გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დანიელ ჭონქაძე სურამი

ამბოხი ლიტერატურიდან | დანიელ ჭონქაძის დრო


XIX საუკუნის შუა ხანების ერთ ზაფხულს, როცა ტფილისის მოქალაქეები ეძებდნენ ქალაქგარეთ სიგრილეს, რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭმა პირობა დადო, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველ საღამოს შეიკრიბებოდნენ რიყეზე, ანჩისხატის გასწვრივ და ყოველი მათგანი თითო ამბავს მოჰყვებოდა. ამ დროის თბილისი მრავალხმიანი და მრავალგანზომილებიანი იყო, სავსე ვაჭრებით, თავადებით, მსახურებით, რუსეთის იმპერიის ოფიცრებითა და უგზოუკვლოდ მოხეტიალეთა ნაკვალევით.

ისტორია, რომლის თხრობაც იმ საღამოს ნიკომ დაიწყო, ქართული კულტურის ისტორიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია – იტევს ჩაგრულთა და გარიყულთა, მარტოდ დარჩენილთა და უცნაური, მისტიკური მოჯადოებით მცხოვრები ადამიანების ბედისწერას.

 …                                                   

1859 წლის დეკემბერში ჟურნალ „ცისკრის“ მე-12 ნომერში გამოქვეყნდა უცნაური მოთხრობა, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს მთავარ ლეგენდას ეხმიანებოდა. ავტორიც “უცნაური” ადამიანი გახლდათ – ყოფილი მღვდელი, რომელმაც ანაფორა გაიხადა და საერო ცხოვრებით დაკავდა. მწერალი, თავის მხრივ, იყო მასწავლებელი და მამა, ჩაგრულთა მხარდამჭერი და მთქმელი იმ ამბისა, რომელზეც ბევრი არ და ვერ საუბრობდა – ამბავი, რომელსაც ერქვა ბატონყმობა.

„თუ გიორგი ერისთავი პირველი ქართველი მწერალი იყო, რომელმაც თავადაზნაურობის კომიკური სახე დაინახა, დანიელ ჭონქაძე პირველი ქართველი მწერალი იყო, რომელმაც ამ წოდების ბრალმდებლის როლი იკისრა.“ – წერს გერონტი ქიქოძე. უფრო ადრე, 1903 წლის შემოდგომაზე ქართველ ბოლშევიკებს შორის ინტელექტუალად მიჩნეულმა ფილიპე მახარაძემ დაწერა წიგნი „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“ – „დანიელ ჭონქაძე იყო პირველი, ვინც ხმა ამოიღო ბატონყმური წეს-წყობილების წინააღმდეგ, რომელმაც პირველად დაგმო იგი და საზოგადოებას გადაუშალა მისი შემაძრწუნებელი და აუტანელი მხარეები.“

„ბედნიერი ხარ, ყმაწვილო, რა გინდა, უსისხლოდ განთავისუფლებულხარ მონობიდგან, ბევრს არ ერგება ხოლმე ეგ ბედნიერება.“ – ასე მიმართავს ერთ დროს ქართველი, შემდგომ კი გაოსმალოებული ოსმან აღა მოთხრობის მთავარ გმირს და ჰყვება ისტორიას, თუ როგორ იყო ერთ დროს ბედნიერი და შეყვარებული, მერე უმამოდ დარჩენილსა და თავადებისგან შევიწროებულს როგორ წაართვეს ვენახი და უკანასკნელი საარსებო საშუალება. ფეოდალური ჩაგვრისაგან შეწუხებულ ოსმან აღას მისი ბატონი, უფრო კი პატრონი, დედასთან ერთად გუთანში შეაბამს, დედა ვერ გაუძლებს ფიზიკურ დატვირთვას და შრომაში მოკვდება, მერე იმ ერთადერთ ადამიანსაც წაართმევს, რომელთანაც ოსმან აღას ოჯახის შექმნა და თანაცხოვრება სურდა.

XIX საუკუნის საქართველოში სოციალური უთანასწორობა არამარტო ეკონომიკურ მდგომარეობასა და სოციალურ ფონზე აისახა, არამედ ადამიანურ ურთიერთობებზეც. დანიელ ჭონქაძის ეპოქაში ადამიანის შეყვარება და მასთან ცხოვრების დაკავშირება უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრე წესი. თავადები და თავადის ცოლები ხშირად უარს ეუბნებოდნენ მათ ყმა-გლეხებსა და მსახურებს დაქორწინებაზე, შიშობდნენ, რომ ეს შეამცირებდა მუშახელს, ანუ უფასო მსახურებს დაკარგავდნენ.

დანიელ ჭონქაძე თავად იყო მომსწრე დროის, როცა რუსეთის იმპერიის მაღალჩინოსებმა და თავადებმა 1856 წლის შემოდგომით სამეგრელოში ყმა გლეხები შეავიწროვეს. მოთმინებიდან გამოსულმა ყმებმა ერთმანეთს ფიცი მისცეს და ოცი ათასამდე შეიარაღებულმა გლეხმა სამეგრელოს სოფელ სალხინოში ამბოხი დაიწყო, მომდევნო წელს აჯანყება გაჩაღდა იმერეთშიც, როცა ქუთაისის მაზრის გლეხებმა ვეღარ გაუძლეს ფეოდალურ წნეხს. აჯანყება რუსეთის იმპერიის სამხედროებმა ჯარითა და ქვემეხებით ჩაახშეს, აჯანყების მონაწილე 16 გლეხი კი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლეს.

