ქუდი გვერდზე დაგიხურავს

მახსოვს ბოგდასაროვმა დამირეკა, ვიცი შენი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენი სიტუაციაც ხო იცი, მე და ილარიონის ურთიერთობაც ხო იცი, ჩვენი ძმობის ამბავი, და ძაან გაჭედილები ვართ, და ბოდიშს გიხდი, სხვა გზა რო არაა, ჩვენი კაცია, კონტაქტზე თვითონ მოვა, რამე შარი არ გეგონოს, სანდოა, ძმაა და რაც დარჩენილი გაქვს სულ მიეცი, მაყუთს მერე მოგაწოდებსო. მეთქი არტურ, და არ დამაცადა, ნანაო, მე ხო მენდობიო, ილარიონის ამბავი რა იყო ჩვენთვის ხო იციო და ისიც ხო იცი სუფთები რომ ვართ, ნანაო და მეთქი ჯანდაბას, მეც მოვიშორებ, ბოლო ბაშები იყო. 

იმავე საღამოს დამირეკა, თბილი ხმა ჰქონდა, დაბალი. თქვენთან არა, არა, ვიცი საშიში არაფერია, მაგრამ მაინც თავი დავიზღვიოთო და ადგილი მითხრა. იქო, ფანჯარასთანო. დავაგვიანე. ხმა სხვა ჰქონდა, იმასაც სხვანაირს ველოდი. არ მომეწონა. გავეცანით. ილარიონი არ უხსენებია, მაგრამ მივხვდი, იცნობდა. ასე, ათი წუთი ვილაპარაკეთ.

სანამ მაგიდიდან წამოვდგებოდით, რატომღაც, უცებ, საყურეები მოვიხსენი. თვალი გამომაყოლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მის თვალწინ ვიხდიდი. 

საყურეებით დავიწყე. კი. 

ქუდი გვერდზე დაგიხურავს, ამპარტავანსა გევხარო 

ვერა მოვარდა დიდის ამბებით, ვერა ხო თამარას ფეხია, სოფლის ჭორიკანები ეგენი, ნარგიზას ყოფილი საყვარელი იყო ბოგდასაროვებთან, თურმე, სტუმრათ. მაგ კაცზე ლეგენდები რო დადიოდა ამ ნარგიზასგანაო ხო გახსოვს, მარა ნარგიზას ნაქები კაცი რაც იქნება ახლა, ხო ხვდებიო, მარა სტუმრათ არა მგონია იყოს, მე მგონია განენიე აქო, მარა შენ რა გგონია, იმჩნევენ ესენი რამესო? აგე, მაღაზიასთან ზიან, ეწევიან პაპიროსს და პივას სვამენო. ჩემთვის ვიფიქრე, ერთი გავივლი, გამოვივლი, არტურასთან საქმე მქონდა ერთი, პატარა, მაგას მერე ვიტყვი, იმისი სტუმარი არა მცხელოდა და ერთი კაბა მაქ ვარდისფერი, ზბორიანი, ახლა ჩემ ტრაკზე კიდე ზბორი შეილება? მარა ყულიჯანოვის მუგუზალმა ხო მითხრა, ლილიანა, მაგ კაბაში რო გხედავ, აი, ის აშუშენიები მაქ, აი, ბებიაჩემს ჩემი დაბანისას ვედროები რო აერია და დამმდუღრა ბავშობაზეო. მიხდებოდა, მოვიხდინე, ჩავიცვი. იმ დამპალი არტურას ყურადღების მისაქცევათ. ავიღე ჩემი ვედრა, წითელი, თან ბარემ ქლიავს დავკრეფ, ჩემი ძმისშვილებისთვის მინდოდა, ჩემი ბაღჩა ბოლოსკენაა, იქეთ, ბაღჩა კია, მარა ნაპირებზე ასე ქლიავის ხეები მაქ მწკრივათ ჩარგული, ეგ გზა უნდა გამევლო, მაღაზიისაკენ და გავედი. რომ ჩავუარე, უფრო არტურასთვის, მართალია, ადგეს იქნება გამომყვეს, ჩემი სათქმელი უთხრა, მარა არაა, არ განძრეულა, ერთი გადავხედე ასე, ორივეს ზემოდან და ამისი თვალები შემეფეთა, მეორესი, ისე არტურაც მიყურებდა გვერდიდან, რო იცის ისე, მარა ამას შევხედე, ნარგიზასას, და თან გამარჯობა არტურ-თქო, ესა კიდე მეთქი რასა გავს, ჟეშტიანშიკსა გავდა, გაგიმარჯოს ლილიანავო, არტურამ და ამას მერე თვალებში შევხედე და თვალები კი ქონდა ისეთი, თან ჩემზე მობჯენილი, სულ იქ გამკრა, მე მასე ვიცი, და ჩავიარე, გავცდი ახლა ამათ, მარა ჩემი გული, ამოვარდნაზე მაქ. დავიწყე ქლიავის კრეფა და თან  იქეთა ვარ, მაღაზიისკენ, ავდე და ის წითელი ვედრა, ჩემი, ხეზე შემოვკიდე, ასე ზემოთ, ჩემი ბაღჩა რო გაივლი გზას და მერე აღმართზე და ისე არი, მაღაზიასთან რო სკამია, იმის კუთხეში თუ ზიხარ, აქეთ, ჩემ მხარეს, დაინახავ ამ ხეებს ქლიავებისას და მერე ეს ვედრა კაი ხანი ნაკოლი კი იყო ისე. შემოვტრიალდი და აგერ არა დგას, ასე თვალები აქ დიდი, მუქი და ლამაზი. ლილიანაო.

