2020

ელიმინაცია

ავტორი: ცირა გვასალია

2020 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება უნდა შეწყდეს და პაციენტების 90% განიკურნოს

ღვიძლის უჯრედებს C ჰეპატიტის ვირუსი იოლად ცნობს, გარედან ეკვრის და ბრტყელ, ჩაზნექილ უჯრედებში თავსდება. ამ დროს ჰეპატოციტები ვიდეოთამაშის გმირს, პაკმანს ემსგავსებიან – განუწყვეტლივ ყლაპავენ ვირუსულ სხეულებს. ყლაპავენ, მაგრამ ვერ აქრობენ – ვირუსი ჰეპატოციტებში იხსნება და ღვიძლიდან სისხლში იჭრება, შემდეგ კი მთელ ორგანიზმში ვრცელდება.

C ჰეპატიტის ვირუსით, მსოფლიოში 150 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. მათგან 500 ათასი, ყოველ წელს, ვირუსით გამოწვეული ციროზით ან ღვიძლის კიბოთი კვდება. ინფიცირებულთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ვირუსი აქვს. ნაწილს კი, ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდება. ასე იყო საქართველოში 2015 წლამდე, ვიდრე C ჰეპატიტის მკურნალობის საფასური, ყველაზე ცოტა, 15 ათასს, ზოგ შემთხვევაში კი, 80 ათას აშშ დოლარს აღწევდა. განკურნების ერთადერთი საშუალება კი ინტერფერონი იყო, ძლიერი უარყოფითი გვერდითი ეფექტებით – თმის ცვენით, გულისრევით, ფაღარათით, სისუსტით, გამონაყარით და გაუსაძლისი ქავილით.

სხვებისგან განსხვავებით, 28 წლის ნატას გაუმართლა: ვიდრე მკურნალობას დაიწყებდა, საქართველოში „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა“ ამოქმედდა. „პროგრამა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველი მოქალაქე, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს, სრულყოფილ მკურნალობას ჩაიტარებს“, – ასეთი გზავნილით დაიწყო საქართველოში ვირუსთან ბრძოლა ორი წლის წინ. სიტყვა – ელიმინაცია ინგლისური სიტყვიდან – Elimination მოდის და განადგურებას ნიშნავს. თუმცა, ერადიკაციისგან [Eradication] განსხვავებით, ელიმინაცია ვირუსის სრულად გაქრობას კი არ გულისხმობს, არამედ ვირუსის გავრცელების შეჩერებას ისახავს მიზნად.

ნატა 3 თვის ორსული იყო, როცა გაიგო, რომ C ჰეპატიტი ჰქონდა. არადა, ცხოვრებაში სულ 3-ჯერ იყო კბილის ექიმთან, ოპერაციაც არასდროს დასჭირვებია, არც მანიკურ-პედიკურს იკეთებდა სილამაზის სალონებში. დღემდე ვერ ახსნა, საიდან აღმოჩნდა ვირუსი მის სხეულში.

ერთადერთი შვება მისთვის ის იყო, რომ შვილზე ვირუსის გადაცემის საფრთხე ძალიან მცირე აღმოჩნდა. მდგომარეობა ორსულობის ბოლოსკენ კიდევ უფრო დამძიმდა – ქოლესტაზი დაემართა, მთელი სხეული ექავებოდა. კანზე ამობურცული, მოწითალო უბნები უჩნდებოდა და თანდათან ფართოვდებოდა. გადასხმებს თითქმის ყოველდღე იკეთებდა, მაგრამ არაფერი შველოდა. „სულ ვტიროდი. ყველას გული უსკდებოდა, რომ მხედავდნენ“. ორსულობის ბოლო ოთხი თვე, ქავილის გამო ღამეებს ათენებდა.

C ჰეპატიტის ვირუსი პირველად 1989 წელს, ინგლისში აღმოაჩინეს. HCV პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა. ჰოსპიტლებში, ფრონტის სამედიცინო პუნქტებში – ყველგან საშინელი ანტისანიტარია იყო. ჯარისკაცებს ღია ჭრილობებს ერთი და იმავე, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით უმუშავებდნენ. ინფექციის მართვა მაშინ შეუძლებელი იყო.

