ტექსტი: ჯელანი კობი
პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში ნიუიორკერი, 2020 წლის 28 მაისი
ინგლისურიდან თარგმანი: ირაკლი ბერიძე

12 საათითა და 1200 მილით ერთმანეთისგან დაშორებული ორი ინციდენტი, ამერიკაში - ესაა ერთი გროტესკული ექსპერიმენტი რასებზე, რომელიც კონტროლსა და უთანასწორობას განასახიერებს. ორშაბათს დილით ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში თეთრკანიანმა ქალმა სახელად ემი კუპერი 911-ზე დარეკა და დისპეტჩერს შეატყობინა, რომ მას აფრო-ამერიკელი კაცი ძალადობით ემუქრებოდა. კაცი, რომელსაც ემი გულისხმობდა - კრისტიან კუპერი (უბრალოდ მოგვარე - არანაირი ნათესაური კავშირი ემისთან) ამ ზარს ტელეფონის კამერით იწერდა. ისინი ამ დროს იმყოფებოდნენ რემბლში - პარკის სექციაში, რომელსაც განსაკუთრებით ეტანებიან ჩიტებზე დამკვირვებლები, მათ შორის ბატონი კუპერიც, რომელმაც მხოლოდ ის სთხოვა ემის, რომ ძაღლი საბელზე ჰყოლოდა, რაც ისედაც საყოველთაო მოთხოვნაა პარკის იმ ნაწილში. ვიდეოში ჩანს, რომ სატელეფონო ზარამდე, ქალბატონი კუპერი ბატონ კუპერს აფრთხილებს: „ვეტყვი, რომ აფრო-ამერიკელი კაცი მოკვლით მემუქრება“. ქალისგან კაცის რასის უადგილო ხაზგასმა, ვისგანაც ძალადობის ეშინია, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - თეთრკანიან ქალთა მოდგმის შავკანიანი კაცებისგან დაცვის ძირძველი იმპულსი გაეღვიძებინა. მათ ცნობიერებაში, ვისაც კარგი მეხსიერება აქვს, ან ახლახან აქვს ნანახი სერიალი „როცა ისინი გვხედავენ“, ასეთი შელაპარაკების ადგილი ისტორიის ნაწილად იქცა: ჩვენ ხომ ვიცით, რა ბედი ეწია იმ ხუთ ახალგაზრდა შავკანიან და მუქკანიან კაცს, რომელთაც ცენტრალურ პარკში, თეთრკანიან ქალზე თავდასხმა წაუყენეს ბრალად.

ორშაბათს საღამოს მინეაპოლისში (შტატი მინესოტა) 46 წლის შავკანიანი კაცის - ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი ააშკარავებს იმ სავალალო შედეგებს, რომლებიც ემი კუპერის  მსგავს ზარებს შეიძლება მოჰყვეს - ანუ, ჯორჯ ფლოიდი არის ის, ვინც კრისტიან კუპერი შეიძლება გამხდარიყო (პოლიციას არავინ დაუკავებია და ცენტრალური პარკიდან არც ვინმე დაუბარებია დაკითხვაზე. ემი კუპერმა ბოდიში მოიხადა თავისი მოქმედების გამო; იგი ასევე დაითხოვეს სამსახურიდან). ფლოიდის შემთხვევაში კი, პოლიციელი იმყოფებოდა გამოძახებაზე, რომელიც ყალბი ფულის შესაძლო გამოყენებას ეხებოდა. პოლიციას ფეხსაცმლის მაღაზიის მფლობელმა მიმართა. სწორედ ამ ზარის საფუძველზე დააკავეს ფლოიდი. ვიდეოკამერების ჩანაწერიდან ჩანს, რომ ბორკილდადებული ფლოიდი მორჩილად მიჰყვება პოლიციელს. მეორე მხრივ, მოგვიანებით მობილური ტელეფონის კამერით ჩაწერილ ვიდეოზე ვხედავთ თეთრკანიან პოლიციელს, რომელიც 7 წუთის განმავლობაში მუხლით ადგას ფლოიდს კისერზე, მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველები ეუბნებიან, რომ ასე ფლოიდის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ფლოიდი თითქოს იმეორებს 2014 წელს პოლიციის მიერ მოკლული ერიკ გარნერის სიტყვებს: „ვერ ვსუნთქავ“ და შემდეგ „ვკვდები“. საბოლოოდ, პოლიციელი ფლოიდის კისრიდან დგება, მაგრამ მისი სხეული უკვე უსიცოცხლოა და აღარ რეაგირებს. ახლოდან ისმის ხმა: „მოკლეს“. ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოფიციალურად დაფიქსირდა მისი სიკვდილი. პოლიციის განცხადების თანახმად, ფლოიდს, როგორც ჩანს, „სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა“, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ფლოიდი მიწაზე გართხმული ჰყავდათ და პოლიციელი თავისი სხეულის მთელი სიმძიმით მის სასუნთქ გზებს აწვებოდა.

