თბილისის ქარების ჩახერგილი გზები

„ქალაქებს სულის ამოხუთვისგან მხოლოდ პარკები არა, ჰაერის მასების ცირკულაციაც იცავს“, – წერდა ჯეინ ჯეიკობსი.

თბილისი მტკვრის ხეობაში, ქვაბულშია გაშენებული. დღისით, მიწის ზედაპირთან ახლოს, თბილი, დაბინძურებული ჰაერის მასები გროვდება, ღამით კი ფერდობებისკენ ინაცვლებს – ჰაერი იქ გრილდება, იწმინდება და დილით ისევ ქვემოთ ჩამოდის.

თბილისის ფერდებზე ჰაერის მოძრაობა ქალაქის განიავების ერთი გზაა. მეორე – მტკვრის კალაპოტის გასწვრივ გადის. მტკვარი ქალაქში გამჭოლ დერეფანს ქმნის და როცა ჰაერის ნაკადებისთვის გზა სუფთაა, სუფთა ნიავიც სანაპიროებს შორის თავისუფლად დაქრის.

ჰაერის მასები ქალაქის ქვაბულში ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარებს გადააქვს. მათ თბილისში თავიანთი დერეფნები აქვთ. დერეფნების ეს სისტემა ქალაქის სავენტილაციო გზებია.

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, თბილისში არსებობდა რუკა, რომელიც ქარების მარშრუტებს აღწერდა. ქალაქის განაშენიანების გეგმა ამ რუკის მიხედვით მზადდებოდა.

2000-იან წლებში, ქაოტური განაშენიანების დროს, მტკვრის კალაპოტთან ახლოს და ფერდობებზე მრავალი მაღალსართულიანი სახლი აშენდა. საცხოვრებელ უბნებად დაიყო მთაწმინდის ფერდიც, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ფერდიც და წერეთლის გამზირის ტერიტორიაც, რომელიც მანამდე მტკვრიდან წამოსულ ჰაერის ნაკადებს სანაპიროებს შორის თავისუფლად ატარებდა. გახშირებული მშენებლობების გამო ჩაიხერგა მტკვრის კალაპოტის მიმდებარე სივრცეებიც და ქალაქში ჰაერის ცირკულაციის ეს მარშრუტიც მოიშალა.

რატომ გვეჩვენება ხშირად, რომ თბილისში ჰაერი არ მოძრაობს? ერთ-ერთი მიზეზი ადგილობრივი ქარებისთვის გზების ჩაკეტვაა.

ქალაქის განიავება რელიეფზე, ქართა ნაკადებზე, გამწვანებასა და ქალაქგეგმარებაზეა დამოკიდებული. ჰაერის მასების მოძრაობის ეს სქემა დღეს დარღვეულია. ახალი რუკა ჯერ არ არსებობს და ის არც ახალ გენერალურ გეგმაშია ნახსენები. როგორ დაქრიან ქარები და სად პოულობენ ახალ გზებს ქალაქში ქროლვისთვის დღეს არავინ იცის, რომ ისინიც არ დაილუქოს და არ ჩაიხერგოს.

ავტორები:
კვლევაზე მუშაობდა:
დიზაინი:
დეველოპერი:
ნინო ბაქრაძე, ნინო ლომაძე
მარადია ცაავა
დათო მსახურაძე
დავით მაკარიძე

პროექტი „ქალაქი ახლოდან“ ხორციელდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს, ინდიგოსა და არტარეას კოლაბორაციით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI—ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

მულტიმედია ისტორიის შინაარსზე პასუხისმგებელია ინდიგო. ის შეიძლება არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, USAID-ისა, ან EWMI-ს შეხედულებებს.

მთაწმინდა

„სოლოლაკი ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო დაგეგმარებული უბანი აერაციის თვალსაზრისით. სოლოლაკის აღმავალ ქუჩებზე ყოველთვის იგრძნობდით გრილი ჰაერის ნაკადს. მშენებლობებმა ვერაზე მამადავითიდან მომავალი ჰაერის მასების ნაკადები შეაჩერა. ამ უბანში მთლიანად შეცვლილია მიკროკლიმატი“. მამუკა სალუქვაძე, გენგეგმის ავტორთა გუნდის თავმჯდომარე.

