გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხევსურეთი - კუთხე შუა საუკუნეების კოშკებით, "სავაჟო" და "სადიაცო" ბილიკებით 

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer, 2019 წლის ზაფხული

ხევსურეთში მოგზაურობისთვის სამი დღე მაინც გამოყავით.

ფაქტი: საქართვლოში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან აღმოსავლეთის მთის ეს ულამაზესი და ისტორიული კუთხე, ფშავთან ერთად, ფხოვად მოიხსენიება. ტერმინი ხევსურეთი გვიან, შუა საუკუნეებში მკვიდრდება და ხევებიან ადგილს ნიშნავს.

ფხოვი  მდებარეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოების საზღვარზე. საქართველოს დღევანდელი  დაყოფით კი, ფშავ-ხევსურეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტშია. ფშავი მთლიანად კავკასიონის აქეთა მხარეს მდებარეობს, ხევსურეთი კი კავკასიონის მთავარი ქედით ორ ხევსურეთად იყოფა: პირაქეთა (ბარისახოს თემი) და პირიქითა (შატილისა და არხოტის თემები).

მიმართულება: თბილისიდან გეზს ჯერ დასავლეთით, მცხეთის მერე კი ჩრდილოეთით ვიღებთ. მივუყვებით სტეფანწმინდისკენ (ყაზბეგისკენ) მიმავალ გზას,  ჟინვალის შემდეგ გზა მარჯვნივ უხვევს სოფელ ჩინთისკენ და ჩვენც ჟინვალის წყალსაცავს მარჯვენა მხრიდან  ვექცევით, შემდეგ უკვე ფშავის არაგვის გაყოლებაზე მივდივართ. გავივლით ფშავის სოფლებს, მათ შორის ფშავის ცენტრს - მაღაროსკარსაც.

ორწყლთან  (ორი არაგვის - ხევსურთისა და ფშავის არაგვის შეერთების ადგილი) გზა ორად იყოფა: ერთი შუაფხოსა და უკანა ფშავისკენ (ფშავის არაგვის ხეობა ორწყლის ზემოთ) მიდის, მეორე - მთავარი გზა კი ხევსურეთისკენ.

პირაქეთა ხევსურეთის ცენტრი ბარისახოა, პირიქითასი - შატილი. პირიქით მდებარეობს საოცარი არხოტიც, რომელსაც, მეტი მიუვალობის გამო (აქ სამანქანო გზა სულ ორი წელია, რაც გაიყვანეს), შედარებით ნაკლები ადამიანი სტუმრობს.

გზა პირიქითა ხევსურეთისკენ დათვიჯვრის უღელტეხილზე გადის. დათვიჯვრის უღლეტეხილი კავკასიონის ქედის ერთ-ერთი გადასასვლელია და მისი სიმაღლე 2676 მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ჟინვალიდან შატილამდე სულ 100-იოდე კილომეტრია, ამ გზის გავლას მანქანა დაახლოებით 4-5 საათს ანდომებს. თავიდან ასფალტიანი საფარია, მაგრამ ზემოთ ეს ჩვეულებრივი მთის, გრუნტის გზაა.

დათვიჯვრის უღელტეხილი

დათვიჯვრის უღელტეხილი


გზა და მგზავრობა

ხევსურეთში გადაფრენაც შეიძლება. ზოგიერთ  სასტუმროსა თუ ტურისტულ კომპანიას აქვს ვერტფრენით ასეთი მომსახურებაც. ეს სერვისი, ცხადია, შედარებით ძვირია, საათი დაახლოებით 500-1500 დოლარამდე ღირს. თუმცა, მიუხედავად გზის სირთულისა, მის გავლას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს და ხევსურეთში მგზავრობასაც ცალკე თავგადასავლად აქცევს. 

გირჩევთ, ხევსურეთი ხევსურ ან ხევსურეთის კარგად მცოდნე გიდთან ერთად მოიაროთ. ეს ხომ ლეგენდებისა და მითების, დევებისა და ღვთისშვილების მხარეა. აქ დღემდეა სადიაცო და სავაჟო ბილიკები, ანუ ბილიკები, სადაც მხოლოდ ქალები ან ვაჟები დადიან. სასურველია ეს წესი ტურისტებმაც დაიცვან. ზოგან არის ასეთი ნიშნულიც, ზოგან კი მხოლოდ გიდის მითითებით უნდა იაროთ.

ავტოტრანსპორტით შატილში მხოლოდ მაშინ მოხვდებით, როდესაც დათვიჯვრის უღელტეხილია ღია: ანუ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით (სხვა დროს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში).

