მამაჩემის მანქანა მუქი მწვანე იყო. ვისხედით იმ მანქანაში და სანამ საშუალო სიმაღლის ციხე-კოშკს მივაღწევდით, სადაც უქმე დღეებშიც კი უნდა მისულიყო და ჩემთვის გაუგებარი მოვალეობები გულმოდგინედ შეესრულებინა, ბოლო საფეხბურთო ჩემპიონატს ვიხსენებდით. გასახსენებელი და თავიდან განსახილველი არ ილეოდა, მაგრამ მე ფეხბურთზე ნაკლებად ცოტა რამ მაღელვებდა და საუბარშიც მხოლოდ იმიტომ ავყვებოდი ხოლმე, რომ მასთან ყოფნა მიხაროდა ‒ ხმის გაგონება, სახის დანახვა. ყოველთვის თავს ვუქნევდი, როგორც კი მარჯვენა კარს გამომიღებდა და ძნელად დასაჯერებელ სიტყვებს მეტყოდა:
– ნახევარი საათით შევივლი. დავხედავ და უკან გამოვბრუნდეთ.
კარგა ხნის ლოდინის შემდეგ ვამჩნევდი, რომ სამაგალითოდ გამაგრებულ ციხე-კოშკში რაღაც იცვლებოდა. შებინდების ნიშნების გაჩენისთანავე უფრო მეტი მიმსვლელ-მომსვლელი აღებდა კარს, საიდანაც დროდადრო ჯგუფ-ჯგუფად გამოდიოდნენ მაღალი თუ დაბალი, უსაშველოდ გამხდარი თუ ერთიანად ჩამრგვალებული, უთმო თუ თავზე თმაშერჩენილი, ხალისიანი, ლაპარაკის საღერღელაშლილი თუ გაუცინარი, ცხოვრებამობეზრებული კაცები. მერე იდგნენ კიბის საფეხურებზე და საათობით ელოდნენ რაღაცას, რაც ცოლ-შვილთან ან ხანში შესულ მშობლებთან დაბრუნების ვალდებულებას გაახსენებდათ. ვიღაც ხმამაღლა ხარხარებდა, ვიღაც ხელებს გადარეულივით იქნევდა, ვიღაც უფერო ცაზე გამოჩენილ მთვარეს აჰყურებდა.

 

მამაჩემი არა და არ ჩანდა. 
ციხე-კოშკში პირველი სინათლეები ინთებოდა და იქაურობა კიდევ უფრო მეტად ემსგავსებოდა დიდი გრძნეულის, ყოვლისშემძლე ჯადოქრის საბრძანებელს. ერთი ფანჯრიდან ნარინჯისფერი შუქი გამოდიოდა, მეორიდან ‒ მუქი ალისფერი, მესამიდან ‒ მოცისფრო და ციმციმა, მეოთხიდან ‒ რაღაც უცნაური, ენით აუწერელი ფერის. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებდა, რომ აუცილებლად დგებოდა დრო, როცა სინათლე მოძრაობას იწყებდა და აღარ ჩერდებოდა: ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებდა, სართულიდან სართულზე დახტოდა, სხვადასხვა ელფერს იღებდა და წარმოსახვას საშინელი ძალით მიღიზიანებდა.