თვალების გარდა კიდე ჰქონდა რაღაცეებიც. იფ. 

ბარისლალო

ორმოციც არ მაცალეს და თავზე დამადგა კაკაურიძე თავის ორ კაცთან. მეო, ალბათ გეცოდიონებით, ქალბატონო ნანაო. მეო, ალბათ ხვდებით, რად მოვედი თქვენსა ქალბატონო ნანაო, მეო, საერთოდ ასე იყო ილარიონთან და როგორც იყო, ისე უნდა გაგრძელდესო თქვენთანაც, ქალბატონო ნანაო. მეთქი, ბატონო კაკო, ის, რამაც ჩემი ქმარი მოკლა და რის გამოც აქ მობრძანებულხართ, მე იქ ხელი დამიბანია მეთქი. მიდით, დაიარეთ სახლი თუ რამეს იპოვით, აგერ ვარ, არსად გავრბივარ, იპოვეთ და სამუდამოც მომეცით თქო. მაგას რატომ მკადრებ, ქალბატონო ნანაო. მე ერთი უბედური მარტოდარჩენილი ქალი ვარ და არ მინდა ცხოვრება გავირთულო მეთქი. დასანანია ასეთი ლამაზი ქალბატონისგან ამ სიტყვების მოსმენაო.

და ჩემს გაქვავებულ სახეს რომ შეხედა, ხმა აღარ ამოუღია.

ტაში, ტაში

ეხლა კაკაურიძისა ვთქვა. ადრინდელი ამბავია. ნაზიბოვა იყო ერთი, ჩემი ძმის მეზობელი. კარგათ არ ვიცნობდი. ერთი ეგ იყო, მაგისი შვილები ჩემ ძმისშვილებთან თამაშობდენ ხანდახან. მომადგა ერთხელ დილაადრიან სახლში და ჩამივარდა ფეხებში, ვისთვისაც უნდა მიმეცა, გადამაგდო და შენი ჭირიმე, დაიტოვე ასე, ორი-სამი დღე, თუ ვინმე გამოჩნდება ოთხას დოლარად მიეცი, თუ არადა მერე ბაზრის დღე მიწევს და წავიღებ ისედაც მერეო. დავიტოვე მე დებილმა. იმავე დღეს სამმართველოს ბიჭები დამდგნენ თავზე და მეთქი გამყიდა ამ ნაბოზვარმა ნაზიბოვამ, მეთქი, აი, სამაგიეროს სად მიხდის, მე და მაგის ქმარზე იყო რაიონში ჭორი და სანამ ესენი მეტყოდენ რამეს, დავასწარი, ატკაზზე აღარ წასვულვარ, უფროსი იმათში რომელიც იყო, შევატყე და მეთქი, ასე და ასე, ამისი და ამისია და აგერ დევს, აგე, იმ ქვაბში მეთქი. 

გადამეკიდა იმის მერე კაკაურიძე, მირეკავდა ტელეფონზე. ნასედკად მკერავდა, მარა არ გამოუვიდა. ბოგდასაროვი ჩავრიე და დამანება თავი. ერთხელ მთვრალი გადმომიხტა მანქანიდან, მჩქმიტა ლოყებზე და შენ ისეთ ხალხზე გამიყვანე მაშინ, რაც გინდა, მთხოვე კროშკავო. ჰე, ჰეე. მაინც კაკაურიძე იყო, რა ვიცი, სად დამჭირდებოდა ეგ დამპალი.  