ვირუსის აღმოჩენიდან 30 წელი გავიდა და მის წინააღმდეგ ვაქცინა დღემდე არ არსებობს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ რევოლუციური წამლები – სოფოსბუვირი და ჰარვონი – ამ ეტაპზე უალტერნატივო საშუალებაა დაავადების დასამარცხებლად, თანაც, ინტერფერონისგან განსხვავებით, ახალ პრეპარატებს საერთოდ არ აქვს მძიმე გვერდითი ეფექტები.

სწორედ ეს იყო სოფოსბუვირის ფორმულის ავტორის, ამერიკელი ქიმიკოსის მაიკლ სოფიას მთავარი თავსატეხი – როგორმე თავიდან აეცილებინა ის დამანგრეველი გვერდითი მოვლენები, რაც ძველ პრეპარატებს ახლდა თან. მეცნიერმა წამლის ზედაპირი „უხილავი გარსით“ შემოსა, რომ კაფსულას ღვიძლის ქსოვილში შეღწევამდე მთლიანობა არ დაეკარგა და მხოლოდ ღვიძლში გაწოვილიყო.

2011 წელს, მაიკლ სოფია ჯერ კიდევ ნიუ-ჯერსიში, „ფარმასეტში“ მუშაობდა, როდესაც ამერიკულმა ფარმა-გიგანტმა „გილეადმა“ ამ პატარა ფარმაცევტული კომპანიისგან სოფოსბუვირის წარმოების უფლება თითქმის 12 მილიარდ დოლარად იყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მედიკამენტმა „გილეადს“ 10 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. სოფოსბუვირის ერთი აბი ამერიკაში 1000 დოლარი ღირს, მისი წარმოება კი მხოლოდ 100 დოლარი ჯდება. ოთხმოცდაათდღიანი მკურნალობის კურსისთვის ერთ ადამიანს 90 კაფსულა სჭირდება. ამერიკელი აქტივისტები და პაციენტთა გაერთიანებები წლების მანძილზე ედავებოდნენ კომპანიას წამლის „ამორალური“ ფასის გამო.

„გილეადი“ იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო: 2014 წელს ჯერ ეგვიპტის მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება და ქვეყანას სოფოსბუვირი 10 დოლარად მიჰყიდა, შემდეგ რამდენიმე კომპანიას ლიცენზირებული გენერიკების წარმოების უფლებაც მისცა და 101 განვითარებად ქვეყანაში პრეპარატების გაყიდვაზეც განაცხადა თანხმობა.

ერთი წლის შემდეგ კი, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო შემოთავაზებით ჩამოვიდა. 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად ქვეყანა C ჰეპატიტის სამკურნალოდ სოფოსბუვირსა და ჰარვონის 2020 წლამდე უფასოდ მიიღებდა. პაციენტებს დამატებით მხოლოდ დიაგნოსტიკის საფასურის გადახდა მოუწევდათ. სამთვიანი მკურნალობის შედეგების გადამოწმება დაახლოებით 700 ლარი ჯდება, ექვსთვიანი მკურნალობისა კი, თითქმის 900 ლარი. 2017 წლიდან თბილისის მცხოვრებლებიდან, მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოქალაქეებს უფარავს დამატებითი გამოკვლევების ხარჯს ქალაქის მერია. რეგიონებში კი, გადაწყვეტილებას მკურნალობის საფასურის გადახდაზე კონკრეტული მუნიციპალიტეტი იღებს. „გილეადის“ ინიციატივამდე, C ჰეპატიტთან გამკლავება საქართველოს მსგავსი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის სრული უტოპია იყო – ყველა ინფიცირებულის მკურნალობის დაფინანსებას მილიონები სჭირდებოდა. 2015 წლამდე მკურნალობდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც თავად შეეძლო, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად თხუთმეტიდან ოთხმოც ათას დოლარამდე გადაეხადა.

C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული გართულებებით მსოფლიოში 400 ათასი ადამიანი იღუპება. სტატისტიკა ასე შემზარავად მხოლოდ იმიტომ გამოიყურება, რომ მკურნალობაზე ხელი ისევ ძალიან ცოტას მიუწვდება.

პირველ ეტაპზე „გილეადი“ საქართველოს მხოლოდ სოფოსბუვირს აწვდიდა. 2016 წელს კი წამლის გაუმჯობესებული ფორმულა – ჰარვონი შემოვიდა, რომელმაც მკურნალობის რეჟიმებიდან თითქმის სრულად ამოაგდო ინტერფერონი. გამონაკლისია მესამე გენოტიპის მკურნალობის სქემა – ეს C ჰეპატიტის ის ფორმაა, რომელსაც მარტო ჰარვონი ვერ ერევა და სამკურნალოდ ინტერფერონიცაა საჭირო. ასეთ დროს, ინტერფერონის შესაძენად, დამატებით ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში“ დაწყებიდან დღემდე 41 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 18 732 კი, სრულად განიკურნა ვირუსისაგან. თუმცა, ქვეყანაში კიდევ 150 ათასამდე ადამიანი რჩება ინფიცირებული, დაახლოებით 110 ათასს კი ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პოპულაციის დაახლოებით 7 პროცენტი ვირუსის მატარებელია; აქედან 5 პროცენტს გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. ოთხმილიონიან საქართველოში ვირუსის გავრცელების ისეთივე მაღალი მაჩვენებელია, როგორიც, მაგალითად, მილიარდიან ინდოეთსა და 95-მილიონიან ეგვიპტეში. „გილეადს“ „HCV ელიმინაციის პროგრამა“ ამ ქვეყნებში ბევრად უფრო ძვირი დაუჯდებოდა. საქართველოსგან წარმატებული „ქეისის“ შექმნა კი, გაცილებით იაფი და ეფექტიანია. ეს არგუმენტი ყველაზე უკეთ ახსნიდა კომპანიის ინტერესებს, საქართველოსთან გაფორმებული კონტრაქტი დღემდე კონფიდენციალურად რომ არ რჩებოდეს.

„გილეადმა“ არც ინდიგოს კითხვებს უპასუხა პროგრამის დეტალებზე, ხელშეკრულების ვადებსა და მხარეების მიერ აღებულ სხვა პირობებზე; არც იმაზე, შეწყვეტს თუ არა კომპანია მედიკამენტების მოწოდებას, თუ საქართველოს მთავრობა მთავარ მიზანს – ელიმინაციას – 2020 წლისთვის ვერ მიაღწევს.

თბილისში, მიხეილ ასათიანის 9 ნომერში, C ჰეპატიტზე უფასო ტესტირების ლაბორატორიაა, სადაც 15 წუთში ადგენენ, არის თუ არა ვირუსი ორგანიზმში. ქვეყანაში უკვე 11 ასეთი ლაბორატორია გაიხსნა და ბოლო ორი წლის მანძილზე, სწრაფი ტესტი 800 ათასმა ადამიანმა გაიარა. მათგან 69 ათასს HCV ვირუსი აღმოაჩნდა. HCV ტესტს უმეტესად სავალდებულო ანალიზების ჩაბარებისას იღებენ – ოპერაციამდე, ფეხმძიმობის დროს ან სამხედრო სამსახურში გაწვევის წინ. ამიტომაც, ხშირად, პაციენტების ნაწილი გვიან იგებს, რომ ინფიცირებულია. 2015 წლის დეკემბრიდან, C ჰეპატიტის ტესტი უფასოა ორსულებისთვისაც. ამის წყალობით ერთ წელიწადში დამატებით დაახლოებით 60 ათასს ორსულს ეცოდინება თავისი C სტატუსი; 2016 წლიდან კი, პაციენტები, ვინც სტაციონარში 24 საათზე მეტხანს დარჩება, ასევე იკეთებს anti-HCV ტესტსაც. გიორგიმაც ოპერაციის წინ აღმოაჩინა, რომ C ჰეპატიტის ვირუსი ჰქონდა. მისი ღვიძლის მდგომარეობა საგანგაშო იყო – დაშლის ბოლო ეტაპამდე, ციროზამდე ცოტაღა აკლდა. ამ დროს, იქამდე არავითარი სიმპტომი არ ჰქონია. ასეა ინფიცირებულების 80 პროცენტში – ვირუსის საინკუბაციო პერიოდში, რომელიც სამიდან ექვს თვემდე გრძელდება, სიმპტომები – მაღალი სიცხე, სისუსტე, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, მუქი შარდი, სიყვითლე – ძალიან იშვიათად ვლინდება.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი, გიორგი „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში“ სწრაფად ჩაერთო. „ვიცოდი, რომ სერიოზული დიაგნოზი მქონდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ განკურნებადია“. მკურნალობამ მძიმე გვერდითი ეფექტების გარეშე ჩაიარა. მესამე თვეს ვირუსი გაქრა; მეექვსე თვეს კი, უკვე ღვიძლის მდგომარეობაც გამოსწორდა: დაზიანება F3-დან F1-მდე ჩამოვიდა და ღვიძლის ქსოვილმა თვითაღდგენა დაიწყო.

