აღზრდა

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ თბილისის კლუბებზე დისკუსიებში, არის მსჯელობა ერთგვარ აღმზრდელობით ფუნქციაზე, რომელსაც ეს სცენა ასრულებს. გიორგი კიკონიშვილი თავის სტატიაში „ჩვენი დროის BASSIANI“, კლუბ „ბასიანის“ პოპულარულობის მიზეზებს აანალიზებს. ის ასკვნის, რომ თუ ჯეროვნად გავაანალიზებთ ამ კლუბის პოპულარულობის მიზეზებს, დავინახავთ, რომ მან „საქართველოში სრულიად ახალი სოციო-კულტურული სივრცისა და მოძრაობის ფუნქცია შეიძინა“ და ჩვენთვის „გასაგები გახდება არა მხოლოდ გასართობი, არამედ ღრმა ინტელექტუალური და ემოციური ბმა, რაც უამრავ ადამიანს გაუჩნდა ამ სივრცის მიმართ“. კიკონიშვილის აზრით, ამ სივრცეში „ბაბულიკები [...] საკუთარი ყალბი მანერებისგან, მკაცრად დადგენილი აგრესიული იმიჯისგან და პრივილეგირებულობის განცდისგან თავისუფლდებიან“ და ეს „ბასიანს“ ემანსიპატორული მოძრაობის ფუნქციას ანიჭებს“.

„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი, გადაცემაში „მძიმე კაცთან“ აღნიშნავს, რომ „გეტოდან გამოსული ადამიანები, რომლებისთვისაც ქურდულ-ძველბიჭური მენტალიტეტი იყო მისაბაძი... ახლა სხვანაირად იქცევიან საცეკვაო მოედანზე, თავის თავში არიან ჩაღრმავებულები და არავის აწუხებენ“. მეტიც, ორაშვილის დაკვირვებით, ეს ადამიანები, რომელთაც ის „ბაბულიკების სუბკულტურის“ სახელით მოიხსენიებს, კლუბის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და „ბაბულიკები... ბაბუ-ქვიარებად გადაიქცნენ. მათ დაძლიეს ჰომოფობია, თანასწორობისთვის იბრძვიან, ყველა აქციაზე ისინი დგანან და თვალს არ ხუჭავენ ძალადობაზე“.

გიორგი ღვინჯილიაც, რომელიც ბევრად უფრო კრიტიკულად არის განწყობილი თბილისის კლუბების მიმართ, ადასტურებს ამ აღმზრდელობითი ფუნქციის არსებობას სტატიაში „ფეისკონტროლი და პოლიტიკა“. მეტიც, ის ცენტრალური ეჩვენება. ღვინჯილიას აზრით, კლუბები ის სივრცეა, „სადაც ფეისკონტროლი ავლებს ზღვარს სინათლესა და სიბნელეს, სიგოიმესა და „პრადვინუტობას“ შორის, იმათ შორის, ვინც გართობა იცის, ვისაც ჯერ კიდევ სწავლა შეუძლია და ვინც ვერასდროს გაერთობა“. შემდგომ ეს სივრცე „ბნელ“ მხარეზე მოხვედრილებს აიძულებს, ისწავლონ, „რა ფილმებს უყურონ, რა მუსიკას მოუსმინონ, როგორ ჩაიცვან, რომელ ეკლესიაში იარონ და კლუბში როგორ მოიქცნენ“.

საინტერესოა, რომ სამივე ციტატა არა მხოლოდ ამ აღმზრდელობით ფუნქციას აღწერს, არამედ მონიშნავს მის ობიექტსაც, ადამიანების ჯგუფს, რომელიც კლუბებში აღიზრდება. მაშ, ვინ არიან „გეტოდან გამოსული“ ბაბულიკები, ვისზეც კიკონიშვილი და ორაშვილი საუბრობენ? ვინ არიან აღსაზრდელები? და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვინ არიან მათი აღმზრდელები?

