ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

200 საქმე თვეში

ინტერვიუ თთეა მაღრაძესთან, სოციალურ მუშაკთან


სოციალური მომსახურების სააგენტოში 9 წელი ვიმუშავე. 33 სოციალური მუშაკი რეორგანიზაციის საფუძველზე სამსახურიდან რომ დაგვითხოვეს, 25-მა დავიწყეთ სასამართლოში დავა.

პირველ ინსტანციაში ჩვენი სამივე მოთხოვნა დააკმაყოფილა მოსამართლემ: ბათილად ცნო დათხოვნის შესახებ ბრძანება და სააგენტოს დაავალა სამსახურში აღდგენა, ასევე – განაცდურის ანაზღაურება. ახლა გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობს.

ფარხმალი არ მინდა დავყარო და მინდა, ისევ ამ პროცესის მონაწილე ვიყო – სამსახურში დაბრუნება მინდა. ვიღაცა მაინც უნდა არსებობდეს, ვინც ხმამაღლა იტყვის სათქმელს.

მუშაობა ახალციხის რაიონში დავიწყე. შემდეგ ხუთი წელი გლდანი-ნაძალადევის რაიონში ვიმუშავე. ურთულესი დრო იყო ეს ჩემთვის. სამი ქირურგიული ოპერაცია დამჭირდა. გადატვირთული გრაფიკი დიდი სტრესი იყო. წელიწადში ერთხელ მაინც ნევროლოგიურში მიწევდა წოლა. ყოფილა ისეთი დღეც, როცა 56 ახალი განცხადება მიმიღია მოქალაქეებისგან.

თან არასდროს იცი, რა დაგხვდება ამ ახალ საქმეში. შეიძლება კვების დაფინანსება მოითხოვოს ოჯახმა, მიხვიდე და ძალადობის პრობლემაც დაგხვდეს ადგილზე, რასაც ცალკე შეფასება სჭირდება.

150-200 საქმე იყო ხოლმე თვეში მხოლოდ ჩემთვის – ერთი სოცმუშაკისთვის, თან ეს ახალი საქმეები. ამის გარდა, სხვა მიმდინარე სამუშაოც მქონდა. მაგალითად, მე მყავდა 27 მინდობითი აღზრდის ბავშვი, მათი კანონიერი წარმომადგენელი ვიყავი, ყოველთვიური მონიტორინგი მევალებოდა. ყოფილა შემთხვევა, მათგან ერთდროულად რამდენიმეს დასჭირვებია ოპერაცია. და როცა კანონიერი წარმომადგენელი ხარ, სოციალური მუშაკი აგვარებ ყველაფერს – ეძებ ექიმს, კლინიკას, ხელს აწერ ყველა საბუთს, ესწრები ოპერაციას, მეთვალყურეობ ბავშვს საკუთარი შვილივით. შეიძლება ღამის გათევაც მოგიწიოს პალატაში.

27 ბავშვის გარდა მყავდა, ასევე ბავშვებიც, რომლებიც 24-საათიანი მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდნენ და ყველას მონიტორინგი სჭირდებოდა – როგორ შეეწყვნენ ოჯახს, როგორ უვლის დედა, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვთ, კიდევ ხომ არ არის რაიმე სახის ძალადობა, როგორ ვითარდება ბავშვი, როგორ ეგუება თავიდან ოჯახს – ამ კითხვებზე უნდა მქონოდა პასუხი საფრთხის, პრობლემის გამოსარიცხად.

სოციალური მუშაკი არ დადის მხოლოდ ოჯახში. დადის ყველგან, სადაც ბავშვია – სკოლაში, სამეზობლოში, სადაც ტრიალებს, ბავშვებთან, ვისთანაც მეგობრობს, ეცნობა და აკვირდება იმ ნათესავებს, ვისთანაც ბავშვს შეხება აქვს.

მე კი, პარალელურად, მყავდა 100-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაც მუდმივი მონიტორინგი სჭირდება.

და მყავდა 7 დედა დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან – მათი წარმომადგენელიც ვიყავი და მათი საქმეების მოგვარებაც მევალებოდა.

უქმეებზეც მიწევდა გლდანი-ნაძალადევის გამგეობის შენობაში მისვლა და ზოგჯერ დილიდან ღამის 12-ის ნახევრამდე დარჩენა. მერე სწრაფად ჩავრბოდი გამგეობის ბნელ ქუჩაზე, მეტრომდე, სახლში წამოსასვლელად.

რაღაც რომ გამოგრჩეს, პასუხისმგებლობა მხოლოდ შენზეა. თან მოპოვებულ მასალას დაწერაც ხომ უნდა. ცხრა წელი ვიმუშავე ჩემი ჯანმრთელობისა და ნერვების ხარჯზე, დაბალ ანაზღაურებაზე, როცა არც ღამის, არც ზეგანაკვეთური შრომა არ ფასდებოდა, ხელფასის 50 პროცენტი კი ტრანსპორტში მეხარჯებოდა. ხშირად ფეხით მიწევდა სიარული.

2019 წლის მარტში, სოციალური მუშაკები გავიფიცეთ. იქამდე რამდენიმე წელი ვწერდით ოფიციალურ წერილებს მინისტრს. ქუჩაში არ გამოგვიტანია, მაგრამ დამსაქმებელთან მოთხოვნები გაფიცვამდეც სისტემატურად მიგვქონდა.

სისტემაში წლები არაფერი იცვლებოდა და ამხელა პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენზე რჩებოდა, მივხვდით, რომ უნდა ამოგვეღო ხმა.

გაფიცვას წინ უძღოდა მედიაცია, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. 20- თუ 22-პუნქტიანი მოთხოვნა გვქონდა. იურისტები გაოცებულები იყვნენ – ყველაზე ბევრი, სამი მოთხოვნა აქვთ ხოლმე, ძირითადად ხელფასებს ეხება და თქვენ კი ყველაფერს ითხოვთ, ბენეფიციარების სერვისების შექმნასაცო.

ჩვენ ვამბობდით, რომ დიახ, უნდა გაგვეზარდოს ხელფასი, მაგრამ რაოდენობრივად ამდენი საქმე რომ დაგვრჩეს, მაინც ვერ შევძლებთ სრულფასოვნად მუშაობას. ამიტომ ჩამოვწერეთ პუნქტები, რაც ეხებოდა სისტემის გამოსწორებას.

ოჯახის გამაძლიერებელი პროგრამები რომ ნორმალურად არ არის, მოხუცთა თავშესაფრებში რომ უშველებელი რიგებია, ფსიქოლოგი რომ არ გვყავს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს რომ ემუშაოს თერაპიაზე...

გვეგონა, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი ღარიბია, მოსახლეობის უმრავლესობას გაუჩნდებოდა სოლიდარობის განცდა იმ პროტესტის მიმართ, რომელიც სოციალური პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა. მაგრამ ვერ გაიაზრეს ადამიანებმა. ვერ მიხვდნენ, რატომ გაიფიცნენ სოციალური მუშაკები. ან ვინ არიან საერთოდ სოციალური მუშაკები? ხშირად ვერევით ხოლმე სოციალურ აგენტებში.

ამ გაფიცვიდან ერთ წელიწადში გაგვიშვეს სამსახურიდან.

ჩვენ მოვითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა. თვითონაც კარგად იციან, რომ მაინც გავმართლდებით. უბრალოდ დროში გაიწელება.

მესმის, რომ ისევ იმავე პირობებში სამუშაოდ ვბრუნდები.

მაგრამ ახლა მაინც სხვაგვარად ვუყურებ სიტუაციას. ადრე შესაძლოა ღამითაც მემუშავა, რომ მომესწრო საქმე. ახლა შემიძლია, მოხსენებითი ბარათი დავწერო, მოქალაქის განცხადება უკანაც დავაბრუნო და ვთქვა, რომ ამას ვერ გავართმევ თავს, რადგან ბევრი საქმე მაქვს. წინათ ასეთი ბარათის დაწერის უფლება არ გვქონდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა. ამ შემთხვევაში, მესმის, რომ მოქალაქე რჩება ჩემი, სოცმუშაკის მომსახურების გარეშე, მაგრამ, როგორც ვიცი, გეგმაშია სოციალური მუშაკების კიდევ დამატება. ასევე არის პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ყოველ წელს თითქმის 50 სოციალური მუშაკის დამატების ვალდებულება აქვს უწყებას.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა