კარიატიდი

 

ასე, უთავოდ,

უთავსახუროდ, ყველა ქვაბს რომ საკუთარი აქვს

მან კი ვერცერთი ვერ მოირგო

შეჰყუდებია

და მკლავებით უჭირავს

სახლი

ოჯახი სამსახური და ილუზია

რომ შემოსავალს თუ გაუზრდის

ფიტნესკლუბშიც უნდა წავიდეს

ის მარტოხელა დედაა და ისე იქცევა

როგორც ყველა

საღამოს ჟამს კი

ჩამავალ მზის ოქროს სხივები

მოპირდაპირე სახლს რომ ეცემა

და იქიდან მის ბინას ავსებს

უსიტყვო მზერით დგას ფანჯარასთან

მერე ნელ-ნელა

ხელებს სწევს მაღლა

თითქოს საქმისგან ისვენებსო

მისი სხეული ამ დროს ჩრდილს ხატავს

ის კი თავისი კლასიკური განათლების წყალობით ამჩნევს

რომ ეს ჩრდილი ბერძნულია

და უკვე ორი ათასი წლისაც

 

კიბის თავში

 

გოგონა ზურგზე გყავს მიკრული

და ადიხარ

დღეს საერთოდ არაფერი დაგიწერია

და თუ ასეა რატომ მერე

დანაშაულის გრძნობა გიდგას თვალებში

აქამდე რაც გიფარავდა

ხელოვანის სტატუსი იყო

თან სულ სხვადასხვა ეტაპზე ახლა

ისე ხარ თითქოს ეს საყრდენი გამოგაცალეს

და შეჰყურებ სინათლეს სადღაც

ზემოდან რომ ეშვება შენკენ

სულ გგონია, კიბის თავში რაღაცა იწვის

თითქოსდა ეთქვათ,

არაფერზე არ უნდა წერო

მთვარის შუქის დაისის და აისის გარდა

ზღვებისა ზღვის ნაპირების დათოვლილი პეიზაჟების

ეკლესიათა ეზოების კლდოვანი მთების და მათთა მსგავსი

ამასობაში გეკვანძება ფეხი აი

მაგნეზიუმს რომ არ სვამ ვიდრე

კიბეზე ასვლას დაიწყებდე

ის ნერვებსაც აწყნარებს თურმე

შიგნიდან რომ გიფუთფუთებენ

გარეგნული სიმშვიდეც მოაქვს და

ახლა ხომ ძალა გჭირდება

ტვირთის საზიდად

შენი გოგონა ხაზებს ხედავს რადგან ის

შენთან ასე ახლოა ხაზები სახლი

სადაც კიბე აყუდებულა

დარტყმას გრძნობ შიგნით

ასწრებ სახელურს ეჭიდები 

ღრმად ისუნთქავ თავს ისე გრძნობ

თითქოს არც რა გევალებოდეს

იმ ქალს ვგავარ ხანძრისკენ რომ მიდისო

ამბობ

 

სხვაგან

 

წვიმას იწყებს ეშურება ჰორიზონტისკენ

წყნარი ოკეანის თავზე ახლა რომ

თვითმფრინავი წამოუფრინდა

აგურისფერი შუქის ციმციმით

ამ ღამეში

ერთი ამბობს უსაფრთხოაო

შეგიძლია მშვიდად იარო სხვა ამბობს

როცა მანქანით ხარ, მშვიდად ყოფნა არ შემიძლია

ოღონდაც კი თავს გაუფრთხილდი

დედა იტყვის ჭკუით იყავი

და გულისხმობს წვეულებას და ნარკოტიკებს

აი ამინდი იმუხტება

და ელვა ჰკვეთს წითელ ცას ტალღებს

სანტა მონიკას სანაპიროზე

თუმც ჩვენი სახლი არ ნათდება

და არც იმათი მდიდრებისა

ნასტურციებით და როზმარინით

გადაპენტილ გორაკებზე

ხოლო პატარა თვითმფრინავი

რაღაცას გვიწერს

ჩაბნელებულ ზეცაზე ნავთით

შენელებული კადრის მსგავსად

რომ ვკითხულობთ

ოღონდაც კი თავს გაუფრთხილდი

სადაც იქნები

 

