ცხოვრებაში რამე თუ ისე მეყლევება, რო მთელი სხეული მიძაგძაგებს მაგის წარმოდგენაზე და სადღაც კუჭის თუ წვრილი ნაწლავის არეში მსუბუქი ტკივილები მეწყება, სახლიდან სახლში გადაბარგებაა. არა იმიტო, რო ბევრი რამეა გადასატანი და რაც გაქვს, იმას ხუთ ყუთში ვერ ჩაატევ, არა, პროსტა თვითონ ეს პროცესი, როცა საგულდაგულოდ წინასწარ შერჩეულ ტოჩკებში განლაგებული ხარახურა და ტანსაცმელი და წიგნები და ა.შ. უნდა აყარო, ჩაყარო და მერე ახალ ბაითზე წინასწარ შეარჩიო ტოჩკები, რო ეს ხარახურა ამოყარო და საგულდაგულოდ, ამჯერად სხვა პრინციპით და მუღამით გაანაწილო, ისეთი მოსაწყენი და უაზროდ დამღლელი პროცესია, მით უმეტეს, ჩემნაირი ადამიანისთვის, ვინც ყველაზე მეტად დროს აფასებს, უფრო სწორად, დროის სწორ მენეჯმენტს და თითოეული წუთისგან თუ კონკრეტული სარგებელი არ ნახა, მაგ მონაკვეთს უაზროდ დაკარგულად მიიჩნევს, რო ის სამი-ოთხი საათი, რომელსაც მთელი ეს სირობა იკავებს, უსასრულოდ გაწელილი მეჩვენება. და მაგას მირჩევნია, მთელი ეგ დრო ერთი კარტოფილის გათლას დავუთმო, ოღონდ გათლილს რო შეხედავ, ისეთივე მომრგვალო ზედაპირი ექნება, როგორიც გათლამდე, ყველანაირი კუთხოვნების გარეშე.

ხაზეიკებში კიდე ძირითადად სულ მიმართლებს, არც ისე პატარა სიას ერთ დაყლეებულ ნახევრად სომეხ, ნახევრად მეგრელ ჯუმბერის თუ არ მივათვლით, ორი წლის წინანდელი ბაითის, ხოშტარიას ქუჩაზე სტუდიოს ტიპის ბინის ამაყ მეპატრონეს, ოღონდ არა ფორმალურად (ბაითი მკვდარი დედამისის სახელზე იყო და რაღაც ბიუროკრატიებით ვერა და ვერ იფორმებდა), არამედ იმ დონეზე, თვის ბოლოს ქირას რო აძლევ უბრალოდ. ერთხელ მახსოვს, ღამის საათებში დამადგა გაუფრთხილებლად, გაშკას გაქანებული წევაბოლების დროს, ფანჯრებიც დახურული იყო იასნა და მთელი სახლი სასიამოვნო არომატით ყარდა. რაღაც დედამისის საქარგი მანქანა უნდა წაეღო, აი, ისეთი, ბავშვობაში რო მაგის ქვეშ ჯდებოდი და ბორბლები რული რო იყო რამე მაშინდელი მეინსტრიმ მანქანის. მოკლედ, იმ გაშკაზე არაფერი უთქვამს, მარა გავატყანი, რო შეეცვალა ჩემზე წარმოდგენა და ცოტა უფრო იაზვა ნაბიჭვარი იყო ის დარჩენილი პერიოდი, რაც მაგასთან კომუნიკაცია მიწევდა. მაგაზე ღრმა ლაპარაკში აღარ ჩავალ. რამდენი ჯუმბერი გინახავთ ეგეთი?