ჰეპატიტი

Hepatitis

სტანდარტული თორმეტ- ან ოცდაოთხკვირიანი მკურნალობის მეოთხე კვირას ანალიზი ხშირად განეიტრალებულ ვირუსს უჩვენებს, რაც წარმატებულად მიმდინარე მკურნალობის ნიშანია, თუმცა დაიმედებული პაციენტები, ხშირად, ტესტის შემდეგ დროზე ადრე წყვეტენ მკურნალობას. ამ დროს, კურსის დასრულებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ ტესტში მიღებული უარყოფითი შედეგი ნიშნავს ვირუსისგან საბოლოოდ გათავისუფლებას. საქართველოში ვირუსის ასე ფართოდ გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი უწყობდა ხელს: არასაკმარისი ინფექციური კონტროლი, არასტერილური ინსტრუმენტები კლინიკებში და, ასევე, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას გამოყენებული შპრიცების ხელახლა გამოყენება. 1990-იან წლებში ვირუსი ადამიანის ორგანიზმში დონორისგან გადასხმული სისხლიდანაც კი ხვდებოდა. უფრო იშვიათად, მაგრამ ვირუსი შეიძლება სექსუალური კონტაქტით და ორსულობის დროს, დედიდან ჩვილშიც გადავიდეს. C ჰეპატიტის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი წყარო სილამაზის სალონებში გაუსტერილებელი სამედიცინო იარაღებიც იყო. 2015 წელს ქვეყანაში 2000-ზე მეტი სალონი შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაციის წესები დარღვეული იყო.

2017 წელს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 13 ძირითად ლაბორატორიაში, სადაც C ჰეპატიტის დეტალური ანალიზი [HCV RNA] ტარდება, ტესტირების ხარისხის კონტროლი დაიწყეს. ცენტრი პირველი ეტაპის შედეგებს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, თუმცა, პროგრამის დაწყებიდან ორი წლის თავზე, პაციენტთა მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო. არადა, კვლევის მიხედვით, 110,000 ათასი მოქალაქე ჯერ კიდევ ინფიცირებულია. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, ვირუსის გადადების 45 225 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

პროექტზე პასუხისმგებელი მედიკოსები – მაია ბუწაშვილი, თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე ამბობენ, რომ მოქალაქეებმა ან არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, ან საერთოდ არ სმენიათ ელიმინაციის პროგრამის შესახებ. სტატიის ყველა რესპონდენტმაც სავალდებულო ანალიზით შეიტყო, რომ C ჰეპატიტი ჰქონდა. ნატა დღემდე ამაოდ ცდილობს ვირუსის წყაროს დადგენას. ორსულობის 38-ე კვირას, მისმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვის მუცლად გაჩერება აღარ შეიძლებოდა. C ჰეპატიტით გამოწვეული ქოლესტაზი საშინლად იყო გამწვავებული. ბავშვი საკეისრო კვეთით გაჩნდა – გოგონა ჯანმრთელი დაიბადა. დედას ახალშობილისთვის ძუძუ არ მიუცია: ბუნებრივი კვების დროს ვირუსის გადაცემისა შეეშინდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი ძუძუთი კვების დროს, დედიდან ჩვილზე არ გადადის. „ელიმინაციის პროგრამაში“ ნატა ბავშვის გაჩენიდან ორ თვეში ჩაეწერა, მკურნალობა კი, ერთი წლის შემდეგ დაიწყო. ჰარვონის ორსულობის დროსაც ნიშნავენ ხოლმე, თუმცა ნატას ექიმმა გადაწყვიტა, მკურნალობა ბავშვის დაბადებამდე მაინც არ დაეწყო. ჰარვონის ოთხმოცდაათმა კაფსულამ ნატა C ჰეპატიტისგან სრულიად განკურნა, თუმცა გადასცა თუ არა ბავშვს ვირუსი, ჯერაც არ იცის.

გოგონა უკვე ორი წლისაა. „წესით, ანალიზი ერთი წლის შემდეგ კეთდება, რადგან ვირუსი უკვე კარგად ჩანს. მაგრამ ბავშვი ტესტზე ჯერ არ მიმიყვანია – სულ შემდეგი კვირისთვის ვდებ. ეტყობა, პასუხის ცოტა ისევ მეშინია“.