ტრანსფორმაცია

როგორ გახდა აეროპორტი ქუთაისის ახალი სიცოცხლის დასაწყისი

25 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა საქართველოს მოწინავე ინდუსტრიული ცენტრი ქუთაისი უპერსპექტივო და უფუნქციო ქალაქი ხდება. ამ ადგილს ახალგაზრდები ვეღარ უკავშირებენ საკუთარ მომავალს. ყველა ვისაც ამბიცია და საშუალება აქვს, ამ ქალაქიდან მიდის.

ქუთაისზე მიბმულ პატარა აეროპორტს, რომელსაც მომგებიანი ადგილმდებარეობა აქვს რეგიონში, მაგრამ ათწლეულების მანძილზე გაჭირვებით არსებობდა, 2011 წელს რეკონსტრუქცია უტარდება. განახლებიდან ერთ წელიწადში აეროპორტი ევროპის დიდ ქალაქებს უკავშირდება, 4 წელიწადში კი ფრენებზე ფასს იმდენად დაბლა სწევს, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალქეებისთვის, მიმზიდველი სატრანზიტო ჰაბი ხდება. ქუთაისში იაფ ფრენებს უნგრული კომპანია Wizz Air-ი იწყებს.

2016 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლა იწყება და აეროპორტის რეკონსტრუქციიდან 5 წელიწადში ქუთაისის ტურისტული პოტენციალი მოლოდინს აჭარბებს. მხოლოდ ერთ წელიწადში, 2015 -დან 2016 წლამდე, მგზავრების ნაკადი თითქმის 150% იზრდება.

აეროპორტის სტატისტიკა

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 2012-2017 წლებში

ჩამოფრინდა გაფრინდა

საუკუნის მეოთხედზე გაწელილი სტაგნაციის შემდეგ, ქუთაისელებს ახალი პერსპექტივები, იმედები და გაქანება უჩნდებათ.

ქალაქი იწყებს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისის შენებას.

აეროპორტის გახსნამდე თუ ქალაქში სულ 20 სასტუმრო-ჰოსტელი არსებობდა, დღეს საერთაშორისო რეზერვაციის საიტებზე booking.com-სა და Airbnb.com-ზე 300-მდე მისამართია რეგისტრირებული.

ქუთაისური სასტუმრო აპარტამენტები booking.com-სა და Airbnb.com-ზე.

ქუთაისი გეორგრაფიულად დასავლეთ საქართველოს ცენტრია — მოსახერხებელი ტურისტული ბანაკი სვანეთში, რაჭაში, წყალტუბოში, ოკაცეს კანინოზე, პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიაზე, კაცხის სვეტსა თუ შავ ზღვაზე წამსვლელი ტურისტებისთვის. 2017 წლის აგვისტოსთვის ქუთაისში ყველა სასტუმრო და ჰოსტელი წინასწარ იყო დაჯავშნილი.

ქუთაისელები ცდილობენ მასპინძლობის ადგილობრივი ტრადიციები და კულტურა საერთაშორისო სტანდარებს შეუსაბამონ. საცხოვრებელი სახლები საოჯახო სასტუმროებად და ჰოსტელებად გადააკეთონ და ახალი პროფესიები შეიძინონ.

ტურისტული კომპანია Travel To Georgia 2014 წელს 27 წლის ლაშა ბერეკაშვილმა საკუთარ სახლში დაარსა. კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და გიდიც თავადაა. ლაშა ტურისტებს 24 საათიანს მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ტურისტების აეროპორტში დახვედრას, ტრანსპორტირებას, სასტუმროში დაბინავებას, კვებას, საექსკურსიო ტურებსა და უკან, აეროპორტში გაცილებას გულისხმობს.

ეს საფეხმავლო ტური, რომელზეც დაახლოებით 7 საათი დაგეხარჯებათ და ქუთაისის ყველა ძირითად ღირშესანიშნაობას ერთ დღეში ნახავთ, ლაშას ყევლაზე პოპულარული მარშრუტია.

ქუთაისის ერთდღიანი ტურის რუკა

ქუთაისი 3500 წლის ქალაქია. კოლხეთის სამეფოს დედაქალაქის და მისი ყოფა-ცხოვრების შესახებ ცნობები პირველად ბერძნულ წყაროებში გვხვდება. აპოლონიოს როდოსელის პოემა “არგონავტიკაში” ოქროს საწმისის მოსაპოვებლად დაძრული ბერძენი არგონავტების გემი, “არგო” მდინარე ფაზისის, დღევანდელი რიონის გავლით, ქუთაისის ნაპირთან ჩერდება.

არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ძვ.წ.ΧV-ΧΙΙΙ საუკუნეებში დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია კოლხური კულტურის კერაა.

საუკუნეების მანძილზე ქვეყნის პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ქალაქმა ბევრჯერ შეიცვალა ფუნქცია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვადასხვა მთავრობები ცდილობენ უფუნქციო ქალაქისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას. “ქუთაისი - სარკინიზო კვანძი”, “ქუთაისი - სტუდენტების ქალაქი”, “ქუთაისი - ტექსტილის სამეფო”, “ქუთაისი - აბრეშუმის კვანძი”, “ქუთაისი - საპარლამენტო ქალაქი”, “ქუთაისი - საპორტო ქალაქი.”

ხელოვნურად შექმნილი ფუნქციები მხოლოდ სლოგანებად შემორჩა. ამ პროექტისთვის ჩატარებული ინტერნეტ გამოკითხვის “ერთი სიტყვა, რაც ქუთაისზე გახსენდებათ”, ვიზუალიზაცია ახალ ტენდენციებს წარმოაჩენს. ასოციაციებს შორის ტურზმთან დაკავშირებული სიტყვები, აეროპორტი და “იაფი ევროპა” ხვდება.

ქალაქში დაბრუნებულები

ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ქუთაისი დრამატული ტრანსფორმაციის პროცესშია. ერთი მხრივ, ქალაქში შედის მილიონიანი ინვესტიციები, იზრდება დასაქმებულების რაოდენობა და ქუთაისელების შემოსავალი, მეორე მხრივ კი ქალაქი და მისი ყოფა შეუქცევადად იცვლება.

ქუთაისის ცენტრში, ეთნოგრფიული მუზეუმის ადგილას, ახლადაშენებული "მაკდონალდსის" გვერდით, ახლა 100-ზე მეტ ნომრიანი ,,ქორთიარდ მარიოტი” შენდება. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამ პროექტში 13 მილიონიანი ინვესტიცია აბანდებს. პარალელურად ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია m2 ქუთაისში "მწერალთა სახლის" ადგილზე ხუთსართულიანი 120 ადგილიან სასტუმროს შენებას იწყებს. იქვე, რუსთაველის ხიდთან, ქალაქის მერიამ 151 კვმ ფართობის სკვერი კერძო პირებს მიჰყიდა.

ქუთაისი დღეს ზუსტად იმ გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ვერ გაუმკლავდა თბილისი და ბათუმი. დეველოპერული კომპანიების დიდმა ინვესტიციებმა ქალაქის ბინადრებს თანმიმდევრულად წაართვა საჯარო სივრცე და უფლება ქალაქზე.