ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსებას გარკვეული მითქმა-მოთქმაც მოჰყვა, რომ დღეს ეს  ფუფუნებაა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოში უკვე არსებობს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალი („საჩუქარი“). მშფოთვარე და დაეჭვებულ ესთეტებს მხოლოდ იმით დავამშვიდებთ, რომ ბათუმის თეატრალური ფესტივალის ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება და ის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. ასე რომ, ბათუმსა და აჭარის რეგიონს ყოველწლიურ კინოფესტივალთან ერთად, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიც შეემატება, რომელიც ყოველი წლის დეკემბერში გაიმართება.  

თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ კოლეგებს, თეატრის პროდიუსერებსა და კრიტიკოსებს ეკუთვნით. ფესტივალის ძირითადი მიზანია ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქის წარმოჩენა საერთაშორისო თეატრალურ რუკაზე. ასევე, ახალი თეატრალური იდეების და საერთაშორისო პროეტებისათვის პარტნიორების მოძიება-ხელშეწყობა და ბათუმის, როგორც თეატრალური ქალაქის წარმოჩენა მზარდი და მნიშვნელოვანი ტურისტული ინდუსტრიის ფონზე.

ფესტივალს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო უხელმძღვანელებს, რომელიც დაკომპლექტებულია ევროპაში ცნობილი თეატრალური ექსპერტებით, პროდიუსერებით, ფესტივალების დირექტორებითა და კრიტიკოსებით. მათ შორის არიან - დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), რომან დოლჟანსკი (ისრაელი, რუსეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანაუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე).

სწორედ ექსპერტთა საბჭომ შეარჩია საერთაშორისო პროგრამა, რომელიც  მრავალფეროვანი და რადიკალურად განსხვავებული სპექტაკლებით გამოირჩევა: „მედეა“ („ბერლინერ ანსამბლი“, გერმანია, რეჟისორი მიხაელ ტალჰაიმერი), „ეშმაკნი“ (ლეგნიცას ელენა მონჯევსკას სახელობის თეატრი, პოლონეთი), „ერთგული ხროვა“ (ლეგნიცას ელენა მონჯევსკას სახელობის თეატრი, პოლონეთი), „შინელი“ (თეატრი „ლიბრა“, თურქეთი), „ჩემი დიდებული ნამუშევარი“, ესპანეთი), „ღვთაებრივი კომედია“, თეატრი „ნო გრავიტი“, იტალია). ფესტივალის ქართული პროგრამა კი ძირითადად, ბათუმის თეატრების გამორჩეული სპექტაკლებითაა შედგენილი.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა „მედეათი“ ჩვენთვის სიმბოლურიც იყო და ესთეტიკურად მნიშვნელოვანიც. გერმანელი რეჟისორის, მიხაელ ტალჰაიმერის სპექტაკლი, რომელიც მან ჯერ ფრანკფურტის თეატრში, ხოლო მოგვიანებით „ბერლინერ ანსამბლში“ დადგა, ის მაღალი თამასაა, რომლის შენარჩუნება აუცილებელია მომავალშიც, განსაკუთრებით საფესტივალო პერსპექტივის გათვალისწინებით.

მიხაელ ტალჰეიმერი ამჟამად „ბერლინერ ანსამბლის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორია გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თეატრალური სეზონი „ბერლინერ ანსამბლში“ სწორედ მის მიერ დადგმული „კავკასიური ცარცის წრით“ გაიხსნა, რომელმაც მრავალი ჯილდო - მათ შორის ტელეკომპანია 3sat-ის ინოვაციის პრიზი, ბერლინის Friedrich Air Prize, ორჯერ „ოქროს ნიღაბი“ და პრესტიჟული „ნესტროს“ პრემია დაიმსახურა. მრავალი მისი რეჟისორული ნამუშევარი მიწვეული იყო ბერლინში, პრესტიჟულ ფესტივალზე Theatertreffen. რაც შეეხება, „მედეას“, ის რამდენიმე წლის წინ დაიდგა და ზალცბურგის ფესტივალის, Wiener Festwochen-ის და Iberoamericano de Teatro Festival (Bogota)-ის მონაწილეა.

მედეა - ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი-პერსონაჟია ანტიკურ ტრაგედიებში. კონსტანცია ბეკერი მას მგრძნობიარე, მარტოსულ, შურისმაძიებელ და ამავე დროს, ცივი გონების ქალად აქცევს, რომელიც წისაწარ გეგმავს რა და როგორ მოიმოქმედოს. ბუნებრივი სტიქიურობისა და ფხიზელი რაციონალიზმის შერწყმა ერთგვარი გაორების შეგრძნებას ტოვებს მაყურებელში. უცხოობაში მარტოდ დარჩენილ მედეას თან ფხიზელი გონება შერჩა და თანაც წაერთვა, რადგან იასონის მიმართ შურისძიებამ ყველა სხვა გრძნობა ჩაახშო.

მიხაილ ტალჰაიმერი  და ოლაფ ატმანი (სპექტაკლის მხატვარი და სცენოგრაფი) ორსართულიან, ორად გაყოფილ და შავი კედლებით შემოსილ  ცარიელ სივრცეს ქმნიან, სადაც არვის არავის ეხება. ეს განცალკევება და გაუცხოება გაცილებით ახლოა თანამედროვე საოპერო სპექტაკლების აბსტაქტულ ესთეტიკასთან, ვიდრე დრამატულ თეატრთან. სწორედ ამ გიგანტურ სიშავესა და სიცარიელეში დაეხეტებიან მსახიობები (ძიძა - სტეფანია რეინსპერგერი, კრეონი - მარტინ რენჩი, იასონი - მარკ ოლივერ შულცე, ეგეოსი - ოლივერ კრაუშერი). მათი თამაში ინტროვერტული დრამატიზმით, გულწფელი სისადავითა და შესანიშნავი დეკლამაციით გამოირჩევა.

სასტიკი საქციელითა და შურისძიებით (შვილების დახოცვა) მედეას წინასწარ და მიზანდასახულად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. თეთრი კაბითა და ჭუჭყიანი ლაბადით შემოსილი მედეას შთამბეჭდავად გამოკვეთილი მონოლოგები, პლუს კონვულსიები და ღრიალი („როგორც დაჭრილი ძუ ლომი მოსთქვამს“) გვაგრძნობინებს, რომ ჩვენს წინ ძლიერი ქალია და ის უკან არაფერზე დაიხევს... მიხაელ ტალჰაიმერი უბრალო და შთამბეჭდავი რეჟისორული ხერხებით ცდილობს მედეას შემზარავი ისტორია მარტივი, გასაგები და ამავე დროს, კონკრეტული შინაარსისგან დაცლილი გახადოს. ისე რომ, ანტიკური თეატრი თან „დავივიწყოთ“ და თან წარმოსახვაში გავაცოცხლოთ.