მე არ...

“Je ne sais pas l’anglais” -  Georges Hugnet

 

მე არ ვიცი ინგლისური.

მე არ ვიცი ინგლისური, ამიტომაც ვერაფერს გეტყვით ამ ბოლო ომის შესახებ,

საღამოს ცაში ტელესკოპიდან რომ მოჩანს გადაფურჩქნული.

მე არ ვიცი ინგლისური, და ამიტომაც, როცა მშია,

ვერაფერს ვშვრები, გარდა პირისკენ თითის შვერისა.

ეს ჟესტი კი შესაძლოა ათასნაირად გაგვიგონ.

მე არ ვიცი ინგლისური, და ამიტომაც არ შემიძლია უფლება-მოვალეობებში გავერკვე,

როგორც ეს მოცემულია უახლეს პროტოკოლში.

მაგალითად: შემიძლია კი გამოვხატო სინაზე; ახლა მაინც შემიძლია, გავაგრძელო შენ გარშემო ჩემი მკლავის ან მკლავების შემოხვევა და ნელა მოგაწვე; შემიძლია, გაკოცო ნაზად ტუჩებში; მერე კისრის მარცხენა მხარეს;  მერე ორივე ძუძუსთავზე? და ა.შ.

რამენაირად შესაძლებელია მისი პასუხების დეკოდირება?

მე არ ვიცი ინგლისური. შესაბამისად, არ ვიცი, როგორ გამოვხატო, რომ ეს ნახატი არაფრის შესახებ

მირჩევნია იმ ნახატს ყველაფრის შესახებ.

არ შემიძლია ვილაპარაკო ჩემს წარსულზე ან სამომავლო იმედებზე, როტერდამში მოულოდნელად დამსხვრეულ ჩემს სათვალეზე, ზაფხულის ბაღში აღმართულ ეროსისა და ფსიქეს ქანდაკებებზე, გულისწამღებ კივილზე სან-პაულოს ქუჩებში, საათზე, რომელიც უცებ გაჩერდა პარიზში.

არ შემიძლია, ვთქვა ხუმრობა რაბინსა და თუთიყუშზე,

ბარმენსა და იხვზე, პაპზე და პორტ-კოშერზე.

შენ გამიგებ, რატომ არ მოგწერე არც ერთი წერილი

და რატომ დარჩა ყველა შენი წერილი წაუკითხავი.

ის წერილები, შესაბამისად, სადაც შენ ძალიან ზუსტად აღწერ

ხილული და უხილავი სამყაროს გადაკვეთას,

და ბნელი მატერიის ოპტიკას.

არ შემიძლია განვასხვაო სარკეებიანი დარბაზი თავლისგან, ზღმარტლი გომბეშოსგან, ტალახის ნასვრეტები ქვის ნატეხისგან.

არც ის შემიძლია, გამოვთქვა სიტყვები: მეცნიერება და მენცარობა, ენა და წყენა.

არ შემიძლია გითხრა ხეების წაგრძელებულ ჩრდილზე, რომელიც

კედლებზე გადმოდის, როცა მზე მაქსიმალურად გადახრილია.

არ შემიძლია მოგიყვე ნუშისთვალებიან სახეზე, ქვის გემზე,

რომელსაც აფრად ენა ჰქონდა.

და არც ის, რომ ამ ვარდს ოცდაოთხი ფურცელი ჰქონდა,

და ერთი ცოტა დაზიანებული იყო.

არ შემიძლია გითხრა, როგორ დავაფშვენი ეს ვარდი ჩემს მაგიდას.

არ შემიძლია გავიგო ვარდის სახელი.

არ შემიძლია გავიმეორო კეთილი ანგელოზის სიტყვები

და არც ბოროტი ანგელოზის სიტყვები.

არ შემიძლია არც მომრავლებულ და არც გადაშენებისპირა საგნებზე საუბარი.

