ინტერვიუ წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, დეა მეტრეველთან

დეა, საუბარი წიგნის ეროვნული ცენტრის არსზე დავიწყოთ; ბევრ, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში გარკვეულ ადამიანსაც კი ჰგონია, რომ ეს ორგანიზაცია ვალდებულია, წყვეტდეს, თუ რა გამოიცეს საზღვარგარეთ და რა – არა. რა პროცესის მხარდამჭერია წიგნის ცენტრი? როგორ განისაზღვრება, თუ რომელი პროექტია პრიორიტეტული საზღვარგარეთ გამოცემისთვის?

წიგნის ცენტრი დაფუძნდა ანალოგიური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატის გათვალისწინებით, ასეთები მსოფლიოში არაერთია: ნორვეგიაში Norla, საფრანგეთში CNL, ნიდერლანდებში Letterenfonds, ფინეთში FILI და ა.შ. ყველა ამ ფონდის თუ ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია არის მათი ქვეყნის ლიტერატურის თარგმნის ხელშეწყობა – სწორედ ეს მოდელი ავიღეთ სამაგალითოდ; გავითვალისწინეთ და მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას, ჩვენს გამოწვევებს. 

ასე რომ, ჩვენი უმთავრესი მიზანია მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობა,  როგორც ქვეყნის გარეთ, ისე – შიგნით. ცენტრს ჰყავს თავისი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს შემოქმედებით საქმიანობაზე. ეს საბჭო როტაციის მიხედვით იცვლება ორ წელიწადში ერთხელ და დაკომპლექტებულია წამყვანი კრიტიკოსებით, ფილოლოგებით, ლიტერატურათმცოდნეებით, მთარგმნელებით – ვინც წლებია, თვალყურს ადევნებს და თავადაც ჩართულია ქართულ ლიტერატურულ პროცესებში. ცენტრში შემოსული პროექტის მხარდაჭერისას საბჭო ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: წიგნის მაღალმხატვრული ღირებულება, ლიტერატურული პრემიების ლაურეატები, ტექსტის პოპულარობა, გამოხმაურება საზოგადოებასა და მედიაში, ლიტერატურული კრიტიკის პოზიცია და ა.შ. კლასიკასთან ერთად, მათთვისაც პრიორიტეტულია თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ახალგაზრდა, დებიუტანტი მწერლების ნაშრომები. 5-6 წლის განმავლობაში 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა ქართული წიგნი და ქართულად გამოიცა 300-მდე უცხოენოვანი წიგნი. აუცილებელია, რომ ეს შედეგი განვიხილოთ ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის პროექტისგან დამოუკიდებლად, რადგან 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობა ჩაივლის, ეს წიგნები კი დარჩება – იმოგზაურებს, გამოიცემა ხელმეორედ და საერთაშორისო მკითხველამდე მისასვლელად სხვა ავტორებისთვისაც გაკვალავს გზებს.

ვისაუბროთ ბიუჯეტსა და მისი ზრდის დინამიკაზეც. რა მინიმუმით დაიწყო არსებობა ორგანიზაციამ და რა ბიუჯეტი აქვს ამჟამად? და ამ ფონდით, რა გაკეთდა ისეთი, რაც გრძელვადიან პერსექტივაშიც წაადგება ქართულ ლიტერატურას?