 

"ბაბულიკის" გენეალოგიისათვის

მიუხედავად იმისა – ან სწორედ იმიტომ – რომ ტერმინი „ბაბულიკი“ პოპულარულია და ხშირად გამოიყენება, მისი ზუსტი მნიშვნელობის დაჭერა ძალზედ რთულია. რამდენადაც ვიცი, ამ ტერმინის წარმოშობასა და მნიშვნელობის ცვლილებაზე ჯერ არავის უმუშავია.

პოპულარულ კულტურაში „ბაბულიკების“ გამოჩენა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ უკავშირდება. სერიალის პირველ სეზონებში ვხედავთ ახალგაზრდა ბიზნესმენს, დიტოს, და მის მეგობრებს, რომლებიც ერთი მხრივ წარმატებული, პრესტიჟული „ახალი ქართველები“ არიან, ყალბი, „ძველბიჭური“ მანერები აქვთ, აგრესიული, მასკულინური იმიჯით გამოირჩევიან და პრივილეგირებულობის განცდასაც გამუდმებით ამჟღავნებენ. რაც მთავარია, ერთმანეთს – და სხვებს – „ბაბუთი“ მიმართავენ. აქედან – მათი სახელიც. აღნიშვნის ღირსია, რომ ეს უნიკალური (ან ახალი) ნაზავი აუდიტორიისთვის ძლიერ მომხიბვლელი აღმოჩნდა. თავად სერიალში მათი ცალსახად სატირული აღწერის მიუხედავად, „ბაბულიკები“ ერთგვარად სამაგალითო ან საზოგადოების ნაწილისთვის რომანტიკულ ფიგურებად იქცნენ. სავარაუდოა, რომ ამან ტერმინ „ბაბულიკის“ პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, „ბაბულიკი“ ამ მნიშვნელობით – ნუვორიშად ქცეული ყოფილი ძველი ბიჭი, რომელიც ახალ ცხოვრებაშიც არ ელევა ძველ ჩვევებს – არ დამკვიდრებულა და მისი შინაარსი, როგორც ზემოთ ნახსენებ ავტორებთან, ისე ფართო გამოყენებაშიც, არსებითად განსხვავებულია იმისგან, რასაც სერიალი გვთავაზობს.

ასე მაგალითად, არსებითად განსხვავებულია სიტყვა „ბაბულიკის“ გამოყენება „ჩიტიპედიაზე“ – ერთ-ერთი პირველი ქართული სატირული ონლაინგამოცემის, სადაც მომხმარებლებს თავადაც შეუძლიათ სტატიების დამატება. ბაბულიკებს „ჩიტიპედიას“ სამი სტატია ეძღვნება: პირველი მათგანი „ჩემი ცოლის დაქალების ზემოთ ნახსენებ პერსონაჟზე, დიტო შარაშენიძეზე მოგვითხრობს, მეორეში („კოჭლი ბაბულიკი“) ბაბულიკი ფაქტობრივად ძველი ბიჭის მნიშვნელობით იხმარება – სტატიაში ბაბულიკის „ძაღლთან“ ან „ნაბოზართან“ შეხლა-შემოხლის, ამის შედეგად დაკოჭლების და რეაბილიტაციის პროცესის პერიპეტიებია გაშარჟებული. მესამე სტატია, „გასული ბაბულიკები“, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისიც უკვე ტრანსფორმირებულ და, რაც მთავარია, კლუბებში და კლუბების გავლენით ტრანსფორმირებულ ბაბულიკს აღგვიწერს.