თამაში ისევ გრძელდება. დაკუნთული კაცი ბურთში ჯოხს არჭობს. ქალი თეთრებში, ხელების ქნევით, ხატავს წრეს კოსმოსში. სოფელი ცარცისფერი გორაკების მტვერს შეერევა.

ვინაიდან არ ვიცი ინგლისური, სხვადასხვაგვარად მომმართავდნენ: ბატონი დაკლაკნილი, დაუმთავრებელი, უნიათო, თავგზაარეული, ცხენივით მოხვიხვინე.

ომი დამთავრებულად ჩაითვალა, თითქმის მაშინვე, როგორც კი დაიწყო.

სახელიც მოუძებნეს: „საბოლოო ბრძოლა სიახლოვესა და სიშორეს შორის“.

მე არ ვიცი ინგლისური.

 

ბგერის სიზმარი მთებში

(ანიშ კაპურის კვალდაკვალ)

 

მეტად ხანმოკლეა

ეს ცხოვრება

მთებში

სადაც უთავო მხედრები მღერიან

სიცხიან სიმღერას

ომსა და საკუთარ თავზე

პირველად როდის შევამჩნიეთ

დახრული ჩონჩხების ხეები,

როცა პირველად მოგვესმა

ძროხების ზმუილი,

ბაღის მოლაღურების

კამათი,

მძინარეთა ტირილის ექო,

უკანასკნელი სიტყვების გამეორება,

უკანასკნელი სიზმრისადმი შეწინააღმდეგება

(ეს სიზმრები იყო ჩემი

და არაჩემი

ამბობენ ქვის კედლები,

ლექსის კედლები)

ჭრიჭინები მღერიან

და თეთრი ვეშაპი

მღერის თავის სითეთრეს

ქვის სიზმარში

და დაკარგულ დროში

ორივეს აქვს თავისი მდუმარე სიმღერა

სიცხეში ლოცვისას

და თავზარდამცემი ნდომა

უჟამო ჟამის

და უსასრულოდ დაძრული ქვების,

დაუდევრად რომ ლაპარაკობენ

წვიმა კი ტბორავს სავალ გზებს

მეტად ხანგრძლივია

ეს სპირალური ცხოვრება

და მეტად სწრაფად

კვეთს ქარი და სინათლე

ჩვენს შუშის სხეულებს.

 

თბილისის ფიქრები

 

უნდა დაიკიდო სიჩუმე

ლექსის მარცხენა მხარის.

უნდა დაიკიდო ყმუილი

ლექსის მარჯვენა მხარის.

და დაიკიდო პატარა ჯარისკაცები ქალაქის კარიბჭეებში

ხიშტებზე წაწერილი ობოლი ლექსებით

ნუ მიაქცევ ყურადღებას

ვირთხებს ბეღელში

ან ქურდებს

რომლებიც მოიპარავენ ცისკრის ნათელს

ლექსიდან

და ჩირაღდნის შუქს ლექსიდან

და შინაგან ნათელს ლექსიდან

და ლექსის სიბნელეს ლექსიდან

უნდა დაიკიდო

ლექსის სექსი,

თუ შეგიძლია

თუ შეგიძლია

არასოდეს უთხრა ლექსს,

რა უნდა გაკეთდეს.

არ სთხოვო დანდობა ლექსს

რაკი ეს მას არ ძალუძს ისედაც.

არ ჰკითხო, რა ენაზე ლაპარაკობს

რაკი პასუხი არ არსებობს.

გახსოვდეს, სიბნელეც და სინათლეც

ერთია,

თუ შენ შეგიძლია

თუ შენ შეგიძლია,

რომ მე და  შენ იყოს ერთი და იგივე

და იგივე იყოს მაღლა და დაბლა

შორს და ახლოს

შემოიხვიე სიტყვები, რომლებიც არ გესმის.

