მინსკში, კახოვსკის ქუჩაზე, ზემდეგი ოლგა პოდვიშენსკაია და სერჟანტი საულ ჰენრიხოვიჩი ახალგაზრდა ჟურნალისტს მასპინძლობენ და მეორე მსოფლიო ომის ამბებს უყვებიან. ოლგა თანამებრძოლ ქალს იხსენებს, რომელიც სიმამაცისთვის მედლით დააჯილდოვეს და წასახალისებლად რამდენიმე დღით სახლში გაუშვეს: „როცა დაბრუნდა, ყველამ სათითაოდ დავყნოსეთ. არ ვაჭარბებ: რიგში ჩავდექით და ვყნოსავდით; ვამბობდით, სახლის სუნი ასდისო“. საუბარში მისი მეუღლე ერთვება: „მე ეს არ მახსენდება... გვერდით ჩამიარა... მე კონკრეტული სამხედრო ცოდნა მაქვს, მას კი – გრძნობები. გრძნობები კი ყოველთვის უფრო მძაფრია, ფაქტებზე უფრო შთამბეჭდავი. ჩვენ ორი ომი გვაქვს... ჩემმა მეუღლემ თავისი ომი დაიხსომა, მე – ჩემი...“ მოგვიანებით ამ შეხვედრას სვეტლანა ალექსიევიჩი ცალკე თავს დაუთმობს თავის წიგნში და ასე დაასათაურებს – „ჩვენს სახლში ორი ომი ცხოვრობს...“

„ომს არ აქვს ქალის სახე“ სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია „უტოპიის ხმების“ სერიიდან. რუსულენოვანი ბელარუსი მწერლისთვის წიგნის დაწერის საბაბად ქალაქის გაზეთში გამოქვეყნებული სტატია იქცა – საგზაო მანქანების ქარხანა „უდარნიკი“ პენსიაზე აცილებდა უფროს ბუღალტერს, რომელიც ომის დროს სნაიპერი ყოფილა. ალექსიევიჩი ინტერვიუსთვის მარია მოროზოვას სახლში ესტუმრა და პირველი აღსარებაც მისგან მოისმინა: „ძნელად შევეგუეთ. სიძულვილი და მკვლელობა ქალის საქმე არ არის... საკუთარი თავისთვის ძალდატანება გვიწევდა...“ ყოფილი სნაიპერი ქალის მონათხრობი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა სამამულო ომის მასკულინური ნარატივისგან, რომელიც ძირითადად გამარჯვებისა და გმირობის ამბებით იყო გაჯერებული. ალექსიევიჩს კი სულისა და გრძნობების ისტორია აინტერესებდა, რისთვისაც განსხვავებული მთხრობელები უნდა მოეძებნა. 

პოლიფონიური წიგნის შექმნას ათასობით კილომეტრის გავლა, ასობით ინტერვიუს ჩაწერა და უნიკალურ მასალაზე მრავალწლიანი მუშაობა დასჭირდა. „მოყოლა აუცილებელია... სამყაროს უნდა შემორჩეს ჩვენი ხმა“, „გახსენება საშინელებაა, მაგრამ დავიწყება უფრო ძნელია“, „შენნაირი, ჩემო გოგო, ისტორიას ასობით სჭირდება. მთელი ჩვენი ტანჯვა-წამების, ჩვენი ურიცხვი ცრემლის აღსაწერად“, – სამამულო ომის მონაწილე ქალებისგან წერილებს ალექსიევიჩი ყოველდღიურად იღებდა, მათთან შესახვედრად გრძელ გზას გადიოდა და უკან დანაკლისის მტანჯველი განცდით ბრუნდებოდა. „მაგნიტოფონი იწერს სიტყვებს, აფიქსირებს კილოსაც. პაუზებსაც. ტირილს, დაბნეულობას. ვხვდები, რომ, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს, იმაზე ბევრად მეტი ხდება, რაც შემდეგ ქაღალდზე გადამაქვს. სულ იმაზე მწყდება გული, რომ არ შემიძლია „ჩავიწერო“ თვალები, ხელები...“ 

„ომს არ აქვს ქალის სახე“ შავ-თეთრი წიგნია წითელი ლაქებით. მიუხედავად იმისა, რომ ალაგ-ალაგ გამოკრთება გაზაფხულზე აბიბინებული ბალახის მწვანე და შაშხანაზე დამაგრებული იების ლურჯი, მესანგრის მიწისფერი სამყარო, გადამწვარ მინდვრებში მიმობნეული ძვლის თეთრი ფერფლი და სნაიპერის წითელი თავშალი გაცილებით მკვეთრი და შემზარავია. წიგნის კითხვისას წითლის, როგორც სისხლის ფერის, ამონათება ყოველ ჯერზე თანაბრად მტკივნეული და შემაძრწუნებელია – მომაკვდავი ჯარისკაცის ჭრილობა იქნება ეს თუ კარადაში გადამალული წითელი ჩითის კაბა. ალექსიევიჩის წიგნში მრავალფეროვანი მხოლოდ ხმებია, რომლებიც ამბობენ – ომზე ყველა ფილმი და წიგნი ყალბია, რადგან ომი ბევრად უფრო შემზარავიცაა და უფრო ლამაზიც. ალექსიევიჩის წიგნი კი გამორჩეულია, რადგან „ქალები სხვაგვარად და სხვა რამეებზე მოგვითხრობენ. „ქალის“ ომი სხვაგვარადაა შეფერილი, სხვა სუნი, სხვა განათება და გრძნობათა საკუთარი სივრცე აქვს. საკუთარი სიტყვებიც“. 

