საქართველოდან, დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი ემიგრაციაში ცხოვრობს. ლეგალურად მცხოვრები ემიგრანტების 60 პროცენტი საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. 

არალეგალურად დარჩენილებს ვერავინ ითვლის.

მაგდა გირკელიძე, 36 წლის

იტალია

9 აპრილს საქართველოში ვბრუნდებოდი. ორი კვირის წინ კიდე ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება, რომ ფრენა გაუქმდა. 

აგვისტოში რვა წელი გახდება, რაც იტალიაში ვარ. შვიდი წელი ქალაქ ბარში ვცხოვრობდი. ორი თვეა, რაც ნეაპოლში გადმოვედი. არ მახსოვს რამდენ ოჯახში მიმუშავია. ხანდახან, როცა სამსახური არ მქონდა, დილის ექვს საათზე სოფელში დავდიოდი ზეთისხილის საკრეფად.

ახლა 24-საათიანი სამუშაო მაქვს. ჩემ მოხუცთან ვცხოვრობ. გარეთ გასვლის უფლება არ მაქვს. ეშინიათ ვირუსი არ მივიტანო. მხოლოდ მაღაზიაში გავდივარ, აქვე, ჩვენ სახლთან. გარეთ ხელთათმანებისა და პირბადის გარეშე გასვლა აკრძალულია. გადაადგილებისთვისაც სპეციალური საბუთი უნდა გქონდეს. მეც გამიკეთეს ეს საბუთი, მაგრამ ერთი თვეა არ გამომიყენებია.

მაისის ბოლოს ვგეგმავდი სამშობლოში ჩამოსვლას. დავიღალე დროზე დამოკიდებული ცხოვრებით. აქ დრო განაგებს ყველაფერს. ყველა გიმოწმებს რას რამდენ ხანში გააკეთებ, რას მოასწრებ, რას ვერა. თავისუფლად ცხოვრება მინდა.

ჩემი ფრენა რომ გაუქმდა, შიშმა შემიპყრო. გაუჩერებლად ვტიროდი. მეშინია რომ აქ რამე დამემართება და საავადმყოფოში მოვხვდები. ერთხელ უკვე მოხდა ასე და არ მინდა იგივე განმეორდეს.

ძალიან გვიჭირს სახლიდან გაუსვლელობა. კვირა დღე ბევრს ნიშნავდა ყველასთვის, ვინც აქ მუშაობს. ამ დღეს ერთმანეთს მთელი კვირის ემოციას ვუზიარებდით. 

ბევრმა დაკარგა სამსახური. ვერც უკან დაბრუნდნენ. ხან ბინებში ვიფარებთ ქალებს, ხან საჭმელს ვგზავნით, ერთმანეთისთვის პროდუქტებს ვყიდულობთ. ვცდილობთ არავინ დარჩეს ყურადღების გარეშე.

ფრენის გაუქმების შემდეგ, საელჩოში რამდენჯერმე დავრეკე. ჯერ მითხრეს წინასწარ ვერაფერს გეტყვითო. მერე ჩემი მონაცემები ჩაინიშნეს, გაუქმებული ფრენის ბილეთიც გამაგზავნინეს. მითხრეს, სპეცრეისი რომ დაიგეგმება გაგაგებინებთ და ბილეთის ყიდვა აღარ დაგჭირდებათო. ეს დაახლოებით ათი დღის წინ იყო.

ეხლა ველოდები ტელეფონის ზარს, საელჩოდან.

ნიკა

ლონდონი

მე ისევ ვმუშაობ. მარტო მე ვარ ოჯახში, ვისაც სამსახური ისევ აქვს. ვრისკავ და დავდივარ მანქანით. მთელ შენობაში მხოლოდ ორი კაცი ვართ. რისკი თითქოს ნაკლებია, მაგრამ მაინც საშიშია. იქ არაფერს აკონტროლებენ, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების წესები. ქვის იატაკის რესტავრაციას ვაკეთებ და მომავალ კვირას ამასაც დავასრულებ. მერე არ ვიცი რა იქნება.

ახალი სამუშაოს პოვნა იმდენად რთული არ არის, რამდენადაც სიცოცხლეს რისკავ თუ დათანხმდი. ბრიტანეთის მთავრობა ბევრ შეღავათს აწესებს, მაგრამ ჩვენ უსაბუთოებს არაფერი გვეხება.

მაგალითად, ბინის ქირა, წინა თვეს ძალიან ვთხოვეთ ბინის მეპატრონეს და ცოტა დაგვიკლო, ისიც ბოლოს ვიჩხუბეთ. ამ თვეს არა მგონია შეღავათი გაგვიწიოს. ასე იცის, რომ ლეგალურად ვართ და ჰგონია, რომ დახმარებას ვიღებთ. ყველას ხომ ვერ აუხსნი შენს მდგომარეობას. ის შეღავათიც რა, შემდეგ თვეებში უნდა ავუნაზღაუროთ.

რასაც ვისმენთ ტელევიზიით, ის თუ გამართლდა, მაშინ გაუსაძლისი გახდება აქ ჩვენი ყოფნა. ფიზიკურად, ვერ გავძლებთ, თუ ექვსი თვე ყველაფერი დაკეტეს და ასეთ სამუშაოსაც ვეღარ ვიშოვით.

თუ ცოლ-შვილით ხარ, წამოსვლაზე ფიქრი კიდევ უფრო რთულია. მერე უკან შანსი არაა, ვეღარ დაბრუნდები. მე მარტო ვარ და რაღაც გზები ვისწავლეთ უკვე. ვიცით როგორ შეიძლება ისევ შემოხვიდე ქვეყანაში. უბრალოდ ძაან ბევრი ფული გჭირდება და არ ვიცი შევძლებ თუ არა მაგდენის გადახდას. არ ვიცი, რას ვიზამ. ველოდები რა და როგორ შეიცვლება.

აქ სასწრაფოში რომ დარეკო, ცუდად ვარო უთხრა, ვერ მოგაკითხავენ. გეუბნებიან, 7 დღე დააკვირდიო, 14 დღე თუ გაგიგრძელდა და დარეკე თავიდან, მერე გეუბნებიან უკვე დაგვიანებულია, მაინც ვეღარ გიშველითო. მოკლედ, ან გადაიტან, ან არადა, მსოფლიო სასაფლაოზე დაგმარხავენ. მე მაგალითად, უბნის კლინიკაშიც ვერ მივალ, არ მაქვს საბუთი. აი, ეს რეალობაა აქ.

ლია კორაშვილი 

ნეაპოლი

ახლა ერთ გოგოსთან დავდივარ ხოლმე, რომელსაც დახმარება სჭირდება. სხვა სამსახური არ მაქვს. სადღაც სამი კვირაა, რაც ასე ვარ, თითქმის უმუშევარი. 

არის ხოლმე რომ არ მუშაობ, მაგრამ მაინც გიხდიან. გააჩნია როგორი დამსაქმებელი შეგხვდება. ახლა მხოლოდ პროდუქტების საყიდლად გავდივარ გარეთ. ან გოგოებს თუ დასჭირდათ დახმარება, რამის გაგზავნა, ან ყიდვა. ვისაც ჩემსავით ყოველდღიური სამსახური არ აქვს და ოჯახებში მუშაობს ჩაკეტილები არიან სახლებში. გარეთ არ უშევებენ, მაგრამ ხელფასს მაინც უხდიან. 

ხანდახან მეტროში რომ ჩავდივარ ერთი-ორი კაცი თუ ზის. ყველაფერი დაკეტილია, ბანკებიც. ეხლა ვესტერნით თუ გამოგზავნი თანხას. გოგოები ვერ გამოდიან და მაგათ ვეხმარები ხოლმე. ერთს მობილური გაუფუჭდა, ვუყიდე და მივუტანე - კართან დავუტოვე და წამოვედი. ან ტელეფონში უნდათ თანხის ჩარიცხვა, მირეკავენ და ვაკეთებ. ქართველი ემიგრანტების კურიერი ვარ ფაქტობრივად. 