 

შემდეგ

 

და ლექსის წერა

ნამგალა მთვარის ქვეშ

ბარბაროსობაა

და ლექსის ჩხრეკა

შეყვარებულთა სხეულებში

ბარბაროსობაა

და ლექსის წერა

მტვრის შუაგულში

მტვრის შუაგულში

ისტორიის შტორმში

ბარბაროსობაა

და ლექსის კითხვა

კითხვა

როდესაც წიგნი იწვის

და ქაღალდის სახლში შესვლა

როცა ქუჩები იწვის

და ქაღალდის სახლში შესვლა

რომელიც მდუმარეა

და სიმღერის მოსმენა

უნდა ვუწოდოთ მას სიმღერა?

მწველ სიცხეში

აფრენილ ჭრიჭინობელასი

როცა შეყვარებულთა

სისხლის სმა

ბარბაროსობაა

და უღრან ტყეში

სიარული

უღრან ტყეში

უგზო-უკვლოდ დაკარგვა

იმისათვის რომ მიმოიხედო

და დაიწყო

და გამოეთხოვო

და დაიწყო

და იცხოვრო

და იცხოვრო მასზე

და იცხოვრო მასში

 

პირველი ელეგია

 

სიმღერა აკრძალულია ამ კაფეში.

წამება დაშვებულია ამ კაფეში.

ორმაგი მომეცით, თუ შეიძლება, გმადლობთ,

45 წუთში, დაო,

შეიძლება, და დაგიძახოთ,

ნუშისთვალებავ, გაუცინარო,

ამ მუდმივად ცვალებად სინათლეში

რომელიც ფარავს ამ მოღუშულ სამყაროს?

ეს მოცეკვავეები, იცნობთ მათ?

ფიქრობენ კი ისინი მოძრაობებისას

იმაზე, რაც არის და რაც იყო?

იცით მათი სახელები?

თუ - კი, მაშინ

იცვლებიან მათი სახელები

უახლოესი დროიდან დაწყებული

გვიანობამდე

და დღითი დღე?

ჩანს მათი ჭრილობები

როცა ისინი იმიტირებენ მუსიკის მოძრაობას.

(დაო, მაპატიეთ, უნდა მეკითხა)

ჰიროშიმა, ნაგასაკი, აბუ-გრეიბი,

ოღადური, ვორტუკა, მაგადანი -

ეს ვალსი, ეს ცეკვა -

კაფეს კანდელებს შორის

და შემინულ ფანჯრებს მიღმა.

ნამეხარი ხეების

უსასრულო ხეივანი

ჩურჩულებს დამხვრეულ სიტყვებს

რათა ვერავინ გაიგოს

ყველა დასახელება ლამაზია

დაო, უსასრულო დასახელებები,

ტუჩებიდან მოგორავს

უსასრულოა მათი სახელი,

როგორც ვარსკვლავების

რომლებიც ზღვაზე ციალებენ.

 

დაცემა ამერიკაში

 

ყოველ სამ წუთში ვინმე სამოცდახუთ წელს გადაცილებული

ეცემა ამერიკაში.

ჩვენი ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ თქვენ ხართ

სამოცდახუთ წელს გადაცილებული

და შესაძლოა უკვე

დაცემულიყავით ამერიკაში

ერთზე მეტჯერაც კი.

შეიძლება აბანოში შესვლისას

მოსრიალდით

და დაიჩეჩქვეთ თავის ქალა

და შესაბამისად, სისხლის აუზში

ჩაიხრჩვით.

თუ ასეა, ამ შეტყობინებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

შეიძლება ზღვის ყურებისას გართულს

ერთხელაც ბალანსი დაგერღვათ

და ტალღებმა წაგიღეს

ფუკუშიმას დასხივებული ზვირთებისაკენ.

თუ ასეა, დაიკიდეთ -

ტანზე ხორცი - უკვე შემომძვრალი

და თვალები -

ჩამდნარი გაქვთ ფოსოებში

და ასეთ შემთხვევაშიც,

ამ შეტყობინებას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.

მკაფიოდ უნდა შეგახსენოთ რომ

ზოგი თქვენი მეგობარი და ნაცნობი

იქნებ სულაც საყვარელი ბიძა

დეიდა, ბიძაშვილი, შვიდი დედმამიშვილი

მშობლები, ცხადია,

ასე თუ ისე, დანებდნენ მიზიდულობისა და ასაკის

საბედისწერო თანასწორობას.

გარდა ამისა, თქვენი ინვესტიციები

ახლახან ჩაიფუშა,

და შედეგად, შოკში მყოფს

გული წაგივიდათ და დაეცით იაფფასიან

მექსიკურ იატაკზე

საკუთარ სასადილო ოთახში

და რამდენიმე დღის შემდეგ გამოიღვიძეთ

თეთრებში გამოწყობილი უემოციო პროფესიონალებით

გარშემორტყმულმა

რომლებიც მოგმართავენ

როგორც პატარა ბავშვს.

თუ ასეა, ახლა უკვე იცით რომ

თქვენ ხართ აბსოლუტურად მარტო

ამ ცხოვრებაში.

გთხოვთ დაგვიტოვოთ კომენტარი

ჩვენი ერთჯერადი შემოთავაზების შესახებ

რომელსაც მალე ვადა გაუვა.

 

ლასლო-

 

პერსონაჟები არიან რომანის მსხვერპლები

ისინი თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ

ჩვენს სიტყვებს

ისინი ეცემიან ფურცლებს შორის მდუმარედ

და ჩვენ ვიგონებთ მწევრებს

რათა ისინი ხელში მოვიგდოთ.

ვიგონებთ სიტყვებს რათა ჩავყლაპოთ ისინი

წინადადებებს ავკიდებთ ზურგზე

ჯალათი მოდის

აბრეშუმის ბაწრით

მათი უსასრულო კვანძები

წრე იკვრება

დასაწყისისა და დასასრულის გარეშე

მრგვალია როგორც ტალღის რუხი თვალი

რომელიც მიიგრაგნება მოულოდნელი სანაპიროსკენ

დაუსახლებელი სანაპიროსკენ

რომელიც სავსეა ღამის კოცონებით.

 

ნარცისის სიზმარი

 

ნარცისის სიზმარი:

სიჩუმე იქნება ხმამაღალი როგორც დრო

მწერლის სიზმარი:

სიჩუმე შესაძლოა იყოს ხმამაღალი როგორც დრო.

დროის სიზმარი:

დასვენების დროც შესაძლოა მოვიდეს.

დასვენების სიზმარი:

შესაძლოა არდასვენება. 

პალმის სიზმარი:

ეს მომლოცველები სოფელში შევლენ.

სოფლის სიზმარი:

ისინი უკან ბრუნდებიან თავ-თავიანთი რტოებით.

და სახლს ესიზმრება საკუთარი სართულები

და საკუთარი საძირკვლის გადასახლება.

ღამის სიზმარი:

დღე იქნება დაწმენდილი.

დღის სიზმარი:

სიბნელე იქნება აღგვილი.

სიზმარს კი ესიზმრება სიზმარი,

მაგრამ ამაზე ვერვის დაელაპარაკები.

 

ლექსი და მისი ასლი

 

არასოდეს ესაუბროთ ერთიმეორეს

ერთის სიბნელე

მეორის სინათლეა

ერთის დუმილი

აყალიბებს მეორის ხმას

ერთის ცრემლი

არ ისმის მეორის სიცილში

ერთის სიყვარული

არის მეორის უიღბლო სიყვარული

დაკარგული სიტყვები,

უკანასკნელი სიტყვები

ერთის აზრი

ჩაკარგული მეორისაში,

ექოდ შესულია მეორისაში,

წაშლილია მეორის ჩრდილისგან. 

ყოველი ძილი

ტყდება მეორის ღვიძილში

და იმავე თვალების გავლით ხედავს

წარმოუდგენელ სცენებს

რომელთაც არ იზიარებს.

 

რიჩარდ სიბართს

ვინც იცის ეს ყოველივე

მაიკლ პალმერი