"სურამის ციხე“ აფეთქებულ ყუმბარას ჰგავდა.

დანიელ ჭონქაძე იყო პირველი მწერალი, ვინც ქართული კულტურის ისტორიაში საჯაროდ ისაუბრა იმ ისტორიიდან გამქრალი ადამიანების ხვედრზე, რომლებიც XIX საუკუნემ მონობაში, შრომასა და გადასახლებაში შთანთქა. ავტორის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ანტონ ფურცელაძემ „ცისკარში“ გამოქვეყნებულ სტატიაში თამამად აღიარა დანიელ ჭონქაძის ერთადერთი მოთხრობის მნიშვნელობა და დროულობა. რაც უნდა უცნაური იყოს, „სურამის ციხე“ გამოქვეყნებიდან 16 წლის შემდეგ, 1875 წელს გამოიცა ცალკე წიგნად.

1923 წელს ივანე პერესტიანმა დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი გადაიღო, ფილმი კინოეკრანებზე იმავე წლის 16 ნოემბერს გამოვიდა, მთავარ როლში იყო მიხეილ ჭიაურელი, რომლის სახელიც სტალინიზმის პერიოდში არაერთხელ გაიჟღერებს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს სტალინური პერიოდის ქართულ კულტურას. 1933 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ალექსანდრე თაყაიშვილმა და სიმონ მთვარაძემ ჭონქაძის მოთხრობაზე დაყრდნობით შექმნილი პიესა დადგეს, თეატრის მხატვრობა პეტრე ოცხელმა შეასრულა, რომელიც ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, 1937 წელს დიდი სტალინური ტერორის დროს დახვრიტეს.

otskheli

XX საუკუნის 80-იან წლებში „სურამის ციხემ“ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი ქართულ კულტურას, 1984 წელს სერგო ფარაჯანოვისა და დოდო აბაშიძის ერთობლივი ნამუშევარი  „ამბავი სურამის ციხისა“ გამოჩნდა კინოაფიშებზე. ფილმში მთავარი როლი ვერიკო ანჯაფარიძემ, დოდო აბაშიძემ და სოფიკო ჭიაურელმა შეასრულეს, ახალი კინოეკრანიზაციისთვის მუსიკა ჯანსუღ კახიძემ შექმნა.

depesha

პოსტტოტალიტარულ საქართველოში, როცა მოქალაქეები აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მიემგზავრებიან ან პირიქით, დაბა სურამის გავლა უწევთ. სურამის ციხე კვლავაც ისე დგას, როგორც 1859 წელს იდგა, როცა დანიელ ჭონქაძე წერდა მის პირველ და უკანასკნელ მოთხრობას, თუმცა ერთი სხვაობით – სურამის ციხემ დაკარგა შინაარსი, რომელიც მას ჰქონდა რუსეთის იმპერიის პერიოდიდან საბჭოთა საქართველოს რღვევამდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დანიელ ჭონქაძის სახელი სამუდამოდ განიდევნა სასკოლო სახელმძღვანელობიდან, თუ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან საბჭოთა საქართველოს სასკოლო პროგრამაში „სურამის ციხე“ სრული სახით იყო წარმოდგენილი, დამოუკიდებელ საქართველოში ავტორი თანდათან დაივიწყეს, მოთხრობა ამოიღეს სასკოლო პროგრამიდანაც.

ერთ დროს კულტურის ცენტრში მყოფი ტექსტი, დღეს ისტორიის მტვერში ჩაიკარგა, მასზე არც წერენ და არც საუბრობენ.

ეკონომიკური თუ სოციალური ფონი, რომელიც ჭონქაძემ აღწერა, არაფერს ისე არ ერგება, როგორც დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოს. განა ცოტა ამბავია 1991 წლიდან დღემდე, როცა ადამიანებს სამშობლოს დატოვება მოუწიათ, დაკარგეს საყვარელი ადამიანები და უცნაური შურისძიებით აღვსილებმა მისნებსა თუ მკითხავებს მიაკითხეს? დამოუკიდებლობის შემდგომმა საქართველომ მოთხრობის მთავარი პერსონაჟის მსგავსად არაერთი ადამიანი არ შესწირა მომავლისა და პროგრესის რწმენას?

ავტორი, რომელზეც უნდა დაშენებულიყო პოსტ-საბჭოთა საქართველოს სეკულარული კულტურა და იდენტობა, დღეს მარგინალიზებულია, ლიტერატორთა მცირე ჯგუფი თუ იხსნებს. დანიელ ჭონქაძე შეეცადა დღის შუქზე გაეტანა ფეოდალური საქართველოს ანატომია, წერდა აზროვნების იმ ფორმაზე, რომელსაც შეგვიძლია “ყალბი ცნობიერება” ვუწოდოთ – რელიგიითა და რელიგიური ენით მოჯადოებული. 1991 წლიდან დღემდე, როცა ქართული კულტურა და იდენტობა ფუძნდება არა ისტორიულ და კულტურულ მონაპოვარზე, არამედ ყალბ, გამოგონილ, ხშირ შემთხვევაში პრიმიტიულ ნარატივებზე, გმირებსა თუ მოვლენებზე, დანიელ ჭონქაძის მსგავსი ავტორების დაბრუნება და გახსენება მარგინალობად ითვლება. ავტორს ის ბედი ეწია, რაც მისი მოთხრობის მთავარ გმირს – მსხვერპლად შეეწირა ახალ პოლიტიკურ რეალობას.

ქავერ ილუსტრაცია: მარიამ დოლიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა