ფიესტის შესახებ

 

დრო - თითქოსდა - გაიყინა ყასბის ფარდულში -

ხარის ენა დაკიდებული - წინა კვირას რომ მოიტანეს

ჩრდილოეთიდან - ჩიკაგოდან - 30-იან წლებში მომხდარი ისტორიული  ბრძოლებიდან

დევს სასიკვდილო მოხრიალე ხმით - მძიმე კილონახევრიანი ხმით ყასაბმა რომ მოიპოვა ვეებერთელა სხეულიდან ცხოველისა

 

ის უნდოდათ მიეყიდათ ერთი ლათინოამერიკული კომპანიისთვის

რომელიც აწყობდა თურმე ფიესტებს და სამხრეთის შტატებიდან ყიდულობდა ცხოველებს მაგრამ ხეირიანი მყიდველი ნახა ფერმერმა და

ხარს რომელიც ყოველწლიურად ძროხების ნახევარს მის ნახირში აორსულებდა არ მოუწია გამხდარიყო ფიესტის მსხვერპლი - იშვიათი პეპელასავით გაჩხვლეტილი -ხელით შეშლილი ზოოლოგისა -

არ მოუწია სადღაც ლათინოამერიკული ქალაქის მოხრეშილ არენაზე დასტვენილი ყოფილიყო  პუბლიკის მიერ

ქალაქში სადაც მცხოვრებლები მთელი წელი ემზადებიან ზეიმისათვის:

მამაკაცები - ფარფლებიანი ქუდის ჩრდილიდან სქელ სიგარებს რომ ეწევიან და ფეხზე  ჩექმები ამოუცვამთ მომძვრალი ქუსლებით - ფიესტის თემაზე სიტყვებს ერთმანეთს ზანტად ესვრიან - მიაჩნიათ რომ კაცური საქმე სწორედ ესაა ხარების ხოცვა

 

ქალები და გოგონები კი ჩაიცვამენ ფერად კაბებს და ლითონის სამშვენისებს დაიკიდებენ წავლენ ქალაქში იაფიანი სუნამოების საყიდლად და ყურადღებას არ მიაქცევენ უზრმაზარი ხის ქვეშ მსხდარი მამაკაცების ბრიყვულ ყბედობას - ერთადერთი სოფელში ბავშვები იმარაგებენ ათას წვრილმანს ალაგებენ გამხმარ კუებს უცხოელთათვის - სუნიანი ხორცები მანამდე ამოაჩიჩქნეს და სუპები გააკეთეს - ნარჩენები კი უპატრონო ძაღლებს აჭამეს - განსაკუთრებული მოთხოვნილება არის კუებზე

 

ო ცხელო რიტმო ამ მუსიკისა:

ხმები ქვიშით სავსე ტომრებს ჰგავს რომელსაც ზურგზე გვკიდებენ ხოლმე

ხმები კაკტუსის ეკლებია რომლებიც უხეშ ტანისამოსს და კანს გვიხვრიტავს

ხმები ცხარე კეტჩუპია ზედ რომ ასხამენ ყველანაირ კერძს

 

ყასბებმა ოთხში ამოიღეს ეს ზეიმი

 

მათ: გააფრთხილეს ჭაბუკი ოქროსნაყშებიან კოსტიუმში - რომელიც როგორც ზოოლოგი - შამფურზე იმ ხარის აცმითაა დაკავებული - რომ იწონის ნახევარ ტონას -

 

მათ: მიატოვეს ხის ქვეშ მჯდარი კაცები თავიანთ დაუსრულებელ საუბრებში იმ ფიესტაზე არასოდეს რომ არ იქნება

 

მათ: აწყენინეს ქალებსა და გოგონებს რომლებიც მაინც წავიდნენ ქალაქში და შეიძინეს კაბები და სამშვენისები - მაგრამ არასდროს არ მოირგებენ

 

მათ: მიატოვეს გამომშრალი კუები დახლზე - ბაბილონის გოდოლივით ახონხლილი ერთმანეთზე - და გამძღარი ძაღლების გვერდით მდგარი ბავშვები

 

ეს ყველაფერი შეგიძლია მოათავსო მოგონებების ტომსიკაში ისე როგორც მოგზაური ამარილებს საჭმელს რათა კარგა ხანს ეყოს

 

 

ისტორიის კერძო კომენტარი

 

„და წავიდა ზოგი ხალხი ჩრდილოეთისკენ

ხოლო ზოგი - სამხრეთისაკენ

და ათასი წლით დაშორდნენ ისინი ერთიმეორეს

და რომლებიც წინ წავიდნენ

უკან ტოვებდნენ ქალაქებს სოფლებს

საფლავებს და დამტვრეულ ჭურჭელს

ხოლო რომელთაც დააგვიანეს

მათ გავლილ გზაზე სიჩუმეს კრეფდნენ და აგროვებდნენ“ -

 