რა აღარ მივარაუდია ზამთრისა თუ ზაფხულის საღამოებში, როგორი ზღაპრული არსებებით აღარ დამისახლებია ის დიდი, კარგა ხნის წინ თვალშეჩვეული შენობა. წითლად განათებული ფანჯარა დედოფლისა უნდა ყოფილიყო, რომელსაც გაუგებარი მიზეზით გულზე ჯავრი შემოჰყროდა და, უჩვეულოდ გაჯიუტებული, დარბაზიდან გასვლის უფლებას ერთ სეფექალსაც არ აძლევდა. ის კი არა, ებრძანებინა კიდეც, ამაღამ არც ვინმე შემოუშვათ ციხე-კოშკში, სულაც რომ შორეული მიწებიდან მომავალი, ომის მოგების მაუწყებელი მაცნე იყოს და არც ვინმე გაუშვათ, როგორ მოუთმენლადაც უნდა ელოდეს გაოფლილ შუბლსა და საფეთქლებზე თმამიწებებული, მოუსვენრობისგან აწრიალებული გოგო დიდი შავი მანქანის გვერდით გაჩერებულ მუქ მწვანე მანქანაშიო.
თეთრი ფანჯარა ვიღაც ისეთისა იქნებოდა, ვისაც სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად საათებიღა დარჩენოდა. უსაშველოდ მოქანცულსა და გაწამებულს, ალბათ, წამოდგომის თავიც აღარ ჰქონდა, რომ უკანასკნელად გაესწორებინა თვალი ავად ჩაბნელებული, უმოწყალო ცისთვის, რომელმაც ყოვლად გაუმართლებელი წყევლა გულგრილად აირეკლა და მრავლისმნახველ მიწას დაუბრუნა.
მჯეროდა, რომ შავი ფანჯრების იქით შემაძრწუნებელი საშინელების ჩამდენ ბოროტ არსებებს გაუგონარი ხერხებით აწამებდნენ, მათი ხმები კი მხოლოდ იმიტომ არ მესმოდა, რომ ასეთი იყო აქაურობის მბრძანებლის ნება-სურვილი ‒ ქუჩაში ჩქამიც არ უნდა გასულიყო, ქუჩა მხოლოდ მოშრიალე ხეებისა და საქარე მინაზე სახემიდებული, მოლოდინით გულგაწყალებული გოგოებისა უნდა ყოფილიყო.
როცა იმედი ბოლომდე გადამეწურებოდა და დაგრეხილი ჩრდილებით სავსე მანქანის სარკის თვალიერებაც მომწყინდებოდა, სწორედ მაშინ იღებოდა ის კარი და ორ-სამ კაცთან ერთად მამაჩემიც გამოდიოდა ციხე-კოშკიდან, რომელიც უფრო და უფრო იდუმალი, საშიში და გარემომცველ სამყაროში მტრული შეტყობინებების გამავრცელებელი ხდებოდა.
ახლა სამ-ოთხ ფანჯარაშიღა ენთო სინათლე. წითელი და ნარინჯისფერი ფერები უკვალოდ გამქრალიყო. ცისფერი ციმციმიც საბოლოოდ შემწყდარიყო ‒ როგორც ჩანს, იმ ოთახში მორიალე პატარა პეპლები ერთიანად დახოცილიყვნენ და საცოდავად ეყარნენ მრავალთა ფეხით გადათელილ ძველ ხალიჩაზე.

 

