და კიდევ იმაზე, თუ ვინ ჩაერთვება მარათონში ტარანტინოს შემდეგ

საკუთარი თავის უკვდავყოფის ფარული სურვილი ადამიანს დიდი ხნის წინ გაუჩნდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამოქვაბულში ცხოვრობდა და კედლებზე საკუთარი თავი და ყოველდღიურობა სურათებად გადაჰქონდა. მოგვიანებით ეს ფუნქცია მხატვრობამ შეითავსა და დაკვეთილი პოტრეტები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხატებოდა, ამის ნათელი მაგალითი გახდა. შემდეგ, ფოტოგრაფიამ, საკუთარი თავის უკვდავყოფა ადამიანს კიდევ უფრო ზუსტად შეაძლებინა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ადამიანმა, დროში მუმიფიცირებული სურათის ამოძრავება, ანუ გაცოცხლება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს იწყება პირველი ცდები, რაც მოგვიანებით, ძმები ლუმიერების გამოგონებამდე - კინემატოგრაფამდე მიგვიყვანს. მაშინ, როდესაც ლუმიერების პირველ ჩვენებას კაპუცინების ბულვარზე, „გრანდ კაფეს“ სარდაფში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა - იოლი ამბავი არ იყო, ეკრანიდან გამოვარდნილი მატარებლის ყურება -  თბილისელები ჯერ კიდევ ისე დაიარებოდნენ გოლოვინის პროსპექტზე, ეპოქის გარდამტეხი გამოგონების შესახებ არაფერი სმენოდათ. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ 1896 წლის 16 ნოემბერს გაზეთში „ცნობის ფურცელი“ მათ ასეთი უცნაური განცხადება დახვდათ:

„სათავად-აზნაურო თეატრი

დღეს 16 ნოემბერს

აჩვენებს განთქმულს მთელს ევროპაში კინემატოგრაფს

ცხოველი ფოტოგრაფიული სურათები ლუმიერისა

დასაწყისი 8 საათზედ“.

კინო საცირკო სანახაობა იყო - გართობა, რომლის ხილვაც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე ანტრაქტების დროს ანდა ბაზრებში, იქვე წამოჭიმული ვეებერთელა კარვების ქვეშ შეიძლებოდა. ხელოვნებასთან მას დიდ ხანს არ აკავშირებდნენ, ერთგვარი ფოკუსი იყო, ილუზია.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მამა-შვილმა დავით და ალექსანდრე დიღმელოვებმა ოფიციალური ნებართვა აიღეს და „ჯონ მორისის“ ფსევდონიმით, საპროექციო აპარატით მთელი საქართველოს სოფლები და ჯარის ნაწილები მოიარეს. „საბაზრო კინოს“ რეგიონის მოსახლეობაც აზიარეს. ისინი ხან ნაყიდ დოკუმენტურ ფილმებს უჩვენებდნენ და ხანაც ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებს ურთავდნენ პირდაღებულ აუდიტორიას.

ამ საქმით ფინანსური სარგებლის ნახვა ნამდვილად რომ შეიძლებოდა, ეს ყველაზე კარგად ოდესელმა ქალბატონმა სოფია ივანიცკაიამ იცოდა. 1904 წელი იყო. სოფია თბილისში, ნიკიტინის ცირკში გამართულ წარმოდგენაზე იმყოფებოდა, სადაც ანტრაქტისას გაშვებული ფილმები ნახა. ბევრი არ უფიქრია, მაშინვე შეისყიდა ცირკის მეპატრონისგან საპროექციო აპარატი და გოლოვინის გამზირზე, პირველი სტაციონარი „ილუზიონი“ გახსნა. სულ რაღაც 1 წელიწადში კი, მუშტაიდის ბაღში 150-ადგილიანი ხის შენობა აღმართა. - „როგორც იქნა, დავტოვე გოლოვინის პროსპექტი, ბაბაჯანოვის სახლი, და გადავედი მუშტაიდის ბაღში, სადაც მოვაწყე მაღალი, დიდი, სუფთა და ჰაეროვანი შენობა. აქ ჩემი სურათებით მაყურებელი მიიღებს არამარტო სიამოვნებას, არამედ ილუზიასაც და ამავე დროს ისუნთქავს სუფთა ჰაერით. სეანსები 6-საათიდან 12 საათამდე. ვუჩვენებთ „მოგზაურობას ინდოეთში“, „მოგზაურობას ეგვიპტეში“, და სხვას“, - წერდა სოფია „ტიფლისკი ლისტოკში“. სანამ ერთნი ბედნიერი სახეებით დაიარებოდნენ მუშტაიდში, რომ ჯადოსნური სანახაობის თვითმხილველები გამხდარიყვნენ, მეორენი მკაცრად აკრიტიკებდნენ მის საქციელს. თეატრისა და პირველი ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა („ქრისტინე“, 1916-1918 წელი) არასდროს ერიდებოდა ხმამაღლა გაეკიცხა სოფია, ამბობდა, რომ ივანიცკაია ღამის 12 საათიდან თბილისის ბობოლებისთვის პარკში პორნოგრაფიულ სურათებს აჩვენებსო.

ამ დროს კი, ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ვასილ ამაშუკელი მოსკოვში, განათლების მისაღებად იმყოფება, სადაც ის პირველად ნახავს ლუმიერების კინემატოგრაფს. ამ წარმოუდგენელი „ფოკუსით“ მონუსხული ერთ-ერთ კინოთეატრში ფილმების გამშვებად იწყებს მუშაობას. ხოლო როდესაც ბაქოში სამოგზაუროდ მიდის, უკვე თავად იღებს დოკუმენტურ სიუჟეტებს: „მუშაობა ნავთის ჭაბურღილებთან“, „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“, ყველაფერ იმას, რაც მის თვალს საინტერესოდ ეჩვენებოდა. საქართველოში დაბრუნებული კი 1912 წელს პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ქმნის - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.

1907 წლიდან მოყოლებული თბილისში ნელ-ნელა ჩნდება კინოთეატრები: „აპოლო“, „მუზა“, „კოლიზეი“, „ლირა“, „სინემა-დისკი“. დაახლოებით 1921 წლისთვის კი მთელს საქართველოში უკვე 20-ზე მეტი კინოთეატრია. ზოგი მათგანი მხოლოდ ფრანგულ ფილმებს უშვებს, მაგალითად „სკიფი“ და „ურანი“. როგორც ამბობდნენ, ყოველ დილით თბილისელები დიდი ინტერესით აუვლიდნენ ხოლმე იმ 15 სარეკლამო ბოძს, რომელზეც ყოველ ჯერზე ახალ-ახალი აფიშა ხვდებოდათ. ეს აფიშები მათ ხან „თანამედროვე ცხოვრების ძლიერი დრამის“ და ხან „ძლიერი კომიკური სურათის“ სანახავად იწვევდა. ხან კი დიდი ასოებით ეწერა - „ჩვენების დროს უკრავს სტრუნი ორკესტრი. დრამის სიუჟეტი ცხოვრებიდან ამოღებულია!“.

პირველი წლების ქართული კინო, ძირითადად, ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაცია იყო. ნიკოლოზ შენგელაია, კოტე მარჯანიშვილი, ალექსანდრე წუწუნავა ხშირად აცოცხლებდნენ ეკრანზე ცნობილ რომანებსა და მოთხრობებს: ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებებს („ქრისტინე“ და „ჯანყი გურიაში“), ეტელ ლილიან ვოინიჩს („კრაზანა“), დავით კლდიაშვილს („სამანიშვილის დედინაცვალი“), ავქსენტი ცაგარელს („ხანუმა“), შიო არაგვისპირელს („გიული“), ალექსანდრე ყაზბეგს („ელისო“) და მრავალ სხვას. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ დამწყები რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი თავის შედევრს „ჯიმ შვანთეს“ (1930) იღებს. ფილმს, რომელშიც მთლიანად გაქრება ზღვარი კამერას, პერსონაჟსა და მაყურებელს შორის და ამ უკანასკნელს ექსპრესიულად მოქნეული კამერით მაგრად შეაჯანჯღარებენ, თავბრუს დაახვევენ.