სამანქანე გზა არხოტისკენაც მხოლოდ ზაფხულის პერიოდში მოქმედებს. ანუ სწორედ ახლაა დრო ამ საოცარ მხარეში წასასვლელად. ზამთარში კი, ან უფრო სწორად მანამდე, სანამ გზა გაიხსნება, პირიქითა ხევსურეთში (არხოტშიც და შატილის თემშიც) მხოლოდ ვერტმფრენს თუ გადაყვებით. ამ პერიოდში იქაური მოსახლეობაც სამოქალაქო თუ სასაზღვრო უწყების ვერტმფრენების იმედადღა რჩება.

ხევსურეთის ბევრ სოფელში თუ უკვე ნასოფლარში დღემდე არ მიდის სამანქანო გზა და მხოლოდ ფეხით ან ცხენით თუ მიხვალთ.  ბევრგან, ასეთ სოფელშიც, რთული პირობების მიუხედავად, ჯერ კიდევ შეიძლება დაგხვდეთ ბინადრები, განსაკუთრებით ზაფხულში. 

ამ სოფლების გარდა, ხევსურეთიდან საფეხმავლო ბილიკებით მოხვედრა შეიძლება ხევში, გუდამაყრში, ფშავში, თუშეთში. ბილიკებით გადასვლა შეიძლება ჩეჩნეთში ან ინგუშეთში, თუმცა საქართველო-რუსეთის ამ მონაკვეთზე ოფიციალური საბაჟო-გამშვები პუნქტები არ არის, ამდენად, გადასვლას ვერ შეძლებთ და ფრთხილად უნდა იყოთ.

აწუნთის უღელტეხილი
აწუნთის უღელტეხილი

აწუნთა თუშეთისა და ხევსურეთის დამაკავშირებელი უღელტეხილია, სადაც  გადის კარგად მარკირებული საფეხმავლო ბილიკი.  ეს ბილიკები განსაკუთრებით მომხიბლავია ტრეკინგის მოყვარული ტურისტებისთვის. ბილიკების ნაწილი (მაგალითად, აწუნთის გზით თუშეთიდან ხევსურეთისკენ მიმავალი ბილიკი) კარგად არის მარკირებული და დამოუკიდებლადაც დაძლევთ, თუმცა ჩვენ გირჩევთ აქაც გამოცდილ გიდთან ერთად მოგზაურობას.

 კავკასიონს იქით დამრჩენი ხევსურები

კავკასიონს აქეთ, ანუ ბარისახოს თემში 30-მდე სოფელია, გზის პირას და თემის ცენტრში, ბარისახოში, ასევე კორშაში, გუდანში კომპაქტურად ცხოვრობს ხალხი, აქ არის საჯარო უწყებები: სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, სასაზღვრო პოლიციის სამმართველო,  სხვაგან, გზიდან მოშორებულ სოფლებში რამდენიმე ოჯახი ან თითო-ოროლა კაცი თუ იზამთრებს. ისინი მესაქონლეობას მისდევენ. ზოგი საქონელს ამთაბარებს კიდეც - ზაფხულში ხევსურეთის სოფელშია, ზამთრობით ბარში ჩამოდის.

მძიმე პირობებისა და უგზოობის მიუხედავად, შატილში, მუცოში, არდოტში, ანდაქში, ხონეში, ასევე არხოტის სოფლებში: ამღაში, ახიელში, ჭიმღაში ზამთარშიც რჩება მოსახლეობა, თუმცა სიტყვა მოსახლეობა ხმამაღალი ნათქვამია, ზოგან სულ 1-2 ოჯახია, ან სულაც ერთი ადამიანი, მაგრამ, მთავარია, ის ერთი-ორი ადამიანი სოფელს აცოცხლებს და ინახავს.

დათო ჭინჭარაული, რომელსაც ჭინჭარაულთა ერთ-ერთი მამიშვილობის (გვარის ერთ-ერთი შტო) მიხედვით, ჯალაბაურად იცნობენ, იმ იშვიათ ახლგაზრდებს მიეკუთვნება, რომლებიც ზამთრობითაც რჩებიან მთაში. მის ოჯახს კოშკში ერთ-ერთი პირველი საოჯახო სასტუმრო ჰქონდა. დათო  სკოლაშიც მუშაობდა, ახლა საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას ცდილობს.