ფლოიდის სიკვდილის ამსახველი ვიდეო შემაძრწუნებელია, მაგრამ არა მოულოდნელი - საშინელი, მაგრამ არც თუ ისე უჩვეულო. იგი ასახავს იმგვარ ინციდენტის, რომელიც პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვალდებულები ვართ, დღეს თვალი გავუსწოროთ უკვე რიგით მოვლენას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ამ ქვეყანაში რასობრივი ნიშნით ხდება. სამშაბათს მინეაპოლისში ათასობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს ვირუსის საწინააღმდეგო ნიღაბი ეკეთა, არ შეუშინდა პანდემიას, რომ გამოეხატა პროტესტი ზუსტად იქ, სადაც ფლოიდი მოკვდა. ახლომდებარე პოლიციის განყოფილების წინ მანქანებს ქვები დაუშინეს. პასუხად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან 24 საათში მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტმა დაითხოვა პოლიციელი, რომელიც ფლოიდის კისერზე მუხლებით იდგა, ასევე ინციდენტის დროს იქვე მყოფი კიდევ სამი თანამშრომელი. მერმა ჯეიკობ ფრაიმ „ტვიტერის“ გზავნილში აღნიშნა, რომ ეს „სწორი გადაწყვეტილება იყო“, მაგრამ აქაც ხომ კონტექსტია მთავარი!

2015 წლის ნოემბერში მინეაპოლისის ჩრდილოეთ ნაწილში, კაცსა და ქალს შორის კამათზე ინფორმაციის საფუძველზე გამოძახებულმა პოლიციელებმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 24 წლის აფრო-ამერიკელი ჯამარ კლარკი. პოლიცია და ადგილზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები აცხადებდნენ, რომ კლარკმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს და ერთ-ერთის ცეცხლსასროლი იარაღის ხელში ჩაგდებაც კი სცადა. თვითმხილველები კი ამტკიცებენ, რომ იარაღის გასროლის მომენტში კლარკს ბორკილები ჰქონდა დადებული და ძირს იწვა. კლარკის გარდაცვალებას მოჰყვა საპროტესტო ტალღა მინეაპოლისის პოლიციის მეოთხე განყოფილების წინ, რომელიც ორ კვირაზე დიდხანს გაგრძელდა Black Lives Matter ორგანიზაციის ხელმძღვანელობით. სავაჭრო ცენტრშიც Mall of America სადაც სადღესასწაულო გაყიდვების ჩაშლა სცადეს აქციით  და შავკანიანი მოქალაქეების აზვირთებული ზიზღი, ორი წლის შემდეგ არჩევნების შედეგებზეც აისახა და ქალაქის მერმა, ბეტსი ჰოჯესმა ვეღარ შეძლო თანამდებობის მეორე ვადაზე შენარჩუნება. ფრაი არაორაზროვნად მიუთითებს პოლიციის ბრალეულობაზე ფლოიდის სიკვდილში: „ის, რომ ხარ შავკანიანი ამერიკაში, არ უნდა იყოს სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი“, - განაცხადა მან ხუთშაბათს.