მთაწმინდა

„მთაწმინდაზე თითქმის ყველგან წინაღობაა გაკეთებული, ახალი კორპუსები ზევით და ზევით მიდის მთაწმინდაზე. ძველი კორპუსები გამჭოლად იყო აშენებული, რომ ჰაერის მასების ნაკადები შემოსულიყო ქალაქში მთაწმინდიდან. ახალი კორპუსები კი პერპენდიკულარულად ააშენეს და ჩაიხერგა დერეფნები“. ნინო ჩხობაძე, ეკოლოგი

მტკვრის სანაპირო

„პლეხანოვი-წერეთელი: პლეხანოვის და წერეთლის განიავება მტკვარზე იყო დამოკიდებული, ამიტომ, შესაბამისად აგეგმარებდნენ წარსულში. 90-იანებიდან დაიწყო კორპუსების კორპუსებს შორის ჩადგმა და აერაციის დერეფნები ჩაიკეტა“. მამუკა სალუქვაძე

დიღომი, გლდანი, ვარკეთილი

„გლდანში, ვარკეთილსა და დიღომშიც დაიწყო თავისუფალი სივრცეების ათვისება, იქაც იგნორირებული იყო ქალაქის განიავების პრინციპები, რამაც საჰაერო მასების ნაკადების დერეფნები გაანადგურა“. მამუკა სალუქვაძე

ვაკე - საბურთალო

„ძალიან კარგად იყო დაგეგმარებული თავის დროზე საბურთალო, თუმცა ახალმა მშენებლობებმა აერაციის პრინციპები იქაც დაარღვია. ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობამ ჩაკეტა ჰაერის ნაკადების გზები ქალაქში.

სპორტის სასახლის უკან, მთელი ტერიტორიის შეფასება უადგილოცაა – ესაა ქალაქის მკვდარი ფრაგმენტი“. მამუკა სალუქვაძე

ვაკე - საბურთალო

„ვაკეში, იქ, სადაც კეკელიძე მთაწმინდას უერთდება, ჩაიდგა მაღალსართულიანი სახლები და ჰაერის ნაკადები ხეობებიდან აღარც შემოდის და აღარც გადის. მთლიანობაში ქარების ვარდი არის შეცვლილი და ახალი ვერსია არავის უკვლევია. განიავების პრინციპების დაცვა კონკრეტული დაგეგმარების დროს უნდა მოხდეს. ჭავჭავაძეზე მზიურიდან შემოდიოდა ჰაერი ვაკეში, მაგრამ მაღალსართულიანმა სახლმა ჩახერგა ეს დერეფანი“. ნინო ჩხობაძე

ვაკე - საბურთალო

„ქალაქის უკეთესი აერაციისთვის ბაღებს და მწვანე სივრცეებს უნდა აკეთებდნენ მაღალ ნიშნულებზე, რომ იქ ასული ჰაერის მასები მარტივად გააგრილოს, გაწმინდოს და შემდეგ ეს ჰაერი ქვემოთ ჩამოვიდეს. ჩვენთან მწვანე სივრცეები არის დაბალ წერტილებში, მაგალითად, ზოოპარკი და ვაკის პარკი, სადაც მაინცდამაინც სახარბიელო კლიმატი ვერ არის. ამ ფუნქციას დღეს მთაწმინდის პარკი ასრულებს.

ვაკე - საბურთალო

აერაციის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან აერაციას მხოლოდ სუფთა კი არა, გრილი ჰაერიც მოაქვს. კარგად განიავებულ ქუჩებზე ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში 4-5 გრადუსით დაბალია“. ლადო ვარდოსანიძე, ურბანისტი

ვაკე - საბურთალო

თბილისს დღემდე არც განიავების, არც ინსოლაციის ნორმები არ გააჩნია. გენგეგმას ერთვის მხოლოდ რეკომენდაცია, რომ განაშენიანების პროცესში უნდა გაითვალისწინონ ინსოლაციისა და აერაციის ნორმები.

ქალაქში ჰაერის ნაკადების მოძრაობის ტრაექტორია კი, ურბანისტების აზრით, განაშენიანების სტრატეგიაშიც გათვალისწინებული უნდა იყოს და სპეციალური რეგულაციაც მოქმედებდეს. რადგან დღეს მერიას, მშენებლობის ნებართვის გაცემისას, შეუძლია, ვენტილაციის საკითხი საერთოდ არ გაითვალისწინოს.

თბილისის ქარების ჩახერგილი გზები
41.716667, 44.783333