აქედან გორი შორია

ხანდახან გავიფიქრებდი: ნეტა, ჩემი ცხოვრება ეს იყო, ეს ორმეტრიანი კაცი თვრამეტი წელი გვერდით მწოლოდა, მერე უცებ აღარ ყოფილიყო, ქვრივი მრქმეოდა, ილარიონისი, და კიდევ ახლა სულ სხვისი დაჩკები მქონოდა თავში, ჩემი ცხოვრების აზრი მარტო ეგ ყოფილიყო, ასე გულმოდგინებით, მეცხო, მეყიდა, მომემზადებინა, შემეფუთა, ჩამედო, ავტობუსში ამეტანა, გზად მევლო, ჩავსულიყავი, რიგში ვმდგარიყავი და ერთი სული მქონოდა როდის გავცდებოდი ამხელა რკინის კარებს და განა მარტო ერთს, ბევრს, თან ახალი კაბები ჩამეცვა, კი შავი, მაგრამ მაინც ახალი, სვიდანიედან კიდე ისე გამოვსულიყავი, თავდახრილი, თვალი არავისთვის გამესწორებინა, თვალში არავისთვის შემეხედა, სახე დამემალა, ჩემი სიამოვნება რომ არ ეგრძნოთ, რომ არ წაეკითხათ და სახლში მოსულს კარადაზე გამოდებულ ილარიონის სურათთან, გადიდებულთან, მივსულიყავი, ჩარჩოს მინაში ჩამეხედა სარკესავით, თმა გამესწორებინა და მეთქვა:

– რა ცოტა ხარ, ილარიონ, რა ცოტა.  

აქედან გორი შორია, თვალმარგალიტი ბროლია

ნადზორის ბიჭი გამომაყოლებდა დაშტერებული თვალებს. პირზე ხელს კი მაფარებდა, მარა. რა იყო, ბიჭო, რას მიყურებ, ლამაზი ვარ მეთქი? და გავიცინებდი. უხხ, სიცილიც როგორი გაქ ლილიანაო, ყულიჯანოვი ამასაც მეუბნებოდა, მახსოვს. 

შენ სანახავად მოვსულვარ

იმ ქვეყნის ნათრევ ქალს სთხოვე მეთქი ეგა, ქვეყნის ნათრევს, თორე შენ ჩემთვის მეორე ხარ ჩემი ქმრის მერე, მეორე და უკანასკნელი, მიდი, იმას სთხოვე მეთქი, მე რატო მთხოვ, მე მაგას რატო მეუბნები, მიდი, ეგ მაგას გაგიკეთებს, ეგ მაგაზე უკან როგორ დაიხევს, მაგას კი არა, ხმას ყრის ჩემი გულის გასახეთქად, ვითომ შენგან ფეხმძიმედ იყოს, ჰო, არ იცოდი არა, არ იცოდი, ვიცი, რომ არ იცოდი, მაგრამ ის თუ იცი, მე რომ ვიცი, ეგ მათხოვარი ჩემსავით, თურმე, აქაც რომ დაეთრევა, და ერთი დღე თურმე ჩემი რომაა და მეორე დღე თურმე მაგისი. რა იყო მეთქი ბიჭო, რა ვეღარ... და მეტი ვეღარ ვქენი, ტირილი ამივარდა. ხმა არ ამოუღია. იჯდა ისევ იქ, თავის ადგილზე, თვალებგაფართოებული და თეთრი. წამოვდექი, ავიფარე სახეზე ცხვირსახოცი და ჩემი იმედი არ გქონდეს მეთქი, გასვლისას მივუგდე. 

იმავე დღესვე მოვძებნე. კარადის უკან, კარადასა და კედელს შორის ჰქონდა დამალული ილარიონს. 