სტატიის თანახმად, გასული ბაბულიკები არის „ბაბულიკების ახალი ჯიში“, რომელსაც „ხშირად შეიძლება წააწყდეთ თბილისში სხვადასხვა ტუსოვკებზე, სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრავენ“ და  „ჩვეულებრივი ბაბულიკებისგან“ გამოირჩევიან „ჩამოუყალიბებელი, გაუგებარი, კეთილი, ბოჰემური ცხოვრების სტილით“. სტატიაში გაშარჟებულია ის, თუ როგორი მონდომებით ითვისებენ გასული ბაბულიკები კლუბური კულტურის ესთეტიკას: „გასულ ბაბულიკებს ხშირად ახასიათებთ სპირიტუალური დატვირთვის მქონე ტატუიროვკები, მაგ: „flower of life“, ტამბლერზე ნაპოვნი უცნაური გეომეტრიული ფიგურები, სხვადასხვა ქიმიკატების ფორმულები და „მაგარი გასული სიმბოლიკა“; „გასულ ბაბულიკებს facebook-ზე ქავერ ფოტოებზე ხშირად უყენიათ მაგარი გასული ბუდას ფოტო ან ფოტო წარწერით, როგორიცაა „drop acid not bombs“, „chill“ და სხვა გასული ფოტოები ბლანტებით, ჯოინთებით და გაბლარული LSD თრიფის ფერებში“; „გასული ბაბულიკა აუცილებელია, რომ კარგად ერკვეოდეს ელექტრონულ მუსიკაში. უყვარდეს ან ძველი ტექნო, ან გოა ტრანსი, ან ოლდ სქულ ჰიპ ჰოპი. უყვართ ვინილის ხმა იმიტომ, რომ უფრო სუფთაა და მაგრა გაყავს, ასევე უსმენენ ინტელექტუალურ დენს მუსიკას და შამანური რიტუალების რეკორდებს“.

ეჭვქვეშ არის დაყენებული მათი ქცევის ავთენტურობაც: „გასული ბაბულიკები გასულები რო არ იყვნენ, მაინც გასული გამომეტყველება აქვთ“; გასული ბაბულიკების საყვარელ ნარკოტიკებად LSD, ecstasy, magic shroom-ები და სხვა ფსიქოდელიური პრეპარატები რჩება (რომც არ ქონდეთ გასინჯული მაინც); გასული ბაბულიკები ძირითადად კეთილები არიან, რადგან მაგარი გასულები არიან და ყლეზე კიდიათ (თუ არ არიან, ამ ობრაზს ინარჩუნებენ)“.

გასული ბაბულიკების მთავარი პრობლემა ადვილი შესამჩნევია – ისინი საკმარისად, ან, უფრო სწორად, სათანადოდ გასულები არ არიან. კლუბურ სივრცესთან მათი ზიარება თვითშემოქმედებას ეფუძნება და, ამის გამო, დახვეწილობა და სიღრმე აკლია და ზედაპირული იმიჯების წარმოებას ვერ სცდება. ჭეშმარიტი ემანსიპაციაც, „საკუთარი ყალბი მანერებისგან გათავისუფლება“, ჯერ არ მომხდარა. ეს ყველაფერი გასულ ბაბულიკს არა მხოლოდ არასანდო, არა მხოლოდ დაუმორჩილებელ, არამედ ერთგვარად შემაწუხებელ სუბიექტადაც აქცევს. თუკი ორაშვილთან აღწერილი ბაბულიკები „საკუთარ თავში არიან ჩაღრმავებულები“, ჩიტიპედიას გასული ბაბულიკი იმდენსაც ბედავს, რომ „უბრალოდ გადრაგულ“ ხალხთან მიდის „და უხსნის, ისინი როგორ გამოიყურებიან მათ თრიფში, მაგ: „აუუუუუ ეხლა იცი რაფერი ხარ ჩემიდედა შევეციიიიი“, ან „აუ 6 ერთად გხედავ ჩემი დედა მოვტყან“.

მოკლედ, კლუბებში ბაბულიკების გამოჩენის ამ ადრინდელ ეტაპზე (სტატია ბოლოს 2013 წლის ივნისში განახლდა) ბაბუ-ქვიარებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ. და ეს იმიტომ, რომ სტატიაში დახატულ სურათზე არ ჩანს აღზრდის პროცესის მეორე, და მთავარი, ელემენტი – აღმზრდელი.

