მეკობრე რომელმაც არ იცის რას უდრის პი

 

***

ეს ამბავი მეკობრესა

და კაკადუზე, არც ისე შორს დგას

ბალადისგან ბონი და კლაიდზე,

რომლებიც, უნდა ითქვას, იყვნენ მათზე

ცოტა უფრო სასოწარკვეთილნი. და განდეგილნი.

მათი შეხვედრის დღეს

მეკობრე ჯერ კიდევ არ იყო მეკობრე,

თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ

დრო რომ გავიდოდა, მეკობრე გახდებოდა

და შეაგროვა მეკობრისთვის

საჭირო იარაღის მარაგი:

საშტურმო კაუჭი, იატაგანი,

კარაბინი, მალაიზიური ჯაყვა,

კოლექციაში სულ იყო ასორმოცდათვრამეტი ექსპონატი.

კაკადუ კი მაშინ უკვე თუთიყუში გახლდათ

და მათი შეხვედრა სათვალთვალო კამერებში დარჩა:

ბნელ ზოომაღაზიაში, მოქუფრულ სველ დღეს

(ცხვირიც და ნისკარტიც ლორწოთი ჰქონდათ სავსე)

არც ისე მშვიდად

გაანდეს ერთმანეთს, რარიგ უყვარდათ თამაში

 

ხმაურით! 

გრუხუნით!

უხეშად!

ჯერ თავს დაესხნენ ტურისტებს კუნძულიდან სახელად ბალი

რომელთაც უნდოდათ ეხილათ ვენეციის ბიენალე

შემდეგ გაეშურნენ კალი-

ფორნიისკენ, სადაც ასწავლიდნენ კალი-

სტენიკას, კალიბრაციას და კალიგრაფიას;

აკეთებდნენ ყვავილოვანი კომბოსტოს კერძს, კვალი-

ფიკაცია შეიცვალეს მერე. კრიმინალის გზას დაადგნენ. ბოლოს შეიძინეს ხომალდი -

იმ იმედით, რომ ზღვის ფსკერზე გადააწყდებოდნენ ოქროს ზოდებს. 

მაშინ იყო სწორედ, ღია ზღვაში რომ გავიდნენ

და მეკობრეობა დაიწყეს.

თავს ესხმოდნენ იალქნიან გემებს, ძრავიან  გემებს,

და გემებს, რომლებსაც ერთდროულად იალქანიც ჰქონდათ და ძრავაც, 

პალანტერებს, პირაგუებს, პონტონებს,

და გონდოლებს,  ნაშენს მეტალისაგან.

დაუებს, ნავებს, ბაიდარკებს,

კატამარინებს, და კლიპერებს,

ფელუკებს, ტანკერებს,

აბაზანის ნიჟარებს და სახლის ფაჩუჩებს!

ტალღის ქიმი თუ

ქოქოსით მოფენილი სანაპირო,

ნამყოფი სად არ არიან,

მაგრამ არასოდეს დავიწყებიათ

ის ძველი, ბნელი, ნესტიანი ზოომაღაზია.

არც მაშინ, როცა ზანდუკებს ავსებდნენ,

და არც მაშინ, როცა თავს კვეთდნენ კაფირებს.

ბევრი იმუშავეს,

მოიხვეჭეს  სიმდიდრე და წარმატება,

ხელოვნების ნიმუშები შეიძინეს

და ნიუ-ჯერსიში დიდი ვილა,

თუმცა,  იშვიათად ჩნდებოდნენ იქ

რადგან კრიმინალური ცხოვრება არის აი, ასეთი დაწყევლილი.

 

„რა ლამაზი სიმღერაა,“ თქვა მეკობრემ. – „ნეტა, ყველა გემის სახელი გეხსენებინა.“

„შშშ,“ უთხრა კაკადუმ. „ჯერ არა, მოგვიანებით ვიტყვით.“

„როდის, მოგვიანებით?“ ჰკითხა მეკობრემ.