სად შეიძლება იყოს ჩემი ქრისტიანი

 

ისიც ერთი მათგანი იყო

მუცელში რომ მეზრდებოდნენ

ოდესღაც რომ ვერც მივხვდი როგორ

ჭიპლარზე მომწყდა და როცა უკვე

ვფიქრობდი აი შობის დროა

ყველაფერი უკვე მზადაა

გამქრალი დამხვდა

ერთი მათგანი ვინც კბილებს შორის მემალებოდა

და ჯაგრისითაც ვერ ვწვდებოდი

ერთი მათგანი ვინც ბრემენში გადაიკარგა

და ჰამბურგში არასოდეს არ ჩამოსულა

ერთი მათგანი ქურთუკიანი რომ ურბენდა ქუჩას

შეუსვენებლად მე კი

ხელებში შემატოვა კაპიუშონი და დამაყუდა

სუნთქვაშეკრულმა რომ გავიღვიძე

ის იყო ისიც

ვის გამოც ღამით კინაღამ მოვკვდი

ერთი მათგანი ყოველ დილით რომ ამბობდა

დღესაც ისევ ზაზუნას დღეა

სკოლაში რომ მიდიოდა და იქიდან სამუდამოდ იკარგებოდა

ერთი მათგანი ვის მოსვლასაც მუდამ ვიგებდი

რადგან კიბეზე უსტვენდა მაგრამ

კარს რომ ვაღებდი მისაგებებლად

იქ არავინ აღარ მხვდებოდა

ვინც ფიქრობდა სასტიკია ჩვენი სამყარო

და გარდატეხის ასაკისას საღამოს ჟამს

ფანჯარიდან გადახტომით იმუქრებოდა

ვინც მენატრება მთელი ეს წლები

დაბადების დღეც რომ არ ვიცი

ისიც ერთი მათგანი იყო

მუცელში რომ მეზრდებოდა

ვინც ჭიპლარით გამომება და

ერთ დღესაც უცებ სადღაც გადაიკარგა

 

სიები

 

დაკრძალვიდან დაბრუნებული ჩემი საგულო

ამბობს არაფრით არ შეიძლება

თავის მოკვლის შენდობა

 

და მე სიებზე მეფიქრება

სულ რომ იყო მაგალითად ბაბუას და ბებიას სახლში

წიგნებში რვეულებში გამოსაწევ უჯრებში

ადამიანთა სიკვდილის შემდეგ ნაპოვნ ფურცლებზე

 

სია რომელსაც ახლა

ხელს ვკიდებ და კალმისტრით

უნდა განვაგრძო ვინაიდან

წასაშლელი არაფერია გრძელი გახლავთ განსაკუთრებით

 

რამდენიმე მეგობარმა თავი მოიკლა

რამდენიმემ სცადა და დაავადდა

და მაინც მოკვდა ბოლოს და რამდენიმეც

უბრალოდ მოხუცდა

 

ესენი კი სანათესაოდან იყვნენ

სადაც საქმე თითქმის ყოველთვის

წნევაში გახლდათ და წვეთი რომ დაეცათ ახალგაზრდებიც

ერივნენ ერთი-ორი რაც ვითარებას ამიზეზებდა

 

ვერ დავივიწყებ როგორებსაც ბოლოს ვხედავდი

მეტადრე ვისაც კიბო სჭირდა

ზოგი ნარკოტიკს შეეწირა

ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალია

 

მე ვდებ კალმისტარს და ბაღს გავმზერ სიცივედაკრულს

სადაც გაჩხავის ზამთრის წიფელში ყვავი

და გამომყურებს შემინიშნავს მე ის რამდენჯერ

ახლა კი ვფიქრობ რომ იქნება თავისთან მიხმობს

 

და სანატრელის ხმა მესმის მაშინ

მეძახის მოდი სადა ხარო

სია ინაცვლებს მაგიდაში

საყიდლების სიის ფურცლებთან და დანარჩენთან

 

დღეისათვის სიები და ყვავები კმარა

სამზარეულო მელოდება

მზარეულის წიგნის მიხედვით

სადილი უნდა მოვამზადო

 

თარგმნა ნიკა ჯორჯანელმა