რუსთავში შვიდი წლის წინ ჩამოვედი. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობს ხალხი კომუნიზმში აშენებულ ბეტონის ბლოკებში დღეს. მე პრაღაში დავიბადე, მაშინ ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიაში. ორი წელი ვცხოვრობდი ლიოტკაზე, უბანში, რომელიც ძალიან ჰგავს დიდ დიღომს ‒ ისიც ქალაქის გასასვლელშია, მარტო მანქანით ან ავტობუსით თუ მიხვალ. მეტრო არ არის. ეგეთ ადგილებში, ფოტოებს რაღაცნაირი სიურრეალისტური განწყობა აქვს, რომლითაც განსაკუთრებით იხიბლებიან ისინი, ვისაც არასდროს უცხოვრია იქ.
შვეიცარიაში 12 წელი ვმუშაობდი ქარხანაში. როცა ხურავდნენ, მომცეს უფლება, შიგნით ფოტოები გადამეღო. საქართველოშიც, პირველ რიგში, ქარხნების გადასაღებად ჩამოვედი. მაგრამ არცერთხელ არ მომცეს უფლება.
მეტალურგიელი მუშები მინდოდა გამეცნო, ვინც დღესაც იქ მუშაობს, მაგრამ ერიდებიან ფოტოგრაფსა და ჟურნალისტთან შეხვედრას.
აზოტის ქარხანამ სამას ორმოცდაათი მუშა გაუშვა სამი წლის წინ სამსახურიდან. მინდოდა, მათთვის სამუშაო გარემოსა და კულტურაზე, რუტინაზე, ტრამვებზე მეკითხა. ჩვენთან, შვეიცარიაში, ქარხნებში საფეხბურთო, ჭადრაკის, ბოულინგის კლუბებია. ჩემპიონატები იმართება ხოლმე.

 

ახალი რუსთავი ცარიელი სივრცეა. ბევრი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ იქ არაფერი ხდება, არც გამოფენა იმართება სადმე, არც კონცერტები, ახალ ადამიანებსაც, ორი კაფეს გარდა, ვერსად შეხვდები.
საბჭოთა კორპუსებში დავდიოდი გადასაღებად. სადარბაზოებში, კედლებზე გრაფიტი, ნახატები და გრავიურები მხვდებოდა. ყველაფერს ვიღებდი. ხანდახან პირველი სართულიდან სახურავამდე მივყვებოდი. სახურავიდანაც მაგარი გადასაღებია რუსთავი. მეზობლებს ლიფტიორი ვეგონე და მიშვებდნენ.
„თუთარჩელაზე“ შემთხვევით გავიგე. ჩემი ბინის მეპატრონის მეზობლის გოგო მღეროდა ანსამბლში. იქნებ გადაიღოო, გოგოს დედამ მთხოვა. ხშირად დავდიოდი რეპეტიციებზე, რამდენიმეს დავუმეგობრდი. ეს ახალგაზრდული „თუთარჩელა“ იყო, ანსამბლის წევრები 14-22 წლის არიან. შარშან გასტროლებზე იყვნენ, სხვათა შორის, შვეიცარიაში. ყველაფერს მღერიან, ქართული ხალხურიდან დაწყებული, რამშტაინით დამთავრებული. ხან ვიღებდი, ხან უბრალოდ ვიჯექი და ვუსმენდი.
მერე „თაობა“ ბარის და კლუბ „მეტალურგიის“ მეპატრონეები გავიცანი. გავიცანი გოგოც, რომელიც 12 წელი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ჩამოვიდა და რუსთავში სოციალური კაფე გახსნა ‒ „კაფუნე“. დავდიოდი „ასკილშიც“. ძალიან მომწონდა „სტამბოლის ბაზარი“.
„თუთარჩელას“ ბავშვების ქალაქში გადაღება მინდოდა. ვთხოვდი, ის ადგილი ეჩვენებინათ, სადაც ყველაზე მეტად უყვართ ყოფნა. რაღაცნაირი ქალაქის პორტრეტი გამოვიდოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადავიღე. სხვებთან აღარ გამოვიდა.