 

ვესთმენი და ბაბულიკი

2017 წლის 26 ივლისს „რადიო თავისუფლებაზე“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ახალი ანიმაციური სერიალის, „ვესთმენი და ბაბულიკი“ ერთ-ერთ შემოქმედთან, სანდრო გვინდაძესთან. გვინდაძის განცხადებით, სერიალი მიზნად ისახავს, დაუპირისპირდეს საქართველოში გავრცელებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და სტერეოტიპებს. სერიალის გმირები „ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული“ პერსონაჟები, ვესთმენი და ბაბულიკი არიან. ვესთმენს, „დასავლეთის კაცს“, „რომელიც სხვათა შორის არის ქართველი და აიტიშნიკი“,  სურს, დაგროვებული ცოდნა – ფაქტჩეკინგი, მედიაწიგნიერება, „თუნდაც რაღაც ისტორიული ფაქტები“ – საზოგადოების სასიკეთოდ გამოიყენოს, ბაბულიკი კი პროპაგანდის მსხვერპლი, „დავრდომილი“ ადამიანია, რომელსაც ვესთმენი თითოეულ სერიაში თავისი სუპერძალის გამოყენებით ეხმარება და მისგან რუსულ პროპაგანდასა თუ საბჭოთა მითებს გამოდევნის.

სერიალის პირველ სერიაში, სახელად „37 მანეთის ლეგენდა“, ვესთმენი ბაბულიკს  ესაუბრება პოპულარულ მითზე, რომლის თანახმადაც საბჭოთა საქართველოში მამაკაცები ძალიან იაფად ახერხებდნენ მოსკოვში გადაფრენას, იქ ნაყინის ჭამას, რუს ქალებთან  გართობას და უკან დაბრუნებას. ვესთმენის განმარტებით, თბილისი-მოსკოვის ორმხრივი ბილეთი სინამდვილეში 37 მანეთზე გაცილებით ძვირი ჯდებოდა, პლუს  სასტუმრო, ტაქსი, „ნაშების დაკერვის“ ფული – „პოლიტრაზე მხოლოდ ლოთი, მსუქანი და უშნო ნაშები იკერებოდნენ“. შედეგად, ასეთი თავგადასავლის ხარჯები 250 მანეთს, იმდროინდელ საშუალო ხელფასზე ორჯერ მეტს აღწევდა და მას მხოლოდ კორუმპირებული საბჭოთა ჩინოვნიკები თუ გაწვდებოდნენ. სამაგიეროდ, ვესთმენისვე თანახმად, დღეს ბაბულიკს შეუძლია, საშუალო ხელფასზე, 1013 ლარზე ნაკლებად, 700-800 ლარად ქუთაისიდან ევროპაში წავიდეს და იქ გაერთოს. ირკვევა, რომ ბაბულიკი ამას ვერ შეძლებს, რადგან უმუშევარია, ისიც იმიტომ, რომ თითქოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში, კონკრეტულად – არაფრის. მიუხედავად ამისა, ის რწმუნდება, რომ კორუმპირებული ადამიანების შეთხზული მითების სჯეროდა და გადაწყვეტს, ინგლისური ისწავლოს.

ეს სერიალი ჩვენთვის რამდენიმე მიზეზის გამო არის საყურადღებო.

• სერიალის ავტორებს – ისევე როგორც იქამდე მაგალითად კიკონიშვილს ან ღვინჯილიას – საზოგადოებაში მიმდინარე ეს დაპირისპირება თუ აღმზრდელობითი პროცესი ერთმნიშვნელოვნად ორ მამაკაცს შორის დიალოგად ესახებათ.

• ბაბულიკი აქ ჯერ „ჩემი ცოლის დაქალების“ აგრესიული ნუვორიშიდან, შემდგომ კი ასატანი, მაგრამ მაინც შემაწუხებელი პერსონაჟიდან, საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმგვარ თვინიერ სუბიექტად, სამაგალითო მოსწავლედ, რომელსაც კიკონიშვილი და ორაშვილი მოიაზრებენ აღმზრდელობითი პროცესის ობიექტებად. გამოიკვეთა ამ ჯგუფის სოციალური კონტურებიც – ბაბულიკი ღარიბია, უმუშევარი, ინგლისურის არმცოდნე. რაც მთავარია, სერიალი გვთავაზობს მისი ამ მდგომარეობის მიზეზების განმარტებასაც – პრობლემა არა, ვთქვათ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, არამედ ბაბულიკის არასწორი ცნობიერებაა – ის მეტისმეტად არის დარწმუნებული საკუთარ კომპეტენციებში, საბჭოთა მითებს უჯერებს, განათლებას არ იღებს, უსაქმურია. აქედან მარტივი გამოსავალიც – თუკი ვესთმენი მას აუხსნის, რამდენად ადვილად შეუძლია, წარსულ დიდებაზე ოცნების მაგივრად, ევროპაში – ან თბილისის კლუბებში – გაერთოს, ბაბულიკის ცნობიერება შეიცვლება, ის ინგლისურს ისწავლის, რუსული პროპაგანდის ტყვეობიდან გათავისუფლდება და უკეთესად იცხოვრებს.