როდესაც ეს წაიკითხე

გასაღებით ჩასაკეტ და

ვერცხლისფერი კუთხედებით

შეჭედილ წიგნში

 

ვერ მიხვდი

თუ რომელ ხალხს ეკუთვნოდი

 

ვინაიდან იმ ნაპრალში

რომელიც გაჩნდა -

როცა ერთნი ჩრდილოეთისკენ გაეშურნენ

მეორენი კი სამხრეთისკენ -

ქვიშიანი ქარი ქრის მხოლოდ

შენ ბნელ სიტყვებს ათვალიერებ

და ყრუ ჭიხვინი  

მოფორიაქე ცხენების გესმის

 


მარტოობის ასი წელიწადი აურელიანო ბუენდიასთან

 

დარწმუნებული ვიყავი რომ „მარტოობის ას წელიწადს“

მარტოობის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კვირა ძალუძს გამილამაზოს

ამიტომაც პირველ გვერდზე გადაშლილი წიგნი იდო მაგიდაზე

პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია უტრიალებდა ლითონის ქილას და ყავა უნდოდა რომ მოეხარშა

შენც ყოველ დილით ქერის ყავას კოვზით ურევდი

ვინაიდან სხვას არც სვამდნენ  ჩვენს ადგილებში

 

პირველ გვერდს კი ვეღარ გასცდი

პოლკოვნიკი გაიყინა ლითონის ქილის გახსნის მომენტში

შენ შეგეძლო მხოლოდ და მხოლოდ წარმოგედგინა იმ კოლუმბიურ ყავას როგორი სუნი და გემო შეიძლებოდა რომ ჰქონოდა

გარდა ამისა იმ რეცეპტის დამახსოვრება გსურდა რომლითაც პოლკოვნიკი ყოველ დილით ყავას ხარშავდა

და კიდევ  გვარების - გაორებულის - ესპანურ-ლათინოამერიკულის - ერთმანეთზე გადაჯაჭვულის ესპანური ტრადიციით და ამ წიგნში მიმოფანტულის:

პირველი - მამის მეორე - დედის: გემოს აძლევდნენ ადუღებულ ყავას ისინი

 

შენ შეგეძლო პოლკოვნიკისთვის გეკითხა კარგი სიგარეტის ყიდვა სად იყო შესაძლებელი თუმც ისე მოხდა ვერ მოასწარი - რადგან კეთილმა მეზობელმა რომელიც თუთუნს ეწეოდა მთელი ცხოვრება - შარშანდელი მოსავლიდან მოგიტანა თამბაქოს მშრალი რამდენიმე ფურცელი და სიგარეტის ქაღალდის თხელზე თხელი რულონი - თავად იგი უფრო ხშირად გაზეთს ხმარობდა: ამბობდა რომ შრიფტი სიგარეტს უფრო ძლიერს ხდის

 

ასე გავიდა რამდენიმე დღე:

 

მე დროს ვწელავდი აქეთ-იქით მიმოფანტულ ხელნაწერთ შორის - ჭიანჭველურ ჩანაწერებზე დაყრილი ყავის ზედაპირზე

 

გამეფიქრა - არაა ცუდი რომ პოლკოვნიკი იყო და დილით სვამდე ნაღდ ყავას

 

მაგრამ მეტის წაკითხვა მაინც აღარ მომინდა:

ამიტომაც

პოლკოვნიკმა წყლის ადუღება მოასწრო მხოლოდ

მეზობელი შემეკითხა წიგნის შესახებ: რამდენიმე ფურცელს თუთუნის გასახვევად ხომ არ მივცემდი

მე ვუპასუხე: არ შემიძლია - ახლა დავიწყე კითხვა მაგრამ რაღაც ხელს მიშლის წინ ვერ მივდივარ

 

პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია ამასობაში სადღაც გაქრა მეზობელიც არ მოდიოდა

 

მე დამრჩა: 1) რამდენიმე ჭიქა ყავა და 2) რამდენიმე დღე გამგზავრებამდე

 

გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე კვლავ გამოჩნდა მეზობელი გაზეთების მთელი დასტით და მიკითხავდა ახალ ამბებს კოლუმბიასა და მის ნარკოსინდიკატებზე

 

მე მას ვუთხარი - რომ ის მწერალი ვისი წიგნის გაბოლებაც მას უნდოდა - კოლუმბიელი არის და ეწევა კუბურ სიგარებს

 

მეზობელმა გაიხსენა რომ ქალაქის მაღაზიაში ერთხელ ასეთი სიგარები დაინახა თუმც არ იყიდა იმიტომ რომ ძვირი იყო და დაამატა: მაგის მოწევა რომ დამეწყო დამცინებდნენო

 

დავემშვიდობეთ ერთიმეორეს

 

მორიდებით მკითხა მან ბოლოს ხომ არ შემეძლო გამომეგზავნა მისთვის ასეთი სიგარები - და ჩამოსვლამდე წიგნი ჩემთვის ეთხოვებინა

შემპირდა რომ წაიკითხავდა მოსაწევად არ მოიხმარდა

 

მე ვიცოდი რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი მაგრამ ეს მას არ ვუთხარი არ ვაწყენინე

„მარტოობის ას წელიწადს“ მოვკიდე ხელი და მივაწოდე - ქერის ყავით მოთხუპნილი და ნესტიანი თუთუნის სუნით

პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ როგორც იქნა გამოცალა ყავის ჭიქა და ფანჯარაში გაიხედა

არ ახსოვდა საკუთარი დაბადების წელი მაგრამ ზუსტად იცოდა რომ მხოლოდ ერთი მოდუღება ყავაღა დარჩა

 

 

ძაფი

 

წვრილი ძაფივით ძვრები

ვიწრო

ნემსის ყუნწით

ამ ცხოვრებაში

 

და გარბიხარ

იმწუთასვე

ამ ცხოვრებიდან

 

არსაიდან - ალბათ - არსად

 

ერთხელ ასე გამოძვერი

დედის საშოდან

 

ამოგაფრქვიეს მისმა

მუცლის კუნთებმა ისე

როგორც ვულკანმა ლავა და შენ

იმწუთასვე მოიბუზე

სიცივისგან

და მარტოობისგან

 

ყუნწი სულმუდამ ვიწროვდება

                                            

- მოკლდება -

- წვრილდება -

ეს ძაფიც და

 

გასაღებს ეძებ

ზურგსუკან რომ

კარი დაკეტო

რაღაცას გინდა გაემიჯნო

 

და ცხოვრების ძაფს

ქვემოთა წევ

 

ჯერ იმიტომ რომ

ამოიღო

სარძევე კბილი

 

მერე

კვანძები რომ შეკრა
რაღაცის გასახსენებლად

 

თანდათანობით კვანძების რიცხვს

ვეღარც ითვლი და

დანაკარგთა

უხეშ კვანძებად

გარდაიქმნება

თხელი ძაფი

ბაგირი ხდება

და მისი თრევის

ძალაც აღარ გაქვს

ამ ბაგირით ნემსის ყუნწში

ვერანაირად ვეღარ გაძვრები

ისევე როგორც

გადაჭედილ ავტობუსში

ვერ შეეტენები

და რჩები მარტო

გაჩერებაზე

 

ხოლო მომდევნო ავტობუსი

აგვიანებს როგორც ყოველთვის

* * *

უკრაინელმა პოეტმა

უნდა წეროს რითმიანი ლექსები

წადით თქვენი...

 

კუსავით ზურგით უნდა ათრიოს გამრუდებული ისტორიის ტვირთი

ავადმყოფობები სავარაუდოდ ალკოჰოლიზმით გამოწვეული

 

თუმცა

ღამის 12 საათზე შეიძლება შეიყუჟო ერთი ახლობლის სახელოსნოს

ბაკნის ქვეშ და დილამდე სვა მასთან ერთად

მიაყოლო ზეთის საღებავები და ტილოს დასაჭიმი ქვეჩარჩოების ნახერხი

და დაგავიწყდეს ცოლთან დარეკვა, ისე უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის...

 

დილიდან კი დაეყუდო მაღაზიასთან 

თოვლის პალტოზე შავ ღილებად მიკერებულ ყვავებთან ერთად

და დადაისტივით ივარჯიშო სიტყვების ფუძეებით სანამ არ მიხვალ

სრულ აბსურდამდე - 11-იდან იყიდება ალკოჰოლი -

 

და იცოდე რომ სამკუთხა წრეების და ელიფსური კვადრატების

ესთეტიკის დასასრულია შავი კვადრატი

- თვალებში მუქდება ჭეშმარიტება -

 

იკითხო სპეციალური ლიტერატურა ალკოჰოლიზმზე - და გიკვირდეს

რამდენს გაუმართლა ჩვენგან

 

გაგახსენდეს რომ შევჩენკოც ჩვენსავით იყო...

