გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აღარ არსებობს დიდი საზოგადოებრივი მიზნები - სკოლა დღეს

ინტერვიუ განათლების საკითხების მკვლევართან, სიმონ ჯანაშიასთან

გაბრიელ ჩუბინიძე: რა არის ის სისტემური ხარვეზები, რაც წლებია ჩანს სასკოლო განათლების სფეროში და ვერ სწორდება?

სიმონ ჯანაშია: პრობლემები ყველა მიმართულებითაა. მასწავლებლების კონტინგენტის, სახელმძღვანელოთა შინაარსის, საზოგადოებისა და სკოლის ურთიერთობის, სისტემის მართვის პრობლემა. შესაძლოა, ეს და სხვა პრობლემები სხვადასხვა მასშტაბის იყოს, ვთქვათ, სწავლების მეთოდების ხარვეზები შეიძლება უფრო დიდ პრობლემას ქმნიდეს, ვიდრე სხვა, მაგრამ მთავარი ერთია: განათლების მთელი სისტემა უკიდურესად ნელა ვითარდება. 

გაუბედავია ზოგადად ქართული განათლების პოლიტიკა. გადაწყვეტილების მიმღებნი ფრთხილობენ, რომ განათლების სისტემაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არ გამოიწვიოს უკმაყოფილება. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო პროცესს და ესაა მიზეზი, რის გამოც ბევრი მტკივნეული საკითხი არ წყდება. მაგალითად, 2003 წლამდე პირდაპირ შეეძლო ადგილობრივ ხელისუფლებას სკოლებით მანიპულირება, რადგან ფულს არ აძლევდა, სანამ არჩევნებში მათი მხარდაჭერა არ ექნებოდა. დღემდე მოსდევს ყველა შემდგომ ხელისუფლებას ამ მანიპულირების სურვილი, მაგრამ ამის საშუალებები გაცილებით ნაკლებია.

უფრო მარტივი საკითხები კი, რომელთა გადაჭრაც სინამდვილეში ძალიან გააბედნიერებდა ადამიანებს, არ გვარდება ხშირად იმიტომ, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებმა თავად არ იციან, სხვა, უკეთესი ალტერნატივები რომ აქვთ. თვითონ არ უსწავლიათ განათლების მართვა, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მუშაობს უკეთესი სისტემები და ჰგონიათ, რომ სხვანაირად ვერ იქნება. 

ბავშვების ნაწილს უწევს ისეთ სკოლებში სწავლა, რომელშიც შესვლაც კი ეშინიათ და არის ნაწილი, რომელიც  ფეშენებელურ შენობებში სწავლობს - ეს უთანასწორობაც დიდი პრობლემაა.  

თუმცა, ასევე, გვაქვს პრობლემები, რასაც სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს, კულტურის საკითხებს ვგულისხმობ, ანდა საზოგადოების დამოკიდებულებას განათლების მიმართ. ეს რომ შეცვალო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ კმარა, ფართო დისკუსია უნდა არსებობდეს ინტელექტუალების, მედიის და სხვადასხვა ინსტიტუტის წრეში. 

..: რა მოხდა განათლების სისტემაში ბოლო 50 წელიწადში ისეთი, რაც ხანგრძლივი და კარგი შედეგით დასრულდა?

..: პირველი, საიდანაც უნდა დავიწყოთ ათვლა ისაა, რომ განათლების სისტემა საბჭოურის შემდეგ ქართული გახდა. საბჭოთა კავშირის დროს საქართველო უბრალოდ ახორციელებდა განათლების პოლიტიკას, რაც სხვაგან იგეგმებოდა. ახლა ავტონომია გვაქვს და ვიაზრებთ, რომ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, საზოგადოების განვითარების წარმართვაში განათლების სისტემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

ცვლილების ამ პროცესმა უპირველესად მოიცვა შინაარსების შეცვლა. თუ საბჭოთა კავშირის დროს ვასწავლიდით, რომ გაიმარჯვებს კომუნიზმი; რომ ჩვენ ვართ საბჭოთა ერის ნაწილი და ჩვენი ისტორია იწყება 1917 წლიდან, ეს შეიცვალა. 

გარკვეულწილად შეიცვალა პედაგოგიკაც. დღევანდელი სწავლების მიდგომები, რაც ჩვენთანაა გავრცელებული, სულ უფრო ხშირად ეფუძნება მეცნიერების მიღწევებს პედაგოგიკაში. მაგალითად, უფრო ნაკლებად ვხვდებით დასჯასა და წახალისებაზე დაფუძნებულ მიდგომებს, მართალია, ეს დღემდე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ბევრი მასწავლებლისთვის, მაგრამ აღარ განსაზღვრავს პოლიტიკას - ვეღარ ვიტყვით, რომ დასჯა-წახალისებაზე ორიენტირებულ მიდგომებზეა აწყობილი მთელი სასკოლო სისტემა.

უფრო მნიშვნელოვანი მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც დღეს ისაა, რომ დისკუსიები გამართონ, ჯგუფურად იმუშაონ პროექტებზე და ამგვარი მოქმედებების საფუძველზე გაცვალონ ან ააგონ ცოდნა. 

დღევანდელი სასწავლო შინაარსიც უფრო დემოკრატიულია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო უფრო სუსტად განსაზღვრავს მას და სისტემის სხვა მონაწილეებს სივრცეს უტოვებს ჩასართავად. მაგალითად, 2004 წლამდე სახელმძღვანელოების ავტორებს პირდაპირ განუსაზღვრავდნენ შინაარსების თანმიმდევრობას, დღეს თავად აკეთებენ ამას. თუმცა, შინაარსის ხარისხი ცალკე საკითხია, რადგან საქართველოში ჯერაც მკვეთრად ინსტიტუციონალიზებულია წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის ისტორია და რა არის ლიტერატურა. 

..: ჩემმა თაობამ ქართული განათლების სისტემაზე, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით, არცერთი აკადემიური ტექსტი არ შემხვედრია, სადაც გამოჩნდებოდა, თუ რა იყო ქართული განათლების სისტემა, თუნდაც ის პერიოდი, როცა ჩვენი მშობლები იყვნენ მოსწავლეები.

..: იმ დროს მთელს მსოფლიოში ერთი და იგივე პრობლემა იყო: თეორია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პრაქტიკა. საბჭოთა კავშირი გამონაკლისი არ იყო ამ თვალსაზრისით, პირიქით, ბევრი დასავლელი განათლების სპეციალისტისთვის და, ასევე, პოლიტიკოსისთვის სანიმუშოც კი იყო საბჭოეთი იმით, თუ რამდენად მასშტაბურად ახერხებდა თაობებში რთული კომპეტენციების განვითარებას, მაგალითად მათემატიკის ცოდნას და სხვა. მაგრამ კომპეტენციების ეს განვითარებაც იმ პოლიტიკურ და სოციალურ მიზნებს ებმოდა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა - შეიარაღების გაძლიერება, ტექნიკური აღჭურვა. ამიტომ საბჭოთა კავშირის სასწავლო გეგმებში დიდი აქცენტი კეთდებოდა, ვთქვათ, ფიზიკაზე, ვიდრე დასავლურ პროგრამებში ვხვდებოდით ამას (4 საათი ეთმობოდა ფიზიკას მეთერთმეტე კლასში და ასე იყო 2007 წლამდე). 