შენს სანახავად მოვსულვარ, სხვა საქმე არ მქონია 

კისერზე ჩამოვეკიდე და ვკოცნი და ვკოცნი, მარა რაღაცა არ მომწონს. ჩავუცურე ქვევით ხელი და არა, შენც არ მომიკვდე. ვაიმე, მეთქი, აი, სად შემხვდა ისმაილოვას ჯადო, ზაფრა იყო, მარა კარგად რო შევხედე და დავაკვირდი, ჯადო არ იყო, ლომკა იყო, მე მაგას ვინმე მასწავლის? ცუდათ ვარ ძალიან, ლილიანავო. აირია სიტუაცია მაგარი, ვინც გვაწვდიდა, შეუდეს მაგარი და ძაან ცუდათ ვარო, მე ეხლა კაცს და ტელეფონის ნომერს გეტყვი, გადელიაა ერთი, ბარიგა, ფულს ბოგდასაროვს გამოართმევ და შემომიგზავნი დაჩკითო. გული გავიქვავე და არრა მეთქი. თან ვფიქრობ, ის ჩემზე ადრეა აქ ნამყოფი, ან ჩემ მერე მოვა, რა მნიშვნელობა აქვს, მე უარს ვეტყვი, ადგება იმას ეტყვის, სხვა რაღა გზაა, შეეხვეწება, ის კიდე გაუკეთებს, ყველაფერზე წამსველელი ქალია, და აი, კაკაურიძე სად გამახსენდა. აი, მეთქი ორ კურდღელს სად ვიჭერ. მომეჩვენა თუ რა იყო, თვალები აუცრემლიანდა სიმწრისგან. ლილიანა, აი, ამას არ ველოდი შენგანაო. მე რა, შენგან ველოდი ისმაილოვას ნაბოზვრისთვის იმ მძივის ჩუქებას მეთქი? მივაკივლე.

ავდექი და გამოვედი. ნადზორის ბიჭს გაკვირვებული არა, გაოგნებული სახე ნეტა თუ დამავიწყდება.

იმავე დღეს დავურეკე გადელიას. ესა და ეს ვარ მეთქი, ამისი და ამისი თქო.

აბა მე გული მომითმენდა? მე გული მომითმენდა? მე რა, გგონია  აღარ მიყვარდა? ჰა, აღარ მიყვარდა? მიყვარდა, მიყვარდა, მაინც მიყვარდა. 

რა დღეში იყო ჩემი ბიჭი. 

ალალბედი ნისლიაო 

ეს სამი დღეა ხან სად წამსკდება ცრემლი ხან სად. სახლში კიდე არა უშავს, კედლის გარდა სახლში მე ვინღა მყავს, მაგრამ, აი, ბაზარში რომ ამივარდა ქვითინი ან კიდე ავტობუსში რომ ვიცრემლები ჩემთვის თავდახრილი, ეს ვიღას ავუხსნა ან როგორ ავუხსნა. ენა რომელმა მომითრია აღარ მახსოვს, რა მნიშვნელობა აქვს. იმ დღის აღარაფერი ვიცი, დამტვრეული ჭურჭლის გარდა, ისტერიკა მქონდა. ჩავიცვი და გავიქეცი ლარისასთან, სახლში მივადექი პირდაპირ. თან მინდოდა არავის დავენახე,  სხვას იფიქრებდნენ, გინეკოლოგი იყო მაინც. გავიმეხე ეს სახე და გეცოდინება მეთქი, ალბათ, და რატომ მოვედი მეთქი, ხვდები, ალბათ, და მითხარი მეთქი, თუ მართლა ასეა, ნუ დამიმალავ. არა ნანაო, ლილიანას დაყრილი ხმებიაო. ვეღარ გავიგე მეტირა თუ მეცინა. ვენდე. ვენდობოდი ლარისას. ჩამოვჯდები მეთქი ცოტა ხანი, ცუდად ვარ. ხელი მომკიდა ხელზე და უუდაბნოდ იქცეს მეთქი შენი საშვილოსნო ლილიანა ტიმოვა! უდაბნოდ გექცეს შენი საშვილოსნო! 

ლარისას რომ შევხედე, ტიროდა. ეგეც ჩემსავით უშვილო იყო, ეგ ჩემსავით უბედური.