• „ვესთმენი და ბაბულიკი“ ცხადად ამჟღავნებს ამ დიქოტომიის აქამდე დაფარულ, არსებით შინაარსს – ეს დასავლელ და აღმოსავლელ, ორიენტალიზებულ სუბიექტებს შორის დაპირისპირებაა. სერიალი ამის ფიზიოლოგიურ ვიზუალიზაციასაც კი გვთავაზობს – ვესთმენი ქერაა, ბაბულიკი – შავგვრემანი.

• შესაბამისად, ბაბულიკი ამ დიალოგში იმ ფუნქციას იძენს, რაც დასავლურ ორიენტალისტურ აზროვნებაში ტრადიციულად ერგება აღმოსავლელს –  მხოლოდ და მხოლოდ პასიური ობიექტის. სერიალისთვის რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების მეთოდი არის არა დიალოგი, მოწინააღმდეგე მხარის პერსპექტივების და არგუმენტის გათვალისწინება და მათთან კამათი, არამედ, ცალმხრივი სწავლება, მცოდნის, წარმატებულის მიერ უცოდინარის, „ლუზერის“ განათლება. ორაშვილიც და კიკონიშვილიც მხოლოდ იმას აღწერენ, როგორ ცვლის „ბასიანის“ გარემო ბაბულიკებს. საპირისპირო პროცესი, ბაბულიკების მიერ კლუბურ კულტურაში ცვლილებების შეტანა, არსად ჩანს. არადა, ორაშვილმა „მძიმე კაცთან“ ბაბუ-ქვიარებზე საუბარი იმით დაიწყო, რომ უცხოელი არტისტებისთვის  თბილისის კლუბები ყველაზე მომხიბვლელი სწორედ მისი პუბლიკის გამოა. ადამიანების, რომლებიც „საცეკვაო მოედანზე გათავისუფლებისთვის იბრძვიან“ და რომლებისთვისაც ეს კლუბები „გათავისუფლების სიმბოლოა“. მოკლედ, ბაბულიკი კლუბების მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მიუხედავად ამისა, კლუბში მისი ფუნქცია მხოლოდ ისაა, რომ, არსებითად, საკუთარი თავისგან „გათავისუფლდეს“, მასზე უარი თქვას და ისწავლოს. მისგან არ სწავლობენ. ის არ წყვეტს, რა უნდა ისწავლოს. და თუკი ბაბულიკი საკუთარ თავშია ჩაღრმავებული და არავის აწუხებს თავისი მზერით, მას გამუდმებით უყურებენ და გამუდმებით მოუთხრობენ მის შესახებ სხვებს.