ჩვენს ბინაში 6 ქალი ვცხოვრობთ. მე ჩემი შვილი, რომელიც 2 წლის წინ წამოვიყვანე ჩემთან. სკოლაში დადის ჯერ. სამნი ვმუშაობთ დღიურ სამუშაოზე, ორს ჯერ არ ჰქონდა მუშაობა დაწყებული და ახლა ვეღარც ახერხებენ. გამოდის, რომ ყველა უმუშევრი ვართ. აქ დანაზოგი არავის არ აქვს, ამ უმუშევრობის დროს ახლობელი თუ გამოუგზავნის რამეს, ან კიდევ ეკლესია ეხმარებათ. გუშინაც დაარიგეს საჭმელი. ვისაც სამსახური და შემოსავალი აქვს ის ემიგრანტებიც ეხმარებიან უმუშევრებს და ასე გაგვაქვს ერთმანეთი.

კვირაში ორჯერ მიწევს გასვალა,  ერთ ოჯახს დალაგებაში ვეხმარები. ბინაში რომ მოვდივარ კურტკას გარეთ ვკიდებ, ხელთათმანებს ვიხსნი და ხელებს ვიბან. აბა რა ვქნა? რაღაც ხომ უნდა ვჭამოთ კიდეც. სულ დახმარებაზე ვერ იქნები დამოკიდებული, თორემ კი მეშინია რამე არ შემოვიტანო.

აქ ახლა ყველას საბუთს სთხოვენ ქალაქში. მეც გამაჩერეს ამასწინათ, მაგრამ არაფერი მოუთხოვიათ, უბრალოდ მითხრეს სახლში წადიო. არც გამიგია, ვინმე უსაბუთობის გამო საქართველოში გამოეშვათ. 

წამოსვლაზე ვერც ვფიქრობ. მანდ მუშაობის შანსიც არ მაქვს. არც სახლი. ქირის ფულს ვინ გადამიხდის? აქ რაღაცას მაინც ველი და დღეს, თუ ხვალ გავალ და ვიმუშავებ. 

მეშინია მხოლოდ ღმერთმა ცუდად არ გამხადოს. ეგეთ შემთხვევაში ჩემს ქვეყანაში მირჩვენია ყოფნა, ახლობელი მაინც გეყოლება გვერდით.

მარიამ წიკლაური, 31 წლის

ბერლინი

ბერლინი უცბად გაჩერდა. ქუჩები დაცარიელდა. ეს მერკელის გამოსვლის მერე დაიწყო. მარტო სასწრაფოს მანქანები დადიოდნენ ქუჩებში. 

ჩემი საუკეთესო მეგობარი ცხოვრობს აქ. ქართული რესტორნის შეფ-მზარეულია. შვებულებებს სულ აქ ვატარებდი. მერე გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა და ექვსთვიანი ვიზა გავაკეთე. ექვს თვეში დავბრუნდი, სამი კვირა საქართველოში გავჩერდი და მერე ისევ ბერლინში წამოვედი. ტურისტული ვიზით. 20 მარტს მეწურებოდა. ორი კვირით ადრე ჩემი ფრენა გაუქმდა.

საქართველოს საკონსულოში მეუბნებიან  არ ვიცით რა იქნებაო. ერთადერთი ალტერნატივა აირზენას ფრენა იყო 23 მარტს. მაგრამ  700 ევრო ბილეთისთვის არ მქონდა. ამიტომ სხვა გზების ძებნა დავიწყე.

ჩემ 90-დღიან უვიზო რეჟიმს ვადა გასდიოდა. არ მინდოდა დარღვევა მქონოდა. ადგილობრივ ორგანიზაციას ვეკონტაქტებოდი, რომელიც ემიგრანტებისთვის ვიზებს გასცემდა, მაგრამ კარანტინის გამო ისიც დაიხურა. ახლა გერმანიამ უვიზოდ დარჩენილებს  სამი თვე მოგვცა ქვეყნის დასატოვებლად. გერმანია 17 ივნისამდე უნდა დავტოვო.