ალალბედი ნისლიაო, მე შენთვის მიტირნიაო

მერე ზევით ავედი, დარეჯანასთან. გოგოები იყვნენ, ყავას სვამდენ პაპიროსზე, ენები გადმოგდებული, თან იცინიან, იცინიან, მე კიდე ჩემ ბოღმაში ვიხარშები, გასივებული ვარ და დარეჯანამ შემამჩნია ისევ პირველმა, მაგას რას გამოაპარებ, ბოზობდა გათხოვებამდე და რა იყო ლილიანაო, რა გჭირსო და მეტი რა მინდოდა, მოვაღე უცებ პირი და მოვყევი, თან თვალებიდან სუ ღვარად მდიოდა ეს ცრემლი, არ მინდოდა მეტირა, მარა ჰე. თუ გახსოვთ ალიხანოვის სიდედრს რომ ჟემჩუგების მძივი ქონდა, მთელი რაიონი მაგ მძივზე რო ლაპარაკობდა წლობით-მეთქი, მერე რო მოკვდა ეგ ქალი და ალიხანოვმა ეგ მძივი კიდე რო გაყიდა, ფული წამალში რო გაუშვა, მაგაზეც ხო ლაპარაკობდა მეთქი მთელი რაიონი და მერე ეგ მძივი თურმე ჩემ ბიჭს ეყიდა, გოგოებო, ჩემ ბიჭს ეყიდა მეთქი. ეგ ამბავი თამარას ეთქვა, იმის მერე ყოველდღე ველოდებოდი, ან ახლა ჩამომკიდებს კისერზე ან ახლა და ისმაილოვას მაზლის გასვენებაში თურმე ვის ეკეთა თუ იცით მეთქი, ვისა? დაიძაბენ გოგოები და მიყურებენ თვალებდაქაჩული. ისმაილოვას ეკიდა მეთქი, თვითონ, თურმე, ნანასაა, ილარიონის ქვრივსაა, ცხვირზე ბუზს რო არ იჯენს, მარა ბოზი როა მეთქი, მოვთქვამდი, სუ გულიდან ამომდიოდა. დარეჯანამ დაუსხით რამე, დალევსო, გადავკარი და სსარჩობელაა, სსარჩობელა მეთქი შენს ყელსს, ნანა ისმაილოვა – ამოვიხრიალე.

შენ ჩემთვის რა გატირებდა

ვიპოვნე. კარადის უკან, კარადასა და კედელს შორის ჰქონდა დამალული ილარიონს. იმავე დღეს კაკაურიძეს დავურეკე. ვინმე ტიმოვას დაჩკები გქონდეთ მეთქი მხედველობაში ამ დღეებში. 

მე შენთვის რა მირგიაო

დავურეკე იმ დამპალს, ვაჰ, ლილიანა რამ გაგახსენე ჩემი თავიო. ვითომ გულზე ვეხატებოდი მაგ წურბელას, მაგ სისხლისმსმელს, ვითომ ჩემზე მზე და მთავრე ამოსდიოდა, მარა ხმაზე მაინც შევატყე ვეღარ იყო უწინდელ დუხზე, უწინდელად ვეღარ იფხორებოდა, სანდო ხმისგან მომივიდა კაკაურიძეს თავისი სამმართველოს ბიჭებიანად წყალი აქ შეყენებული და თავს გაყიდის, შვილს გაყიდის, ოღონდ პალაჟენიე დაიბრუნოს ახალი უფროსობის თვალშიო და მითუმეტეს, ასეთი მელკი რაღაცეებით მაგის გაკეთებას რა უნდა და აბა ჰე, მეთქი, ლილიანა, ჩემ თავს შეუძახე, აი, მოვიდა მეთქი შენი დრო, და ბატონო კაკო მეთქი, დაჩკებზე გაამახვილეთ ყურადღება მეთქი, ვაფშეტა გვარსაც გეტყვით, ვინმე ისმაილოვაა მეთქი რა. რაღაცნაირად ჩაეცინა და კი ვიფიქრე ესა მეთქი და რამე მაგათ ხო არ იცნობს, ეს ილარიონი ქვეყნის ბარიგა იყო, ეს კაკაურიძე კიდე ღორი, წყალწაღებული მკეთებელი თვითონ, და მეთქი, ა? რამე პრობლემაა მეთქი, ბატონო აკაკი? არა, კროშკაო, მერე გამოიარე ჩემსკენ, კარგათ გნახო ერთი, კაი გოგო ხარ შენ, კუდრაჭა გოგო ხარო და მე და შენ ვითანამშრომლოთ აწიო, არ დაგეკარგება ჩემგანო და დავწყნარდი, მეთქი ჰე ჰეეე, სად დაგერხა, ნანა ისმაილოვა!

ბარისლალობანებო 

ამანათი ლილიანა ტიმოვასთვის: 

1 შეკვრა სიგარეტი ელემი, 1 ყუთი მინერალური წყალი “ბორჯომი”, 2 ყუთი აჩმა, 10 პური, 3 კგ. ძეხვი, 2 ქილა არაჟანი, 1 ქილა ლეღვის მურაბა. 

ამანათი ნანა ისმაილოვასთვის:

1 შეკვრა სიგარეტი ელემი, 1 ყუთი მინერალური წყალი “ბორჯომი”, 10 ცალი ხაჭაპური, 30 ცალი ხორცის ღვეზელი, 2 ქილა არაჟანი, 10 ცალი ნამცხვარი “ეკლერი.” 

ბარისლალობანებოდა 

გოგოებო, ქალებო.

 

მოთხრობა შესულია კრებულში „მარინეს ანგელოზები“, გამომცემლობა წიგნები ბათუმში, 2017