ელდარ ჭინჭარაულიც ახალგაზრდაა, ის რამდენიმე წლის წინ დაარსებული ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერია და ამავე დროს შატილის ჰესსაც მეთვალყურეობს. მის გარდა, პარკში კიდევ რამდენიმე რეინჯერია. მდინარე შატილისხევის ნაპირთან ელდარის ყვავილებში ჩაფლულ ხის სახლში  ყოველთვის ბევრია დარჩენის მსურველი.  შატილი ჭინჭარაულების სოფელია. აქ ყველა ჭინჭარაულია და რომელიმე რძალს თუ აქვს მხოლოდ თავისი გვარი.

შატილის სკოლა


სკოლა ის ორგანიზაციაა, ყველაზე კარგად რომ აჩვენებს მთის მომავალს. თუ სკოლა არის, ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ სოფელი ცოცხალია.

ხევსურეთში ორი სკოლაა, ბარისახოს სკოლაში კავკასიონს აქეთა სოფლების ბავშვები სწავლობენ და აქ 70-მდე მოსწავლე ჰყავთ.  შატილის სკოლაში კი სულ ექვსიოდე ბავშვია, ორი შატილიონი და ოთხიც მუცოელი, აქედან ერთადერთი გოგო, „მუცოს დედოფალი“ მეორეკლასელი ქეთო დაიაურია. ყოველდღე ფეხით 12 კილომეტრის გავლა შეუძლებელია და  მუცოელი ბავშვები ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით პანსიონში რჩებიან. პანსიონი მუშაობს ბარისახოში და ქვემოთ, ფშავში, მაღაროსკარშიც.

შატილში ადგილობრივი ექიმიც ჰყავთ - მიხეილ (მიხა) ჭინჭარაული, რომელსაც ყველა დოხტურს ეძახის. ის, ფაქტობრივად, არ ტოვებს ხევსურეთს და ზოგჯერ ცარიელი ხელებით  უხდება თანასოფლელთა თუ თანახეობელთა სიცოცხლის გადარჩენა.

„ღვთისა და მიხა ექიმის იმედად ვრჩებითო ზამთარში“, - ხშირად გეტყვიან პირიქითა ხევსურები.  მიხა ექიმს განსაკუთრებულ შემთხვევებში სამაშველო ვერტმფრენის გამოძახება უხდება.

ზაფხულობით ცოცხლდება შატილი. ბარიდანაც ადიან, თითქმის ყველა ბოქლომდადებული სახლის კარი იღება და სახლები საოჯახო სასტუმროდ იქცევა.  

რა ვნახოთ

„შატილის იქითაც არის ხევსურეთი“, - იტყვიან ხოლმე სხვა სოფლებში.

და მართლაც - ხევსურეთის თითოეული სოფელი გამორჩეულია. სამწუხაროდ, ამ კუთხეში უამრავი ნასოფლარია. მთის მძიმე პირობების ან საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის გამო ეს მხარე, ფაქტობრივად, დაიცალა. ზოგ სოფელში 1-2 ადამიანი ან ოჯახი ცხოვრობს, უმეტესად მოხუცები, თუმცა ალაგ-ალაგ ახალგაზრდები ჯერ კიდევ არიან.

თითოეული სოფლისა თუ ნასოფლარის ნახვა ღირს.

გუდანში, რომელიც პირაქეთა ხევსურეთშია, ბარისახოდან რამდენიმე კილომეტრში  ხევსურეთის მთავარი სალოცავი - გუდანის ჯვარია.

აქაც და სხვა სალოცავებშიც (ფშავის ლაშარია, იახსარი, გოგოლაურთა, ხოშარა თუ ხევურეთის თითოეული სხვა სოფლის სალოცავი) ივლისში ხატობები იმართება. ხატობების რიცხვი ცვალებადია, ათვლა პეტრე-პავლობის დღესასწაულიდან ხდება, მაგალითად, ფშავში ლაშარობა პეტრე-პავლობის შემდეგი შაბათიდან იწყება და სამ დღეს გრძელდება. ხევსურეთშიც ეს რიცხვები ცვალებადია.  

ფშავი

ფშავი, გოგოლაურთას თემის სალოცავი

ამ ფოტოზე საკლავის დაკვლისთვის ემზადებიან. აქ ქალი ახლოს ვერ მიდის და ამიტომ ფოტოები გიორგი მოსიაშვილისა და შალვა ნებიერიძის გადაღებულია.

ხატობის დროს ბარად წასული ხევსურებიც ადიან მთაში.  იხარშება ლუდი, იკვლება საკლავი, აუცილებლად კეთდება ხინკალი. სალოცავში მიაქვთ ქადები, კეცეულები და ფხლოვანები.

