ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხედი იუნკრების სანგრებიდან

ყველანი ვართ? - იკითხა სერჟანტმა, თვალი მოგვავლო, თავი დაიქნია და დავიძარით. მოღრუბლული დილა იყო. გვეძინებოდა. პირველად ვიყავი ჯარისკაცებთან ერთად და მათი ფორმების ჭაობისა და მუქი ტუფის ფერი განწყობაზე გადმომედო. თავს მეც იუნკერად ვგრძობდი. თითქოს უფროსობას სპეციალურ დავალებაზე გავეგზავნეთ.

22 თებერვალი იყო. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და IDFI-ს ორგანიზებით, იუნკრებთან ერთად, კოჯრისკენ მივდიოდით. კოჯრისა და ტაბახმელას ის ადგილები უნდა გვენახა, სადაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურ წითელ არმიასთან ომის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა.

,,აქ უნდა გავჩერდეთ’’, - თქვა ჩვენმა გიდმა, ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ. ავტობუსი ხრეშზე გაჩერდა. თავი იუნკრების მემორიალთან მოვიყარეთ. ექვსი სანგარი უნდა გვენახა და გზას მალევე გავუდექით.

მას მერე, რაც 1920 წელს წითელმა არმიამ აზერბაიჯანი და სომხეთი დაიკავა, აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ შემდეგი საქართველო იქნებოდა.
ქართულ დაზვერვას 1920 წლის დეკემბერში საბჭოთა მეთერთმეტე არმიის სარდლის, გენერალი ჰეკერის ანგარიში ჩაუვარდა ხელთ. აღმოჩნდა, რომ ჰეკერი დამატებით ძალებს ითხოვდა, ფიქრობდა, რომ არსებული რესურსით საქართველოს დამარცხებას ვერ შეძლებდა.
აპრილი. ქართული შტაბის გამოანგარიშებით, ჰეკერი აპრილში მიიღებდა დამხმარე რაზმებს.
მთავრობა მზადებას შეუდგა. ჯარი ბრძოლებისთვის საკმარისი იყო, თუმცა რამდენიმე თვეში მათ სრულ მობილიზაციას მეტი სახსრები სჭირდებოდა. ასევე, ბევრ მათგანს სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაჭარბებით ჰქონდა შესრულებული. მთავრობამ მათი სურვილი შეასრულა და ჯარისკაცები  სახლში გაუშვა. ამგვარად ცოტა ხნით დაიზოგა ფულიც. ჯარის დანაკლისს კი, ფიქრობდნენ, რომ იანვარში ახალწვეულებით შეავსებდნენ, რომლებიც ემოციურადაც იმ ჯარისკაცებზე უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ, რომლებსაც მუდმივად სახლისკენ ეჭირათ თვალი. ახალწვეულები ექვსკვირიანი გადამზადების შემდეგ სრულ მზადყოფნაში იქნებოდნენ. 

შეიარაღების მოსამარაგებლად მოლაპარაკებები დაიწყო საფრანგეთთან. ყველაფერი კარგად მიდიოდა. აპრილისთვის შეიარაღებაც და ჯარიც მზად იქნებოდა. თუმცა, გენერალი ჰეკერი დამატებით რაზმებს აღარ დაელოდა. ომი თებერვალში დაიწყო.

პირველად მტერმა 11 თებერვალს სომხეთის მხრიდან შემოგვიტია და დაგვამარცხა კიდეც. ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ოდიშელიძემ იფიქრა, რომ წითელი არმია მთავარ შეტევას ისევ ამ მხრიდან განახორციელებდა.
აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ დაზვერვითი შეტაკება იყო. მთავარი შეტევა 16 თებერვალს წითელი ხიდის ტერიტორიაზე მივიღეთ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე განლაგებული ქართული ჯარის 10-12 ათასიანი დაჯგუფება სრულად განადგურდა. 

17 თებერვლიდან  უკან დახეული რაზმები ახალ პოზიციებს იკავებენ. ქართული არმია სამ ნაწილად იყოფა:
მარცხენა ფრონტი - გენერალი ჯიჯიხია - მტკვრის მარცხენა სანაპირო და დღევანდელი ორხევის ტერიტორია.
ცენტრალური - გენერალი მაზნიაშვილი - მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, ფონიჭალიდან შავნაბადის მონასტრამდე.

მარჯვენა ფრონტი - გენერალი ანდრონიკაშვილი - კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორია წყნეთამდე. ამ ფრონტზე იბრძოდა ას ორმოცდაათი იუნკერი და სამასამდე უნტერ-ოფიცერთა კურსანტი. ბრძოლის ველზე ცხრა იუნკერი დაიღუპა.

პირველი სანგარი - ,,000’’

დაქანებული ფერდობის თავზე ვდგავართ. ქვემოთ, ბლანტ ნისლში არაფერი ჩანს.

