ეს არის ამბავი ორ ჯუჯა კურდღელზე, ოთხ ადამიანზე, მძიმედ ნაბახუსევ ვინმე „ლევან მამულაშვილზე“ და მარიხუანათი გაბრუებულ ავანტიურისტ არტისტზე, თუმცა უკანასკნელი ორი ამ ამბავში ნახსენები არ იქნება, რადგან ისინი არ ყოფილან არცერთი შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილე.

-         მალე მოხვალ?
-         რა ხდება?
-         ისე შია, პროსტინას ჭამს.
-         პროსტინა რა სიტყვაა?!
-         კაი, ხო, ზეწარს.
-         მოვალ, ხო.
-         რას მოუტან?
-         ვაშლს.
-         კიდე?
-         მწვანილებს.
-         კიდე?

...

გვიან ღამით ქუჩაში ვსეირნობდიო მე და კიდევ ჩვენი ორი მეგობრის სახელს ახსენებს. სადღაც 4 საათი იქნებოდა. ვერის ბაღთან ბიჭი ყიდდა. ესე მითხრა ჯუჯაა, მეტი აღარ გაიზრდებაო, ხელში რომ ავიყვანე ჩემს ხელისგულზე პატარა იყო, ალბათ შენი ხელისგულისხელა იქნებოდა. ჩვენთვის შავი წამოვიყვანე, იმათ რუხი წაიყვანეს. მეთქი გაგიხარდებოდა... გიხარია?

-         ამდენ ხანს სად ხარ?
-         საცობი იყო.. აბა, სად არი?

უცებ ვხედავ რაღაც ძალიან პატარა, შავი, ზაზუნააბრაზნი სუბიექტს სკამის ფეხთან. სიმართლე რომ ვთქვა, ეგეთი პატარა კურდღელი მინახავს კი არა, არც წარმომედგინა თუ არსებობდა .

-         ავიყანო?
-         მიდი.
-         აუ, რა საყვარელია.
-         ჰო, კლასნი ჩახოხბილის ვიდზეა.
-         ეგრე ნუ ხუმრობ.
-         რა დავარქვათ?
-         ჯანგო.
-         ჰო, ჯანგო.
-         აბა, დაუძახე.
-         კარგი, რა.
-         მიდი, რა, დაუძახე.

ეცინება, მე მიყურებს და სამჯერ ჩქარა ამბობს: ჯანგო, ჯანგო, ჯაგო. ჯანგოს არ ესმის.

უბედურ შემთხვევამდე 2 საათით ადრე

ჯანგომ ვაშლიც ჭამა, მწვანილიც, პოლიეთილენის ბოთლის თავსახურიდან წყალიც დალია, ოთხჯერ გადახტა მარჯვნივ, თერთმეტჯერ მარცხნივ, უზარმაზარ უჯრაში სახლიც მოვუწყვე ფედერიკო დელროსოს მარტივი და მინიმალისტური ინტერიერის მიმართულებით და წამოვედი. მთელი საღამოს განმავლობაში ჯანგო არც ერთხელ არ მიხსენებია. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, მაგრამ ჯანგოს არსებობის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს. მარტო ერთი ვიდეო გადავუღე, ჭამის დროს.

-         რას შვები?
-         ვსქროლავ, შენ?
-         ტელევიზორს ვუყურებ.
-         ეგ რა შვება?
-         არაფერს.
-         გინდა, ტესტი გაგიკეთო? (მეცინება)
-         რა ტესტი?
-         ხარ თუ არა ბოღმა.

20 წამის განმავლობაში გაუჩერებლად ვიცინით.

-         თუ მზად ხარ, დავიწყოთ.
-         მიდი.
-         კითხვა პირველი: თქვენმა მეგობარმა შეხვედრაზე 20 წუთით დაიგვიანა, თქვენ:

ა. სახის გამომეტყველებით ანიშნებთ, რომ გაბრაზებული ხართ;

ბ. ყველაფერს პირდაპირ მიახლით, მერე რა, თუ ეს უტაქტობაა;

გ. 20 წუთი არაფერია, მეც დამიგვიანია;

დ. გავბრაზდი, მაგრამ არაფერს ვიტყვი.

