ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხანძარი - მარია პლიონ

მარია პლიონ, ჟურნალისტი

ჩემი მშობლები გუჯარეთის ხეობიდან არიან, დედაჩემი პატარა მიტარბიდან, მამაჩემი ბერძენაყაუდან (წითელისოფელი). წლინახევრის ვიყავი, მამამ ცხინვალში რომ დაიწყო მუშაობა. მე და ჩემი და იქ გავიზარდეთ.

ყოველ არდადეგებს – ზაფხულშიც და ზამთარშიც გუჯარეთში ან პატარა მიტარბში ვატარებდით.

1991 წლის ზამთარს, დედაჩემს პირველად შეეშინდა ჩვენი გაშვება სოფელში. ცხინვალში უკვე ისროდნენ. მაშინ არ ვიცოდით – თურმე ომი იწყებოდა. შეიარაღებული კაცები დადიოდნენ ქალაქში. დედაჩემმა იფიქრა, ბავშვები სოფელში უფრო უსაფრთხოდ იქნებიანო და გუჯარეთში გაგვიშვა.

7 წლის ვიყავი. ცოტა უკვე მომთბარი იყო. ეზოში ვთამაშობდი, ხუთი თუ ექვსი უცხო კაცი რომ შემოვიდა, კალაშნიკოვებით იყვნენ.

ცხინვალიდან ხარო, – მკითხეს. კი-მეთქი, ვუპასუხე. შენი მშობლებიც იქიდან არიანო? დიახ-მეთქი. ბებიაჩემმა ეს ლაპარაკი რომ გაიგო, გული წაუვიდა.

მანამდე თურმე ბიძაჩემს ეუბნებოდნენ, რომ დედაჩემი და მამაჩემი ტერორისტები იყვნენ. ყველას ასე ეუბნებოდნენ, ვისი ოჯახის წევრებიც ცხინვალში ცხოვრობდნენ. ეს საბაბი იყო. ჩვენთან სახლში რომ შემოვიდნენ, გვითხრეს, რაც მოგვინდება აქედან, იმას წავიღებთო და ჩხრეკა დაიწყეს. ვითომ რაღაცას ეძებდნენ, მთელი სახლი გადაატრიალეს და ბოლოს ოქრო და ფული წაიღეს.

ბებიაჩემი ტიროდა, ჩემი დაც. ყველა ტიროდა გარშემო, ჩემ გარდა.

ბიძაჩემს ეძებდნენ. გზაში უპოვიათ, მანქანაში ჩაისვეს და წაიყვანეს. მახსოვს, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი მთელი ღამე ცუდად ხდებოდნენ. დილამდე არაფერი ვიცოდით. მეზობლები და ნათესავები მოდიოდნენ, ჰყვებოდნენ, ახალგაზრდა კაცები ყველა ერთად წაიყვანესო იმ ღამეს.

დედაჩემის ბიძა იყო სევერა თედიაშვილი, იმ სოფლებში ძალიან ცნობილი ვინმე. ბიჭობაში ბევრი ჰყავდა ნაცემი კიმოთიდან და წაღვერიდან. მასზეც ამბობდნენ, საშიში ტერორისტიაო. ეგეც ცემეს იმ ღამეს. უკვე ძალიან მოხუცი იყო მაშინ. გვეგონა მოკვდებოდა, მაგრამ გადარჩა.

მეორე ღამეს, გვიან მოვიდა ბიძაჩემი. ძლივს დადიოდა, ძალიან ნაცემი. ჯერ გვცემეს, მერე ერთ სახლში შეგვყარეს, გარედან ჩაგვკეტეს და სახლს ცეცხლი წაუკიდესო. ყველა, ვინც იმ ღამეს დააკავეს, იმ სახლის სარდაფში გამოამწყვდიეს. ვიდრე ცეცხლი სარდაფამდე მივიდა, რომელიღაცას გასასვლელი უპოვია და ასე გადარჩნენ. ყველა გამოიქცა.

ეხლავე ვლადიკავკაზში უნდა წავიდეთო, ბიძაჩემმა. დილა იყო, ძალიან ციოდა. ბიძაჩემისთვის უთქვამთ, ხვალ ბავშვებსაც წავიყვანთო. მე და ჩემს დას გვგულისხმობდნენ. ბაკურიანში ავტობუსები იდგა, ხალხი ვლადიკავკაზში გადაჰყავდა. ბებიაჩემმა თქვა, მე ვერსად წამოვალ, მოხუცი ვარ, სიარული არ შემიძლიაო. ბაბუაჩემმა, მეც ვრჩებიო. მე, ჩემი და, ბიძაჩემი, მისი ცოლი და შვილები წავედით. ფეხით, ტყით ჩავედით ბაკურიანამდე, ათი კილომეტრი ვიარეთ, არც ისე შორი იყო.

ერთი ავტობუსი დაგვხვდა, ხალხი ბევრი იყო. არ ვიცი, რა უთხრა იმათ ბიძაჩემმა, მაგრამ ჩვენ აგვიშვეს. ყაზბეგით ჩრდილოეთ ოსეთში გადავედით.

ბებიაჩემი, ბაბუაჩემი და ბაბუაჩემის ძმა იქ დარჩნენ.

ჩრდილოეთ ოსეთში მშივრები, ძალაგამოცლილები ჩავედით. ავტობუსის გაჩერებასთან ხალხი დაგვხვდა. ყველას მიჰყავდა თითო ოჯახი თავისთან სახლში. ჩვენც ასე ერთ ოჯახში, რამდენიმე კვირა ვიცხოვრეთ. მერე ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობამ, მიზურში ლტოლვილთა ბანაკი გახსნა. ერთი თვის მერე ვიპოვეთ მანქანა, რომელმაც დედაჩემს ჩვენი წერილი ჩაუტანა ცხინვალში. იქამდე არაფერი იცოდა ჩვენზე. ვერც ტელეფონით ვურეკავდით, არც ტელეგრამა მიდიოდა, არაფერი. მაშინვე ჩამოვიდა და წაგვიყვანა. ბიძაჩემს არ უნდოდა სამხრეთ ოსეთში გადასვლა. როგორც კი შევარდნაძე ჩამოვიდა თბილისში, ოჯახთან ერთად ისევ პატარა მიტარბში დაბრუნდა.

ჩვენებთან მერეც მიდიოდა თურმე „მხედრიონი“. მშობლებზე და ჩვენზე ეკითხებოდნენ. ბაბუა გაერიდა სოფელს და გამოქვაბულში ცხოვრობდა. ბებიაჩემი მარტო დარჩა. სამი თვე იყვნენ ასე. არაფორმალებმა ყველაფერი წაიღეს. საქონელიც გარეკეს, ქათმებიც წაიყვანეს. ბებიას არაფერი არ დაუტოვეს. ბაბუა ტყეში ეძებდა საჭმელს.

ხალხის ნაწილი ტაბაწყურიდან სომხეთში გადავიდა. გუჯარეთელებს სომხებიც ძალიან დაეხმარნენ.

როგორც მე ვიცი, იმ ღამეს არავინ მოუკლავთ. შეიძლება ეგონათ, რომ დაწვეს. უბრალოდ, ესენი გამოექცნენ, თავი გადაირჩინეს.

ოსების არაა ეს ქვეყანა, აიბარგეთ და წადით თქვენს სამშობლოშიო, გვეძახდნენ.

როგორო, ბაბუაჩემმა, ჩემი წინაპრები, იმათი ბაბუები აქ ცხოვრობდნენ, სად უნდა წავიდეთო? ამ ქვეყანაში სტუმრები იყავით და სტუმრებად დარჩებითო.

მას მერე მძულს ეს სიტყვა.

რასაც არ ამხელდნენ, ეს გაუპატიურების ამბები იყო. ჩვენ სულ გვესმოდა. თან რატომღაც სულ ხანშიშესულ ქალებზე. პირველად რომ გავიგე, ვიფიქრე, ეს ქართველი კაცები მგონი შეშლილები არიან-მეთქი. ვისაც ოჯახის წევრი სამხრეთ ოსეთში ჰყავდა, ყველაზე სასტიკად მათ ექცეოდნენ.

ბერძენაყაუში ერთი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა. მისი ბიჭი ცხინვალში მუშაობდა. შევიდნენ, სცემეს და გააუპატიურეს. სხვა ქალზეც ვიცოდი იგივე ამბავი ბიძაჩემისგან. თვითონ ქალები არასდროს ლაპარაკობდნენ. სირცხვილად ითვლებოდა გამჟღავნება.

დიდ მიტარბში და ბაკურიანში მიბრუნდა ხალხი. მაგრამ გუჯარეთის ხეობაში აღარავინ დაბრუნებულა.

დღეს ვინც ხეობაში ცხოვრობს, მათი შვილები ოსურად აღარ ლაპარაკობენ. მე მგონია, რომ დღესაც ეშინიათ.

ჩემი ქართველი მეგობარი მეუბნებოდა, ბაკურიანში ბევრ ოსურ ოჯახს ვიცნობო. მე კიდე ვიცი, რომ იქ ოსები აღარ არიან, იმიტომ რომ ხალხი ოსურად აღარ ლაპარაკობს-მეთქი. ჩრდილოეთ ოსეთში, ნათესავების მოსანახულებლად უკვე ვიზა სჭირდებათ. კონტაქტი თავიანთ ხალხთან აღარ აქვთ, სხვებს კი ქართულად ელაპარაკებიან. ენა ავიწყდებათ. ჩემს ნათესავებთან სულ ვკამათობ ხოლმე. მე ქართულად აღარ ვლაპარაკობ, თქვენ კი აღარ გინდათ, ოსები რომ იყოთ-მეთქი, ვეუბნები. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია.

დედაჩემი ქართულის მასწავლებელი იყო. მაგრამ ჩემთვის ქართული არ უსწავლებია. აღარ დაგჭირდებაო, მითხრა. მერე ჩემით ვისწავლე. დედაჩემს ჰქონდა საბავშვო წიგნები. წერა და კითხვა ასე ვისწავლე, ლაპარაკი ტელევიზორიდან.

ქართულად ვლაპარაკობ, როგორც უცხოელი. რადგან მე უცხოელი ვარ ახლა. აი, ეს არ ესმით ჩემს ნათესავებს, რატომ ვარ ახლა უცხოელი.