პარეიდოლია  ესაა ფსიქოლოგიური ფენომენი, როდესაც ადამიანი იმას ხედავს ან ესმის, რაც მისთვის ხელსაყრელია ან მნიშვნელოვნად ეჩვენება, ან მისთვის ნაცნობ სააზროვნო თუ ყოფით მოდელთანაა კავშირში. მაგალითად, შემწვარ კვერცხზე ქრისტეს გამოსახულებას რომ ნახულობენ ფანატიკოსები, ეგეც პარეიდოლიაა და კიდევ რამდენი რამე... შეიძლება ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე ცენზორების შემთხვევაშიც. შეიძლება ისინი მართლაც ხედავდნენ ეგზისტენციურ საფრთხეს, როცა კრძალავდნენ, მაგალითად, "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"-ს. მოუხერხებელი მაგალითია, მესმის, მაგრამ ნებისმიერი მაგალითი ასეთი ან უფრო აბსურდული იქნებოდა, რადგან თავად ცენზურის ბუნებაა აბსურდული.

 

ფრანსუა რაბლეს წიგნები გამოცემისთანავე რომ იკრძალებოდა, ეს რაღაცნაირად შეიძლება ლოგიკურ ჯაჭვში ჩააბა  პროვოკატორი გენიოსი იყო, ასეთები, აბა, რომელ ცენზორს უყვარს, არც ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკის“ აკრძალვა გაგიკვირდება  ასეთი წიგნები ყოველთვის აშფოთებთ „ზნეობის დარაჯებს“ და, ბოლოს და ბოლოს, არც სოროკინის „რიგის“ აკრძალვაა საოცრება  პოსტსაბჭოეთის აბსურდი ასე სრულად არავის აუსახავს. მაგრამ, აი, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ რატომ უნდა აკრძალო, არ ვიცი. არადა, არაერთი ქვეყნის არაერთ სკოლაში მისი შეტანა დღემდე დაუშვებლადაა მიჩნეული.

თითქოს საგანგებოდ ირჩევდნენო, თითქმის ყველა აკრძალული წიგნი, ეს დრომაც დაამტკიცა, გამორჩეულად მაღალი ხარისხის ლიტერატურაა.

მარტო ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაც სრულიად კმარა კარგი განათლების მისაღებად. ვატიკანის ეს „შავი სია“ დამტკიცდა 1600 წელს და მხოლოდ 1966 წელს გააუქმა პაპმა პავლე მეექვსემ. ფაქტობრივად, თუ რამე კარგი, ხარისხიანი და საინტერესო იყო დაწერილი, ყველაფერი შეიტანეს ამ სიაში. სამწუხაროა, რომ ეს სია გააუქმეს, კიდევ რამდენი კარგი წიგნის აკრძალვა შეიძლებოდა!

არ მინდა, ვინმეს ბიბლიოფობი ვეგონო, უმალ პირიქით. აკრძალვა რომ პეწს აძლევს ლიტერატურას, ეს ხომ ცნობილია. და არამარტო ლიტერატურას. მარკ ტვენზე უკეთ ვინ იტყოდა, კიდევ კარგი, სამოთხეში გველი არ იყო აკრძალული, თორემ ადამი მასაც შეჭამდაო. აკრძალვაზე თუ მიდგა საქმე, თავად ამ სენტენციის ავტორს პირადი ამბებიც უხვად ექნებოდა მოსაყოლი. მისი „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ პერიოდულად იკრძალებოდა, მერე ისევ ჩნდებოდა, მერე ისევ იკრძალებოდა და ა.შ. პირველად 1885 წელს აიკრძალა. მოტივი ასეთი იყო: „ეს არის ნაგავი და მაწანწალების საკითხავი წიგნი“. არ ვიცი, მაწანწალების საწინააღმდეგო ასეთი რა ჰქონდათ, მაგრამ კარგა ხანს კი იყო საიმედოდ აკრძალული.

ბოლო აკრძალვა რამდენიმე წლის წინ შეეხო მარკ ტვენს, თუმცა, ამჯერად სხვა მოტივი იყო – არაერთხელ გამოყენებულ ტერმინ „ნიგერის“ გამო წიგნი, თურმე ნუ იტყვით და, „რასობრივად არასენსიტიური“ გამოდგა. ერთი ცენზორი მთლად ხელიდან წასული აღმოჩნდა და ისეთი ისტორიული სიბრიყვე დაროშა, კარგა ხანს სამაგალითოდ რომ გამოდგება: ვინაიდან „ნიგერი“ დისკრიმინაციულია, ავდგეთ და მთელი ტექსტი „აფროამერიკელით“ ჩავასწოროთო.

თუმცა, უფრო დიდი აბსურდებიც ყოფილა ისტორიაში. მაგალითად, ორმაგი ცენზურა  ანუ ცენზურა იმ წიგნისა, რომელიც წიგნების ცენზურაზეა დაწერილი. რეი ბრედბერის „ფარენჰეიტი 451“ ზუსტად ასეთ „ბედში ჩავარდა“, ცენზორი კი, არც მეტი, არც ნაკლები, მისი გამომცემელი იყო, რომელსაც რაღაც პასაჟები რადიკალური მოეჩვენა, ლექსიკა კი უხეში, ამიტომ თავისი ვერსიით ჩაანაცვლა და ისე გამოსცა.

ვფიქრობ, ბრედბერი მაინც მსუბუქად გადარჩა, თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ძალიან ხშირად წიგნებს საერთოდ წვავდნენ და მეტიც: ზოგ შემთხვევაში, ავტორებიც აუშიშხინებიათ ხოლმე. ადრინდელზე კი არ ვამბობ, სულ ახლახან, ნაცისტების დროსაც საკმაოდ აქტუალური იყო წიგნების დემონსტრაციულდ დაწვა. 1933 წელს ფროიდის წიგნებს სახალხოდ წვავდნენ „რჩეული რასის“ იდეით შთაგონებული მასები, რაზეც ფროიდს უთქვამს: რა კარგია, ჩემს წიგნებს რომ წვავენ, შუა საუკუნეებში ხომ მე თვითონ დამწვავდნენო.

რაც უნდა იყოს, დღეს მსოფლიოს დიდ ნაწილში ცენზურის საკითხი ასე ღიად არ დგას. თუმცა, ფარულად, შემოვლითი გზებით ის ისევ მუშაობს. ცენზორები ისევ ცდილობენ ჩვენს დაცვას „საშიში აზრებისგან“, „გამრყვნელი“ წიგნებისგან და „უზნეო“ ავტორებისგან.

რთული სათქმელია, რატომ კრძალავენ, ან რატომ ეკრძალვიან და ფრთხიან ცენზორები? მათი მოტივი ყოველთვის სხვადასხვაა: პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, კულტურული და ა.შ. მაგრამ საერთოც უნდა იყოს: აზროვნების შიში. ლიტერატურა აზროვნებაა და, ხშირ შემთხვევაში, არც ისე სტანდარტულად აზროვნება. რუტინის გამბზარავი თავხედი ანგელოზები კი, აბა, ვის უყვარს!

თუმცა, აკრძალვებზე გამეცადინებულებმა ერთი ჩვენი თანამედროვის, იაკობ კროტოვის ეს აზრი რომ წაიკითხონ, შეიძლება რაღაცები შეცვალონ კიდეც ცხოვრებაში:

„ხელოვნება იმიტომ კი არ ეთამაშება სიწმინდეებს, რომ პატივს არ სცემს მათ, უბრალოდ, ხელოვნება ეთამაშება ყველაფერს“.

 ვერ შეედავები.