და მაინც, მთავარი კითხვა მაინც ისაა: დადგება თუ არა ამ საქმეში მონაწილე პოლიციელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი? „ტყუპი ქალაქების“ ზონა [მინესოტის შტატის ორი უდიდესი ქალაქის: მინეაპოლისის და სენტ-პოლის კრებითი მეტსახელი] იქცა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვან ნაწილად. კლარკის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ ფალკონ ჰეიტსში (მინესოტის შტატი) პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ფილანდო კასტილი. პოლიციელს ამისკენ უბიძგა საფრთხემ, რომელსაც ის კასტილის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღის არსებობაში ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლმა თავად განაცხადა, რომ იარაღის ლიცენზირებული მფლობელი იყო(კასტილის მეგობარმა გოგონამ ტელეფონის კამერით ჩაწერა სროლის ინციდენტის შემდგომი მოვლენები). 2017 წელს ჯასტინ დემონდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა პოლიციელმა, რომელიც გამოძახებაზე მივიდა თავად ჯასტინის სატელეფონო ზარის საფუძველზე, მინეაპოლისში მისი სახლის უკან შესაძლო თავდასხმის გამო. კლარკის სიკვდილის გამო, პოლიციელებისთვის არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ. პოლიციელი ჯერონიმო იანეზი, რომელმაც კასტილი მოკლა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ გაამართლეს. დემონდის მკვლელი - მოჰამედ ნური დამნაშავედ ცნეს მესამე ხარისხის მკვლელობასა და მეორე ხარისხის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 12.5 წლით. დემონდის საქმე უჩვეულო იყო, რადგან იქ წარმოშობით სომალელი პოლიციელი და მსხვერპლი - ავსტრალიის მოქალაქე ფიგურირებდნენ, რასაც  გამამტყუნებელ განაჩენზე დიდი გავლენა ჰქონდა. არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ ოფიცერი დანიელ პანტალეოსთვის - ერიკ გარნერის სიკვდილის გამო სტეიტენ იალენდზე. მისი დაკავებაც თვითმხილველმა დააფიქსირა ვიდეოზე.  ეს ამბავი ისევ გაიხსენეს ფლოიდის სიკვდილის შემდეგ (პანტალეო 2019 წელს გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებიდან). ირონიული დამთხვევაა, მაგრამ სულ ახლახან ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ამერიკული სასამართლო პროცესი“, სადაც  პანტალეოს სასამართლო პროცესის იმიტაციას ნახავთ.

ფლოიდის გარდაცვალების გამოძიება, ასევე უნდა განვიხილოთ აჰმად არბერის გარდაცვალების კონტექსტშიც. ეს 24 წლის აფრო-ამერიკელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ჯორჯიის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, როცა ორი კაცი ე.წ. სამოქალაქო დაკავების განხორციელებას ცდილობდა, ხოლო მესამე კამერით იღებდა. ლუისვილში (შტატი კენტუკი) პოლიციის მხრიდან ფატალური ძალის გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევას იძიებენ: სასწრაფო დახმარების ტექნიკოსი, 26 წლის აფრო-ამერიკელი ბრიონა ტეილორი საკუთარ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პოლიციელებმა. როგორც ამას გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, პოლიციელები ნარკოტიკებთან დაკავშირებული რეიდის დროს, შეცდომით სხვა მისამართზე მივიდნენ.

კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას შავკანიანი ამერიკელების სიკვდილის ამსახველი ვიდეოების მზარდ ჟანრზე, ასევე შეძრწუნებისა და თანაგრძნობის რთულ ნაზავზე, რომელიც მათ ყურებას ახლავს. ეს არის დღევანდელობის ამსახველი შიშისმომგვრელი დოკუმენტალისტიკა, მაგრამ კითხვა მაინც ისაა: რას ემსახურება ეს დოკუმენტალისტიკა - თხრობის ეპიცენტრში მოქცეული უნებლიე მონაწილეების ჰუმანიზაციას, თუ მათ დაკნინებას უბრალო ობიექტებამდე? სიკვდილი იმდენად პირადული ფენომენია, რომ დაუშვებელია მისი დამახინჯება ფართო აუდიტორიების მიერ. გუშინ ბევრმა ჩვენგანმა არ იცოდა ჯორჯ ფლოიდის არსებობის შესახებ, რა ადარდებდა მას, როგორ ცხოვრობდა, თუმცა არც დღეს ვიცით რამე მის შესახებ, გარდა მისი გარდაცვალების შემზარავი დეტალებისა.