და ნახევარი საათი იყო ბედნიერი ამ შედარებით

 

ისე რომ არც გაგახსენდეს:

ბოდლერი - მეყვავილე

ვერლენი და რემბო - პარიზელი ბოჰემისტები

ელიოტი - უნაყოფო მიწის ბანკირი

პაუნდი - რადიოკომენტატორი და გიჟი

(ამერიკელი სამხედროების ღრმა რწმენით)

 

ბაბილონის მდინარეებთან უკვე ვერაფერს გამოჩეკავ

- იხვი ნამდვილად არა ხარ -

 

ხოლო სენის ნაპირებზე: 14 ათასი მხატვარი დახატავს გასაყიდად

ჯოკონდას: შიშველს ან წვერმოშვებულს - სულერთია

მთავარია და ვინჩიმ ვერ იცნოს - თუმცა მას არაფერი გაუგია copyright-ის შესახებ -

 

ჰუძონსა და ისტ-რივერს შორის კი  -

                   პოეტი ნიუ-იორკში

- ზეციდან მოვლენილი მტრედი -

უკანასკნელი ამბებიდან იცი რომ 138 ათასი ნარკომანი

               დღეში სამჯერ ნემსის თერაპიითაა დაკავებული -

ხოლო ჰომოსექსუალები და ლესბოსელები - მოწყალების

               და-ძმები - ახლობლის სიყვარულით

 

ურიები კი მესიას ელიან

 

რაღა რჩება:

დაუბრუნებელი ვალები

სამსჯავროზე გამოძახება

ბილეთი ბელგრადამდე

 

- კალმისტარი - ქაღალდი -

- ამომშრალი მელანი - კომპიუტერის შავი სისხლი -

 

და ეს ნარკოტიკული დამოკიდებულება: ჩაიწერო ხოლმე სიტყვები

- როცა მორფოლოგია მორფს ჰგავს -

 

არ გეშინია დოზის გადაჭარბების?

- გეკითხებიან -

 

რადგან ერთჯერადი შპრიცების ხელოვნებაში

ადამიანის გამშრალი სისხლით ეძლევიან სიყვარულს

 

იეგუდა ამიხაი*

 

ჰერბერტმა მომიყვანა იეგუდა ამიხაი და მე ჰერბარიუმივით გავაშრე იგი

და წარწერა კაკტუს საბრას  ქვეშ დავტოვე თუმცა კი ამიხაი გერმანიაში დაიბადა

ხოლო საბრა წმინდა მიწაზე დაბადებული ებრაელია

 

ამიხაის ფურცელი ისე დიდხანს იდო რომელიღაც გერმანულ წიგნში

სიურრეალიზმის შესახებ რომ იერუსალიმის ქვების სუნი აუვიდა და მე ამ ქვებს

ვიყენებდი ლექსებს შორის როგორც შავ ნიშნულებს თეთრ ტილოზე

და მათ ხავსი მოეკიდათ ბორცვთა და დროთა წიგნში

დავით სანდუ და მარგალიტ მატიტიაგუ** მიყვებოდნენ მე ამიხაის შესახებ

როცა ჩვენ სანდუდან მივდიოდით ნოვი სადის სინაგოგაში

და მარგალიტთან ერთად სასტუმრო კაზინოს რესტორანში თეთრ პურს ვაწებდით თაფლში

რომელიც ხელებიდან იდაყვებამდე მოგვედინებოდა


როცა ვკითხულობდით ლექსებს მისი ხსოვნის საღამოზე ნიუ-იორკში

ყველას დავურიგეთ ლექსების ასლები ივრითზე და ინგლისურზე

და მთელი დარბაზი მღეროდა ივრითზე ისე თითქოს მანამდე ბუფეტში პირი

ზეთისხილით ამოივსეს


მაშინ საღამოთი ქროდა ძლიერი ქარი და დრო იყო ტაქსის გამოძახების

ქოლგები ხელიდან გვეგლიჯებოდა და ისინი მიფრინავდნენ თავიანთ მფლობელებთან ერთად ნიუ-იორკის უნივერსიტეტის უბანში და არავინ იყო რომ გვეკითხა ებრაული ცენტრის მისამართი

და ერთ უკაცრიელ ქუჩაზე ერთმა შემთხვევით გამვლელმა გოგონამ

მიმითითა შენობაზე რომლის შორიახლოს უაზროდ ვწრიალებდი ნახევარი საათი

და როცა ჩვენ ვლაპარაკობდით მას ხელიდან გამოეგლიჯა ქოლგა და მე გავიქეცი მის დასაჭერად რადგან დანაშაულის გრძნობა მომაწვა ხოლო იგი გაღიმებული წვიმის ქვეშ იდგა



* სახელგანთქმული ებრაელი პოეტი (1924-2000)

** თანამედროვე ებრაელი პოეტები