• ამის მთავარი მიზეზი ვესთმენების მეორადი დასავლურობაა. ვესთმენი, სახელის მიუხედავად, დასავლელი არ არის – „დასავლეთის კაცია“. ელექტრონული მუსიკის ონლაინგამოცემა „რეზიდენთ ედვაისორის“ სტატია „თბილისი და რეივის პოლიტიკა“ საუბრობს ახალგაზრდა ქართველებზე, ვინც საზღვარგარეთ, „გერმანიის მსგავს ადგილებში“, იცხოვრეს და „იქიდან უკან წამოიღეს თავიანთი განმსაზღვრელი გამოცდილება ტექნო კულტურის შესახებ“. სტატიის თანახმად, ახლა ეს ადამიანები ქმნიან რეივებს, ღონისძიებებს, რაც „საქართველოს [ისტორიის] ახალი ეპოქის მტკიცებულებაა და ასახავს ლიბერალური, დასავლური ღირებულებების გაჟონვას საზოგადოებაში“.  ვესთმენის და ბაბულიკის დიალოგი ორმხრივი ვერაფრით იქნება, რადგან ამ დიალოგის შინაარსი, ის, თუ რა უნდა ასწავლოს ერთმა და რა უნდა ისწავლოს მეორემ, ბევრად ადრე განისაზღვრა – მაშინ, როცა ვესთმენი „დასავლეთის კაცად“ ყალიბდებოდა. ეს დიალოგი „უცხოელი არტისტებისა“ თუ ტექნოგამოცემებისთვის მომხიბვლელი სწორედ იმიტომ არის, რომ რეალური თუ წარმოსახვითი დასავლელისთვის დადგმული წარმოდგენაა. მისი სტრუქტურა მარტივად ასე შეგვიძლია აღვწეროთ: ედვაისორი უყურებს ვესთმენს, რომელიც აღზრდის ბაბულიკს.

* * *

ამ ცნებებს,  „ვესთმენი“ და „ბაბულიკი“, როგორც ვნახეთ, საკამათო და ბუნდოვანი შინაარსი აქვთ –  გაუგებარია, კონკრეტულად ვინ იგულისხმება მათში და ალბათ არც არავინ იქნება ისეთი, ვინც თავს ან ერთად, ან მეორედ მოიხსენიებს. ისინი თითქოს მხოლოდ ჩვენს ცნობიერებაში არსებობენ. მიუხედავად ამისა, ეს ცნებები (ჰიპერ)რეალურია –  ისინი განსაზღვრავენ, როგორ აღვიქვამთ სხვებს და საკუთარ თავს; ვისთან და რა პირობებით ვამყარებთ კავშირს, როგორ ვიქცევით, მაგალითად, კლუბებში და იქნებ, უფრო მნიშვნელოვან რაღაცებსაც განსაზღვრავენ, მაგალითად, იმას, რომ „ყველა აქციაზე“ პირველ რიგებში ბაბუ-ქვიარები დგანან, მაგრამ ამ აქციების მიზნებს მაინც ვესთმენები წყვეტენ.

შესაბამისად, აღწერილი სიტუაცია ბევრ კითხვას აჩენს, თუნდაც გამოსავალთან დაკავშირებით. გიორგი ღვინჯილიას აინტერესებს ის, თუ რა უნდა იყოს პოლიტიკური და კულტურული ელიტების რეაქცია მასზე, რა უნდა შესთავაზონ მათ ბაბულიკებს „ცნობიერების შეცვლის“ ამ ზედაპირული პროპაგანდის სანაცვლოდ. ჩემთვის საინტერესო თავად ასე მონიშნული ადამიანების პოზიციაა. რა უნდა ქნას მან, ვინც კულტურული და დისკურსული დომინაციის ქვეშ მოექცა? ვისაც მოუწოდებენ, საკუთარი თავისგან გათავისუფლდეს? ვისაც პასიურ ობიექტად მონიშნავენ და განუსაზღვრავენ, რა და როგორ ისწავლოს? ვისაც გამუდმებით უყურებენ და უკრძალავენ, თვითონაც უყუროს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სოციალური მეცნიერების მთელი დისციპლინები შეიქმნა და, ცხადია, მათ ამ ტექსტით ვერ გადავჭრით. თუმცა, მაინც მგონია, რომ მათზე რამდენიმე საინტერესო პასუხს ქართული ინტერნეტკულტურის ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გვთავაზობს.

