განრიგს წინასწარ არც ვამოწმებ ხოლმე. გადავშლი დილით და ინსტრუქციებს მივყვები.

ეს დღე კინოთი იწყებოდა, დღის სეანსით. ფილმს ერქვა “მე ჯადოქარი არ ვარ”. თითქმის ბოლომდე ვუყურე და სულ ბოლო 3 წუთი რომ იყო დარჩენილი, გამოვედი. პატარა გოგოზე იყო, სადღაც აფრიკაში, რომელიც იძულებულია აღიაროს რომ ჯადოქარია, რადგან მთელი სოფელი ადანაშაულებს ჯადოქრობაში. სანამ გრინვუდის სასაფალოზე მივიდოდი, ვფიქრობდი რომ იმედია, სულ მალე, მსოფლიოს არცერთ კუთხეში, არცერთი ქალი აღარ იქნება იძულებული ის იყოს, რაც არ უნდა და რაც არ არის, რადაც ყოფნასაც სოფელი, ოჯახი, თუ ქვეყანა აიძულებს.

სიკვდილის კაფე - შეხვედრებია, რომელიც თვეში ერთხელ სხვადასხვა ადგილას იმართება. ამჯერად გრინვუდის სასაფლაოზე, კრემატორიუმის ჰოლში. მე და აპექსარტის ელიზაბეთი შესასვლელთან შევხვდით. შესასვლელთან ფსევდო გოთურ სტილში აგებული უზარმაზარი კარიბჭეა. რამდენიმე წლის წინ, კენედის აეროპორტში, აფრიკიდან ჩამოყვანილი მწვანე თუთიყუშების ხის კონტეინერი შემთხვევით გაიხსნა თუ გატყდა. მწვანე თუთიყუშები გაფრინდნენ და ამ კარიბჭეში დაიდეს ბინა. ორი წელი იცხოვრეს აქ და მერე სადღაც სხვაგან გაფრინდნენ.

სიკვდილის კაფეს იდეა სიკვდილზე უცხო ადამიანებთან ლაპარაკია. სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანების იკრიბებიან და სიკვდილზე ლაპარაკობენ. ზოგს ვიღაც მოუკვდა, ვიღაც ავად არის და კვდება, ვიღაცეებს უბრალოდ სიკვდილზე ხმამაღლა ლაპარაკი უნდათ. ქართულში რომ სიკვდილის სინონიმი გარდაცვალებაა, კულტურაში, სადაც ინკარნაციის რწმენა არ არსებობს, ალბათ ნიშანია, რომ ენას უძველესი ცოდნა აქვს დამახსოვრებული. ცოდნა, რომ ამ სამყაროში არაფერი არ სრულდება და ყველაფერი მუდმივად იცვლება. გეშინია სიკვდილის? - მკითხა ერთ-ერთმა გოგომ, რომელიც სტუდენტი იყო და აქ კვლევისთვის მასალის მოსაგროვებლად იყო მოსული. კი არ მეშინია, უფრო სევდიანი ამბავი მგონია. აი, როგორც ის გრძნობა, საყვარელ ქალაქს რომ დატოვებ და რომ იცი, როგორ ძველებურად გაგრძელდება ყველაფერი უშენოდ.

რომ გამოვედით, მე და ელიზაბეთი ბრუკლინის ხიდით პარკში წავედით და ფეხით გავისეირნეთ.  აქედან მანჰეტენი ძალიან კარგად ჩანს. ღამე მითუმეტეს, უფრო ლამაზია. ზოგჯერ იქ ყოფნას, შორიდან ყურება ჯობია. 11 სექტემბერი იყო. ტყუპი სინათლის სხივი ღრუბლებზე ტყდებოდა. 11 სექტემბერი კარგად მახსოვს. სტუმრად ვიყავით და ტელევიზორში ცეცხლმოკიდებული კოშკების კადრები გადიოდა. 13 წლის ვიყავი და ისიც მახსოვს როგორ ვფიქრობდი, ალბათ დედამიწაზე უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა - მეთქი.

ესე დასრულდა  ჩემი პირველი კვირის განრიგი და ახალი ინსტრუქციები მივიღე.

დილით მედიტაცია. მერე ვიზიტი ნენსისთან, ჩემს ფსიქოთერაპევთან, რომელმაც, არ მახსოვს დავწერე თუ არა, პირველ ვიზიტზე ცხარე ცრემლებით იტირა. საღამოს კრიშნაიდების ცენტრში ვიყავი. სახლამდე ჰარე კრიშნას ვმღეროდი მთელი გზა.

დღეები დამოკლდნენ, ან მე მეჩვენება.

დღეს თავისუფალი დღე მქონდა. 2 საათი ნარდს ვთამაშობდი. ყველა ხელი მოვიგე. ახალი ნაპარნიკი მყავს, ანდრეასი და ვერცერთ ხელს ვერ მიგებს.

ფეხით ბევრი ვიარე. მიზნის და მიმართულების და დანიშნულების გარეშე. ისე, როგორიც ეს ტექსტია.

ნელა დავდიოდი, რუკის და ტელეფონში ჩახედვის გარეშე. ვიმახსოვრებდი ადგილებს, სახლებს, ფანჯრებს, მანქანებს, ხმებს, ფერებს, ღუბლებს, ბზარებს. რომ დავკარგულიყავი, უკან გზა რომ მეპოვნა. ცოტა ფოტოს ვიღებ, ძალიან იშვიათად. ვცდილობ ყველაფერი ზეპირად ვისწავლო.

ძილი ნებისა.