მერე და მერე, საბჭოთა კავშირშიც იაზრებდნენ იმას, რომ ის მეთოდები, რასაც თავად იყენებდნენ, პედაგოგიურად უკვე მოძველებული იყო, ამიტომ 1980-იანი წლებიდან გარკვეული ექსპერიმენტებიც დაუშვეს. ისე, არა მხოლოდ ამ წლებში, მანამდეც ბევრი ექსპერიმენტი იყო. ეს ხანა ხომ 1920-იან წლებში იწყება. მაგალითად, როცა დაიწყეს მარქსისტული პერსპექტივიდან  განათლების სისტემის შეფასება, ჩათვალეს, რომ სოციალური ჩაგვრის ინსტრუმენტებია ნიშნების წერა, დავალებების მიცემა. საბჭოთა კავშირის მიღწევა იყო ისიც, რომ გოგონებმა და ბიჭებმა დაიწყეს ერთად სწავლა, ერთი და იმავე მიზნებისთვის. თუმცა, ეს მიზნები, ცხადია, პერიოდულად იცვლებოდა, მაგალითად, ხრუშჩოვი ცდილობდა პროფესიული განათლება შემოეტანა ბოლო კლასებში და ამ გზით სკოლა პირდაპირ დაჰკავშირებოდა სამუშაო ველს. 

არსებობს ამერიკელი დელეგაციების აღწერები საბჭოთა კავშირში ვიზიტისას - ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 1960-იანი წლებიდან, როცა ამერიკელებს შეეშინდათ, რომ საბჭოთა კავშირი სჯობნიდა მათ განათლებით და ტექნოლოგიური განვითარებით. “სპუტნიკის შოკი” ჰქვია ამ ინტერესის გაჩენას. და როცა ამ დელეგაციების წევრები ხრუშჩოვის რეფორმებს აფასებენ, წერენ, რომ ბევრი რამ სისტემაში ფორმალურად არსებობდა, მაგრამ სკოლაში არ რეალიზდებოდა, განსაკუთრებით პერიფერიებში, როგორიც საქართველო იყო. ერთ-ერთ ანგარიშში საქართველოცაა აღწერილი და წერია, რომ საზოგადოებას ეს რეფორმები არ აინტერესებდა. ვთქვათ, თუ ქართულ ელიტას არ აღელვებდა ქარხანაში მუშაობა, რაც გინდა პროგრამა ყოფილიყო, ნამდვილ მშრომელებად ვერ აქცევდი ამ ხალხს. ვერ დანერგავდი ამ რეფორმას, თუ ხალხის დიდ ნაწილს აინტერესებდა ინტელექტუალურ სფეროში მუშაობა.

1980-იანებში დაუშვეს ექსპერიმენტული სკოლების გახსნაც, 1983-ში თუ 1984-ში შემოიღეს გერმანული სკოლა, რომელიც სრულიად სხვა მიზნებით ხელმძღვანელობდა - სკოლაში ქრთამები არ ყოფილიყო და მიზანი იყო ბავშვების თავისუფალ ადამიანებად აღზრდა. იმ პერიოდში ასეთ სკოლებს ძალიან დიდი მიზიდულობა ჰქონდათ. შალვა ამონაშვილი იყო ერთ-ერთი პოპულარული ფიგურა პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან. ახალ სახელმძღვანელოებზეც მაშინ დაიწყეს მუშაობა და 1980-იანი წლების სკოლაში უკვე დაიწყეს დიფერენცირებული სწავლება - სკოლის ბოლოს ირჩევდი პროფილურ მიმართულებას. მაშინდელი ამბავია ნაციონალისტური მიდგომების დანერგვაც. მახსოვს ისიც, რომ 1989 წელს სახარებას მასწავლიდნენ სკოლაში, რაც საბჭოთა კავშირისთვის ძალიან უცნაური იყო. 

..: თუმცა, ეს ის დროა, როცა საბჭოთა კავშირის რღვევა დასასრულს უახლოვდება და მაინც ლოგიკურია საგნებს შორის სახარების გამოჩენაც. მაინტერესებს, თუნდაც ეროვნულ მოძრაობას, რომელიც აქედან მცირე ხანში ხელისუფლებაში მოდის, ჰქონდა თუ არა რამე ტიპის ხედვა განათლების სისტემისადმი გარდა იმისა, რომ ნაციონალისტური კურსი უნდა ჰქონოდა?

..: ეროვნული მოძრაობა ძალიან მრავალფეროვანი იდეების კრებული იყო და სხვადასხვა შენაკადი ჰქონდა - იყვნენ მეტად ნაციონალისტები და ნაკლებად ნაციონალისტები და კიდევ სხვა ბევრი. სტრუქტურული ხედვების მკაფიო ხედვა, ვვარაუდობ, რომ არ ჰქონიათ. ერთი, რაც აშკარად იცოდნენ, პრივატიზაცია უნდა დაეშვათ, კერძო სკოლები უნდა დაეშვათ და ჰქონდათ სურვილი, სკოლებს საქართველოს პატრიოტები აღეზარდა. ცალკე იყო ეთნიკური უმცირესობებისა და სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი. მაგალითად, არსებობს ელიზბარ ჯაველიძის გადაწყვეტილება, რითაც ის ზღუდავდა მშობლების არჩევანს, რუსულ სკოლასა და ბაღში შეეყვანათ შვილები. ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, აფხაზეთზე იყო მიმართული და რეალურად ნიშნავდა იძულებას, რომ აფხაზი ბავშვები მშობლებს ქართულ ბაღებში მიეყვანათ, რაც მათთვის სერიოზული პრობლემა იყო.

..: მწვავე ეკონომიკური კრიზისის, საყოველთაო ქაოსისა და ფესვგადგმული კორუფციის გამო, რთულია სისტემურად შევხედოთ განათლების სფეროს 1990-იან წლებში, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს: ამ პერიოდში შინაარსობრივად თუ შეიცვალა სასწავლო სახელმძღვანელოები, თუ ეს მხოლოდ მექანიკური პროცესი იყო - ამოეღოთსაბჭოთა საქართველოდა ჩაესვათ იგივესაბჭოთასგარეშე

..: შეიცვალა, დიახ. 90-იანებამდე, გარდა ქართული ლიტერატურის, ენისა და ისტორიისა, ყველა სხვა სახელმძღვანელო სხვაგან იწერებოდა და ითარგმნებოდა. 90-იანებში კი ჩვენთანვე დაიწყეს სახელმძღვანელოების შექმნა. 90-იან წლებში უკვე კონკურსები ცხადდებოდა სახელმძღვანელოების წარმოებაზე. რამდენად სამართლიანად ტარდებოდა ის კონკურსი, ეგ ცალკე საკითხია, ხშირად ისმოდა, რომ ვინც უფრო დაახლოებული იყო სამინისტროსთან, სახელმძღვანელოს შექმნის კონკურსშიც ის იმარჯვებდა, მაგრამ ფაქტია, რომ გაჩნდა ალტერნატივა. საჭირო გახდა სახელმძღვანელოების მწარმოებელი გამომცემლობების შექმნა და გაძლიერება, რადგან მანამდე ერთადერთი ასეთი ცენტრალიზებული გამომცემლობა არსებობდა - “განათლება”, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა. სოროსის ფონდი უჭერდა მხარს გამომცემლობების გაძლიერებას. 