ალექსიევიჩის წიგნი არ არის მხოლოდ სულის ისტორია, ის ქალის სხეულის მტკივნეულ ამბავსაც გვიამბობს. ერთი მათგანი ომიდან დაბრუნებისას დედამ ვერ იცნო, მეორეს შვილმა მამა დაუძახა, მესამე ერთ ღამეში გაჭაღარავდა. ბევრმა ომის წლებში მენსტრუაცია დაკარგა და ნაყოფიერება ვეღარასოდეს დაიბრუნა. ყველაზე მეტად რაც ქალებს ომში გაუჭირდათ, ფემინური სიმბოლოების დათმობა იყო. კაბასა და გრძელ თმასთან განშორების სანაცვლოდ, ვერაფრით ეგუებოდნენ მამაკაცის საცვლებს და მძიმე ფეხსაცმელს. ნებისმიერ მიზეზს ეძებდნენ, რომ ხელში შაშხანის ნაცვლად საკერავი ნემსი დაეკავებინათ და წამით მაინც დაბრუნებოდნენ ომამდელ ყოფას. კაცის კვლა მათთვის იძულებითი როლი იყო, რაზეც ალექსიევიჩი თავისებურ ახსნას გვთავაზობს – რადგან ქალი შობს სიცოცხლეს, მას მოკვლა უფრო უჭირს. ხოლო რისი მოკვლაც ქალებმა ხელის აუთრთოლებლად შეძლეს, ეს ომი იყო. „მე, სოფია კუნცევიჩი, აქ ომის მოსაკლავად მოვედი“, – გამარჯვების დღეს რაიხსტაგზე მიწერილი ერთი წინადადება ათასობით ქალის სათქმელს ამბობს. 

ამ ყველაფრის პასუხად კი, ომიდან დაბრუნებულებმა საზოგადოებისგან გარიყულად იგრძნეს თავი. გამარჯვებულებად და გმირებად მხოლოდ მამაკაცები მიაჩნდათ, ქალებს კი ეჭვის თვალით უყურებდნენ, „ყველანაირ შეურაცხყოფას გვაკადრებდნენ, რუსული ლექსიკონი მდიდარია“, „ქალებს გამარჯვება მოგვტაცეს... ჩუმ-ჩუმად ჩაგვინაცვლეს ჩვეულებრივი ქალური ბედნიერებით“, „ომის შემდეგ კიდევ ერთი ომი გამოვიარეთ. არანაკლებ საშინელი. მამაკაცებმა რაღაცნაირად მიგვატოვეს, არ გამოგვესარჩლნენ“, – გულისტკივილით ამბობენ ისინი და ერთადერთ ჯილდოდ გამარჯვების დღეს მიიჩნევენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში 1983 წელს დაწერილი ტექსტის სრული ვერსია გამოიცა, წიგნში მაინც აღმოაჩენთ „გამოტოვებულ საკითხებს“; თემებს, რომელზე საუბარსაც ომის ვეტერანი ქალები 70-იან წლებში ჯერ კიდევ უფრთხიან. „შეიძლება ამაზე ლაპარაკი? ადრე არ შეიძლებოდა“, „ამას ნუ დაწერთ“, „სხვა გოგოებმაც თქვეს, თუ მოერიდათ? ვფიქრობ, ვერ გაბედეს აღიარება. ღირსებას უფრთხილდებიან! არადა, ყველაფერიც იყო!“ ქალებს კი ყველაზე მეტად იმის მოყოლა უმძიმთ, რამდენად სასტიკად ეპყრობოდნენ საბჭოთა ჯარისკაცები გერმანელ ქალებსა და ბავშვებს; მინიშნებითაც არ სურთ იმის ხსენება, საკუთარი ნებისა და გრძნობის საწინააღმდეგოდ როგორ იქცნენ სალაშქრო-საველე ცოლებად (სსც), რათა სხვა ჯარისკაცებისგან სექსუალური ძალადობა აერიდებინათ. ამ საკითხებზე გულწრფელობა ალექსიევიჩის წიგნსაც და სამამულო ომის ისტორიასაც სხვა განზომილებას შესძენდა. 

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის პრემიის შესახებ დისკუსია არა მხოლოდ კონკრეტულ სახელებს, არამედ ლიტერატურულ ფორმებსა და ჟანრებსაც შეეხო. ნაწილი ამბობს – მართალია, ელის მანრო თანამედროვე მოთხრობის ოსტატია და ბობ დილანი დაუვიწყარ სიმღერებს წერს, მაგრამ რამდენად სამართლიანია, შვედეთის აკადემია პრემიის გარეშე ტოვებდეს მსოფლიოს უდიდეს რომანისტებს. კრიტიკას ვერ ასცდა სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნებიც – არის კი საერთოდ ლიტერატურა, რასაც ბელარუსი მწერალი წერს? გრძნობათა ისტორიკოსის მკაფიო პასუხს კი წიგნის 25-ე გვერდზე იპოვით: „ყველაფერი შეიძლება იქცეს ლიტერატურად“.