ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების მეთექვსმეტე ცერემონია გაიმართა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართული პროგრამის კულმინაციად იქცა. ამ საგანგებო ვითარების გამო მეთექვსმეტე “საბას” რამდენიმე ახალი ნომინაცია დაემატა. ჯილდო ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკისთვის და ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობისთვის წელს პირველად გაიცა. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს გადაეცა. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისთვის კი პრემიით ეკატერინე ტეტი და იულია დენგი დაჯილდოვდნენ - მათ რეზო ჭეიშვილის “ცისფერი მთები” გერმანულად თარგმნეს.

საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში “საბა” ზურაბ ჯიშკარიანმა აიღო წიგნისთვის “საღეჭი განთიადები უშაქროდ”. საუკეთესო თარგმანისთვის კი ჯილდო დავით წერედიანს გადაეცა (გოეთე, “ფაუსტი-II”). ორივე ჯილდო ამ წიგნების გამომცემელს თინა მამულაშვილს გადასცეს და მადლობის სიტყვა მან ისევე, როგორც რამდენიმე სხვა გამარჯვებულმა უფრო ფართო კონტექსტზე საუბრისთვის გამოიყენა. უმეტეს შემთხვევაში ეს კონტექსტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა და ზოგადად ის ნდობა იყო, რაც გერმანიამ საქართველოს ლიტერატურას “ცნობიერად” გამოუცხადა (როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოსმა თქვა), თუმცა საქართველოს აღმოჩენამ გერმანიისთვის მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა (აღნიშნავდნენ “საბას” მისაღებად სცენაზე ასული გერმანელი კრიტიკოსები და გამომცემლები).

წლის საუკეთესო რომანის მფლობელის ვინაობა, როგორც პრიზის, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება ხოლმე აუდიტორია, ბოლოს გაირკვა. “პატარა ქვეყნისთვის”, როგორც საუკეთესო რომანისთვის, “საბა” ლაშა ბუღაძემ აიღო. წიგნი უკვე გამოცემულია გერმანულად და გერმანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც გაიმართა.

ლაშა ბუღაძის მადლობის სიტყვით კიდევ უფრო გამოიკვეთა კონტექსტი, რაც “საბას” ცერემონიალის ფრანკფურტში გამართვამ შექმნა. საქართველოს უნიკალური ლიტერატურული მემკვიდრეობა და ქვეყნის პოლიტიკური ვითარება ოკუპაციის ფონზე, ქართული ლიტერატურის ევროპაში შესვლა, როგორც 70 წლით გადავადებული, თუმცა მაინც გარდაუვალი პროცესი და გერმანიის როლი ამ პროცესში - ლაშა ბუღაძის გამოსვლის მთავარ აქცენტებად იქცა.

ფრანკფურტის ერთ-ერთ მთავარ, საიმპერატორო დარბაზში გამართული “საბას” ცერემონიალი შეჯამება იყო ბაზრობის სამი დღის, რომელმაც ათობით პრეზენტაციით, დისკუსიით, ლექციით და ნაწარმოებების კითხვით ჩაიარა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 14 ოქტომბერს სრულდება.   

 

გამარჯვებულების სრული სია:

საუკეთესო რომანი - ლაშა ბუღაძე, პატარა ქვეყანა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო პროზაული კრებული - ლევან მუსხელიშვილი, მოკლე მოთხრობები (გამომცემლობა სეზანი)

საუკეთესო პოეტური კრებული - ზურაბ რთველიაშვილი, პოეზიის დიქტატურა (გამომცემლობა ინტელექტი)

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ზურა ჯიშკარიანი, საღეჭი განთიადები: უშაქროდ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირმა ტაველიძე, სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები (გამომცემლობა დიოგენე)

საუკეთესო ქართული თარგმანი - დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტი-ll (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი - ეკატერინე ტეტი და იულია დეინსი, რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები;

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა - ლიტერატორი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი;

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა - Mitteldeutscher Verlag;

პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ნინო ხარატიშვილი;

ლიტერატურული პრემია საბა ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო გაბრიაძე

საბას წლევანდელ ჟიურიში იყვნენ: პროფესორი ზურაბ კიკნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, მთარგმნელი ლელა დუმბაძე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მსახიობი ნინო კასრაძე.