მნიშვნელოვანი იყო კერძო და საავტორო სკოლების შემოღებაც. ეს გულისხმობდა იმას, რომ დაუშვეს საავტორო სკოლის არსებობა, რომელიც განსხვავებული პროგრამით მუშაობდა. მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ასეთ საავტორო სკოლაში, “ქართული სასწავლებელი” ერქვა. იაპონურს ასწავლიდნენ მოსწავლეებს, ბანაკები ჰქონდათ, აწყურში დავდიოდით, იქვე ვასწავლიდით ბავშვებს. თუმცა იყო საავტორო სკოლები, რომელიც რეალურად არაფერს განსხვავებულს არ სთავაზობდა მოსწავლეს, გარდა რაღაც სერვისისა, გახანგრძლივებული დღე იქნებოდა თუ უცხო ენის გაძლიერებული სწავლება. 

სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო სკოლებში ფასიანი სექტორების შემოღება. ასე გაიყო საჯარო სკოლები - შეიძლებოდა, ფასიანი ფლიგელი ჰქონოდა ზოგ სკოლას, ზოგ სკოლას - არა. იმ სკოლაში, რომელიც მე დავამთავრე 1991 წელს, უკვე სამი წლის შემდეგ გაყოფილი იყო საპირფარეშოებიც კი ბავშვებისთვის იმის მიხედვით, ვინ იხდიდა ფულს და ვინ არა. მასწავლებლებზეც დაყოფის პრინციპი ვრცელდებოდა - ერთი და იგივე მასწავლებელი სხვადასხვა ხელფასს იღებდა და სხვადასხვანაირად ექცეოდა ბავშვებს კერძო და სახელმწიფო სექტორში. 

1999 წლის კანონში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ზედა კლასებში სასკოლო გადასახადი დაწესდა, უბრალოდ სკოლების ნაწილი არ ართმევდა მოსწავლეს ამ გადასახადს, ესმოდათ, რომ შეუძლებელია საყოველთაო ყოფილიყო ამ შემთხვევაში სწავლა. ასეთი გამოსავალი ნახა სახელმწიფომ, რესურსების ნაკლებობის პირობებში შეენარჩუნებინა სისტემა. 

კორუფციაზეც იგივე მოხდა - თვალი რომ არ დაეხუჭა სისტემას, უბრალოდ წავიდოდნენ მასწავლებლები სკოლიდან და მერე პრობლემა იქნებოდა ხალხის სკოლაში გაჩერება.

მხოლოდ 2004 წელს ჩაიწერა კანონში, რომ უფლება არ აქვთ, სკოლებს შიგნით ჰქონდეთ არასაჯარო სექტორი და ამას ახალი თავის ტკივილი მოჰყვა - ამ სკოლების საჯარო სასკოლო სივრციდან გაყვანა 2010 წლამდე ვერც მოხერხდა. 1990-იანი წლების ბოლოს იწყება საქართველოში საერთაშორისო პროექტების შემოსვლა. მსოფლიო ბანკი იწყებს ანგარიშების წერას და ერთგან, ერთ-ერთ ეკონომისტს ნახევრად ხუმრობით უწერია, რომ საქართველოს განათლების სისტემა  ყველაზე ეფექტური სისტემაა მსოფლიოში იმიტომ, რომ ფულს საერთოდ არ ხარჯავს სახელმწიფო, მაგრამ ის მაინც მუშაობს. 2004 წელს მე დავიწყე მსოფლიო ბანკის პროექტში მუშაობა და მასწავლებლებთან შეხვედრებზე რომ დავიწყეთ სიარული, ვიღაცები მიდიოდნენ და მინისტრს ხელზე კოცნიდნენ მადლიერებისგან. გაოგნებულები ვიყავით, ისეთ რამეებს ჰყვებოდნენ მასწავლებლები - 13-14 თვის განმავლობაში არ აეღოთ ხელფასი. მეც ხომ მახსოვს, 1990-იანი წლების შუა პერიოდში სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, ხელფასი 20 ლარი გვქონდა და მერე, რადგან სრული დატვირთვით ვეღარ ვმუშაობდი, და მხოლოდ შაბათობით ვასწავლიდი, ხელფასი 1 ლარი მქონდა, ისიც, ოთხთვიანი დაგვიანებითაც ამიღია. ამას ემატებოდა მერიის ცხრა ლარიანი დახმარება. 

..: მე სკოლაში 2003 წელს შევედი, იმავე წელს მოხდა რევოლუცია. მახსოვს, რომ ამ დროს მშობლებისგან ჯერ კიდევ ვიცოდით, რომ სკოლაში არაფერს გვასწავლიან, მაგრამ მაინც უნდა ვიაროთ იქ. ამიტომ მეშინოდა განათლების მინისტრის, კახა ლომაიასი, რადგან განათლების სისტემას ის წარმოადგენდა. თუმცა, რეალურად, ამ პატარა, ოთხწლიან მონაკვეთში, როცა ლომაია მართავდა განათლებას, რა შედეგები იყო მთავარი, რაც მის რეფორმებს მოჰყვა 

..: პირველი იყო ის, რომ შეიცვალა განათლების დაფინანსება, შემოვიდა ფულის განაწილების რაციონალური სისტემა, რაც ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოს შეეძლო დაეგეგმა, სკოლებში რამდენი ფული წავიდოდა. დაფინანსების სისტემა ამ დროიდან  ასე მუშაობდა - რამდენი ბავშვიც ჰყავდა სკოლას, იმდენ ფულს იღებდა. ეს უკავშირდებოდა იმ იდეოლოგიას, რომ სკოლები თუ ბავშვებისთვის ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას, ეს ხელს შეუწყობს განათლების დონის გაუმჯობესებას. 

ამ იდეოლოგიის ნაწილი იყო ისიც, რომ თუ გვინდა, სკოლებს შორის კონკურენცია არსებობდეს, მაშინ სკოლებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ავტონომია - თავად უნდა შეძლონ საგანმანათლებლო ბაზარზე საკუთარი შეთავაზებების შექმნა, თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი სახე, შინაარსის ნაწილი და ამით შეეცადონ მოსწავლეების მიზიდვას. 

ამ ლოგიკიდან გამომდინარე აღარ შეიძლებოდა სკოლა ემართა სახელმწიფოს დანიშნულ დირექტორს. შესაბამისად, დაინერგა დირექტორის არჩევის პრინციპიც და ერთი ნიშანდობლივი გარემოებაც გაჩნდა - სკოლას დაენიშნა სამეურვეო საბჭო. მისი მთავარი იდეა კი ის იყო, რომ საზოგადოება უნდა ჩართულიყო სკოლის მართვაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლები კორუფცია ყოფილიყო, არამედ იმიტომაც, რომ სკოლები ეკუთვნის კიდეც საზოგადოებას. 