აბა, რად უნდოდა მთელი საათი, მაგრამ მაინც ამდენ ხანს ანდომებდა მამაჩემი მათთან გამოთხოვებას, ვისაც მომდევნო დღეს ისევ უნდა შეხვედროდა, რათა გაუგონარი, ჩემი გონებისთვის მიუწვდომელი საქმეები ერთად ეკეთებინათ. იმ შენობას თითქოს კიბეც მოჯადოებული ჰქონდა ‒ მისი განიერი საფეხურები კაცებს აჯერებდა, რომ გამოსამშვიდობებელი ფრაზების მრავალჯერ წარმოთქმასა და ბოლო წუთს გახსენებული ამბების მოყოლაზე მნიშვნელოვანი არაფერი იყო.
წოდება ადვილად დავიმახსოვრე ‒ მაიორი. თანამდებობას კი ვერაფრით ვიმახსოვრებდი ‒ სიტყვების გრძელი, მოსაწყენი, ბნელ ჩიხთან მიმყვანი წყება მაბნევდა და ენას მიბამდა.
სინამდვილეში საშუალო სიმაღლის იმ შენობაში არაერთხელ შევუყვანივარ და თავისი საქმიანობის არსის ახსნაც უცდია, მაგრამ ვიცოდი, ესეც დიდი თვალთმაქცობის ნაწილი იყო. იქაურობა უღიმღამოდ გამოიყურებოდა და ყველანი ისე გულმოდგინედ ცდილობდნენ უცხოებისთვის თვალის ახვევას, თითქოს ამ დაწესებულებაზე მოსაწყენად ჩვეულებრივს ქვეყნად ვერაფერს მონახავდი.
მაიორი. რაღაცასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი.
ვინ იცის, იქნებ სხვებს მართლაც ეჩვენებოდათ მისი სამსახური ისეთად, ბევრით რომ არაფრით განსხვავდებოდა მთელ ქვეყანაში გაბნეული ასეთივე სამსახურებისაგან და მეტ-ნაკლებად სწორი წარმოდგენაც ჰქონდათ ფუნქციონირების წესზე, ყოველდღიურ საქმიანობაზე, იქ მომუშავეთა მისწრაფებებზე.
გორი. გორის მილიციის შენობა.
მე ის მიყვარდა. ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გარედან ვუყურებდი და ცხადად ვხედავდი მის ოთახებს, იქ დაწყებულ და დამთავრებულ ამბებს, ამ ამბებში გახლართულ ადამიანებს, სხვადასხვანაირ უსხეულო არსებებს, საიდანღაც გამოფარფატებულ სულებს.
მუქი მწვანე მანქანის კარს კი მამაჩემი ყოველთვის მოულოდნელად აღებდა. სწორედ მაშინ უნდა წავსულიყავი ფიქრებში, შავ ტოტებს შორის გაჩხერილ მთვარეს უნდა მივშტერებოდი ან თავმიტრიალებულს დაორთქლილ შუშაზე ხატვის სიხარული გამხსენებოდა.

 

– აბა, წავედით! ‒ მეტყოდა და გამიცინებდა ხოლმე.
მერე იწყებოდა ერთიანად სახეშეცვლილი ქალაქის ღამე, შუქნიშნების ცეკვა, ოქროსფრად და ვერცხლისფრად განათებული სახლების მონაცვლეობა, უადგილო ადგილას გაჩერებული მანქანის მძღოლის ხმადაბლა ლანძღვა, ნაცნობი მოსახვევის გაცდენის სასაცილო საფრთხე, მთქნარება, პირზე ხელის აფარება...
ახლა უკვე ნელა მოძრავი მანქანის ფანჯრიდან ვიხედებოდი და ვხვდებოდი, რომ სანამ მე ერთი შენობის ღამეულ გარდასახვას ვაკვირდებოდი, მთელ ქალაქს ტყავი გველივით გამოეცვალა და ბევრად უფრო საშიშიც გამხდარიყო და ბევრად უფრო მშვენიერიც.
თუ წვიმდა, ფერები იდღაბნებოდა, წყალნარევი სინათლის ნაკადები კი სწრაფად ჩნდებოდა და ქრებოდა საქარე მინაზე. აფთიაქების, გასტრონომების, სასადილოების, კინოთეატრების თავზე აციმციმებული წარწერები, აქა-იქ გამქრალი ასოებით, ელფერს მოულოდნელად იცვლიდნენ და ფარულ მნიშვნელობებზე მინიშნებით ახალ თავსატეხს აჩენდნენ. ძილი თავს გვართმევდა, მაგრამ ქალაქს წრეს მაინც ვარტყამდით, შინ მისვლამდე დარჩენილ დროს ვახანგრძლივებდით. დაუვიწყარი წუთები იყო ‒ ხეტიალის, კეთილგონიერების უარყოფის, ახლებურად გამოცხადებული სამყაროს სულ სხვა წესების აღიარების. ვიღას ახსოვდა ჩავლილი საფეხბურთო ჩემპიონატის სიცხე. ღამის ნამოქმედარს თვალს ჩუმი აღფრთოვანებით ვადევნებდით, სინათლის გრილი ლაქებით მორთულ სიბნელეში ვიღიმებოდით.