სალოცავში ქალები არ შედიან, ხშირად არც მამაკაცი, თუ წინასწარ არ დაიცვა მარხვა და სხვა წესები.

შატილში ტურისტული სეზონის მიწურულს, აგვისტოში ან სექტემბერში აღინიშნება ხოლმე შატილობაც. ეს კომუნისტების პერიოდიდან შემორჩენილი დღესასწაულია, რომელსაც დღესაც აგრძელებენ.

ხევსურეთში აუცილებლად უნდა ნახოთ კორშისა და შატილის ეთნოგრაფიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმები.  პირაქეთა ხევსურეთში მხატვარი შოთა არაბული წლების განმავლობაში აგროვებდა სოფლებში დაცულ ეთნოგრაფიულ მასალას. მისი და მისი მეგობრების ძალისხმევით მუზეუმი 2005 წელს  გაიხსნა. აქ დაცულია  ხევსურული ყოფის ამსახველი მე-18-19 საუკუნის მასალები: ტალავარი,  საბრძოლო და სამუშაო იარაღი, ჭურჭელი, ავეჯი,  ფოტოები.

მუზეუმი











„არაბულების არტჰაუსი“ - ხელოვნების სოციალური საწარმოა. ეს საწარმოც შოთა არაბულის ოჯახმა გახსნა. აქ ნახავთ ქართულ და, კერძოდ, ხევსურულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილ პროდუქციას: ჩანთებს, ნაქარგ ქამრებს, სამაჯურები, ჩითებს (ნაქსოვ წინდებს), ხის ზარდახშებს, სამკაულებს და სხვა სუვენირებს.

სანამ დათვიჯვრის უღელტეხილს გადახვალთ, გირჩევთ მოინახულოთ აბუდელაურის ფერადი ტბები.  სოფელი როშკა ცენტრალური გზიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1800 მეტრ სიმაღლეზე.   როშკაში ასვლა შეიძლება ჯიპით ან ზოგიერთი მიკროავტობუსით (ამ მარშრუტზე ყველა მძღოლი არ რისკავს წასვლას), ახლა აქედან გადადის სამანქანე გზა არხოტისკენ. არხოტი ხევსურეთის ნაკლებად ტურისტული ნაწილია. ხეობაში არის სამი სოფელი: ჭიმღა, ახიელი და ამღა. ამ სოფლებში სულ 5 ოჯახია დარჩენილი.  არხოტის თემი ალბათ ცალკე იმსახურებს სტატიას, ამიტომ ამაზე სხვა დროს.

ლურჯი  ტბა

აბუდელაურის ლურჯი ტბა

აბუდელაურის ტბები კავკასიონის ქედის, კერძოდ, ჭაუხების მასივის ძირას მდებარე მყინვარული ტბებია, რომლებზეც ხევსურეთში ლამაზ ლეგენდებს ყვებიან. საერთოდ ხევსურული ფოლკოლორი სავსეა გადმოცემებითა და ანდრეზებით, ამ ამბებზე კი აუცილებლად გესაუბრებათ გიდი.

აბუდელაურის ტბები შედის ფშავ-ხევურეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. გზად გვხვდება ბუნების ძეგლად აღიარებული როშკის ვებერთელა ლოდებიც.  როშკადან ლურჯ და მწვანე ტბებამდე შვიდი კილომეტრია (ამ ორ ტბას ერთი პატარა გორაკი ჰყოფს ერთმანეთისიგან), თეთრ ტბამდე - ცხრა კილომეტრი.  ცოტა მოკლდება მანძილი თუ არხოტის გზის მხრიდან ჩახვალთ.

თეთრი ტბა

აბუდელაურის თეთრი ტბა


ტბებიდან გზას თუ გააგრძელებთ და უღელტეხილზე გადახვალთ, ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში აღმოჩნდებით. ეს ბილიკიც კარგად არის მარკირებული და ორივე  მხრიდან  ხშირად დადიან ქართველი და უცხოელი ტურისტები.

ტბები ზღვის დონიდან 2600-2800 მეტრ სიმაღლეზეა, ზედ მწვერვალების ძირას.

ტრეკინგის მოყვარულების გარდა, ეს მწვერვალებიც ორივე მხრიდან ძალიან პოპულარულია დანიშნულების წერტილია მთამსვლელებისთვისაც. ჭაუხებშია მწვერვალები: მუხაძე, თიკანაძე, თაყაიშვილი, რჩეულიშვილი, ჯავახიშვილი, თსუ, აღმაშენებელი, ვაჟა-ფშაველა და სხვები. 