,,მინიმუმ, სამჯერ მეტი ჯარისკაცი უნდა გყავდეს, ეს პოზიცია რომ აიღო’’, - გვეუბნება დიმიტრი სილაქაძე.

,,მაგარი ადგილებია, ბიჭო. აქ რო გამაგრდე, ძვრას ვერ გიზამენ’’, - იუნკრები დაკვირვებით ათვალიერებენ სანგარს.

სანგარი კარგ ადგილას არის, საკითხავი ისაა, მტრისთვის საკმარისი ტყვია თუ გაქვს მარაგში. თურმე, განცხადებებიც კი არსებობს, რომლებშიც ეწერა, რომ დასაჩუქრდება ის ჯარისკაცი, რომელიც ყველაზე მეტ გასროლილ ვაზნას შეაგროვებს ბრძოლის ველზე. ამ ვაზნებს თბილისში აგზავნიდნენ და დენთით ახლიდან ტენიდნენ. ტყვია-წამალი არ გვყოფნიდა.

სანგარი - ,,00’’

საფრანგეთის დაპირებული იარაღი აგვიანებდა. დაჩქარებული წესით, თურქეთიდან მოგვაწოდეს შაშხანები, თუმცა ეს მარაგი მთლიანად გამოუსადეგარი იყო. გვყავდა იტალიური თვითმფრინავებიც და რამდენიმე ტანკიც, მაგრამ მათ ასამუშავებლად არ იყო საკმარისი ბენზინი და საპოხი ზეთი.

18-20 თებერვალს მაზნიაშვილის მხარეს ქართულმა არმიამ ყველაზე დიდ გამარჯვებებს მიაღწია. ტყვედ ჩაიგდეს ათასამდე წითელი არმიელი, ხოლო ხუთასზე მეტი ბრძოლისას დაიღუპა. ამის შემდეგ მტერმა კოჯორ-ტაბახმელას შეუტია. სწორედ აქ გამართულ ბრძოლებში 19 თებერვალს მარო მაყაშვილი ყუმბარის ნასხლეტს ემსხევრპლა. 19 წლის სტუდენტი, მარო თავისი ნებით მოწყალების დად ჩაეწერა და დაჭრილებს უვლიდა ფრონტის ხაზზე. ის ქართველ იუნკრებთან ერთად დაკრძალეს.

დიდი დანაკლისის მიუხედავად, პოზიცია არ დაგვიკარგავს. 

სიცივესა და ნისლში აღმართების ავლას დიდხანს მოვუნდით. ცივი ქარი იყო, ტალახიც, მაგრამ გაზაფხულის დადგომა მაინც ეტყობოდა მიწას. გზაზე ბუჩქებს უკვე უამრავი ვარდისფერი პატარა ყვავილი ემჩნეოდა.

სანგარი - ,,001’’

აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ჯარისკაც ყიფიანს ოცდაათკაციანი რაზმი ჩააბარეს და გვერდით გორაკის გამაგრება დაავალეს. მტრის გამოჩენაზე ჯარისკაცები გაქცეულან. მარტო დარჩენილმა ყიფიანმა ლულა გულზე მიიდო და ოთხჯერ გაისროლა. საბედნიეროდ, პირველი ტყვია მხარში მოხვდა, დაცემის შემდეგ კი დანარჩენი სამი უფრო მეტად ასცდა გულს. ჰოსპიტალში მოხვედრილი ყიფიანი შემდეგ ამბობდა, რა ნამუსით დავბრუნებულიყავი უკან, როცა ბრძოლის ველიდან ყველა ჯარისკაცი გამექცაო.

იუნკრებს სადილისთვის უნდა მიესწროთ, ამიტომ ნაბიჯსაც და ამბის თხრობასაც ავუჩქარეთ. მეორე და მესამე სანგარი შეუჩერებლივ გავიარეთ და ყველაზე დიდი სანგრისკენ დავიძარით.

- ყიფო, შენ არ ააცდინო, იცოდე, - იუნკრებს შორის ერთ-ერთი გვარად ყიფიანი აღმოჩნდა.
- რა იყო, აქედანვე  გაქცევაზე ფიქრობთ? - არ ეხუმრებოდა.

სანგარი #4

ეს ყველაზე დიდი სანგარი იყო. ერთმანეთის პარალელური სამი ზოლი ჰქონდა. ყველაზე რთული ბრძოლებიც აქ გაიმართა. ამ სანგრებს იქეთ თბილისი ხელის გულივით ჩანს. თუ წითელი არმია მეოთხე სანგარს დაიკავებდა, თბილისის ნებისმიერ წერტილს უპრობლემოდ დაბომბავდა.

ნისლის გამო ჩვენი გიდი კინაღამ დავკარგეთ. აქ, თურმე, ისეთი ნისლი იცის, ორ მეტრში ვერ გაარჩევ, წინ ვინმე გიდგას თუ არა. ეს გვარიანად წაეხმარა წითელ არმიას. ფერდობზე ამოაღწიეს და ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მეოთხე სანგრის პირველი ზოლიც დაიკავა. 

ქართულმა შენაერთებმა მეორე ზოლისკენ დაიხიეს და შეტევისთვის მოემზადნენ. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, ტყვიამფრქვევის განეიტრალება საკუთარ თავზე აიღო. ფეხბურთელი ყოფილა და სწრაფად დარბოდა. ტყვიამფრქვევის ჰორიზონტს განივად შემოურბინა, მიუახლოვდა, მსროლელს ხიშტი ჩაასო, ლულას კი თავად გადაეფარა, დანარჩენები მშვიდობით რომ წამოწეოდნენ. მეოთხე სანგარის პირველი ზოლი დაიბრუნეს. პოზიციები აღდგა. 

- თქვენ კიდე ბურთი ვერ გაგაგორებინეთ, რა ხალხი ხართ, - დაიწუწუნა ერთ-ერთმა.
- იქით კვირაში ვითამაშოთ. უეჭველი ვითამაშოთ.

24 თებერვლისათვის საბჭოთა არმიას ომში, დაახლოებით, ოცი ათასი ჯარისკაცი ჰყავდა ჩაბმული. ქართულ არმიაში, ამ დროს, ათი ათასი ჯარისკაცი იყო. მტერმა ეს უპირატესობა კარგად გამოიყენა. დაიწყეს შემოვლითი მანევრები ორივე ფლანგზე. კოჯორ-ტაბახმელას ფრონტის შემოვლით ისინი გავიდოდნენ დიღმის ტერიტორიაზე. ასევე, კახეთის მხრიდან ბრძოლაში ჩართეს კავალერიაც, ჯავშანმატარებლები და სამი ტანკიც. ამის მიუხედავად, ქართულმა შენაერთებმა თავის დაცვა მოახერხეს, თუმცა, ფრონტის ხაზი სულ უფრო იწელებოდა. კავალერიას შეეძლო, შემოევლო ჩვენი პოზიციებისთვის, გასულიყო დღევანდელი ლილოსა და ვარკეთილის ტერიტორიაზე და დაშვებულიყო თბილისზე. ქალაქი ალყაში ექცეოდა.

16 თებერვლის მარცხის შემდეგ, ოდიშელიძის მაგივრად დანიშნულმა კვინიტაძემ 24 თებერვალს თბილისის მიტოვების ბრძანება გასცა. მისი აზრით, ასე რომ არ მოქცეულიყო, წითელი არმია თბილისს ალყაში მოაქცევდა და ჯარი მთლიანად განადგურდებოდა. კვიტინაძე მიიჩნევდა, რომ თბილისის დაკარგვა ომის წაგებას არ ნიშნავდა. მისი გათვლებით, მცხეთასთან ფრონტის ხაზი სიგრძეში დამოკლდებოდა და მტრის შეჩერებას აქ უკეთ შეძლებდნენ. 

უკან დახევამ საბრძოლო სულისკვეთება გააქრო. ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად ეცლებოდნენ გენერლებს ხელიდან. ვერ მოხერხდა ვერც მცხეთისა და ვერც გორის გამაგრება.

28 თებერვალს, ქუთაისში, მთავრობამ სხდომა ჩაატარა. ისინი იმედიანად იყვნენ, რადგან დასავლეთ საქართველოდან რეზერვს, ხოლო საფრანგეთიდან იარაღს ელოდნენ. ბრძოლები გაიმართა ხაშურის მიმდებარე ტერიტორიაზეც. მთავარსარდალი, გენერალი კვინიტაძე სურამის უღელტეხილს ამაგრებდა, ხოლო გენერალ მაზნიაშვილს სოფელ ოსიაურთან უნდა შეეჩერებინა წითელი არმია. შეიმუშავეს კონტრ-შეტევის კარგი გეგმაც. ომის მოგების იმედი ჯერ კიდევ იყო. თუმცა, გვარდიის ნაწილებმა, თავისი ნებით, პოზიციები ისე მიატოვეს, რომ არავინ გაუფრთხილებიათ. ღალატის გამო გეგმა ჩავარდა. იმედი უკვე გადაწურული იყო. 16 მარტს საბოლოოდ შეწყდა სროლა. მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველო გაწითლდა.

ნისლი გაიფანტა. მეოთხე სანგრის უკანა ზოლიდან თბილისს ვუყურებდით. წავედითო, სერჟანტმა დაგვიძახა და ჩვენც მაშინვე ავტობუსისკენ დავიძარით. ეს იმ დღისთვის ბოლო ბრძანება იყო. 

 

ფოტოები: საქართველოს პარლანემენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, IDFI