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ პერიოდს უკავშირდება, სასწავლო გეგმის შემოღებაა. მაშინ დაიწყო გეგმის დანერგვა, რომელიც პირდაპირ ეუბნებოდა მოსწავლეს და მასწავლებელს, რომ სახელმწიფოსთვის, მთავარია შედეგი და შედეგი იზომება კომპეტენციებით, რომლის მიღწევის სხვადასხვა დონე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გზები თვითონ განსაზღვრეთ, როგორ მიხვალთ. 

ყველაზე დიდ მიღწევად ამ პერიოდისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება მიიჩნევა. სხვადასხვა ჯგუფისთვის ეს პროცესი სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებდა: ვიღაცებისთვის იყო კორუფციის შემცირება, ვიღაცისთვის კი იმ იდეის გამარჯვება, რომ საკუთარი კომპეტენციებით და მონდომებით სწავლის გაგრძელებას რომელი მოსწავლეც იმსახურებს, ის შეძლებს საზოგადოებრივი სიკეთის მიღებას. 

დღევანდელი სისტემა სტრუქტურულად ის სისტემაა, რაც ლომაიას დროს შეიქმნა. მას მერე არაფერი მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. 

..: თუმცა, შემდეგი მინისტრების დროს შეიმჩნევა თუ არა სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება

..: როცა დაიწყო ლომაიას დროს სკოლების დემოკრატიზაციასა და ავტონომიაზე ლაპარაკი, მრავალი მცდელობის მიუხედავად, გამოჩნდა, რომ პოზიტიური რეაქცია ამ ცვლილებას არ მოჰყოლია. ვგულისხმობ რეაქციას პოლიტიკური კლასის შიგნით, რადგან პოლიტიკურმა კლასმა დაკარგა კონტროლი სისტემაზე, რაც საკუთარი ძალაუფლების მოპოვებაში და შენარჩუნებაში ეხმარებოდა. მაგალითად, დირექტორის არჩევნების დროს პირდაპირ სიები გამოაგზავნეს, რომ ეს ხალხი კონკურსში არ უნდა გავიდესო. ჩვენ ვინც ვმუშაობდით, ვთქვით, რომ რეალურად, საარჩევნო სისტემის დანერგვას აზრი ეკარგება, თუ პარტია განსაზღვრავს დირექტორის კანდიდატებს და სამინისტრო გადაწყვეტს, რომ ვიღაც კანდიდატი საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სისტემას. ჩვენ ვთქვით, რომ ვაკეთებთ ისე, როგორც ვაკეთებთ და თუ არ გინდათ, წავალთ. 

შემდეგ დაინიშნა გია ნოდია და მოადგილედ გამოაყოლეს ადამიანი, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე განათლების რესურს-ცენტრებს უთხრა, 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები თქვენ გამო წავაგეთო. 

შემდეგ სისტემის მოთვინიერების პრობლემის გადასაჭრელად დანიშნეს გვარამია, მაგრამ რომ მიხვდნენ, გვარამიაც ვერ ახერხებს გადაწყვეტას, საბოლოოდ, შაშკინი გახდა პირველი მინისტრი ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც უპირობოდ დაიწყო ყველა იმ დავალების შესრულება, რაც ჰქონდა პარტიას და სააკაშვილს. ერთ-ერთი იყო სკოლის პოლიტიკური კონტროლი. როდის მიხვდნენ, რომ სკოლების პოლიტიკური კონტროლი იყო მნიშვნელოვანი? 

2007 წლის 7 ნოემბერს და მანამდეც ნახეს, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი უერთდება ოპოზიციის მიტინგებს და ვერაფრით გაიგეს, რატომ. ხელისუფლება ასე უყურებდა ამ საკითხს და უკვირდა - წინათ მასწავლებლები შიმშილობდნენ, ხელფასს ვერ იღებდნენ, უფლებები არ ჰქონდათ, ჩაგრავდნენ. ახლა კი ხელფასს უხდიან, ეუბნებიან, თავად მართეთ სკოლებიო, ისინი კი მაინც ოპოზიციურ მიტინგებზე გადიან. 

მასწავლებლებში ასეთი უსამართლო ბრალდება  ხშირი იყო: თქვენ ებრძვით ეროვნულობას, ლომაია არის მოღალატე, რადგან “შუშანიკის წამება” ამოიღეს პროგრამიდან. 

ამით სისტემა მიხვდა, რომ რეალურად თავისუფლებას და არჩევანს აპროტესტებენ ეს ადამიანები და შემოაბრუნეს კიდეც მეტი კონტროლი. 

2007 წელს დაემთხვა ისიც, რომ სასკოლო ძალადობის ტალღა იწყება - იმ გაზაფხულზე რამდენიმე ბავშვი მოკლეს ჩხუბების დროს და სკოლაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე ძალიან დიდი მოთხოვნა დადგა. რაღაც ნაწილი იმასაც კი ამბობდა, რომ სკოლაში მანამდე არსებული გარკვეული წესრიგი მოიშალა, რადგან ახლა ქურდები აღარ მართავენ ქუჩას და ეს საფრთხეა. მართლა სერიოზულად განიხილებოდა ეს საკითხი, რომ თუ კორუფცია აღარ არის და ქურდებიც აღარ არსებობენ და მაშინ რა შეიძლება მართავდეს ამ კრიმინალურ მენტალიტეტით მოასპარეზე ახალგაზრდობას? 

მეორე საკითხი იყო ნულოვანი ტოლერანტობის ზოგადი პოლიტიკა. კოლონიები გადატენილი იყო. არასრულწლოვანთა კოლონიაში იმ პერიოდში მე თვითონ ვარ ნამყოფი და იქ ყვებოდნენ ამბებს, როგორ ჩასვეს არასრულწლოვანები ციხეში მობილურის მოპარვის გამო და სხვა. 

ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მეტი კონტროლი დაემყარებინა სკოლებში და ამით საზოგადოების ინტერესიც დაეკმაყოფილებიბა - აი, თქვენი შვილები იქნებიან დაცულები, ნუ გეშინიათ ბავშვების სკოლაში გაშვების. 

ეს პროცესი მთლიანად უკავშირდება შაშკინის მინისტრობას. მანამდე ვერ აკეთებდნენ ამას, რადგან მანამდე ბიუროკრატია ამბობდა, რომ სხვა გზები არსებობს - რომ ქცევა სჯობს ასწავლო მოსწავლეებს, მასწავლებლებს კი სჯობს ასწავლო რთულ ქცევაზე სწორი რეაგირება. კულტურის ცვლილებაზე იყო ეს მიდგომები ორიენტირებული და არა სკოლებში კამერების დაყენებაზე. 