ზემოთ ვთქვი, ხაზეიკებში მიმართლებდა-მეთქი, ხოდა ეგ იმ დღემდე, სანამ წინა ბინის ხაზეიკამ არ ჩაიჯვა. ახალგადასულები ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცი, სადღაც ერთ თვეში რო დილის ათზე დარეკა (რატომღაც რო ლოგიკას ექვემდებარებოდეს დილის ათზე დარეკვა ნებისმიერ თემაზე) და ბიჭებო, ბინას ვყიდი და ორ-სამ საათში პოტენციური მყიდველი მოვა მანდ, იქნებ დაათვალიერებინოთო. მეთქი, ქალბატონო, იცით რომელი საათია? – ათი. თერთმეტის თხუთმეტი წუთიაო, შემისწორა და ალბათ გულში უკვე დოლარებს ითვლიდა. სხვა რა გზა იყო, წინა დღით ნათრევი სახლი ათ წუთში მივალაგეთ როგორც შეგვეძლო, ანუ სტალიჩნაიას და ესპოლონის, tequila blanco ბოთლები, სნეკების ნახევრად ცარიელი შეკვრები და ბიჩოკები ნაგვის შავ პარკებში ჩავტენეთ და აივანზე გავდგით და ტრუსიკზე რამის ამოცმა კიდე ვერ მოვწვით, ან დაგვეზარა, არ ვიცი. მოკლედ, ახალი მეპატრონეები კმაყოფილები ჩანდნენ ნანახით, მე კიდე ჩემთვის ვფიქრობდი, რო აი, ბინის ყიდვა რო მინდოდეს, თან ნუ ალბათ მინიმუმ 40-45 დოლარს მიათხლიშებდნენ ამაში, თავისი ადგილმდებარეობის და ირგვლივ ყველაფერი 24-საათიანის არსებობის გათვალისწინებით, მაგ ფასად გაცილებით საკიფოს დავითრევდი რამეს, თუ კარგად დავფაციცდებოდი და ტრაკს გავანძრევდი. მარა მე მე ვარ, ესენი – ესენი და ბინის ყიდვა გადაწყდა. წინა ხაზეიკამ, თქვენზე ნაბაზრია, ბიჭებო, თქვენი პირობები არ შეიცვლება, ქირა იგივე, გადახდის დრო იგივე, თვეებიც იგივეო (ანუ კიდე შვიდი) და ალბათ ამ დროსაც გულში დოლარებზე ფიქრობდა. შეიძლება ითვლიდა კიდეც, თუ იმ ჩემისებმა ფული იმ დღესვე ჩაუთვალეს. ჩვენც ეს ამბავი ყლეზე გავუშვით და სულ ტყუილად, როგორც აღმოჩნდა.

ზუსტად ერთ თვეში ახალმა ხაზეიკამ დარეკა, არც მეტი, არც ნაკლები, დილის ათზე და ბიჭებო, სამ კვირას გაძლევთ, რო ბინა დაცალოთო. მეთქი, ქალბატონო, იცით, რო ათზე რეკავთ? თერთმეტის ნახევარიაო, შემისწორა და გამიმეორა, იქნებ სამ კვირაში დაცალოთო. როგორც შემდეგ გაირკვა, რაიმე სახის მოლაპარაკებას აზრი არ ქონდა, მტკიცედ გადაეწყვიტა სქელი და დამჭკნარი ტრაკის აქეთ გადმოტანა და შვილის და მაგის ქმრის არც ისე სქელი და დამჭკნარი ტრაკების თან წამოყოლებაც. ჩვენც ახალი ბინის ძებნა დავიწყეთ, ამჯერად ცალ-ცალკე, ოღონდ არა იმიტო, რო რამე ბზარი იყო ჩვენს ძმაკაცობაში და ჩემი გატრაკებები, რო ჭურჭელი დაერეცხა და იატაკი გამოეგავა, რაიმე შუაში ყოფილიყოს. მაინც საუკეთესო ძმაკაცებად ვრჩებოდით, უბრალოდ, მე მაინც ყოველთვის მარტოობას ვამჯობინებდი და ცოტა მესაკუთრეც ვიყავი, „ჩემი ბინა“ მერჩივნა „ჩვენს ბინას“ და საბოლოოდ გადაწყდა, რო დავშლილიყავით. ასე.