ახლა ჩემ მეგობართან ვცხოვრობ, გამიმართლა რომ დასარჩენი მაქვს. მაგრამ ეს გარემო ძალიან მსტრესავს. დედაჩემი იტალიაშია, სამხრეთით, ქალაქ ბარში. ისიც სახლშია გამოკეტილი. ყოველდღე მირეკავს და მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არადა მე უფრო ვნერვიულობ მასზე. თუმცა, დამშვიდების ძალა დედაჩემს უფრო აქვს. თვითონ ჰგონია, რომ აქ, ბერლინში უსაფრთხოდ ვარ. არ ვიცი ეს მართლა ასეა თუ არა, მაგრამ მგონია, საქართველოში უკეთესი იქნება. აქ სხვანაირი ჯანდაცვის სისტემა აქვთ. მე არც საბუთი მაქვს და აღარც დაზღვევა. საკონსულოდან დამიკავშრდნენ და მითხრეს, რომ 3 აპრილს ფრენა იყო დაგეგმილი. ჩვეულებრივი გეგმიური რეისი. სულ 120 ადგილი.  გეგმიურ რეისებს ახლა „სპეცრეისებს“ უწოდებენ, მაგრამბილეთებს ვინ როგორ ყიდულობს ეს ვერ გავიგე. პირველში ასეულობით ადამიანი ველოდებით ბილეთების დადებას და ძალიან გააჭიანურეს. აირზენა გვეუბნებოდა ტექნიკური ხარვეზიაო. ბილეთები დაიდო, მაგრამ ყიდვა მაინც ვერ შევძელით. ბოლოს გაირკვა, რომ 120 ბილეთიდან 110 მანამდე იყო გაყიდული, რადგან ეს გეგმიური ფრენა იყო. 

შემდეგი „სპეცრეისი“ 12 აპრილს იქნებაო. ბილეთებზე ჯერ ისევ არაფერს ამბობენ.

ნანა გოგიტიძე, 50 წლის

გერმანია

30 დეკემბერს ავიღე ბილეთი და წამოვედი. ჩემი მეგობარი დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს. ერთმანეთი თურქეთში მუშაობის დროს გავიცანით.  სულ მეპატიჟებოდა გერმანიაში, თავისთან. უკან 26 მარტს უნდა დავბრუნებულიყავი.

ოცი დღე კელნში ვიცხოვრე. ყოველდღე სასეირნოდ დავდიოდით, ყველაფერი დამათვალიერებინა. ხანდახან დედამისთან ჩავდიოდით მეზობელ ქალაქში. გერმანიაში საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდა, მირჩია, ფრენის დანიშვნამდე დედაჩემთან, ვესელში გადადიო. პატარა ქალაქია, ბერლინიდან 6 საათის სავალზე.

ათი დღით ადრე შემატყობინეს, რომ რეისი გადაიდო. ვკითხულობდი ამბებს, ვამოწმებდი რეისებს, ვრეკავდი საკონსულოში. იქ მითხრეს, ბილეთი სხვა ქალაქების გავლით მოძებნეო. ვიყიდე ფრანკპურტი-მინსკი-თბილისის რეისზე და იმ დღესვე საქართველომ საზღვრები ჩაკეტა. ის რეისიც გაუქმდა. დღემდე არცერთი ბილეთის თანხა არ დამბრუნებია.

უკან ვეღარ ვბრუნდებოდი. აღარც საბუთები, აღარც დაზღვევა და წამლები. დიაბეტი მაქვს. წამლები გამითავდა. აქ რეცეპტის გარეშე ვიტამინსაც ვერ იყიდი. ჩემი მეგობრის ოჯახმა ვიღაცას გამოართვა წამლები და მომიტანეს. მათ გარეშე, უბრალოდ გარეთ დავრჩებოდი. მათი წყალობით არაფერი მაკლია.

გარეთ არ გავდივარ. არ ვრისკავ. ავად რომ გავხდე აქ ვინ მომივლის. უბრალოდ ვცდილობ ნაკლები ინფორმაცია მივიღო. ვიცი რომ ნერვიულობით მდგომარეობას ვერ შევიმსუბუქებ.

საკონსულოდან ხშირად მირეკავენ. მამოწმებენ წამლები და საკვები თუ მაქვს. მეუბნებიან კატეგორიებად გვყავს ხალხი დაყოფილი: ჯერ მძიმე ავადმყოფებს და ბავშვიანებს ვამგზავრებთო. ჩემი ჯერი როდის დადგება, ჯერ არ ვიცი.