დაარსების პირველ წელს წიგნის ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი, რაც ლიტერატურული თარგმანების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი, ასი ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, ცენტრის მუშაობიდან გამომდინარე, ეს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და უკვე 2018 წელს, საერთაშორისო გამომცემლების მხრიდან გაზრდილი ინტერესის შესაბამისად, თარგმანებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაახლოებით 700 000 ლარამდეა. სახელმწიფოს მხრიდან ქართული ლიტერატურის მხარდაჭერისთვის გაღებული დაფინანსება გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი კულტურის პოპულარიზაციისთვის ყველაზე სწორი ინვესტიციაა. ამაზე მეტყველებს ის პოზიტიური გამოხმაურებები, რომლითაც სავსეა გერმანული და საერთაშორისო პრესა, წამყვანი მედიის წარმომადგენლები ქართული წიგნების და ავტორების შესახებ ვრცელ წერილებს თუ ინტერვიუებს აქვეყნებენ, ამზადებენ სპეციალურ გადაცემებს მათი მონაწილეობით. ამასთანავე, პროცესი გარკვეულწილად თვითკმარი გახდა, ცენტრის მხრიდან გაცემული სუბსიდიების ოდენობა ყოველწლიურად მცირდება და, ამის მიუხედავად, იზრდება გამოცემების რაოდენობა – უცხოელი გამომცემლები უკვე ჩვენგან დამოუკიდებლადაც გამოსცემენ ქართველი ავტორების ნაწარმოებებს. ნამდვილად საკმაოდ სერიოზული პროცესი დაიწყო და ამ პროცესს საკმაოდ ძლიერი და პოზიტიური ბიძგი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენმა საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა მისცა. და, რა თქმა უნდა, ქართველი ავტორების საინტერესო და ძლიერმა ლიტერატურულმა ტექსტებმა.

ახლა მინდა იმაზე გკითხოთ, თუ როგორ შეეხო კონკრეტულად ქართული წიგნის ბაზარს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი საპატიო სტუმრად გამოცხადება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართული ლიტერატურული სფერო ძალიან გააქტიურდა. ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანმა თუ ნაკლებმნიშვნელოვანმა ავტორმა დაწერა მინიმუმ ერთი ახალი წიგნი, გამოჩნდნენ დებიუტანტებიც. ყოველივე ამის შემდეგ არცთუ უსაფუძვლოდ ისმის ხუმრობები, რომ დროა, ქართულ რომანში ახალი ჟანრი დამკვიდრდეს – ე.წ. ფრანკფურტისთვის დაწერილი. თქვენ ფილოლოგი ხართ და კარგად გესმით, რას ნიშნავს მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ტექსტი. როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებმა ხელოვნურადაც ხომ არ გაიზარდა როგორც მწერლების, ასევე ტექსტების რაოდენობა და ქართული წიგნის ბაზარი რამდენად გაჯერდა ნაძალადევად შექმნილი ლიტერატურით?

მე ამ პროცესს ცოტა სხვაგვარად ვხედავ. როცა ეს სტატუსი მოგვენიჭა, პირველ რიგში, ქართველმა მწერლებმა იგრძნეს, რომ მათი ლიტერატურა აღარ იწერება მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის და მათ მიმართ ინტერესს უცხოური აუდიტორიაც იჩენს. ამან, ბუნებრივია, დიდი სტიმული მისცა როგორც უკვე „შემდგარ“ მწერლებს, ასევე დებიუტანტ და ახალგაზრდა ავტორებსაც. ვიღაცებს შესაძლოა, სურვილი გაუჩნდათ, სწორედ ამ ბოლო წლებში ეცადათ თავიანთი ძალები ლიტერატურაში და ეს საინტერესო პროცესია. თუმცა, რაც არ უნდა ბევრი წიგნი დაიწეროს, წლების შემდეგ ღირებული ტექსტები დარჩება მხოლოდ და ეს, რა თქმა უნდა, უცხო ენებზე თარგმნილ ქართულ წიგნებსაც ეხება. 

აქვე ვიტყვი, რომ ამ პროცესში გამოცოცხლება შეეტყო გამომცემლობებსაც, თბილისის წიგნის ბაზრობა გახდა უფრო მასშტაბური, გაიზარდა, უპირველეს ყოვლისა, ქართული ლიტერატურის გაყიდვები. მოკლედ, ზოგადად ქართული წიგნის სექტორი გახდა უფრო თავდაჯერებული. და თუ გამომცემელი აქტიურია, მისი ავტორი კი საინტერესო, მაშინ ინტეგრაციის ეს პროცესი შეუქცევადია. 

ამჟამად რომ ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის სწორება გერმანიაზეა, გასაგები და მისაღებია, მაგრამ დაახლოებით ორი თვის წინ გავრცელდა განცხადება, რომელშიც აღნიშნავთ, რომ გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვით ბევრ არაგერმანულენოვან შემოთავაზებაზე. რამდენიმე ხნის წინ ტელეეთერშიც თქვით, რომ არსებობს ფრანგების სოლიდური ინტერესი პარიზის წიგნის სალონში 2021 წელს საქართველოს საპატიო სტუმრობაზე, მაგრამ დღეს ეს ინტერესი ბუნდოვანია. რამდენად არის ამ პროექტების ბედი კავშირში წიგნის ეროვნული ცენტრის მომავალთან? 

წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პრიორიტეტი გერმანულენოვანი გამომცემლები იყვნენ და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა ცენტრი აგრძელებს მუშაობას და მომავალ წელს ასევე მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, დარწმუნებული ვარ, ქართველი გამომცემლების მიერ არაერთი საავტორო უფლება გაიყიდება და 2019 წელს საზღვარგარეთ კიდევ ბევრ ქართულ წიგნს ვნახავთ თარგმანში.

ჩვენი მომდევნო წლების მთავარი პრიორიტეტი ფრანკოფონული ქვეყნებია და, ასევე, რა თქმა უნდა, გერმანია, რადგან გერმანიის წიგნის ბაზარი საკმაოდ დიდ ამინდს ქმნის მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში. პარიზის წიგნის სალონის შემოთავაზება კვლავ ძალაშია, თუმცაღა ჯერ ოფიციალური დასტური არ მიგვიცია და დარწმუნებული ვარ, ფრანკფურტში ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

იმ ინერციის გათვალისწინებით, რაც იყო ფრანკფურტის პროექტამდე ქართულ საგამომცემლო სექტორში, როგორ ფიქრობთ, რომ არა საპატიო სტუმრად წარდგინება, როგორი იქნებოდა ქართული ლიტერატურის და მწერლების ბედი უცხო ენებზე გამოცემის კუთხით?

ქართული ლიტერატურა, რა თქმა უნდა, ითარგმნებოდა და გამოიცემოდა საზღვარგარეთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან გვყავს ძალიან მაღალი დონის მწერლები, ავტორები, რომელთა შემოქმედების მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო. თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდებოდა და შედეგიც არ იქნებოდა ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ახლა არის. სწორედ კონტექსტმა განაპირობა საერთაშორისო მედიის ასეთი დიდი ინტერესი. ყოველ კვირას რამდენიმე ახალი რეცენზია იწერება ქართველ ავტორებზე და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. 

თქვენი პირადი შეხედულებით თუ გემოვნებიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ აღნიშნოთ, რით განსხვავდება ქართული პროგრამა წინა ქვეყნების პროგრამებისგან?

გერმანული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებიდან ძალიან დიდი ინტერესი იგრძნობდა პროექტის მომზადების პროცესში. ფრანკფურტის თითქმის ყველა მუზეუმი საქართველოდან სხვადასხვა გამოფენას მასპინძლობს ოქროს ფონდით დაწყებული, თანამედროვე ქართველი არტისტების გამოფენებით დამთავრებული. იმართება შთამბეჭდავი მუსიკალურ-თეატრალური ღონისძიებებიც.  სხვა ქვეყნების შემთხვევაში ამ პროცესს ასეთი ინტენსიური სახე არ ჰქონია. არ მახსენდება რომელიმე სხვა სტუმარი ქვეყანა, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ისეთი საგამოფენო ექსპონატები ჩაეტანოს, როგორიც, მაგალითად, ჩვენი ოქროს ფონდია. ჩვენ გავიაზრეთ, რომ მზადების პროცესში სრულიად სხვა გამოწვევის წინაშე ვიდექით და, შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის შანსი – მაქსიმალურად გავზარდეთ ქართული კულტურის წარდგენის დიაპაზონიც. 

ჩვენი პროგრამა ისეა მომზადებული, რომ ქართულ პავილიონში შესვლისას ადამიანი მაქსიმალურად დიდხანს დაყოვნდეს, მაქსიმალურად მიიღოს ის, რის გასაზიარებლად და წარსადგენადაც წელს ფრანკფურტს ვესტუმრებით: ესაა ლიტერატურა, კულტურა, სამზარეულო და სხვა მნიშვნელოვანი ფასეულობები – ყველაფერი, რაც გარესამყაროსთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და საკუთარი იდენტობის წარმოჩენაში გვეხმარება.