„როდესაც ეს წიგნი დასრულდება.“ უპასუხა კაკადუმ.

მეკობრე ღრმად ჩაფიქრდა.

„როდესაც ეს წიგნი დასრულდება, ჩვენ ცოცხლები ვიქნებით?“ იკითხა უცებ.

„თუ კარგი წიგნი გამოვა, კი.“ თქვა კაკადუმ.

 

****

„მომისმინე, კაკადუ“, ამბობს მეკობრე,

სინათლე გაქრა ოკეანეზე,

სულ მარტო დავრჩით. რა გითხრა ისეთი,

ამ გარემოს რომ მოუხდეს, ჩემო

ღორუკა... ღორიკო...  იმას რა ერქვა,

ვინის სულ უკან რომ დასდევდა, პუჰს“? „გოჭი“,

პასუხობს კაკადუ. „ჰო“, ამბობს მეკობრე.

„ჩვენც ხომ მათსავით

იდეალური მეგობრები ვართ“?

„არა მგონია“, ამბობს კაკადუ.

„აბა ვის ვგავართ?“,  უკვირს მეკობრეს,

რომელიმე სხვა ლეგენდარულ თანამოაზრეთ,

მაგალითად სოკრატესა და  ალკიბიადეს“? „არა“,

პასუხობს კაკადუ. „იმის თქმა მინდა“,

უხსნის მეკობრე, „რომ ისევე, როგორც ერბოკვერცხს

აქვს თავისი საკუთარი თვისებები, რომელიც არ ჰგავს

კვერცხის, რძის, ყველის და  სხვა ცალკეული ინგრედიენტის თვისებებს,

მეკობრე და კაკადუ ერთად უფრო მეტს ნიშნავს,

ვიდრე მეკობრე კაკადუს გარეშე

და კაკადუ მეკობრის გარეშე.

ისევე, როგორც რიცხვი ორი არ ნიშნავს ორ ცალ ერთს:

ის ლუწია, ცალ-ცალკე აღებული ორი ერთი კი ნიშნავს კენტს,

როგორც ამას ამბობს სოკრატე.

“რაც უნდა, ის თქვას სოკრატემ”,

ამბობს კაკადუ - “მაინც ვერ ვგრძნობ

ჩვენს შორის კავშირს მე. იმას ვგრძნობ, 

რომ უცხო ხარ ჩემთვის. ვერ მიგებ, ჩემო მეკობრევ,

დღემდე რაღაც ჩიტი გგონივარ უბრალო”. “არა, არა,

ამბობს მეკობრე,  ამას რად ამბობ?

ბნელი ღამე მოქმედებს შენზე? იქნებ წყვდიადი?

იცი, კაკადუ, ვარსკვლავები მაშინაც კი ანათებენ, 

როცა ჩვენგან ღრუბლები ფარავთ.

ორივე აქ ვართ, გემბანზე, ახლა,

მივცურავთ სადღაც, და ღმერთმა უწყის საით გვაქვს გეზი

მაინც ერთად ვართ, გზა გვაქვს ერთი“. „იქნებ ასე

სულაც არ უნდა მომხდარიყო“ ამბობს კაკადუ,

იქნებ  მხოლოდ შემთხვევით გადაიკვეთა ჩვენი გზები“.

 

***

“როგორ გგონია, ამ კუნძულზე ხალხი ცხოვრობს?

თუ მართლა ცხოვრობს,  ისინი ჩვენ ვერ გაგვიგებენ და  ჩვენ კი მათ.

კუნძულზე მცხოვრებთ საღი გონება

არასოდეს ქონიათ.

‘რატომ არასოდეს? ყველა მათგანი გინახავს ახლოს?“

„რად მინდა  ყველა მათგანის  ნახვა? რისთვის არსებობს  აბა ლოგიკა?

