აფრიკა თბილისში

ამ პროექტით იმოგზაურებ თბილისის აფრიკაში, სადაც სხვანაირად შეიძლება ვერასოდეს მოხვედრილიყავი.

ავტორები: თამარ მშვენიერაძე,
მარიამ ჯაჭვაძე
მონტაჟი: გიორგი დეკანოიძე
ვიდეო: ვანო ანდიაშვილი
ფოტო: თაკო სონღულაშვილი

ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ეძებს ახალ პერსპქეტივას დასახლება, რომელიც ერთ დროს ინდუსტრიული მიზნით გააშენეს, ინდუსტრია კი გაჩერდა.

ამ პროექტის ზოგიერთი გმირისთვის აფრიკა ჩიხია, საიდანაც თავის დაღწევა უნდა, ზოგიერთისთვის კი კომფორტის ზონაა, სადაც ქალაქის ხმა და რიტმი ვერ აღწევს. სწორედ მათი დახმარებით ვცდილობთ დავინახოთ რა არის აფრიკა ქალაქის ხელისუფლებისთვის და თბილისისთვის.

დაზუსტებით არავინ იცის რატომ ქვია ამ უბანს აფრიკა, სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრიდან მისი სიშორის გამო. ეს ტიპური საბჭოთა უბანი 40-50 წლებში გაშენდა, როგორც ქალაქგარეთ გატანილი საწარმოების მომსახურე დასახლება.

აფრიკამ თავის დროზე რეგიონებიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები დააბინავა, უკეთესი მომავლის ნათელი პერსპექტივით. დასახლების ღერძი კავკასიის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალი გახდა, სადაც მატარებლები ჩერდებოდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, როგორც ბევრმა მსგავსმა დასახლებამ, აფრიკამაც ინდუსტრიული ფუნქცია დაკარგა და მხოლოდ უცნაური სახელიღა შერჩა.დღეს, 12000-ზე მეტი ადამიანი აფრიკის მეორე სიცოცხლეს ელოდება.

ბორის ლეჟავა თითქმის 40 წელია რკინიგზაში მუშაობს. მისი საცხოვრებელი კორპუსი ბოლო სახლია, სადაც რკინიგზელებისთვის აფრიკაში ბინები გაანაწილეს. ბორისს ოთხი შვილი ჰყავდა და ოთხოთახიანი ბინა შეხვდა. მას არასოდეს უცდია და არც ახლა აპირებს აფრიკიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას.

ბორისის უმცროსი შვილი ილოც რკინიგზელია. ორივესთვის აფრიკა უალტერნატივო საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეა.

თბილისის მთავარი სალოკომოტივო დეპო აფრიკაშია. ეს ის ადგილია, სადაც ყველა სატვირთო ელმავალი და ყველა მემანქანე, რომელიც სატრანზიტო ტვირთს ემსახურება იწყებს და ასრულებს მუშაობას.

1971 წელს, ქალაქის ამ მიყრუებულ უბანში დეპოს მშენებლობით ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო როგორც უბანს, ასევე აქ მცხოვრებ ადამიანებს. მაშინ არავის უფიქრია, რომ დეპო და მატარებელი სამუდამოდ გამიჯნავდნენ აფრიკას ქალაქის ცენტრისგან.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა დეპოს შენობაში. კედელზე ისევ არის შემორჩენილი ფერადი მოზაიკის ფრაგმენტები. ეს შენობა ერთადერთი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობაა აფრიკაში. დეპოსა და დასახლებას შორის რკინიგზის სატრანზიტო მაგისტრალია, როგორც აქაურები ამბობენ, ერთადერთი ცოცხალი ლიანდაგი, რომელზეც მიმავალი მატარებლებისთვის აფრიკის დეპო ბოლო გაჩერება არ არის.

გიორგი ნასყიდაშვილი, 42 წლისაა, მისი მშობლები აფრიკის ერთ -ერთი პირველი მოსახლეები იყვნენ. მისი შვილიც აფრიკაში ცხოვრობს. გიორგისთვის მთავარი შემოსავალი გერმანიიდან ჩამოტანილი ავტომანქანებით ვაჭრობაა. როგორც წესი, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ის ხანდახან თავის უბანს ტოვებს.

გიორგის არ სჯერა, რომ აფრიკა ოდესმე თავის მნიშვნელობას დაიბრუნებს.

ნათია აფრიკაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა, მის ბინას ფარეხი მოჰყვა და ასე გაჩნდა გუმათის ქუჩაზე ნათიას მეორადი ტანსაცმლის ბუწიკი.

აფრიკის დაკეტილ ავტოფარეხებში შეიძლება აღმოაჩინოთ: საქეიფო ადგილი, საზაფხულო სამზარეულო, სადურგლო, ნარდის სათამაშო და კიდევ სხვა საინტერესო სივრცე სოციალიზაციისთვის, რომელიც ასე ცოტაა ამ უბანში.

სახლების ეზოები ბაქანისგან რომ გაემიჯნათ და რკინიგზის ხმაური დაეხშოთ, რკინიგზელებმა, ლიანდაგების გასწვრივ, ავტოფარეხების რიგის ჩადგმა დაიწყეს.

ნელ-ნელა ავტოფარეხები დასახლების მთავარ ურბანულ მახასიათებლად იქცა და აფრიკის ერთგვაროვან, ნაცრისფერ არქიტექტურაში დისონანსი შეიტანა. უბანს განსაკუთრებულ ფაქტურას სწორედ ეს ფერადი ლითონის კონსტრუქციები აძლევს.

აფრიკა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი საცხოვრებელი უბანია. ქალაქის ბიუჯეტი დასახლებაზე ყოველწლიურად 10 მილიონამდე ლარს ხარჯავს.

ეს თანხა მხოლოდ პირველად საჭიროებებს და გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ყოფნის. ციფრები აფრიკაზე ოპტიმისტურ სურათს ვერ ხატავენ.

თბილისში ყველაზე მეტი, 1000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი აფრიკაში ცხოვრობს. დედაქალაქში ყველაზე იაფი ბინები აფრიკაშია - საშუალოდ, 350$ კვადრატული მეტრი.

ამ უბანში მხოლოდ 2 სკოლა და 1 ბაღი, 1 სახანძრო სამსახური და 1 პოლიციის განყოფილებაა. აქ ვერ ნახავთ შუქნიშანსა და ზებრა გადასასვლელს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, აფრიკაში რაიონის ბიუჯეტიდან თანხა გზებზე, სკვერებზე, მოედნებზე, ავტობუსის მოსაცდელებსა და ფანჩატურებზე იხარჯება.

სარკინიგზო დეპოს მომსახურებისთვის ჩაფიქრებული დასახლება თავიდანვე განწირული იყო შეზღუდული პერსპექტივისთვის.

გარეუბანში განვითარების ალტერნატიული რესურსები არასდროს უძებნიათ.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის კომერციული გიგანტი “ისთ ფოინთი”, რომელიც ჯერ ისევ ფართოვდება, თბილისის უბნებს შორის, ყველაზე ახლოს აფრიკასთანაა, აფრიკიდან სავაჭრო ცენტრში მხოლოდ გრძელი შემოვლითი გზით თუ მოხვდები.

აფრიკის ახალი პერსპექტივა სატრანსპორტო და სხვა ტიპის საკომუნიკაციო არხების შექმნაზე გადის.

მერაბ ბოლქვაძე

თბილისის გენერალური გეგმის თანაავტორი

ვიდრე თბილისის ხელისუფლება დედაქალაქის გენერალურ გეგმას ამუშავებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გარეუბნების განვითარებაა. ზევიდან წამოსული ინიციატივის შესახებ არაფერი იცის თემურ მელქუაშვილმა.

რკინიგზელების კორპუსზე ახალგაზრდების სტენსილების ნაცვლად თემურის დახატული ფიროსმანის უზარმაზარი პორტრეტია დაკიდებული. ეს მისი მცდელობაა შეალამაზოს უბნის ნაცრისფერი სახე.

ოპერის სცენის დეკორატორი ყოველდღე 1 საათს ანდომებს ველოსიპედით აფრიკიდან რუსთაველის გამზირამდე მისვლას და ასე ცდილობს შეცვალოს წარმოდგენა, რომ აფრიკა ძალიან შორსაა.

დავრჩე თუ წავიდე აფრიკიდან?

რასიმი 23 წლისაა და ის თავის მომავალს აქ ვერ ხედავს,
მისი უბნელი ალიკა - 35-ის, ის აფრიკაში რჩება.