ჭაუხები

ჭაუხები

ჭაუხის მწვერვალებზე დადიან როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მთამსვლელები. ზაფხულში ორივე მხრიდან (და უფრო ყაზბეგის მმხრიდან) ხშირად ეწყობა ალპინისტური ბანაკები.

აბუდელაურის ტბებზე ერთდღიანი ტურის გაკეთებაც შეიძლება (თბილისიდანაც კი). კარგად მოსიარულე ადამიანი ერთ დღეში სამივე ტბას მოასწრებს, საშუალო ტემპით მოსიარულე - ორს მაინც.  ჩვენ აქაც ორდღიან ტურს გირჩევთ, ტბებზე კარვით ან როშკაში (ასევე ბარისახო-კორშაში) სასტუმროში დარჩენით.

კორშის მერე გზად უნდა გაიაროთ სოფლები: გუდანი, ბისო, ხახმატი.  მანქანა სულ უფრო ნელი ტემპით ადის მაღლა და მალე უკვე უღელტეხილზე ვართ. მთაში წესია ასეთი, დათვიჯვარზე სამი სადღეგრძალო მაინც უნდა თქვა: უფლისა და ჯვარ-ხატის სადიდებელი, მეორე მიცვალებულების და მგზავრის ანგელოზის.

დათვიჯვარს იქით უკვე ჩრდილოეთ კავკასიაა, არღუნის ხეობაში გადავდივართ.  უკვე იქით გზად შეგხვდებათ ნასოფლარები: ლებაისკარი და კისტანი, აქ საბრძოლო კოშკებია შემორჩენილი. 

აქ გზა უკვე არღუნის ხეობას მიუყვება, ზოგან ვიწრო კანიონში გვიწევს გასვლა. მორიგი დაღმართიც და გუროს ნაწვეთურებთან ან ცრემლებთან მივდივართ, ზოგი შატილის ნაწვეთურებსაც ეძახის. აქ მარცხნივ ხეობა შედის, ოდესღაც იქ სოფელი გურო იყო, გოგოჭურების სოფელი. ახლა ნასოფლარია, არც გზა მიდის.

მოლოდინისგან უკვე სული გელევა თითქმის და შატილსაც უახლოვდები.

შატილი

შატილი

ჯერ ქაჩუს ციხე გხვდება და მერე უცებ ამოიზრდება ციხე-სოფელი. როგორც წესი, ვჩერდებით ფოტოსესიისთვის. მარტო ამ კადრისა და ემოციისთვის ღირდა მგზავრობა. სანამ არღუნზე გადებულ ხიდზე გადახვალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სალოცავთან ქალები ახლოს არ გადიან და ცოტა ქვემოთ, მდინარის პირას  უნდა გაიაროთ.

შატილი მდინარეების არღუნისა და შატილისხევის შესართავთან არის გაშენებული. ერთი მხრიდან, შატილისხევის თავზე ციცაბო კლდეა. კოშკებიც აქ ერთდროულად ასრულებდა თავდაცვით და საცხოვრებელ ფუნქციას.

კომუნისტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მთა დაეცალათ, 1950-იან წლებში შატილიდანაც, ბევრი სოფლის მსგავსად, მთელი სოფელი ბარში ჩაასახლეს. თუმცა ათწლეულების მერე, მთის აღორძინებაზეც დაიწყეს ზრუნვა და კოშკების გამაგრება-რეაბილიტაცია და ახალი შატილის - თანამედროვე სოფლის მშენებლობაც. სწორედ 1980-იან წლებში წამოვიდა ბარიდან ჭინჭარაულთა ნაწილი.

დღეს კოშკებში, რომელთაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, თითქმის აღარავინ ცხოვრობს. ერთგან მუზეუმია და რამდენიმე კოშკში სეზონზე საოჯახო სასტუმრო.

მეოცე საუკუნეშიც კი შატილში მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობდნენ, საზამთრო სოფელი, ქვემოთ ხეობაში, დაახლოებით 8 კილომეტრში იყო, ახლა იქამდე ვეღარ ჩავდივართ, ეს ტერიტორია 1990-იან წლებში დაიკარგა. დღევანდელი  საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი შატილიდან სამიოდე კილომეტრშია. 

შატილი

არღუნისა და მუცოსწყლის შეერთების ადგილი დღეს უკვე საზღვრად არის ქცეული, იქით რუსეთის დროშა ფრიალებს, აქეთ ქართული. 