საღად მოაზროვნენი სხვა ქვეყანაში წავიდოდნენ ემიგრანტებად. და

ემიგრანტებს კი აღარ ერქმეოდათ კუნძულის მკვიდრი მოსახლეობა.

Q.E.D.*

„კაკადუ, და რა საჭიროა ემიგრირება?“

„ჰეი, მეკობრევ, რატომ არ არის საჭირო ემიგრირება? მთელი ცხოვრება

აქ უნდა ისხდნენ? შენი აზრით, მეორე შანსს

არ იმსახურებენ?“

„რატომ თვლი, რომ იმ ხალხის  ნაცვლად ლაპარაკი შენი საქმეა?

„მე თუ არა, მათ ნაცვლად სხვა ვინ ილაპარაკებს? ვინმემ ხომ უნდა ილაპარაკოს,

თუ საკუთარი მომავალი უგუნურ ხალხს სულ არ ანაღვლებს?

კარგად ვიცი, ერთადერთი რაც შეუძლიათ: გახევებული ცირცველის თუ

ძახველის ბუჩქებქვეშ ჯდომა და  ძრწოლა გამოუთქმელი შიშისგან“.

„საცოდავი მკვიდრი მოსახლეობა! საცოდავი, საცოდავი მკვიდრი მოსახლეობა! ვაი,

საცოდავი უბედური ადგილობრივი  ენდოგამური მოსახლეობა“

„საწყალ ჭეშმარიტ მოსახლეობას კუდი ყავარზე აქვს გადებული!

და რომ მოვიდნენ და ვიზა მოგვთხოვონ?“

„ვიზები არ გვაქვს!...  პასპორტიც კი არ  გაგვაჩნია.“

„აი, ეს მაწუხებს, ჩემო მეკობრე! მათი აზრით, 

ორივე ვექვემდებარებით დეპორტაციას!

„უნდა დავარწმუნოთ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ

 ჩვენს კულტურაში მეკობრესა და მის თუთიყუშს არ მოეთხოვებათ პასპორტიზაცია!“

„როგორ დავარწმუნებთ ადამიანებს, რომლებიც საღად ვერ აზროვნებენ“

„და დარწმუნებული ხარ, რომ საღად ვერ აზროვნებენ?

კი დაასაბუთე, მაგრამ ეჭვი რატომ არ გეპარება?“

„მოიცადე, მეკობრევ, რაღაცას წაგიკითხავ: „თანამოძმეებისგან განსხვავებით,

ტონგას მკვიდრთ მშობლიურ ენაში 100000-მდე საკუთარი

რიცხვითი სახელი აქვთ. ამითაც არ დაკმაყოფილდა და ფრანგმა პოეტმა

ლეკონტ დე ლილმა  ისინი დიდი წნეხის ქვეშ  მოაქცია და

10 მეთორმეტე ხარისხამდე რიცხვს მიაკვლია. თუმცა,

ამ განცხადებამდე გაირკვა, რომ ამ სახელებიდან ნახევარი

აზრს მოკლებული სიტყვა  და მეორე  ნახევარი კი

არადელიკატური გამონათქვამი ყოფილა. ასე რომ, დიდ რიცხვთა სახელები

ერთდროულად ტონგელების მორიდებული ლექსიკაც გამოდის  და 

ბილწსიტყვაობის ნიმუშიც 

და ამავდროულად წარმოადგენს იმ ფაქტის აღწერას,

თუ რა მოჰყვება ველურებისგან გადაუმოწმებელი დაუზუსტებელი

პასუხების ჩაწერას.’

„ვხვდები შენი გაღიზიანების მიზეზს, ადგილობრივ ხალხთან

ლაპარაკი არის ნამდვილად ძნელი.

 

*რაც უნდა დაგვემტკიცებინა.