ისე გვეცინება, ცუდად ვართ. ალბათ ამ კითხვაზე „სწორი პასუხი“ ავტორის გათვლით არის ბ. საკმაოდ თამამად და ალალად ჟღერს, თან ეს ტესტი ალბათ ვინმე 14 წლის ხათუნამ შეადგინა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ხათუნა ალბათ ხშირად ბრაზდება მის თანაკლასელებზე.

რაღაც დროის მერე მივხვდი, რომ მარტო ვიცინოდი და ჩემი სახელი ხშირად და ნერვიულად მესმოდა ტელეფონში.

-         ჯანგო გავგუდე.
-         რაა?
-         ჯანგო გავგუდე.

(მე ტირილს ვიწყებ, ისიც)

-         აღარ მახსოვდა, რომ საწოლზე იყო და შემთხვევით გავგუდე, დავაწექი... ვერ ვეკარები... აღარ მოძრაობს.

(მე ისევ ვტირი, ვგრძნობ, რომ ძალიან მცხელა და სუნთქვა ძალიან მიჭირს).

თავში ერთდროულად 3 აზრი მომდის:

  1. წავშალო ერთადერთი ვიდეო, სადაც ჯანგო ჭამს;
  2. კურდღელი მოვკალით?
  3. გაიგუდა რას ნიშნავს ანუ ვეღარ სუნთქავდა თუ გაიჭყლიტა?

ყურები დამიგუბდა და ტელეფონში ხმა ძალიან შორიდან მესმოდა.

-         ერთი წამი დამელოდე მირეკავენ...

ამ ფრაზის მერე ცოტა ხანს არაფერი მახსოვს, დავიმახსოვრებდი, 31 რაღაცაზე ერთდროულად რომ არ მეფიქრა და ამ დროს ისევ ტელეფონი...

-         შენ უთხარი?
-         ვის? რა?
-         სანდრიკამ დამირეკა.. ბაქსიც მოკვდა (ბაქსი მეორე, რუხი კურდღელი) მთელი დღე საჭმელი არ უჭამია და მოკვდა...

უცებ ისტერიულ სიცილს ვიწყებ, ვერ ვიჯერებ მარა მეცინება, მაგრად მეცინება, გაუჩერებლად ვიცინი...იმას ჩემი რეაქცია უხარია და უკვირს, მე ისევ სიცილს ვაგრძელებ უფრო და უფრო ხმამაღლა, იმანაც სიცილი დაიწყო, რაღაც ისტერიას გავდა, სიგიჟეს, ფსიქოდელიას.... პირველად მომხდარი მოვლენის არაადეკვატურ აღქმას.... თავში ისევ სამი აზრი მომდის:

  1. ერთი გასროლით 2 კურდღელი მოვკალით?
  2. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი?
  3. ადრე ამდგარსა კურდღელსა?

მიხვდი, რომ ოთხივე გავგიჟდით და უცნაური თავდაცვის ინსტიქტი ჩაგვერთო. მივხვდი, რომ არა სიცილი, ამის გადატანას ყველა ცალ-ცალკე ვაპირებდით საკმაოდ რთული და პრიმიტიული გზებით.

ჯანგოს და ბაქსის სათანადო პატივი მივაგეთ და ახლაც ხშირად ვიხსენებთ ხოლმე. ზუტად არ ვიცი, რა იქნებოდა ერთი ან ორი თვის მერე, მაგრამ ალბათ ჯანგოს და ბაქსის არსებობა ჩვენთვის ესეთი დასამახსოვრებელი არცერთ სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა. ეხლა ჯანგო და ბაქსი სადმე სხვაგან, სხვა რეალობაში მწვანე მინდორზე ხტუნაობენ და ჩვენსავით კი არა, მართლა გულით იცინიან.

ავტორი :
  • თამუნა მორჩილაძე