სწორედ ამ ადგილას ოდესღაც სოფელი იყო, სოფელი ანატორი. აქ  გიდი დღევანდელი ტერმინებით თუ ვიტყვით,  სოციალური პასუხისმგებლობის საოცარ ამბავს მოგიყვებათ, როცა სოფელში დაავადება გაჩნდა (რომელი და როდის რთული სათქმელია, ამაზე სხვადასხვა და განსხვავებული ვერსია მსმენია მეცამეტედან მეჩვიდმეტე საუკუნემდე), როგორ ტოვებდნენ დაავადებული ადამიანები სოფელს და აკლდამებში განმარტოვებულები  ელოდნენ სიკვდილს. ფაქტი ერთია, დღეს აქ ნასოფლარი და ანატორის აკლდამებია შემორჩენილი.  

ხევურეთში გიდი მეგობრობისა და მტრობის, სიყვარულის, სიკვდილისა და სიცოცხლის სხვა დაუჯერებელ ხევსურულ ამბებსაც მოგიყვებათ, მაგრამ რა ამბებიც არ უნდა გიამბონ, ხევსურეთის გაცნობა თუ გინდათ, აუცილებლად უნდა გაიცნოთ აქაურები - ის ხევსურები, რომლებიც რთული პირობების, მძიმე ზამთრის, ჩაკეტილი გზების მიუხედავად, არ ტოვებენ თავიანთ კუთხეს და საზღვართან, შუა საუკუნეების კოშკების გვერდით,  მეციხოვნეებად არიან ქცეული.

შატილში 20-25 კაცი მაინც იზამთრებს, ზემო სოფლებში თითო-ოროლა ოჯახი ან ადამიანია.

ანატორს ზემოთ არც ტელეფონი იჭერს და არც ინტერნეტია.

სწორედ ამ ხეობაშია კიდევ ერთი საოცარი ციხე-სოფელი - მუცო.  მუცო დაიაურებისა და შეთეკაურების სოფელია. დღეს აქ ერთი ოჯახი ცხოვრობს. სამანქანე გზა მიდის ხონისჭალამდე და არდოტამდე. ზემოთ ანდაქამდე, არჭოლამდე და ხახაბომდე კი ფეხით უნდა მიხვიდე. ხის მორებისგან გაკეთებული ხიდები პერიოდულად წყალს მიაქვს და ხშირად ფეხით გიწევს გატოპვა მდინარეში.  

მუცო

მუცო

კვება

გაითვალისწინეთ, რომ  ხევსურეთის გზაზე, სოფელ კორშის ზემოთ, არ არის არც მარკეტი არც საზოგადოებრივი საპირფარეშო.

შარშან გაჩნდა ერთი-ორი კაფისმაგვარი ღია ჯიხური, სადაც ჩაითა და ყავით, ასევე, ლუდით გაგიმასპინძლდებიან.   

თუმცა მთელ ხევსურეთში არ არის არც რესტორანი არც კვების სხვა გამართული ობიექტი. სამაგიეროდ, ხინკლის ან სადილ-ვახშმის შეკვეთა შეგიძლიათ გზად ფშავში მდებარე სახინკლეებშიც (მაღაროსკართან - ვაჟა წოწკოლაურთან, ან ჩარგლის ასახვევთან „უბედურსკისთან“),  ან საოჯახო სასტუმროებში. 

როშკადან გზა


ხევსურეთში არ არის გამართული ინფრასტრუქტურა,  მთავარ დასახლებულ პუნქტებში (კორშაში, გუდანში, ბარისახოში, როშკაში, შატილში) იჭერს ტელეფონი და არის ინტერნეტიც, მაგრამ ბევრ სოფელში (არხოტის სოფლებში, მუცოსა და არდოტში, ანდაქში, ხახაბოში) თანამედროვე კომუნიკაციური არხები ჯერ კიდევ არ არსებობს. აქ არც ტელევიზორია. 

თუმცა ვინც ხევსურეთში ყოფილა,  დამეთანხმება, რომ ეს ყველაფერი - უტელეფონობა და უინტერენტობა ხევსურეთს სწორედ სხვა, განსაკუთრებულ და არქაულ ხიბლსაც აძლევს, იმ ხიბლს, რაც, ალბათ, ყველაზე მეტად გვიზიდავს ამ მხარეში.

თინათინ მოსიაშვილი -  ჟურნალისტი და გიდი

ქავერ ფოტო: საბა ხითარიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა