს იტყოდა უარს ტკბილსა და ხორცზე.

– სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობს, არის: „ბატმან ტანდიუ“ ან „პაწინი“ (რადგან ბალეტის გაკვეთილები ძირითადად რუსულად მიმდინარეობს, რუსულ ტერმინებსაც ხშირად იყენებენ).

– მეგობარში ყველაზე მეტად აფასებს მოსმენის და გაგების უნარს.

სხეულის მუსიკა

ფოტო/სტილი: გრიგორ დევეჯიევ
ფოტოგრაფის ასისტენტი: აკა ფროდიაშვილი
ვიზაჟი: ქრისტინა რეჯინი, ლუჩია დევეჯიევა