საბოლოო ჯამში, შემოღებული მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლო აღმოჩნდა პარტიისთვის, რადგან აკონტროლებდა მასწავლებლების პოლიტიკურ აქტიურობას -  მანდატურებმა დაიწყეს ინფორმაციის პირდაპირ შეგროვება, თუ ვინ რას აკეთებდა სკოლაში და შემდეგ დირექტორებს ეუბნებოდა პარტია, რომ უნდა გაეშვათ სისტემიდან ის მასწავლებლები, რომლებიც პოლიტიკურად თვალში მოხვდებოდათ. 

მოაწყვეს დირექტორების რამდენიმე საჩვენებელი ეგზეკუციაც - მანდატურით ჩაანაცვლეს დირექტორი თბილისში, შემოიღეს გამოსაშვები გამოცდები და რამდენიმე სკოლის დირექტორი ერთ საღამოს მოხსნეს იმის გამო, რომ მათი მოსწავლეები ამას აპროტესტებდნენ. 

შაშკინს ციხიდან გადმოჰყვა ადმინისტრაცია, რომელიც მერე განათლებიდან თავდაცვის სამინისტროშიც გაჰყვა. მომთაბარე ჯგუფივით იყო, სამინისტროს შიგნითაც აწყობდნენ ეგზეკუციებს. მაგალითად სამინისტროში ძირითადი ასასვლელი ორი კიბე არსებობდა და ერთ-ერთ კიბეზე სამინისტროს თანამშრომლებს აუკრძალეს სიარული იმ მოტივით, რომ იქ მარტო მინისტრი დადიოდა. ეს ციხე რომ ყოფილიყო და ანდა რამე საფრთხე ეგრძნოთ, კიდევ შეიძლება თავისუფლად სიარულის აკრძალვა. არადა, მანამდე ნებისმიერი დეპარტამენტის თანამშრომელს შეეძლო მინისტრის კარის შეღება. უცებ შეიცვალა სისტემა.  შიგნით ამ დროს უკვე ანეკდოტები დადიოდა, რომ შაშკინმა იკითხა, გისოსები რატომ არ აქვს ფანჯრებსო, ხალხი რომ გადახტეს მერეო? 

მერე დაიწყეს თანამშრომლების გაშვება, სოციალური ქსელების გამოყენება, ბოტების და ტროლების არმიების შექმნა,  კრიტიკოსების დათრგუნვა და პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა ხშირად იმ მოტივით, რომ კორუფციას ებრძვიან. მაგალითად, ერთ-ერთ გამომცემელს უთხრეს, რომ ფული მოიტანე და დაგიმტკიცებთ სახელმძღვანელოსო და დაიჭირეს, როცა ფული მიიტანა. 

ამ ამბავს თავისი ასევე სისტემური პრობლემის ამსახველი კონტექსტი ახლდა. რამდენიმე ხნით ადრე, სააკაშვილის ინიციატივის შესახებ გავიგეთ, რომ  ყველა სკოლა პირველი კლასიდან უნდა ასწავლიდეს ინგლისურს, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1000 სკოლა მაინც იყო, სადაც გერმანულს ასწავლიდნენ, ანუ ინგლისურის მასწავლებლები არ ჰყავდათ.  პრეზიდენტი კი ამბობდა, რომ შემდეგი წლიდან ყველა იწყებს ინგლისურის სწავლებას, რამაც გამოიწვია ის, რომ ზოგ სკოლაში გერმანულის მასწავლებლებმა დაიბრალეს ინგლისურის მასწავლებლობა. ამავე დროს თქვეს, რომ ინგლისურის სახელმძღვანელოებს სკოლებისთვის უზრუნველყოფს რომელიღაც ერთი გამომცემლობა და ამ განცხადებიდან ორ თვეში გამოცხადდა გრიფირებაში კონკურსი. რად უნდოდა კონკურსი, თუ წინასწარ და საჯაროდ გადაწყვეტილი იყო რომელი გამომცემლობა მიიღებდა სახელმძღვანელოს გრიფს? ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორმა შეიძლება ვერც გაიგო მთელი ეს ცვლილება და გასარკვევად სამინისტროში მივიდა - თვითონ კემბრიჯის წიგნები შემოჰქონდა. უთხრეს, პრობლემა არ არის, ფული მოიტანე და შენსასაც დავამტკიცებთო. მიიტანა ფული და დაჭერაც ამას მოჰყვა.  

პოლიტიკის კურსის ცვლილების სხვა მაგალითებიც მახსენდება. ჯერ კიდევ შაშკინამდე დაკანონდა ის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ან სამინისტროს შეეძლო სასკოლო სამეურვეო საბჭოში წევრის დანიშვნა. 

კიდევ ის, რომ 2009-2010 წლებში, როდესაც უნივერსიტეტში ისტორიის სახელმძღვანელოების განხილვას აწყობდნენ და ჩვენც მიგვიწვიეს დისკუსიაში ჩასართავად, იქ კორუფციის ნიშნით უნივერსიტეტიდან მანამდე დათხოვნილი ისტორიის ფაკულტეტის დეკანს შევხვდი - ესეც მენიშნა - ის და დანარჩენები უკან დაბრუნებას ცდილობდნენ და სახელმწიფო ხელს ამაში არ უშლიდა. იმ პერიოდში მე ვიყავი სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის დირექტორი და სახელმძღვანელოების გრიფირება, სასწავლო გეგმების შექმნა მევალებოდა. ვხვდებოდი, რომ სახელმწიფო მოშლილია, კურსი რაც მანამდე იყო, აღარაა. ხელისუფლება დემოკრატიის შეზღუდვას ამართლებდა იმით, რომ ახლა უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ნახეთ, ბადრი პატარკაციშვილი რეებს აკეთებს, იქ კიდევ რუსეთის ფაქტორი და გარე საფრთხეებია, ომის მერე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რა დროს დემოკრატიაა. 

..: როგორ შეიძლება განათლების რეფორმა განხორციელდეს, როდესაც მინისტრი საშუალოდ წელიწადნახევარიც არ ინარჩუნებს ზოგჯერ პოსტს. ამ ფონზე, რა ნიშნით იცვლებოდნენ მინისტრები, ანდა ასე როგორ უნდა განხორციელდეს დაწყებული რეფორმა?

..: სხვა ქვეყნებში პოლიტიკა ნაკლებად იცვლება, მინისტრის ცვლილების შემთხვევაშიც რჩება სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პოლიტიკა გაგრძელდეს, ბიუროკრატია ძლიერია. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად, ბალტიისპირეთში, ჰყავთ განათლების მინისტრი და, ასევე, ჰყავთ სახელმწიფო მინისტრი განათლებაში, რომელიც უცვლელია. ლატვიაში, ჩვენგან განსხვავებით, თვეების განმავლობაში ძლებს მხოლოდ მინისტრი, მაგრამ კურსია მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული, არაფერი ისეთი ძირეულად შესაცვლელი არ არის ამ ქვეყნებში. ამიტომ კურსი უბრალოდ გრძელდება. ჩვენთან კი ახლები ხშირად უგულებელყოფენ წინა მინისტრების დროს დაგეგმილ საქმეებს და ამბობენ, რომ სულ სხვა რაღაც არის გასაკეთებელი. ეს ძალიან კარგად ჩანს სტრატეგიების დოკუმენტებში, რომელიც ძალიან ბევრია და რომელსაც შემდეგი მინისტრი არც კითხულობს, ისე ქმნის თავისას. არადა, რეალურად, ამ მინისტრების შეცვლით არაფერი იცვლება, ყველა ატარებს ერთსა და იმავე კურსს, უბრალოდ, ყველა ცდილობს თავისი პატარა პროექტი გაატაროს, რომ დაერქვას “ჯეჯელავას პროექტი”, “ბატიაშვილის პროექტი” და სხვა. ჯეჯელავა ყველას ვაშლებით ახსოვს იმიტომ, რომ თქვა, კარგი იქნება სკოლებმა ვაშლები დაარიგონო და მერე ყველა დასცინოდა ამაზე. 

ჯეჯელავა რატომ გვახსოვს ახლა - ის დანიშნეს არჩევნების დროს. მინისტრების ეს ცვლილებები ხშირად უკავშირდება არჩევნების მოგების საკითხს. უბრალოდ, ჯეჯელავა, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, უფრო ფართო პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაერთო ოპოზიციასთან და მერე შედარებით არაპოპულარულიც გახდა, რადგან გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა - არ ჰქონდა შესაბამისი ძალაუფლება. არადა, მოვიდა, რათა მასწავლებლები დაეწყნარებინა. 

ჯეჯელავამდე შემოიღეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, სანიკიძის დროს დაწესდა გამოცდების ჩაბარების ვადები, თუ არადა,  ჩაჭრილ მასწავლებლებს უწევდათ სისტემიდან გასვლა. მინისტრად მოსული ჯეჯელავა კი მოეფერა მასწავლებლებს - თქვენ ვერავინ დაგჩაგრავთო და გამოცდები გადაუვადა. მასწავლებლები ბედნიერები დარჩნენ და ამის შემდეგ ჯეჯელავაც გაუშვეს, რადგან მას სხვა ფუნქცია აღარ დარჩა. მის იდეებს, რასაც მინისტრობის დროს საჯაროდ აფიქსირებდა, პრინციპში, ეტყობოდა კიდეც, რომ არ სჯეროდა, სკოლების მნიშვნელოვნად გარდაქმნას ამ მოკლე პერიოდში რომ შეძლებდა. თუმცა კი, ამბობდა, ერთი წელი მომეცით და ბევრ რაღაცას შევცვლიო. მაგალითად, ხვდებოდა, რომ მასწავლებლებს ვერ ცვლის და სასკოლო დამატებით გაკვეთილებს იგონებდა, საინტერესო ფორმატების დანერგვას ცდილობდა. 

რომ შევაჯამოთ, ერთ გარემოებად ის იკვეთება, რომ მინისტრების ცვლილებები მიბმულია პოლიტიკურ ცვლილებებს და შეცვლა ხშირად შეიმჩნევა არჩევნების წინ და არა შემდეგ. მეორე გარემოება კი ისაა, რომ როცა მმართველ პარტიაში შიგნითვე იცვლება კონფიგურაცია, იცვლება შეხედულებაც, ახალი მინისტრი უნდა იყოს ამ ახალი კონფიგურაციის ინტერესის გამტარი. რეალურად კი არც არაფერი იცვლება.

ცვლილებები ცოტას სურს. მე როცა 2004 წელს დავიწყე მუშაობა, გამაოგნებელი იყო ის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები სხვადასხვაგვარად იქცეოდნენ კამერებთან და პირად საუბრებში. ტელევიზორში ამბობდნენ - ერთიანი ეროვნული გამოცდები აუცილებელია; კორუფცია დასამარცხებელია. იმავდროულად გვეხვეწებოდნენ, რომ ეს გამოცდები შეაჩერეთო. ამბობდნენ, რომ ვიღაცის ძმის შვილი აბარებს, ამის ახლობელი სამსახურს კარგავს. ტელევიზიების კამერები რომ მოვიდოდნენ, ისევ ცვლიდნენ საუბარს. ოპოზიცია უფრო მკაცრად გვაკრიტიკებდა, ჩვენ, ბიუროკრატიას, - მოღალატეები ხართო, წავიდოდნენ კამერები და მხარზე ხელის დარტყმით გვეტყოდნენ, - კარგ საქმეს აკეთებთო. ყველა ყველას ახლობელი რომაა, საბოლოოდ ეს ისეთ ფორმებს იღებდა ხოლმე, რომ კულტურული შოკი მქონდა. 

საერთოდ, მმართველი პარტიის შეცვლის დროს მნიშვნელოვანია, რომ რაკურსი არ შეიცვალოს. “ოცნება” რომ მოვიდა, მათ მნიშვნელოვან დაპირებად სისტემის დეპოლიტიზაციასთან ერთად ის გაისმა, რომ უნივერსიტეტებში “ჩანერგილი” ნაციონალები უნდა გაეშვათ და ასეც ქნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში. თუ გახსოვთ, თსუ-ში დეკანებად იყვნენ ბიუროკრატიის ყოფილი წევრები, ვთქვათ სერგი კაპანაძე, რომელიც მინისტრის მიადგილე იყო მანამდე, ანდრო ბარნოვი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო მანამდე და ისინი უნივერსიტეტიდან გაუშვეს. ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაშიც იმუქრებოდნენ, რომ რაღაცებს შემოიღებდნენ, მაგრამ მერე ცოცხალი ჯაჭვიც კი გაკეთდა უნივერსიტეტის ავტონომიის დასაცავად, რის შემდეგაც ილიაუნის შეეშვნენ. თუმცა, შემდეგ ბენდუქიძის უნივერსიტეტს გაუუქმეს აკრედიტაცია. ასე რომ, ასეთი დავალებებითაც შეიძლება შეარჩიონ კონკრეტული მინისტრები, რათა მათ გარკვეული პოლიტიკური მიზნების განხორციელებას შეუწყონ ხელი. 

დღევანდელი პოლიტიკა რეალურად განსხვავდება იმისგან, რაც იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. ის იყო უნიკალური გამოცდილება, რადგან მოვიდა ხელისუფლება, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი და ძალიან ფართო ამბიციები ჰქონდა. ახლა მოქმედ ხელისუფლებას კი არც ერთი აქვს და არც მეორე - არც დიდი ამბიციები და არც ისეთი რეიტინგი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შეძლოს. საზოგადოებრივი შეთანხმებაც კი აღარ არსებობს, თუ რა არის ეს მნიშვნელოვანი. მაშინ კი არსებობდა მეტ-ნაკლებად მკაფიო შეთანხმება, მაგალითად, ის, რომ კორუფცია ცუდია.


..: მეექვსე კლასის შემდეგ - ომის შემდეგ არაფერს ვსწავლობდი, მარტო ერთ-ორ საგანს, რომელიც მაინტერესებდა. ჩემი მიზანი იყო, ოროსანი არ ვყოფილიყავი და არც ათოსნობა არ მინდოდა. ასე, ჩემ გარშემო ბევრი იყო. როგორ აფასებთ, როცა მოტივაცია არ აქვს მოსწავლეს, სწავლის ინტერესი როცა არ უღვივდება, ეს მასწავლებლის პასუხისმგებლობაა, წიგნის თუ მთელი სისტემის? ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ჩემში იყო პრობლემა.

..: ხო, საინტერესოა, იწყება ახალი საგნების შემოსვლა, იზრდება თეორიული საგნების რაოდენობა, პრაქტიკული უნარების სწავლა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. მერე, მეექვსე კლასში, უკვე ფიქრობ, რომ ეს უნარები გაქვს და ვეღარ ხვდები, ამ შინაარსების დასწავლას რა სარგებელი მოქვს - ერთი ეგ არის სტრუქტურული პრობლემა. მაგალითად როცა ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიცვალა, ახლა გაცილებით ნაკლები საგანი ისწავლება, ვიდრე 2007 წლამდე სასწავლო გეგმაში ეწერა. 18 საგანი იყო მეათე კლასში, 18 საგანი ნიშნავს იმას, რომ ერთ საათიანი საგნებია და აბსურდია იმიტომ, რომ აღარც გახსოვს, როდის ჩატარდა ეს გაკვეთილი და სამშაბათ დილას გაკვეთილზე რომ შედიხარ, უნდა გაიხსენო, წინა სამშაბათს რა ხდებოდა ამ გაკვეთილზე. მეორე არის თვითონ სწავლების მეთოდი - თუ არ არის საინტერესო, კარგავენ მოტივაციას ბავშვები. თვითონ მასწავლებლები ბავშვებს რომ უსმენენ, ნახევარი არ ესმით. ბავშვები ლაპარაკობენ “სქვიდ გეიმზე”, ელფებზე და ტროლებზე. რომ უთხრა, რომ აი, “ვორქრაფტს” ვთამაშობო, მასწავლებელი პირს დააღებს. ბავშვები საერთოდ რა სამყაროდან მოდიან, არ იციან. ამიტომ სწავლების პროცესში ბავშვებისთვის ახლობელ მაგალითებსაც კი ვერ ასახელებენ ისე, რომ კავშირი დაამყარონ მათსა და საკუთარ სამყაროებს შორის და ეს არის პრობლემა. 

ბავშვების დიდ ნაწილს მშობლები საქართველოში არ ჰყავთ და იზრდებიან ბებიებთან და ბაბუებთან. სკოლებიც ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ბევრი საგნის სწავლებას სხვა პრობლემასთანაც მივყავართ: მასწავლებელი რომ ვარ და ორსაათიანი კურსი რომ შემევსოს, სრულ განაკვეთზე რომ ვიმუშაო, სრული ხელფასი რომ ავიღო, უნდა ვასწავლო 10 ჯგუფს და 10 ჯგუფი თბილისის მასშტაბით, ნიშნავს 300 მოსწავლეს. 300 მოსწავლე რომ გაიცნო და გაიგო, ვინ არის, რას წარმოადგენს, შეუძლებელია. ამიტომ ისიც შეუძლებელია, მასწავლებელმა ბავშვი გაიცნოს, მისი დაინტერესება გამოუვიდეს, ინდივიდუალური მიდგომების მოძიება სცადოს. 

ფაქტორია ისიც, რომ იმ ძველ სისტემაში უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა შინაარსობრივ კომპეტენციაზე, ვიდრე სწავლების მეთოდებზე, ანუ უფრო მეტს ასწავლიდნენ მათემატიკას მასწავლებლებს, ვიდრე მათემატიკის სწავლებას. 

..: ჩვენ ძირითადად თბილისის კონტექსტში ვსაუბრობდით. რა ხდება რეგიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობებია და კვლევებშიც ჩანს, რომ ისინი უფრო დაბალ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ჩვენ

..: ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური რაც ამ კვლევებში ჩანს, ისაა, რომ რაც უფრო შორს მივდივართ დედაქალაქისგან, მით უფრო უარესია შედეგები. პრობლემა არის არა მხოლოდ ის, რომ რესურსების ნაკლებობაა, არამედ ამ რესურსების ცვლილების შესაძლებლობაც ნაკლებია. მაგალითად დირექტორმა თუ იცის, რომ მისი მასწავლებელი ვერ ასწავლის ისე, როგორც საჭიროა, მასზე უფრო მეტად მოქმედებს ის სოციალური წნეხი, რაც თემში არსებობს, ვიდრე დედაქალაქის სკოლის დირექტორზე იმოქმედებდა. სოფელში მასწავლებლის გაშვება ნიშნავს სოფლის წინააღმდეგ წასვლას, ნიშნავს იმას, რომ შენ გაწირე ეს ადამიანი უმუშევრობისთვის, სიღარიბისთვის. ძალიან რთულია ასეთ პირობებში რამე შეიცვალოს და ამიტომაც იყო, რომ მასწავლებლის გამოცდების შემოღების ძირითადი ინიციატორები იყვნენ დირექტორები. ამბობდნენ: კი, მოგვანიჭეთ ავტონომია, რომ ხარისხზე ვიყოთ პასუხისმგებლები, მაგრამ ჩვენ ვერ ვათავისუფლებთ არაკომპეტენტურ მასწავლებლებს თუ სკოლის გარეთ შეფასების რაიმე სისტემა არ იარსებებსო.

პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემის მართვის ერთიანი მიდგომა და არ ასხვავებს სკოლებს მათი შესაძლებლობებისა და გარემოს მიხედვით - ყველას ერთსა და იმავე მოთხოვნებს უყენებს. არის გამონაკლისები არაქართული სკოლების სახით, მაგრამ ცალკე პროგრამა თუ არ გაკეთდა სოფლების ან ცალკეული პერიფერიების სკოლებისთვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, უბრალოდ არაფერი ეშველება მათ. არადა, სკოლების გაუმჯობესებას სისტემა დღემდე ერთიანი მექანიზმით ცდილობს. მაგალითად, ყველას აძლევს სახელმძღვანელოს. დიახ, შეიძლება ამან გააუმჯობესოს ყველა სკოლის ზოგადი მდგომარეობა, მაგრამ მათ შორის უთანასწორობა ამით არ მოისპობა. თავიანთ თანატოლებს ვერაფრით დაეწევიან ის მოსწავლეები, რომელთაც სახლში არ აქვთ კაბელური ტელევიზია და ინტერნეტი, არ ჰყავთ განათებული მშობლები, რომლებიც განათლების მიღებაში დაეხმარებიან და ამ დროს ვერც სკოლები სთავაზობენ დამატებით პროგრამებს, სკოლის შემდგომ კლუბებს. არა მხოლოდ დედაქალაქსა და პერიფერიებს შორის, თბილისის შიგნითაც კი არათანაბრადაა გადანაწილებული ეს შესაძლებლობები. 