 

მავანი

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ს 2015 წლის ბოლოდან დაემატა ახალი რუბრიკა, „რობერტო მავანი“. მოკლემეტრაჟიან სკეტჩებს მარტივი ფორმატი ჰქონდათ – წამყვანი და ტიტულოვანი პერსონაჟი სხვადასხვა, ძირითადად გასართობ ღონისძიებაზე მიდიოდა, ვთქვათ, ესწრებოდა სილამაზის კონკურს „მის მკერდს“, ანდა გოლფის ტურნირს და იქ ანცობდა – აშარჟებდა ღონისძიებას, პროვოკაციულ კითხვებს სვამდა და ღონისძიებებზე შეუფერებლად იქცეოდა. რუბრიკამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და მაყურებელს დღესაც არ კარგავს – მიუხედავად იმისა, რომ დაიხურა და მისმა ავტორმა მოღვაწეობა სხვა ტელევიზიაზე, სხვა სახელით და ფორმატით განაგრძო, იუთუბზე მომხმარებლები რუბრიკის ძველ ჩანაწერებს დღემდე ტვირთავენ.

მავანი კლუბებს და ელექტრონული მუსიკის კონცერტებს მრავალჯერ ეწვია, თუმცა გამოვყოფთ სამ მათგანს.

პირველ მათგანში, „რობერტო მავანი ეკაიფება მაგრად“, მავანი კლუბში წასვლის პროცესს აშარჟებს. ის მეგობრისგან იგებს, რომ „დიქსონი“ ჩამოვიდა, ყიდულობს „დასაკრავს“, რადგან „ვიზუალები გაუსწორდება“, იმარაგებს წყლის ბოთლს, გამყიდველს სთხოვს, ჩაი დაუსხას, რადგან „მაგრად გაუხსნა“. ბოლოს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, „საკუთარ თავს უღრმავდება“.

მეორეში, „რობერტო მავანი GEM FEST-ის ზამთრის ფართიზე“, მავანი კონცერტზე იმპროვიზებულ სუფრას აწყობს – მაგიდაზე ღვინოს, პურს და ცოტა საჭმელს ალაგებს და შემდგომ სხვა დამსწრეებთან ერთად სადღეგრძელოებს სვამს.

მესამეში, „რობერტო მავანი კლუბში“ – მავანი ბევრჯერ აწუხებს კლუბში მისულებს. ეკითხება, როდის გაიცნეს დიჯეი, აკვირდება და აღწერს მათ ქცევას, ეკითხება, რა მუსიკას უსმენენ. ბოლოს, კონცერტის ზედხედის ფონზე, გვამცნობს: თქვენ წინაშეა რვა ათასი გასული ქართველი.

ეს ეპიზოდები ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე სტრატეგიას გვთავაზობენ.

• მოუხელთებელი სუბიექტი – მავანის პერსონაჟი ბევრი რამით ჰგავს, მაგალითად, კიკონიშვილის მიერ აღწერილ ბაბულიკს – გამომეტყველება და ლაპარაკის მანერა აშკარად მიუთითებს მის „მკაცრად დადგენილ აგრესიულ იმიჯსა“ და პრივილეგირებულობის განცდაზე“. და ბევრი რამით არ ჰგავს – ჩაცმულობით, იუმორით, ქცევით. ასეთი სუბიექტი ბევრ პრობლემას უქმნის ვესთმენის პედაგოგიკის დიქოტომიას. რა მოვუხერხოთ მას, ვინც გათავისუფლდა, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა? ისწავლა, მაგრამ არა ის, რაც ჩვენ უნდა გვესწავლებინა? კიდევ უნდა გათავისუფლდეს? თავიდან? საით? რაღა უნდა ისწავლოს? საერთოდ ვინ არის? ბაბულიკი? „ჩვენიანი“?

• აღზრდის პროცესის აღწერა – კიკონიშვილთან, ორაშვილთან, „ედვაისორის“ სტატიაში, კლუბებში მიმდინარე აღმზრდელობითი პროცესი ერთობ ამაღლებული ტერმინებით აღიწერება – „გათავისუფლება“, „საკუთარ თავში ჩაღრმავება“, „ლიბერალური ღირებულებების გადინება“. მავანი, კლუბის ეტიკეტის დეტალური აღწერით, ამ პროცესს ყოველგვარი მისტიკური საბურველისგან განძარცვავს – წარმოაჩენს მას ზედაპირული კოდების ერთობლიობად, რომელიც შემეცნების და თვითგანვითარების კი არა, მარტივი დასწავლის საგანია.

• ინტერვენცია – მავანი, თუნდაც იუმორისტული მიზნებით, კლუბის სივრცეში ახალი ელემენტით იჭრება – სუფრას შლის. შორს ვარს „ბაბულიკების კულტურის“ ესენციალიზაციისგან და იმისგან, რომ სუფრა ბაბულიკის კულტურის ნაწილია, მაგრამ ისიც ცხადია – რომ ვესთმენის არ არის. ეს ის არ არის, რასაც ის თავის სივრცეში ელოდა. ასეთი, ახალი ელემენტები, ცხადად პროვოკაციულია და მათი წყალობით სივრცე უკვე ნაკლებად ეკუთვნის ამ უკანასკნელს და მეტად – მას, ვინც ის იქ შეიტანა.

• მზერის შეტრიალება – კიკონიშვილი აღნიშნავს, რომ „ბასიანი“ არის სივრცე, „სადაც თითქმის ვერავის ხედავენ“. მაგრამ ფაქტია, უკვე რამდენგან ვნახეთ, რომ ბაბულიკს კარგად ხედავენ კლუბებში. გამუდმებით აკვირდებიან და დეტალურად აღწერენ. 

ორიგინალი, არამეორეული დასავლელიც, მსოფლიოს წარმოსახვაზე საუკუნეების განმავლობაში სწორედ იმიტომ ინარჩუნებდა გავლენას, რომ მხოლოდ თვითონ აღწერდა სხვებსაც და საკუთარ თავსაც; მხოლოდ მას ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და უფლებაც. ამიტომაც თავისუფლად შეეძლო ემტკიცებინა, რომ მაგალითად აზიელები ზარმაცები და ირაციონალურები არიან, აფრიკელების თავის ფორმა მათ დაბალგანვითარებულობაზე მეტყველებს, თავად დასავლელი კი ცივილიზებული, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულია. და შეეძლო ამაში სხვებიც, თავად აფრიკელები და აზიელებიც დაერწმუნებინა.

მოგვიანებით, პირველი და, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, კოლონიურმა ძალებმა ბრძოლაში თავიანთი კოლონიების მცხოვრებლებიც ჩართეს. მილიონობით ბაბულიკს და ბებულიკს ინდოეთიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან პირველად მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახა ის, რაზეც მთელი ცხოვრება მოუთხრობდნენ – „დასავლური ცივილიზაცია“. ენახა, როგორ გამოიხატებოდა დასავლელის ცივილიზებულობა და მიზანსწრაფულობა გალიპოლისა და ნორმანდიის სასაკლაოებზე, აუშვიცსა და დრეზდენში. ამ გამოცდილებამ, ილუზიებისგან გათავისუფლებული ბებულიკების მზერამ, სამყარო შეცვალა. დეკოლონიზაცია და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტატუსი, მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარებები – მისი პირდაპირი შედეგია.

მავანიც რაღაც ასეთს გვთავაზობს – ბაბულიკი გამუდმებით აკვირდება, ეკითხება, აფასებს მათ, ვინც კლუბში ხვდება. შედეგად, ვესთმენისგან - სუპერძალებით აღჭურვილი განმანათლებლისგან რჩება უბრალოდ „რვა ათასი გასული ქართველი“, ცოტათი სასაცილო ადამიანები, რომლებიც შეკითხვაზე „რა მუსიკას უსმენ?“, პასუხობენ – „კლუბურს“.

იქნებ ეს, მზერის შეტრიალება, საკუთარი პერსპექტივიდან დანახვა იმისა, ვინც აქამდე უყურებდა და ყურებას უკრძალავდა, ყველაზე მძლავრი იარაღი იყოს ბებულიკებისა და ბაბულიკებისთვის გათავისუფლების გზაზე. და ვგულისხმობ ჭეშმარიტ გათავისუფლებას, არა საკუთარი თავისგან, არამედ თავსმოხვეული ხატებისგან. რადგანაც ის, რომ ვიღაცას არ ვუსმენთ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მასაც არ შეუძლია, მოუსმინოს. დააკვირდეს. და დასკვნები გამოიტანოს.

Author :
  • თორნიკე ჭუმბურიძე
You voted '-1'.