ამდენი თავისუფალი დრო ცხოვრებაში, ალბათ, არც არასოდეს გვქონია.

აივანზე თუ ბაღში ბოსტნის გაშენება ის სასიამოვნო და სასარგებლო საქმეა, თან რომ თავს შეიქცევ, მალე შედეგსაც დაინახავ და მოგვიანებით კი ამაყად მიირთმევ კიდეც. ჯერ თუ არ გიცდიათ, ყველაფერი წინ გაქვთ - მართლა დიდი სიამოვნებაა.

პირველი საფეხური დათესვაა. მწვანილების და ბაღჩეულის უმრავლესობა, თესლიდან პირდაპირ ღია გრუნტშიც იზრდება. ზოგიერთ კულტურას კი ჩითილის გამოყვანა სჭირდება. მაგალითად, კიტრს, პომიდორს, წიწაკას, გოგროვანებს, ბადრიჯანს და სხვებს.

გამოცდილმა მებაღემ, შესაძლოა, შენიშვნა მოგვცეს, - ჩემი კალენდრის მიხედვით ზოგი რამის საჩითილედ დათესვა ცოტა დაგვიანებულიაო, მაგრამ ჩვენ ამ სხვანაირ და უცნაურ დროებაში, ახლა მოვიცალეთ და პირველი ცდისთვის, ესაც კარგია, შემდეგ სეზონამდე ბევრს ვისწავლით და უკვე საკუთარ კალენდარსაც გავაკეთებთ.  

რატომაა ჩითილების გამოყვანა საჭირო? იმიტომ, რომ მათი ზრდისთვის საჭირო ტემპერატურას გარე გრუნტი ისეთ დროს აღწევს, იმ დროს დათესვა, უკვე დაგვიანებული იქნება. შესაბამისად, ჩითილის მომზადებას მუდმივ ადგილზე გადარგვამდე 30-40 დღით ადრე დავიწყებთ და სასათბურე პირობებში გამოვზრდით.

სასათბურე პირობამ არ შეგაშინოთ, ის მარტივად, თქვენი სახლის ფანჯარაზეც შეგიძლიათ მოაწყოთ. 

ჩითილის გამოზრდის პროცესზეა დამოკიდებული მცენარის ჯანმრთელობა. მისი ღერო, ფოთოლი და ფესვთა სისტემა თუ კარგად იქნება განვითარებული, გახარებაც მეტად გარანტირებულია.

ჯანმრთელი ჩითილის გამოსაყვანად მთავარი ფაქტორებია - ოპტიმალური ტემპერატურა, განათება, კვება და წყალი. 

ახლა კი თავად პროცესი.

დაგვჭირდება:

საიმედო თესლი

პატარა ქოთნები (ამ ჩაკეტილობაში ერთჯერადი ჭიქების გამოყენებაც შეიძლება)

ტორფნეშომპალიანი მიწა (ტორფი – 7 წილი, ბიოჰუმუსი ან კომპოსტი – 2 წილი, ტყის ან ეზოს მიწა – 1 წილი)

სამზარეულოს ცელოფანი

ინსტრუმენტები:
ხელთათმანი,

პატარა ნიჩაბი

გასაფხვიერებელი

სანამი

დამატებითი სიკეთე: მიკროელემენტების ხსნარი

პროცესი ასეთია:

12-24 საათით ადრე სათესლე მასალას ვალბობთ მიკროელემენტების ხსნარში, ან უბრალოდ წყალში.

ვიღებთ ქოთნებს (ან ჭიქებს), ორ მესამედზე ვავსებთ ტორფნეშომპალით გამდიდრებული ნიადაგით, ვნამავთ და შიგნით ვდებთ რამდენიმე (2-3 ცალი) თესლს. დარჩენილ ადგილს ვფარავთ მიწით (არა პირამდე) და კიდევ ვნამავთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ქოთნებს ვდგამთ ყველაზე ხანგრძლივად და კარგად განათებულ ადგილას. მცენარის განვითარებისთვის საჭიროა 12-14 საათიანი განათება. რამდენიმე დღე ზევიდან ვაკრავთ სამზარეულოს ცელოფანს ტენიანობის შესანარჩუნებლად. როცა ცელოფანს მოვხსნით, ნიადაგი არ უნდა გამოვაშროთ და რეგულარულად უნდა მოვრწყათ.  

აბა, წარმატებულ მებაღეობას გისურვებთ!

შემდეგ ეტაპზე შეხვედრამდე.