 ***

მეკობრე კარიბის ყურეში დაცურავს

მისი გემი იმეორებს მარკოვის ჯაჭვს,

ის დგას კიჩოზე, შამპანურს წრუპავს

და  გრიგალნარევ   ქარს ისრუტავს.

კაკადუ შაკიკისგან  აელმებს თვალებს

და ახლა სხვაგან ყოფნას ნატრობს სადმე,

სულ ვფიქრობ, თუ არის გამოცდილებასა და ენას შორის კავშირი, ამბობს

მეკობრე, რომელმაც არ იცის, რას უდრის პი.

სად არ ვყოფილვართ, თავს რა არ გადაგვხდენია,

და მაინც ვერ ვხვდები, რა  კავშირი გვაქვს ასეთ კითხვებთან:

„მაინც რა გამოარჩევს მათ  სხვებისგან?“

მე კი სხვაგვარი შეკითხვები მაქვს:  მართალია, „ცოდნა აკრძალულია!“

მაგრამ ვინმეს ძალუძს შეინარჩუნოს

ვერბალურსა და არავერბალურს შორის ბალანსი?   

ჩვენ შემთხვევაში, რადგან შენ ხარ  ჩემზე გაცილებით

ვერბალურად მოწყობილი,

ზღვაზე მიღებული შენი გამოცდილება

არსებითად სხვაა,  ვიდრე ჩემი?

და ნუ გამოგრჩება  სიტყვა „არსებითად“ 

ოდესმე თუ აღვიქვამ

განსხვავებულ გამოცდილებას,

რომელიც ავთენტურად არის შენი,

მაგრამ არის ჩემიც,  თუმცა მიესადაგება

ნაცვალსახელი „შენ“ და არა „მე“?

 

***

 

მეკობრე დაცურავს კარიბის ზღვაში, 

ჭიქაში უსხია მუსკადე:

ეჰ, სად ვიპოვი თუთიყუშს

რომელიც მიმღერებს Yesterday-ს 

შემოდის მისი კაკადუ,

ფილოსოფოსი სწავლული:

„სიმღერა შემიძლია გიმღერო ბევრი,

მაგრამ არ ვიმღერებ Yesterday-ს“. 

მეკობრემ ჩაყვინთა ზღვაში,

მოუსვა მკლავები მარდად და მძლავრად,

ვიდრე ტალღები არ აიზვირთა 

და ბეღელის ზომა არ გახდა.

ცრემლის ორი წვეთი დასცდა მეკობრეს,

ვეღარ მოასწრო წვეთი მესამე

შენ უნდა იყო შავი ყორანი,

ათენას ბიუსტს მხარზე დააჯდე. 

მეკობრემ მოწია სიგარა,

კიბო გაუჩნდა და მოკვდა უბედური, 

ნაჯახი აიღეს, გაუპეს მკერდი

და იქ აღმოაჩნდა გული.

გული. სიკვდილის მიზეზი 

ნამდვილად გახდა  გული,

ზღვრამდე მივიდა მეხსიერების

ორგანო მეტაფორული.

რად არ უმღერე მეკობრეს რაც გთხოვა, 

რად არ დაუმშვიდე სული.

შეხედე ახლა, კაკადუ!

აქ წევს სისხლიანი და ლურჯი.

მეგობრობაზე  მაღლა რატომღაც

საკუთარ პრინციპებს აყენებ

ხვალ და ზეგ ნახავ, როგორ ინატრებ, 

გემღერა მისთვის Yesterday.

მაგ ფერად ბუმბულს გადაიშავებ,

და მარად იჩხავლებ  აღარასოდეს!

იქ, სადაც ბნელი წყვდიადი

დაჰყურებს ციდან ცივ ჭაობებს.

როგორც პირველი რიგის

და მეორე რიგის ლოგიკა

არის სხვადასხვაგვარად

სრული და არასრული

ასევე, განსხვავება

მეკობრესა და კაკადუს შორის

ყოველთვის დარჩება გასაკვირი.