მაგალითად, არსებობს სკოლების არჩევის სისტემა, რაც თავისთავად უფრო ლიბერალური მოვლენაა და ნაკლებ პრობლემას უქმნის მშობელს, რომელიც დაინტერესებულია, თავისი შვილისთვის კარგი სკოლა შეარჩიოს. პრობლემა დგება ხოლმე ჩაკეტილ სისტემაში, როცა რომელ რაიონშიც ცხოვრობ, მხოლოდ იქ შეგიძლია შვილის სკოლაში მიყვანა. ასეთ შემთხვევაში პრობლემა ბადებს საზოგადოების აქტიურობას - საზოგადოებას უჩნდება ბუნებრივი ინტერესი, გააუმჯობესოს თავისი რაიონის სკოლა. თუმცა, ეს ჩვენ დღეს არ გვეხება. ჩვენთან, თბილისის მასშტაბით, მშობლებს აქვთ არჩევანი და გადაჰყავთ კიდეც შვილი იმ სკოლაში, რომელიც უკეთესად მიაჩნიათ, ის სკოლა კი, საიდანაც ბავშვი მიჰყავთ, მით უარესი ხდება, რადგან იქ დარჩენილ ბავშვებს არ რჩებათ კლასში ისეთი თანაკლასელი მისაბაძ მოდელად, რომელსაც სწავლის და განვითარების სურვილი და ცნობისმოყვარეობა აქვს. სოფელში ეს არჩევანი, ცხადია, მით უფრო არ არსებობს. და საერთოდ, თუ შევხედავთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მგონია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში კიდევ კარგი შედეგები გვაქვს. რადგან შეუძლებელია მშიერი ადამიანები რაღაც მათემატიკის ტესტებში გამოვცადოთ და მერე მივხვდეთ, რომ, თურმე, რომელიღაც არასასურველ ადგილზე გავედით. მართლა შეუძლებელია.

..: იმ გამოცდილებაში რაც გვაქვს, საბჭოთა კავშირის ჩათვლით, რა იყო კარგი, რისი მისი მოდერნიზებული ვერსია შეგვიძლია ჩავუშვათ?

..: გამბედაობა ჰქონდათ საბჭოთა კავშირის დასაწყისში, მერე უკვე ყველაფერი მოერგო კონიუნქტურას. იმ თავდაპირველი წლებიდან, რაც პოზიტიური ჰქონდა სისტემას, იყო ის, რომ მასწავლებელი თავის თავს ხედავდა, როგორც საზოგადოების მშენებლობაში ჩართულ ადამიანს. სჯეროდა, რომ მისი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია სოციალური პერსპექტივიდან; რომ მონაწილეობს საზოგადოების უკეთესობისკენ გარდაქმნაში. მგონია, რომ მსგავსი განცდის გარეშე დღევანდელ მასწავლებლებს უჭირთ საკუთარი საქმიანობის მასშტაბის განსაზღვრა. ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც სკოლაში მუშაობს, ამ სისტემას უყურებს, როგორც ინდივიდუალურ ურთიერთობას - კონკრეტული ბავშვი და მისი ოჯახი დამკვეთია, თვითონ კი შემსრულებელი, რასაც დაუკვეთავენ, ის უნდა შეასრულოს და საზოგადოებრივი მიზნები თავისთავად შესრულდება. მგონია, რომ აღარ არსებობს დიდი საზოგადოებრივი მიზნები, რომ, მაგალითად, შემცირდეს უსამართლობა, უფრო თანასწორნი გახდნენ ადამიანები, მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ განვითარების, გათავისუფლდნენ ქალები სახლში იძულებითი შრომისგან, ან ოჯახების გადაწყვეტილებების უპირობოდ შესრულებისგან, რომ საზოგადოებას შეუძლია, იყოს უფრო კულტურული. ვფიქრობ, კომპასი აქვს დაკარგული განათლების სისტემას, თითქოს, გადარჩენას ცდილობს იმ პირობებში, რაშიც აღმოჩნდა. 

ჩემთვის ეს აშკარა გახდა, როცა ფინეთში წავედი იქაური სკოლებისა და სისტემის გასაცნობად. იქ, რომ მასწავლებელს ეკითხები, რატომ იქცევი ასე, გეუბნება, რომ ასე შეთანხმდნენ, კვირაში ერთხელ იკრიბებიან, მსჯელობენ და თანხმდებიან. იმავე კითხვაზე ჩვენთან გპასუხობენ, რომ კონტრაქტია ასეთი, ან ბრძანებაა. დღევანდელი ტიპური ქართველი მასწავლებელი რაღაცას აკეთებს იმიტომ, რომ მას ეს დაავალეს. ფინელი მასწავლებელი კი გეუბნება, რომ ერთად აშენებენ სოციალურ კეთილდღეობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას და თვითონ სხვაგვარად რომ მოიქცეს, ამ პროცესს ხელი შეეშლება. 

საზოგადოებრივი მიზნები რა არის გარდა პატრიოტიზმისა. რას გვინდა მივაღწიოთ, რა არის ის, რაც უნდა განსაზღვრავდეს მერე ჩვენ სასკოლო პოლიტიკასაც? რომ შეეკითხო სკოლის დირექტორს, რიტორიკის დონეზე გეტყვის, რომ ჩვენ გვინდა ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების აღზრდა იმიტომ, რომ ეს წერია სადღაც, დოკუმენტში. ამას ახლა უმატებენ ხოლმე, რომ გვინდა გლობალურად კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების გაზრდა, რაც არის სრულიად აბსურდული იდეა. ამ გლობალურ ბაზარზე ფიქრის ნაცვლად, აჯობებდა ლოკალურ პრობლემებზე გვქონოდა ორიენტირება. გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება იმ სკოლას, სადაც მაგალითად იმიტომ, რომ მასწავლებელია სოციალურად აქტიური, ბავშვებს შესწავლილი აქვთ მათ გარშემო მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და სახელმწიფოსაც სთხოვენ მათ მოვლას. ეს გაცილებით უფრო დიდი მიღწევაა, ვიდრე ის, რომ ჩინელ და ინდოელ პროგრამისტებზე იღებ სწორებას და ამასობაში, სკოლის ეზოში ჯართი რომ წლობით გიყრია, არაფერს აკეთებ ამის შესაცვლელად.

საერთოდ, არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ დაგეგმილი სისტემებიც, მათ შორის საბაზრო კაპიტალიზმის პირობებშიც კი ახერხებენ უკეთესი  შედეგების მიღწევას. მაგალითად კარგია, როცა გაქვს შესაძლებლობა, რომ თავად განსაზღვრო საუკეთესო მასწავლებელი რომელ სკოლაში გაანაწილო - იქ, სადაც ყველაზე მეტი რესურსია, თუ იქ, სადაც ყველაზე მეტია პრობლემა. ეს შეგვიძლია იქიდან ვისწავლოთ, თუ როგორ ხდებოდა სხვა სისტემებში რესურსების გადანაწილება. მთავარი ეს არის, იდეოლოგიის გამო არ თქვა უარი იმ ინსტრუმენტებზე, რაც გამოცდილია სხვაგან, უმუშავია და დღემდე მუშაობს. 

ტექსტი: გაბრიელ ჩუბინიძე - ილიაუნის სამაგისტრო კურსის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სტუდენტი
ფოტო: ლიბცენტრი

_________________________________
 ტექსტი მომზადებულია პროექტისთვის “გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა არასრულწლოვანებისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ადამიანის უფლებათა სახლების ფონდისა და ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინდიგო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა