თეა გვეტაძის ნამუშევრების გადაღება რამდენჯერმე უშედეგოდ ვცადე. მინდოდა დამეფიქსირებინა „რაღაც“, რაც მათი დანახვისას ვიგრძენი. მაგრამ ორგანზომილებიანი ფოტო ვერასოდეს გადმოსცემდა იმას, რასაც თეა სიბრტყეზე აკეთებს და როგორც შემდეგ ამას სივრცეში ალაგებს. 2018 წლის 2 სექტემბრამდე თეას სოლოგამოფენა „თეა მერლანად გარდაქმნა“ ანტვერპენში იმართებოდა. როგორც ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MHKA-ს ვებგვერდზე წერია: „თეა გვეტაძე ნამუშევრებს ამოუხსნელი, ენიგმატური სცენებიდან ქმნის, ეს სცენები მძაფრია, ემოციით და სიმბოლოებით დატვირთული“. 

ანნა: წინააღმდეგობა ქმნის ხელოვნებას? 

თეა: ხელოვნებას ქმნის ყველაფერი. ერთ-ერთი ესენცია წინააღმდეგობაცაა, მაგრამ არა ერთადერთი. 

ანნა: დიდხანს იყავი წასული საქართველოდან, ევროპაში სწავლობდი, მუშაობდი. აქედან წასვლაზე სულ ფიქრობდი? 

თეა: წასვლა ჩემი ოცნება იყო. იმიტომ არა, რომ მაშინ აქ არსებულ ჩაკეტილობას ვერ ვუძლებდი. სანამ ასაკით პატარა და გამოუცდელი ხარ, ჩაკეტილობა თითქოს არც გაწუხებს და დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ჩაკეტილობა საერთოდ არ არსებობს. როცა სულიერი ბალანსი და წონასწორობა გაქვს, როგორ უნდა იყო ჩაკეტილი? 

ანნა: რომ წახვედი, რა დაგხვდა?

თეა: ალბათ, ის, რასაც საერთოდ არ ველოდი, პრინციპში კულტურული შოკი იყო ჩემთვის. წავედი ჰოლანდიაში, ამსტერდამში სასწავლებლად. ვცხოვრობდი ძალიან პატარა ოთახში, ფაქტობრივად “laundry dryer”-ში, ანუ მარტო მე ვეტეოდი და იმ ოთახისთვის მიჩენილი სამი კატა. მიუხედავად კლაუსტროფობიული სივიწროვისა, ვიყავი ძალიან ბედნიერი ჩემი დამოუკიდებლობით. რაღაცებით შეპყრობა მჩვევია და ეს თვისება დამეხმარა განვითარებაში. იმ პერიოდში მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან თითქმის არ გამოვსულვარ. სირთულეების მიუხედავად, კარგად მახსენდება ეს პერიოდი. ცხოვრებაში არცერთი მომენტი არ მახსოვს ცუდად. მათ შორის ყველაზე მტკივნეულიც კი, ჩემთვის ყველაზე დიდი მისტერია და საჩუქარია.

ანნა: გამოცდილება?

თეა: გამოცდილება თავისთავად. მაგრამ გამოცდილებასაც არ დავარქმევდი ამას, უფრო მეტამორფოზა. ამავე ტანში და ამავე ტვინში.

ანნა: ცოტა თანამედროვე ადამიანი მინახავს გარშემო, ვისაც ასეთი გულწრფელი კომუნიკაცია აქვს წარსულთან, ოჯახის წევრებთან. ეს კავშირები როდის გახდა ასეთი მნიშვნელოვანი შენთვის?

თეა: ყოველთვის იყო, ბავშვობიდანვე. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს ოჯახს, რადგან წარმოუდგენელი სიყვარულით, მოწიწებითა და ტკივილით იხსენებდნენ წინაპრებს და ამან ჩემზე, რა თქმა უნდა, იმოქმედა, დღემდე მათგან დატოვებულ ბევრ მასალას ვიყენებ, მაგრამ ჩემი ხელოვნება არ არის მხოლოდ მათზე. მაგალითად, ჩემი ნამუშევარი – „ზედა წინსვლა“, მისი შთაგონება ჩემი აჭარელი წინაპრების სასაფლაოა, დიასამიძეების. ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ადგილი ჩემთვის. თითქოს საფლავებზე კონკრეტული ადამიანები კი არა, ბუნება ზრუნავს. ის უვლის იქაურობას ისე ლამაზად, რომ ადამიანი ამას ვერასოდეს შეძლებს. 

ანნა: კი, შენს ნამუშევრებში წარსულთან ერთად ბუნებასაც დიდი ადგილი უჭირავს. 

თეა: ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ლილი კალატოზიშვილია, ჩემი ბებია, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა. დღემდე ბათუმი ამ ქალის გამო რჩება ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული და მგონია, რომ სიყვარული ბუნებისადმი მან მაჩუქა. პატარა ბავშვს, ძალიან მიყვარდა მასთან ერთად ბაზარში სიარული. რაც არ უნდა დატვირთული მოვსულიყავით ბაზრიდან, ლილი ყვავილებს მაინც იყიდდა. ყველაზე ლამაზს და ველურს და ისე მოუვლიდა მათ, როგორც არავინ. ერთხელ ლილი თბილისში იყო ჩამოსული და თავის ბიძაშვილთან სტუმრად წამიყვანა. ეს იყო საკუთარი სახლი ტაბიძის ქუჩაზე. შემოდგომა იქნებოდა და ეზო ხეხილით სავსე იყო, ნაყოფის გარეშე, მხოლოდ ფოთლებით. მე ალბათ 5 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს ეს ორი ქალი. ეზოში ისხდნენ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ ადამიანებთან, რომლებსაც ილუზიები აღარ ჰქონდათ და ცხოვრების ნამდვილი ფასი იცოდნენ. შეზლონგებში ისხდნენ, ორივეს ულამაზესი წვივები ჰქონდა, და საუბრობდნენ. მე უცბად ვიკითხე, ამ ხეს ატამი როდის ექნება-მეთქი, ბებიაჩემი ბოტანიკოსი იყო და ყურები ცქვიტა, ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად შეკრთა, რა იცი, რომ ატმის ხეაო? ყველა ხე გამოვიცანი, რომლებსაც ნაყოფი უკვე აღარ ჰქონდათ. დამაყენეს მერე ხეების ჩრდილში და სპექტაკლი მომაწყობინეს, მეკითხებოდნენ ეს რა ხეა, ეს რა ხეაო. ჩემი ახლანდელი გადმოსახედიდან, ერთ-ერთი ყველაზე მისტერიული ეპიზოდი იყო, რაც კი დამმართნია. არც ვიცი, საიდან მოვიდა ეს ცოდნა, რომელიც ჩემთვის არავის უსწავლებია.

ანნა: კიდევ რა არის შენთვის შთამაგონებელი?

თეა: შთაგონების სხვადასხვა პერიოდი მქონია. და ახლანდელი, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არის სივრცე, რომელშიც ვცხოვრობ. ჩემი ქვეყანა. მასთან დიდი ხნის განშორებამ ძალიან დამაახლოვა და ზუსტად ამ დისტანციამ გამოიწვია მისით ულევი აღფრთოვანება.

ვთვლი, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ის წარმოუდგენელი წყაროა, ღია ფორებით და შეუხორცებელი ჭრილობებით.

ანნა: თანამედროვე ხელოვნებაში ხშირად მაქვს სტერილურობის განცდა, ნიადაგის არარსებობის, ტენდენციურობის.

თეა: ეს ვითომ სტერილურობა და არაფრის განცდა ტენდენციაა და არ ხდება მხოლოდ ჩვენთან. მგონია, რომ ყველა სფეროს ეხება და არ არის მარტო ჩვენი სცენის პრობლემა. ფაქტობრივად, ინდივიდს გამოცლილი სიტუაციაა მთელ სამყაროში. ეს არის ჩვენი საუკუნის სენი და თავისთავად ხელოვნებაზეც ისახება. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი ხელოვანი შეიძლება ერთმანეთში აგერიოს. ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ მთავარი ინდივიდუალურობაა და არა ნიშაში მორგება.

ანნა: ისევ შთაგონებაზე რომ გავაგრძელოთ, აბსტრაქტული ცნებების გარდა, თუ არის ვინმე კონკრეტული, ვინც ახლა შთაგაგონებს, რომელიმე სხვა ავტორი თუნდაც? 

თეა: უცნაურია, მაგრამ ახლა კონკრეტული ავტორები არ არიან ჩემი შთაგონების წყარო. თავისთავად, ძალიან გახსნილი ვარ სამყაროს დინების მიმართ. რაღაც თვითკმარი მდგომარეობაა, ოღონდ თვითკმარი და გაჭედილი კი არა, ვგრძნობ, რომ რაღაცა მუდმივად მოძრაობს და მიდის წინ. 

კონკრეტული ავტორი, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა, იყო მარსელ პრუსტი. 21 წლის ვიყავი, რომ წავიკითხე და მან ნოსტალგიურობისა და წარსულის შეგრძნებასთან ძალიან დამაახლოვა, თუმცა მაშინ წარსული ჯერ არ მქონდა. 

ანნა: წარსული ჯერ არ მქონდაო, რომ ამბობ, ძალიან უცნაურია.

თეა: მაშინ არ მქონია წარსული. რა თქმა უნდა, ასე ყველა ადამიანს აქვს წარსული, პირველივე დღიდან, გაჩენიდან უკვე წარსულში ხარ. უბრალოდ, მე მქონდა შეგრძნება, რომ ჯერ ყველაფერი ცოცხალია. პრინციპში, ჩემი წარსული მაშინ დაიწყო, როდესაც მუშაობა დავიწყე როგორც ხელოვანმა. როდესაც ვიგრძენი, რომ ვმუშაობ და არ ვაკეთებ დავალებას, რომ მე დამოუკიდებლად რაღაცას ვქმნი, ჩემი პროდუქტი ჩემგან გადის და დამოუკიდებელ არსებობას იწყებს, მაშინ გაჩნდა ჩემი წარსული. ახლა უკვე თამამად შემიძლია ამის თქმა. 

ანნა: მუშაობის პროცესი როგორია?

თეა: ძალიან უკუღმართად მაქვს მუშაობის პროცესი. უმეტესწილად, ხელოვანს სკეჩი ან მონახაზი აქვს და იდეა დიდ ტილოზე ან სხვა მასალაში გადააქვს. მე მონახაზის გარეშე, ბრმად ვმუშაობ. ფაქტობრივად „გაუნათლებელივით“ და ეს ჩემი „გაუნათლებლობა“ და „არაპროფესიონალიზმი“ ძალიან მეხმარება. 

ანნა: ეს უფრო ინსტინქტია?

თეა: მარტო ინსტინქტი არ არის, ეს დიდი გამოცდილების და ცოდნის ხარჯზე ხდება, რა თქმა უნდა. მაგრამ საიდუმლოდ ვიტყვი, რომ ჩემი ყოველდღიური მანტრაა: „ღმერთო, არ გამხადო პროფესიონალი“. მგონია, რომ „პროფესიონალიზმი“ ძიების რესურსს ეგრევე გამიფერმკრთალებს... 

ანნა: როდესაც შენს შემოქმედებასა და წინაპრებით შთაგონებაზე ვსაუბრობთ, „საყლაპავის უცხო სხეულები“ მახსენდება. 

თეა: „საყლაპავის უცხო სხეულები“ მამაჩემის, ექიმ პაატა გვეტაძის შექმნილი პანელებია, რომელიც ნამუშევრად მე წარვადგინე, როგორც ხელოვნების ნიმუში და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ძლიერი ობიექტებია, რაც საერთოდ მინახავს. ის იმდენად თვითკმარია, რომ მე უბრალოდ გამოვფინე, ფაქტობრივად, უკვე ეს “ready made”-ია გადარჩენილი სიცოცხლის მუზეუმი. 

ანნა: გამოფენა oxygen-ზეც ცისფერყანწელი ბაბუის, რაჟდენ გვეტაძის ლექსი „ჩოჩორი“ გქონდა ნამუშევრის ტექსტად.

თეა: ეს უნიკალური ლექსია, მშვენიერი და ამ მშვენიერებაში წარმოუდგენელი გზავნილი აქვს, მტკივნეული და პიკანტური. როცა მთხოვეს ტექსტის დაწერა ნამუშევარზე, ანტვერპენში ვიყავი და ვაშენებდი დიდ შოუს. ტვინში დრო და ადგილი აღარ მქონდა, რამეზე რეფლექსია მომეხდინა. არ მინდოდა, ჩემი პასუხი სენტიმენტალური ან ტკბილი ყოფილიყო. დავიწყე წერა და მივხვდი, რომ შეიძლება ნამუშევარი გავაფუჭო. პირდაპირ რაჟდენ გვეტაძე ჩავწერე გუგლში და პირველი, რაც ამომიგდო, ეს ლექსი იყო – „ჩოჩორი“, რომელიც თითქოს ამ ნამუშევრისთვის დამიწერა ბაბუაჩემმა რაჟდენ გვეტაძემ. 

ანნა: ბოლო დროს ბევრ სხვადასხვა გამოფენაზე ვნახე შენი ნამუშევრები. გამოფენაზე „გამქრალია 12 ქალი“ წარმოდგენილი ნახატების ნახვა შეხვედრასავით იყო. შენ თითქოს სივრცეს ქმნი, რომელიც აზრების, შეგრძნებების დიდი ველი ხდება.

თეა: ეს როგორი ნამუშევრებია, იცი? მათთვის ძალიან ბევრი წელი ვიცხოვრე, ძალიან ბევრი წელი მიყვარდა, ძალიან ბევრი წელი მეტკინა და ძალიან ბევრი წელი არ ვუღალატე. ეს ამ განცდების რეზულტატია. 

ანნა: ანუ ეს არის ის უკვე გაჩენილი წარსული? 

თეა: ეს არის ჩემი ცხოვრების წარსული და ის წარსულიც, რომელიც ჯერ არ მინახავს, რომლის შესახებაც მხოლოდ მსმენია და ალბათ როდესმე გავიგებ. ფაქტობრივად, გამოცდილებაა, კოსმიური, რომელიც რაღაც მომენტში ეხსნება ადამიანს. ეს უხილავი ცოდნის არხია. და ჩემი პროფესიაც ზუსტად ეს არის, შევძლო მისი მოსმენა და გამოხატვა, აწყობა ნოტებად. ოღონდ, ყველაზე მეტად რაც ჩემს ხელოვნებაში მომწონს, არის ის, რომ არაფერს არ აქვს რეცეპტი.

ანნა: „არაპროფესიონალიზმი“ – როგორც შენ ამბობ?

თეა: არ ვიცი, ისეთ სინაღდეზეა ლაპარაკი, და ისეთ ცოდნაზეა ლაპარაკი, რომ ამას სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ჩემი საქმე ისედაც არ არის ამაზე საუბარი. სხვებმა უნდა წერონ და იკითხონ. არ მინდა ამ ყველაფრის არტიკულირება.

ანნა: ბოლო გამოფენაზე მომიყევი, რომელიც ანტვერპენშია – “Becoming Thea Merlani”. 

თეა: ჩემთვის ეს გამოფენა შემოქმედებითი და კურატორული მუშაობის იდეალური ურთიერთობის ნიმუშია, სადაც ჩემი ყველა საეტაპო ნამუშევარი გაერთიანდა ძალიან დიდ და არასტანდარტულ სივრცეში. ჩემი სრული შემოქმედებითი პროცესის ჯაჭვს ჰგავდა ეს ურთიერთობა, სადაც ფერწერა, ობიექტი და ინსტალაცია ძალიან ორგანულად დაკავშირდა ერთმანეთთან. 

„თეა მერლანად გარდაქმნა“ გარკვეული გზა არის, რისგანაც უკვე შემიძლია დისტანცირება და მისი შეფასებაც, აგრეთვე მადლობაც არის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მათი გმირებად გადაქცევის იმპულსი მომცა, რომლებიც ჩვენს საკმაოდ არალმობიერ ყოველდღიურობას ზეადამიანური სიძლიერით, იუმორით და კრისტალური რწმენით უყურებენ და უშიშრად იღებენ მონაწილეობას მათთვის განკუთვნილ ბედში.