მეზობლების გაცნობის მხრივაც დიდად არასდროს მიაქტიურია და პაბალშომუ ეგეც ყლეზე მეკიდა, ჩემ გვერდით დევ პატელი იცხოვრებდა, სილო გრინი თუ ბახვა ბრეგვაძე. ოღონდ ძაან დევ პატელი, სილო გრინი ან ბახვა ბრეგვაძეც არასდროს მდომებია. მთავარია, სიმშვიდე ყოფილიყო და მაგ დროს ან ეთნიკურობას ან რამე სხვას რა აზრი აქვს, ან როდის ქონდა აზრი რო, არა? მარა მეზობლებთან გადაკვეთა, ხანდახან მაინც გარდაუვალია, როგორც მთვრალზე რომელიმე ბარის ტუალეტში მოფსმა და ერთი-ორი წვეთის შარვალზე მოხვედრა. ხოდა მეც ვიკვეთებოდი პერიოდულად, გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე, არც რამის თხოვნებით და არც სხვა ფორმის ფამილარულობით, მაქსიმუმ „თქვენგან წყალი ჩამოდის“ და „ჩემი ბრალი არ არის, არ იცით, ამ კორპუსებში როდინდელი მილებია?“ კომუნიკაციის ფარგლებში. ხოდა ეს ავადსახსენებლის და დედამოტყნულის ერთი ჩაბარგების პროცესიც რო დავიწყე, რომელსაც თან ახლავს ზედმეტი ნივთების ან უბრალოდ სახლში დაგროვებული ნაგვის მოქუჩება და გატანა, ერთ-ერთ ასეთ მარშრუტზე ლელა დეიდაც შემეჩეხა მესამე სართულზე.

– სად მიგაქვს ამდენი რაღაცები, შვილო? – მეკითხება იმ თავისი ცნობისმოყვარეობის ჭიის დასაპურებლად.

– გადავდივარ, ლელა დეიდა.

– უიმეე, რას მეუბნები, –  არც ისე ბუნებრივად უკვირს და მაგასაც ვერ ვხვდები, რატო. ალბათ ბოლომდე ვერც ვერასდროს გავუგებ კორპუსებში მრავალი წლის განმავლობაში ფესვგადგმულ მოხუცებს, აბსოლუტურად ყველაფერი რო იციან სამყაროში და სრულიად უაზრო პანეგირიკით ან პირიქით, წყევლა-კრულვით და პლუს 180 ლარი პენსიით ირჩენენ თავს.

– რა არის გასაკვირი?

– ახლახანს არ გადმოხვედით, შვილო? რა იყო, დააშავეთ რამე? მე თქვენზე ერთი ცუდი სიტყვა არ მეთქმის.

– არა, ლელა დეიდა, ახალი მეპატრონეები გადმოდიან უბრალოდ.

– კარგი ხალხია?

– რა ვიცი, რა გითხრათ. არ ვიცნობ.

– ნეაჟიდანნა, – ეუბნება თავისი სახლის კარს და ძველებურ, აქერცლილ ტყავის ჩანთაში გასაღებს ეძებს, რო ბოლოს და ბოლოს შევიდეს ბაითზე და ზუსტად ორ წუთში დაივიწყოს, რაც ორი წუთის წინ ხდებოდა.

აწ უკვე ძველი ბინის გვერდით საბავშვო ბაღი მქონდა, რომელშიც, ჩემი სუბიექტური აზრით, შოვინისტ ყლეებს ზრდიან ან მთავრობის, ან ლევან ვასაძის, ან სადღაც ამათ შუაში მყოფი ინსტანციის ფინანსირებით. დილიდან რაღაც საძაგელი ქართული პატრიოტული სიმღერების იმ უზარმაზარ დინამიკებში (კაკ მინიმუმ კლუბ გალერის რო შეშურდებოდა) მთელ ხმაზე ჩართვას რო თავი დავანებოთ, ეს ბავშვები ვიდზეც რაღაცნაირად სტრანნები არიან, თვალებში ეტყობათ, რო სამშბოლო უყვართ, ოღონდ ჯერ რა თქმა უნდა წარმოდგენა არ აქვთ, რატო. მასწავლებლები, თუ ზედამხედველები, თუ ვინც მართავს მანდ პონტს, ელასტიკებში გამოკვეტებულები დადიან რამდენიმე რიგად ჩამწკრივებულ მამასსიამაყეებს შორის და გულდასმით ამოწმებენ, რამდენად სწორად აკეთებენ ეს ყვერჩიტები მთიულურის ელემენტარულ ილეთებს, ან რამდენად სწორად მღერიან ივერიას გზა დაგვილოცეს. ამათი მშობლებიდან თითქმის ყველას ხო მინიმუმ ემელი ყავს, მაქსიმუმ, არც მათქმევინოთ. და აი მაგას ვერ ვხვდები კიდე – ამდენი მაყუთი რო გაქვს შეჩემისა, კერძო ბაღში რატო არ დაგყავს ეს შენი მზე და მთვარე, სადაც ათასი სისულელით არ გამოულაყებენ თავს და რამე, მარა ალბათ გამიზნულად აკეთებენ ასეთ იდიოტობას, სხვა ახსნა არ მაქვს. ხოდა, მოკლედ, დილიდან საღამომდე ხო ამ ბაღში ასეთი უტვინობა სუფევს (ზუსტ საათებზე თავს ვერ დავდებ, რო ვიღვიძებ ან მაღვიძებენ, ამათი დღე უკვე დაწყებულია, სამსახურიდან რო ვბრუნდები კიდე – დამთავრებული), ღამით სცენაზე უკვე უბნის რულერები გამოდიან და ზუსტად იმ ბაღის წინ ამყარებენ ბირჟას ნემიროვით, თუ გაუმართლათ, თუ არადა, რაც იქნება, იმით. ხშირად მიფიქრია, რო ესენი სწორედ ის ბავშვები არიან, რომლებიც, როგორც კი საღამო მოდის, იზრდებიან და ეგზისტენციალური კრიზისით იტანჯებიან, ან უბრალოდ გაურბიან რაღაც-რაღაცებს, რაც ბავშვობაში ჩაუნერგეს. მერე დილა მოდის და ისევ ბავშვებად იქცევიან და გაუთავებლად მღერიან. კონკიაა რა, ოღონდ Saburtalo Edition, არა?

მოკლედ ისევ იქ ვარ, რო ვსო, დღეს გადავდივარ ახალ ბინაში და ეს ჩემი ჩაბარგების პროცესიც თანდათან გავიდა ბოლოში და ისღა დამრჩა, ზალაში დივანზე დავჯდე და ბოლო ორი ღერი მალბორო თაჩი მუქი მოვწიო, სანამ ტაქსი მოვა. გინდა, არ გინდა, მაინც სენტიმენტალურია, რაღაც შეჩვეულს რო უნდა გადაეჩვიო და თან ახალს შეეჩვიო, სანამ შეჩვეული დაერქმება. მეც მახსენდება სხვადასხვა ისტორია, რაც ამ ბინაში მოხდა და ვხვდები, რო ტასკა მაწვება, როცა წარმოვიდგენ, რო ამ ბავშვების ყროყინს ვეღარ მოვისმენ ან ღამით იგივე, ოღონდ გაზრდილი ბავშვების გარჩევებს და მომენატრება დასარეცხ ჭურჭელზე შენიშვნების მიცემა და იქსბოქსის თამაში. ნაგვის პარკების აივანზე გატანა, რო თვალში არ მოგხვდეს და ზოგადად პასუხისმგებლობისთვის თავის დროებით არიდება, სინდისის ეს ფუნქცია, რომელიც მარტო მაშინ ირთვება, როცა ბინას ვინმესთან ერთად იყოფ. ნუ, ჩემ შემთხვევაში ასეა. კიდე დივანის ნაპრალებში შემთხვევით ჩავარდნილი ბიჩოკებიც მომენატრება, სხვადასხვა სიგარეტის, რომლებიც დიდი პიანკების დროს აღმოჩნდა იქ, სადაც მოგვიანებით ვპოულობ და ეს ის ბიჩოკებია, რომლებსაც სხვები ვერ შეედრებიან. ახალ ბინაში რამდენიც არ უნდა მოხვდეს დივანის ნაპრალებში, ამას ვერ შეედრება. ისევე როგორც ახალი ბინის ბიჩოკებს ვერ შეედრება მომდევნოსი და ა.შ. ცირკულირებადი ნოსტალგიაა, სხვა რა უნდა დაარქვა.

ტაქსისტი ტრაკს არ ანძრევს, რო დამეხმაროს. ვერც გაამტყუნებ, რა მაგის მოვალეობაა. ჩისტად ადამიანურად, პროსტა. საბარგული გამიხსნა და მეც სამ ყუთს იქ ვდებ, კიდე სამს სავარძლებზე და სავარძლებს შორის ვანაწილებ და ეგაა. ახალი ცხოვრების დაწყება იმაზე მარტივია, ვიდრე ბევრი წლის განმავლობაში შეჩვეული თმის სტილისტის შეცვლა.

შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას. –

მხვდება თაბახის ფურცელზე italic-ით დაბეჭდილი აბზაცი ახალი სადარბაზოს კოდიან კარზე და მეცინება, ოღონდ ვცდილობ, რო ძალიან ხმამაღლაც არა. კედლები აქაც მოხატულ-მოწერილია, როგორც თითქმის ყველგან, ახალაშენებულ კორპუსებს თუ არ ჩავთვლით. ძირითადად ყველგან ერთი და იგივე თემატიკა ტრიალებს, ყლე-მუტლები, არასწორად დაწერილი თუფაქი და სხვა ვესტსაიდერები, გაუთავებელი სახელები – გიგა-ბეშკენა-ნინო-თათია-ზურექსი-vaT004-ზურა-კოშკა და ქაუნთერ სტრაიკის სერვერები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, მაშინაც კი, როცა ეს კორპუსები აღარ იარსებებს. „შევაკეთებ ტელევიზორებს – ანზორი. 577 59 92 01“; „გიორგი – ელექტრიკოსი 556 78 65 43“; „ვაჟა – სანტეხნიკი 593 12 83 37“. აქ სიცოცხლე ჩქეფს. აქ, თითოეული კარის მიღმა ხალხს უხარია, წყინს, ტყნაურობს, ეწევა, სვამს, ლოცულობს, ანძრევს, უყვარს, ეზიზღება, თამაშობს, აგებს, იგებს. ეს ჩემი ახალი სამეზობლოა, ზუსტად იგივენაირი, როგორიც წინა და იმის წინა და იმის წინა და იმის წინა.

მეოთხე სართულზე ავდივარ, კარს ვაღებ და პირველ ორ ყუთს ზალაში ვაწყობ. ხუთი ასვლა-ჩამოსვლა გამომდის, თავისი ერთწუთიანი შესვენებით.

– დავამთავროთ ხო? – მეკითხება ტაქსიფაის მძღოლი.

– კი.

ვეუბნები და მანქანიდან პარკს ვიღებ, რომელშიც გასარეცხი ტრუსიკები და ნასკები აწყვია. სახლში შესვლისთანავე ამ ყველაფერს სარეცხის მანქანაში ვყრი, თხუთმეტწუთიან რეჟიმზე ვაყენებ და გავდივარ ზალაში, სადაც ყუთები არასიმეტრიულადაა მიმოფანტული იატაკზე.

ეს არ არის სიზარმაცე. ეს მოწესრიგებულობაა. ეს არ არის ქაოსის შიში. ეს შენი პირადი ქაოსია, რომელშიც იჭრებიან.

კარზე აკაკუნებენ. გლაზოკში მოხუც ქალს ვხედავ. ვაღებ.

– ახალი მეზობელი ხარ, შვილო?

– დიახ.

– სასიამოვნოა. ოცი ლარი გექნება დასადები, შვილო, პადიეზდში შუქია გასაკეთებელი და ყველანი ფულს ვკრავთ.

– რაღაც არ შემიმჩნევია, რო შუქზე პრობლემაა.

– როგორ არა, შვილო, აი იქ, მეორე სართულზე…

ოც ლარს ვაძლევ. ალბათ ორმოცდაათი წლის წინანდელ რვეულში პასტით რაღაცას ინიშნავს და შემდეგ სართულზე ადის.

ეს ჩემი ცხოვრებაა და კარზეც ისევ აკაკუნებენ.

და მე გლაზოკში ვხედავ:

მოხუცს,

მათხოვარს,

ბავშვს,

დიდ ძუძუებს,

გაზის ქალს,

ხელოსანს,

დენი დევიტოსნაირ კაცს,

დენი დევიტოს,

მეორე მოხუცს,

სხვა გაზის ქალს,

პატარა ძუძუებს,

მორმონებს,

ლეიბებით მოვაჭრე თურქს

და კიდევ უამრავ ადამიანს, რომელთა სახეებიც გლაზოკში გადღაბნილია.

ეს ჩემი ცხოვრებაა. აქ არ იცვლება მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი. აქ ვარსკვლავები იბადებიან, კვდებიან, ხან კი შავი ხვრელი შთანთქავთ. აქ ხეები შიშვლდებიან, რო მერე ისევ შეიმოსონ. აქ ცათამბჯენის სახურავიდან ფანჯრებში შემოსული ავარიული წითელი ნათება ღამით ისევ თვალს მჭრის. აქ განიერ კარიბჭეს ვირჩევ, რადგან ყლეზე მკიდია სივიწროვეში ძრომიალი, მით უმეტეს, რო კლაუსტროფობია მაქვს. აქ ვცხოვრობ მე. და ხანდახან შენც.

ცირკულირებადი ნოსტალგია, არა?