„ცოცხალი სინემატოგრაფი“

„შესანიშნავი ამბავი უნდა ვაუწყოთ ჩვენს მკითხველებს ახალი წლის პირველ დღეს: ტფილისში ჩამოვიდა გამოჩენილი მეცნიერი ედისონი, რომელმაც გამოიგონა ტელეფონი, გრამაფონი და მრავალი სხვა რამ. ედისონს ახლა გამოუგონია და ჩამოუტანია „ცოცხალი სინემატოგრაფი ანუ უბრალოდ რომ ვსთქვათ, ცოცხალი პროჟექტორი. საუცხოვო რამ არის, აუარებელ ცოცხალ სურათებს აჩვენებს ედისონი ამ სინემატოგრაფში. ადამიანები გამოდიან და ლაპარაკობენ. ზოგიერთი სურათი აქ მოგვყავს, მაგრამ დაბეჯიდებით ვურჩევთ მკითხველთ, თითონ წავიდნენ და ნახონ. ამასთან ქართველებს მუქთად აჩვენებენ ამ სურათებს, რადგან თითქმის სულ ქართველთა ცხოვრებას შეეხება.

ჩვენ ბედნიერება გვქონდა თითონ ედისონთანაც გველაპარაკა. აღტაცებულია ქართველებით. თქვენისთანა ალტრუისტი და კაცთმოყვარე  ხალხი დედამიწაზე არ მინახავს, ყველაფერს, საკუთარ სამშობლოსაც კი სხვას უთმობთო. გამეხარდა, რომ ასეთი კარგი აზრისაა ჩვენზე გამოჩენილი ადამიანი.

„ცოცხალი სინემატოგრაფი“ მოთავსებულია მიხეილის პროსპექტზე, ვორონცოვის ძეგლის მახლობლად და მუშტაიდის პირდაპირ, იქ სადაც მეთვრამეტე საუკუნეში ირაკლი მეფის ელჩის თავ.გარსევან ჭავჭავაძის კალო იყო“.

გაზეთი „დროება“, 1 იანვარი, 1910 წელი. 

პირადად ჩემთვის, კინოში წასვლა რიტუალია. ამ დროს ზუსტად ვიცი, რომ რაღაც ახალს უნდა ვეზიარო, ახალი ისტორია უნდა „წავიკითხო“ დიდ ეკრანზე.

მართალია, კინოთეატრი „ამირანი“ არც ისე დიდი ხნის ისტორიას ითვლის, თუმცა ჩემი აზრით, ის თბილისში შემორჩენილი ერთადერთი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ოდესღაც კინოს მარტო ფირზე იღებდნენ, რომ ოდესღაც კინო მუნჯი იყო. რომ ჰო, კინო ყოველთვის იყო მასპროდუქტი, მაგრამ ამასთან ერთად არსებობდა ვისკონტის, ბერგმანის, ბუნიუელის კინო. სევდიანია, რომ თბილისში ნელ-ნელა აღარ რჩება  კინოსივრცეები და მის ადგილს, „საბაზრო კინოს“ დროინდელი, გასართობ ადგილებში სოკოებივით აღმოცენებული ცენტრები იკავებენ.

სწორედ ამიტომ, დაახლოებით ერთი თვის წინ, თიბისი სტატუსმა და კინოთეატრმა „ამირანმა“ საინტერესო პროექტი დაიწყეს - დიდოსტატთა მარათონი, რომლის დროსაც ყოველ თვე, მისი ერთ-ერთი დარბაზი რამოდენიმე დღით საკულტო რეჟისორის ფილმებს დაეთმობა. აგვისტოში „ამირანის“ ეკრანი კვენტინ ტარანტინოს ფილმებს დაეთმო, ჰოდა იცოდეთ, 20 სექტემბრიდან სტენლი კუბრიკის დროა!

 

20 სექტემბერი - „2001: კოსმოსური ოდისეა“

21 სექტემბერი - „დოქტორი სთრეინჯლავი“

22 სექტემბერი - „რკინის საფარი“

23 სექტემბერი - „დიდების ბილიკები“

24 სექტემბერი - „მექანიკური ფორთოხალი“

სეანსები 21:00-ზე დაიწყება. ჩვენებები ინგლისურ ენაზეა.